საქართველოს სიმართლის კომისია

საქართველოს სიმართლის კომისია

მართლმსაჯულების თემა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების წინა პლანზე გამოდის

1 ოქტომბერს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი და დიდწილად მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. ისტორიული „დემოკრატიული მომენტი“ შეიძლება ვუწოდოთ საარჩევნო ურნების გზით ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას ახალ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის. თუმცა არჩევნებს სადაო პროცესი მოჰყვა, კერძოდ კი ყოფილ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების დაპატიმრებების სერია.

ამ დაპატიმრებებმა საქართველოში დიდი ხმაური გამოიწვია და ის ქვეყნის საზოგადოებრივი განხილვის ნომერ პირველ თემად იქცა. ახალი მთავრობა წინააღმდეგობრივი მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ახალ ლიდერებს „პოლიტიკური მართლმსაჯულების“ განხორციელებაში ადანაშაულებენ და ისინი დასავლელი ჩინოვნიკების მხრიდან კრიტიკული განცხადებების ადრესატებად იქცნენ. 16 ნოემბერს ივანიშვილთან შეხვედრის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ თუკი ახალი მთავრობის ქმედებები აღქმული იქნება, როგორც „შერჩევითი დევნა“, ეს აისახება „საქართველოს რეპუტაციაზე მსოფლიოში და მის წინსვლაზე ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ“.

მეორე მხრივ, მთავრობას როგორც ჩანს მიაჩნია, რომ მას ხალხის მანდატი აქვს მისი წინამორბედების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებების გამოძიებისა და დასჯისათვის. ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ საზოგადოებამ შეიძლება ზურგი შეაქციოს მთავრობას, თუკი შეამჩნევს, რომ ივანიშვილი დასავლეთის ზეწოლას ექვემდებარება.

საქართველოს სჭირდება გამონახოს წარსული უსამართლობების გადალახვის გზა ისე, რომ თავიდან აიცილოს შემდგომი განხეთქილება საზოგადოებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის ის, რომ მან ეს პრობლემა სამართლიანად და ეფექტურად მოაგვაროს. ამ მხრივ, ქვეყანას შეუძლია ისწავლოს სხვა იმ ახლადწარმოქმნილი დემოკატიებისგან, რომლებიც ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ. კანონის უზენაესობის განმტკიცებისათვის საქართველოში, მთავრობამ უნდა მიმართოს ისეთ მიდგომას, როგორიცაა „გარდამავალი მართლმსაჯულება“ და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემები გადაჭრას სიმართლის კომისიის შექმნით, რომელიც შეისწავლის წარსულის სადავო საქმეებს.

პოლიტიკისა და მართლმსაჯულების კონფლიქტი საქართველოში

ძალიან მწვავე არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური კულტურა საქართველოში კვლავ ძალიან პოლარიზებულია. შემდეგი რამდენიმე თვე კრიტიკურლი იქნება, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ორ კაცს, რომლებმაც საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთი მოსისხლე მტრებად გამოაცხადეს, დღეს გვერდიგვერდ უწევთ მუშაობა: პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც თანამდებობაზე 2013 წლამდე რჩება, და პრემიერმინისტრ ივანიშვილს.

პრემიერმინისტრი დღითიდღე სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს, მაგრამ 2013 წლის ოქტომბრამდე, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში არ შევა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის უფლებამოსილების დიდი ნაწილი პრემიერმინისტრს გადაეცემა, პრეზიდენტს რჩება სერიოზული ბერკეტები რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის, ასევე კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების უფლებამოსილება. (დღეს „ქართულ ოცნებას“ 150-დან 85 მანდატი აქვს პარლამენტში, თუმცა იმედოვნებს, რომ ყოფილ მმართველ პარტიას ჩამოსორებული დეპუტატების სახით, კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს. პრეზიდენტის ვეტოს გასაუქმებლად მას 91 ხმა სჭირდება, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის კი 101). თბილისის მერი და სააკაშვილის ახლო მოკავშირე გიგი უგულავა კვლავ თანამდებობაზე რჩება და ახალ მთავრობას მთელ რიგ საკითხებზე უპირისპირდება.

იმავდროულად, ახალმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ყოფილ საჯარო მოხელეებს მთელი რიგი ბრალდებები წაუყენა. ბედის ირონიით, მის ხელთ ზუსტად იგივე სისხლის სამართლებრივი სისტემის ინსტრუმენტებია, რომლის გამოძიებასაც ითხოვს ის უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

2012 წლის 7 ნოემბერს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, რაც მოგვიანებით წამებისა და სასტიკად მოპყრობის ბრალდებებში გადაიზარდა. ახალაია შესაძლოა დაადანაშაულონ სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც, რომელიც მან თავისი კარიერის განმავლობაში მიიღო, როგორიცაა 2006 წლის 5 მარტს თბილისის ციხეში ბუნტის სასტიკი ჩახშობა (მაშინ ის ციხეების მინისტრი იყო), ასევე შარშან, დაპატიმრებული სამხედრო ოფიცრის სერგო თეთრაძის დაღუპვა.

დაპატიმრებების მეორე ტალღა 15 ნოემბერს დაიწყო. ამჯერად ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს თერთმეტ ყოფილ მოხელეს, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილს წაუყენეს.

დაპატიმრებები საქართველოს პოლიტიკური კლასის წინაშე მთელ რიგ რთულ საკითხებს აყენებს. მნიშნელოვანია, რომ არსებობდეს სამართალი და ადამიანები პასუხს აგებდნენ წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ მართლმსაჯულება იყოს სამართლიანი და აპოლიტიკური. არსებობს ასევე პოლიტიკური იმპერატივი განკურნებისა და გაერთიანებისათვის – ქვეყნის ყველაზე პატივსაცემმა ადამიანმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ შერიგების მოწოდება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ „არ იქნება შურისძიება, არ იქნება მტრობა და პირიქით ჩვენ ძმები ვიქნებით“.

კანონის უზენაესობის ხარვეზები

ამ დაპატიმრებებით გამოწვეული ხმაური, როგორც მხარდამჭერების, ასევე მოწინააღმდეგეთა მხრიდან იმის მაჩვენებელია, რომ კანონის უზენაესობა, შესაძლოა, ყველაზე მწვავე პრობლემაა დღევანდელ საქართველოში. სინამდვილეში, კანონის უზენაესობის ხარვეზებს უნდა ეწოდოს 2003 წლის ვარდების რევოლუციის „ბნელი მხარე“, რასაც სამწუხაროდ (და მიუხედავად ისეთი არასამთვრობო ორგანიზაციების ძალისხმევისა, როგორებიცაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და Human Rights Watch-ი) ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე მთავრობის ანტკიკორუფციულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ცხრა წლის შემდეგ, საქართველოს გააჩნია ის, რაც შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც ძლიერი „ტექნიკური ინსტიტუტები“, როგორიცაა მისი ცენტრალური საარჩევნო კომისია ან საპატრულო პოლიცია, მაგრამ არა – მყარი სამართლებრივი ინსტიტუტები. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კუნკურენტუნარიანობის ყოველწლიური ანგარიშის მონაცემები პრობლემის არსს წარმოაჩენს. ორგანიზაციის უკანასკნელ ანგარიშში საქართველო აღიარებულია მეორე ქვეყნად 144 ქვეყანას შორის იმ დღეების სიმცირით, რომლის განმავლობაშიც ბიზნესის გახსნა შეიძლება და მეცხრე ადგილზეა, როდესაც საქმე „მთავრობის რეგულაციის ტვირთს“ ეხება. თუმცა ქვეყანა 95-ე ადგილზეა „სასამართლოს დამოუკიდებლობის“ თვალსაზრისით, 131-ზე – „საკუთრების უფლებების“ და 141-ე ადგილზე – „ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობის“ მხრივ.

ეს მოდელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უმალ დამკვიდრდა, როდესაც სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ დაიწყო ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ბევრი ჩინოვნიკის დაპატიმრება, რომლებიც საყოველთაოდ გავრცელებული აზრით ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ. ძალიან ცოტა რამ თუ მიანიშნებდა პროცედურების დაცვაზე და ასეთი საქმეების უმრავლესობა მაშინვე იხურებოდა, როგორც კი ისინი სერიოზული ფინანსების ან აქტივების, რომელთა ღირებულებაც საერთო ჯამში მილიონებს აღწევდა, სახელმწიფოსთვის გადაცემაზე თანხმდებოდნენ. უფლებადამცველების მიერ შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში, ყოფილი ჩინოვნიკი სულხან მოლაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის დროს მას სიგარეტის ნამწვით და ელექტროშოკით აწამებდნენ.

2012 წლის ნოემბერში, შეკითხვაზე წუხდა თუ არა ის იმ მეთოდებზე, რომლითაც ამ ადამიანებს აპატიმრებდნენ, სააკაშვილს არ უარყვია, რომ პროცესს ხარვეზები ახლდა. თუმცა, მან განაცხადა, რომ „დიდი, დიდი სხვაობაა“ მისი მთავრობის ქმედებებსა და დაპატიმრებების დღევანდელ ტალღას შორის, რადგან მისი მთავრობის დროს დაკავებულმა პირებმა „დაამტკიცეს, რომ კორუმპირებულები იყვნენ“.

სააკაშვილის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა ათზე მეტ ისეთ სადავო ეკონომიკურ საქმეს, რომელშიც ბიზნესების და საკუთრების ჩამორთმევა მოხდა. დღეს ამ ჩამორთმეული ქონებებისთვის ყოფილი მესაკუთრეები დავობენ. მოსარჩელეთა დიაპაზონი დიდია – დაწყებული მცირე მესაკუთრეებიდან, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობდნენ, სადაც მთავრობამ ახალი წამყვანი ტურისტული ზონების განვითარება დაგეგმა, დამთავრებული შევარდნაძის მთავრობასთან დაახლოებული მაგნატებით და რიგითი ბიზნესმენებით. ბევრ ასეთ მაგალითს შორის, ერთ-ერთი ჯემალ ლეონიძის საქმეა, რომელიც 2010 წელს ყალბი ბრალდებებით დააკავეს და ის დღემდე ციხეშია. ლეონიძე ამბობს, რომ მისი კომპანია „მაგნატი – 2006“ გააკოტრეს და მისი აქტივები გაუფასურდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.

„ნულოვანი ტოლერანტობის“ მემკვიდრეობა

2006 წელს, პრეზიდენტმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ ახალი პოლიტიკა გამოაცხადა. შედეგად წვრილმანი კრიმინალი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა მკვეთრად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც გამამართლებელი განაჩენები ფაქტიურად არ გამოჰქონდათ და მათი 99% სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენით სრულდებოდა. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, პოლიტიკის მიზანი იყო „საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა კრიმინალისადმი, დანაშაულის მოცულობის მინიმუმამდე შემცირება, დაუსჯელობის აღმოფხვრა, და ყველა ცალკეულ დანაშაულზე რეგირება, მათ შორის უმნიშვნელოზეც“.

მთავრობამ დანერგა ასევე ახალი „საპროცესო შეთანხმების“ პროცესი – ამერიკული მოდელის სუსტი ანალოგი. წლების განმავლობაში ასეთი საპროცესო შეთანხმებების რიცხვი იზრდებოდა. 2008 წელს მისმა რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა. 2009 წელს საქმეების ნახევარზე მეტი ამ ფორმით დასრულდა – მოპასუხე მხარე ბრალს აღიარებდა და პატიმრობის სანაცვლოდ „ზიანის“ ანაზღაურების მზადყოფნას გამოთქვამდა. ასეთი შეთანხმებები მთავრობისთვის სერიოზული შემოსავლის წყაროდ იქცა: 2009 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ამ გზით ქვეყნის ხაზინაში დაახლოებით 55 მილიონი დოლარი შევიდა.

„ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ ახალი უფლებამოსილებები შესძინა პოლიციას, რომელიც დაშინების ინსტიტუტად იქცა. ახალი პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, პოლიცია ფართოდ იყენებდა 1984 წლით დათარიღებულ საბჭოთა პერიოდის კანონს, რომლის თანახმად ეჭვმიტანილის წინასწარ დაკავება 90 დღით შეიძლება (ახალი მთავრობა ამბობს, რომ ამ პრაქტიკის დასრულებას გეგმავს).

აღნიშნულ პოლიტიკას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებისა და დაკავებების დროს სიკვდილიანობის რიცხვის ზრდა მოჰყვა. 2011 წელს, ომბუდსმენი (საქართველოში მას სახალხო დამცველი ჰქვია) იუწყებოდა, რომ „დაპატიმრებების დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ხშირად დასაშვებ ზღვარს აჭარბებს და ზოგიერთ შემთხვევაში თავად დანაშაულის ხარისხსაც აღწევს“. 2005-2006 წლებში, 73 დაკავება 25 ეჭვმტანილის დაღუპვით დასრულდა, თითქმის ყველა მათგანი შეუიარაღებელი იყო. სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე მხოლოდ ოთხ შემთხვევაში აღიძრა. მსგავსი ინციდენტების გამოძიების შემთხვევები ასეთი საქმეების მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

პოლიციის დანაშაულებებმა საზოგადოების ფართო ყურადღება 2006 წელს მიიპყრო. 28 წლის ბანკის თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი აწამეს და მოკლეს პოლიციის ოფიცრებმა ჩხუბის შემდეგ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ორი დაბალი რანგის ოფიცერს მკვლელობისათვის ხანმოკლე პატიმრობა მიუსაჯეს და მოგვიანებით შეიწყალეს. 2011 წლის აპრილში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა „შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაუსჯელობის კულტურის“ დამკვიდრებისთვის და მას გირგვლიანის მამისთვის 65 000 დოლარის გადახდა დააკისრა.

ახალმა პოლიტიკამ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყველაზე შემაშფოთებელი პრობლემები ქართულ ციხეებში შექმნა. 2004 წლის შემდეგ პატიმრების რიცხვი საქართველოში გასამმაგდა და 2012 წელს დაახლოებით 23,227-ს მიაღწია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დღეს ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს ევროპაში (100 000 მოსახლეზე 514 პატიმარი), ხოლო მსოფლიოში 221 პენიტენციარული სისტემიდან მისი სასჯელაღსრულების სისტემა სიდიდით მეექვსეა. 2006 წელს ციხეებში 89 ადამიანი დაიღუპა, 2001წლისთვის კი ეს ციფრი 140-მდე გაიზარდა. მთლიანობაში, გასული ექვსი წლის განმავლობაში ციხის სისტემის შიგნით 653 პატიმარი დაიღუპა, სახალხო დამცველის თანახმად კი, აქედან სულ ცოტა 6.57%-ის სიკვდილი „ძალადობის“ შედეგია. შედარებისთვის 2009 წელს, ევროპაში ციხეებში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებლი იყო 28.9 10, 000 პატიმარზე, მაშინ როცა საქართველოს მაჩვენებელმა 71.6 მიაღწია – სიდიდით მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში.

გევინ სლეიდი, სისხლის სამართლის საკითხების სპეციალისტი საქართველოში, აღნიშნავს, რომ ქვეყნის პენიტენციარულ სისტემას ნასესხები აქვს ასპექტები, როგორც ამერიკული, ასევე რუსული ციხის სისტემებიდან. ის აღნიშნავს, რომ „საქართველომ ამ ორი სამყაროს ყველაზე ცუდი კომბინაცია შექმნა: ის მსოფლიო ლიდერია დაპატიმრებების მხრივ, არ იზიარებს არანაირ სარეაბილიტაციო ფილოსოფიას და მისი გამოსასწორებელი სისტემა თავის მხრივ ეკონომიკურ სისტემად იქცა. მოკლედ რომ ვთქვათ, დანაშაულთან ბრძოლამ კანონიერებასა და წესრიგზე ზრუნვას გადააჭარბა; ის საქართველოში სოციალური პრობლემების უზარმაზარი კომპლექსის მართვის სისტემად იქცა.“

ციხეში არსებულმა პირობებმა მთავარი როლი ითამაშა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც თბილისის გლდანის ციხეში წამებისა და სასტიკი მოპყრობის, მათ შორის გაუპატიურების ამსახველი შოკისმომგვრელი ვიდეო გაავრცელა ორმა ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ. მონაცემები ადასტურებს, რომ მსგავსი მოპყრობა დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. სახალხო დამცველის ბოლოდროინდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ქართული პენიტენციარული სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება“. მაგალითად, ადამიანზე, რომელიც დღეს ქუთაისის ნომერ მეორე ციხეში იხდის საჯელს, ითქვა, რომ მას თანამდებობის პირებმა სცემეს, გააშიშვლეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სემინარზე 2012 წლის ივნისში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „ბევრი ბრალდებული [პატიმარი] საბოლოოდ ხვდება გლდანის მე-8 საპყრობილეში, რომელიც ცნობილია თავის სასტიკი მოპყრობით პატიმრებისადმი. ამით აიხსნება იმ ბრლდებულთა რაოდენობის ზრდა, რომლებსაც საპროცესო გარიგების გაფორმება სურთ.“

საქართველოს დღეს ყურადღების გამახვილება ამ სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური შედგების მიმართ სჭირდება.

სამართლიანობის ძიებაში

საქართველოს ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ ის მოაგვარებს ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას და გადახედავს წარსულის სადავო საქმეებს. გამამხნევებელი ფაქტორია ის, რომ იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანი პატივსაცემი იურისტია, რომელიც წარსულში სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. იმავდროულად, მთავრობას, რომელსაც ამომრჩევლების სერიოზული რაოდენობა უჭერს მხარს, იმაში ადანაშაულებენ, რომ ის დაპატიმრებებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს.

ჯერჯერობით მთავრობას არ შემოუთავაზებია ზოგადი პოლიტიკური განაცხადი იმის თაობაზე, თუ რას მიიჩნევს ის აუცილებელ კრიტერიუმად სამართლებრივი დევნის ან შეწყალებისთვის. თითქოს, ამის საილუსტრაციოდ, ახალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა იმ 184 ადამიანისგან შემდგარი სია, რომლებსაც ის „პოლიტიკურ პატიმრებად“ მიიჩნევს და მათი გათავისუფლების რეკომენდაციას გასცემს. მაგრამ კრიტერიუმი, თუ რის მიხედვით მოხდა ამ სიის შედგენა, გაურკვეველი იყო, რის გამოც ჯგუფიდან ორი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა.

ახალმა მთავრობამ უნდა უპასუხოს სამი კატეგორიის დანაშაულს, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილი იყო სააკაშვილის მმართველობის პირობებში, რომელთაგან როგორც ეს მიჩნეულია, სამივე შეიცავს პოლიტიკურ ელემენტებს. პირველი კატეგორია მოიცავს ფიზიკურ დანაშაულებებს, მათ შორის მკვლელობებს, წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, ცემას, უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებს. მეორე კატეგორია მოიცავს დანაშაულებებს, ჩადენილს პირადი ცხოვრებისა და პიროვნების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, როგორებიცაა უკანონო თვალთვალი, სატელეფონო საუბრების მოსმენა, დევნა და მუქარა. და მესამე მოიცავს ეკონომიკურ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად განუკითხავად ქონებისა და ბიზნესების ჩამორთმევა.

დღეს ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით ორი შესაძლებლობა მუდმივად განიხილება: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და საქმეების ხელახლა განხილვა საერთო სასამართლოებში. თუმცა, ორივე ეს მიდგომა პრობლემურია. სამართლებრივი დევნის დაწყება იმ საგამოძიებო კომისიის ინიციატივით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა შექმნის, შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად იქნას აღქმული.

სიცოცხლისუნარიანი ვერ აღმოჩნდება ვერც ამ უამრავი საქმის ხელახალი სასამართლო განხილვა. საქართველოს მოსამართლეთა დღევანდელი კორპუსი ვერ შეძლებს ამ ამოცანასთან გამკლავებას. მათი უმრავლესობა სააკაშვილის პერიოდში დაინიშნა, ზოგიერთის გადაწყვეტილებებზე კი არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ ისინი პოლიტიკურ ხიასიათს ატარებდა და პროცედურული დარღვევებით იყო მიღებული. მეტიც, ქართველი მოსამართლეები საზოგადოების ნდობით არ სარგებლობენ, რადგან ბევრისთვის წინა ადმინისტრაცია მათ პოლიტიკური მოსაზრებებით ნიშნავდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2009 წლის კვლევის თანახმად, სასამართლო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანდო ინსტიტუტი გახლდათ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ამდენი კრიმინალური საქმითა და სასამართალწარმოებისთვის შეზღუდული ვადების პირობებში, მოსამართლეებს დღეს უზარმაზარი ტვირთი დააწვათ. შედეგად, არსებულ საქაღალდეში იმ ახალი საქმეების დამატებით, რომელთაგან ბევრი ძალიან რთულია და ისეთ მტკიცებულებებს მოიცავს, რომელთა ძიებაც ზოგჯერ წარსულშია საჭირო, მართლმსაჯულება სწრაფად ვერ განხორციელდება.

საქართველოს სიმართლის კომისია

რადგან ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს სამართლიანი ბალანსი მართლმსაჯულების მოთხოვნებსა და პოლიტიკურ სამართლიანობას შორის, ასევე დროის დეფიციტის გათვალისწინებით, პრობლემების ამ კომპლექსთან გამკლავებისთვის საქართველომ უნდა გაიზიაროს „გარდამავალი მართლმსაჯულების“ პროცესი. მიდგომა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ჰქონდათ სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, ტიმორში, სიერა ლეონესა და პერუში.

ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაურად ჩანდეს, საქართველოს შედარება ქვეყნებთან, რომელთა უმრავლესობამაც სამოქალაქო დაპირისპირების დროს მასობრივი ძალადობა გადაიტანა. თუმცა, მიუხედავად მასშტაბების სიმცირისა, პრობლემა ანალოგიურია. საქმე ეხება სერიოზულ დარღვევებს, სადავო პოლიტიკურ მემკვიდრეობას, და მართლმსაჯულების დროებითი მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც მიჩნეული იქნება სამართლიანად და ხიდის როლს შეასრულებს პოლიტიკური ტრანზაქციის პროცესში, რომლის დროსაც ქვეყანა ააშენებს ყველასთვის მისაღებ და პატივსაცემ სამართლებრივ სისტემას.

საქართველოს გარდამავალი მართლმსაჯულების ახალი კომისია, შეიძლება აღიჭურვოს მთელი რიგი უფლებამოსილებებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვისა და ისეთი რეკომენდაციების გაწევის უფლებამოსილებით, როგორებიცაა სასამართლოებისთვის ზოგიერთი პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატივით მიმართვა, ხოლო ზოგიერთებისთვის შეწყალების მოთხოვნა. ამ პროცესის მთავარი მიზანია, წარსულთან ერთგვარი დროებითი გამიჯვნა ძალადობრივი სისტემის პირველად მიზეზებთან დაპირისპირებით და მასზე ისტორიულად დასაბუთებული ნარატივის უზრუნველსაყოფად. ფრანგი ფილოსოფოსის ერნესტ რენანის განსაზღვრებას თუ დავესესხებით, მისი ამოცანა იმის განსაზღვრაში მდგომარეობს, თუ რა უნდა ახსოვდეს საქართველოს როგორც ქვეყანას, და რა უნდა დაივიწყოს.

ერთ-ერთი მიმზიდველი მოდელი საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის უნდა გაუმკლავდეს პოლიციისა და სახელმწიფო უშიშრების აპარატს, რომელსაც სასტიკ ქმედებებში ადანაშაულებდნენ, არგენტინული მოდელია (Argentinian National Commission on the Disappeared). კომისიის მიზანი 1976-1983 წლებში ადამიანთა მასობრივი გაუჩინარების საქმეთა გამოძიება და ამ საქმეებში არსებული ფაქტების გამოააშკარავება იყო. კომისიის ცნობილი დასკვნა Nunca Más (Never Again), ათასობით მოწმეთა ჩვენებას და ინტერვიუს ეფუძნება, რომელშიც დოკუმენტირად დასაბუთრებულია ის, თუ როგორ მოხდა დაახლოებით 9 000 გაუჩინარება და როგორ გახადა ეს შესაძლებელი სისტემამ. დოკუმენტი მომავლისთვის რეკომენდაციებსაც მოიცავს. არგენტინული კომისიის ანგარიში უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მსხვერპლთა რეპარაციის პროგრამის შექმნის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და სამხედრო ხუნტის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისთვის.

საქართველოს სიმართლის, მართლმსაჯულებისა და შერიგების კომისიას გაცილებით ნაკლები მოცულობის საქმეები ექნება შესასწავლი, რომლებიც, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს პატარა და პოლარიზებულ საზოგადოებაზე.

ლეგიტიმურობისათვის კომისიას ძლიერი მანდატი და საზოგადოებაში მყარი საყრდენი სჭირდება. პირველ რიგში ის დამოუკიდებელი უნდა იყოს. კომისიას უნდა გააჩნდეს ფართო უფლებამოსილება საკუთარი მანდატის განსაზღვრისთვის, მათ შორის დრო, რომლის განმავლობაშიც ის იმუშავებს და საქმეები, რომელიც უნდა გამოიძიოს, მაგრამ ბოლო ვადა, როდესაც კომისიამ მუშაობა უნდა დაასრულოს წესდებით უნდა განისაზღვროს. მას უნდა ჰქონდეს ასევე ახალი მთავრობის მიერ უკვე ინიცირებული კრიმინალური საქმეების გადახედვის უფლებამოსილებაც.

ქართულ კომისიას შეუძლია მიბაძოს მის არგენტინულ ანალოგს და საკუთარი რიგები 13 წევრისგან დააკომპლექტოს. მათი დანიშვნის პროცედურა შეიძლება ისეთივე იყოს, როგორიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი: ექვს წევრს ნიშნავს პრემიერმინისტრი, სამს – პრეზიდენტი, სამს – პარლამენტი, და ერთს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. რადგან კომისიის ამოცანები გადაუდებელია, წევრების საჯარო დანიშვნა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოხდეს.

დანიშნული წევრები უნდა იყვნენ კომპეტენტურები, საზოგადოებაში სარგებლოდნენ მაღალი ნდობითა და ავტორიტეტით. აქედან გამომდინარე, კომისიაში დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსიც და საკუთარ რიგებში ის ეთნიკურ უმცირესობებსაც უნდა აერთიანებდეს. კომისიის წევრები უნდა იყვნენ სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული სპეციალისტები, მათ შორის იურისტებთან ერთად, ისტორიკოსები, ეკონომისტები, ეთნოგრაფები; არ არის აუცილებელი იყვნენ ნეიტრალურები, თუმცა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა მიეკუთვნებოდნენ.

კომისიას უნდა ჰქონდეს ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარგად უნდა ფინანსდებოდეს და იყოს ადეკვატურად დაკომპლექტებული: უნდა გააჩნდეს ისეთი მანდატი, რომელიც მას მოწმეების დაკითხვის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.

და ბოლოს, კომისია უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით და იყოს გამჭვირვალე. საზოგადოება მუდმივად უნდა იყოს საქმის კურსში. კომისიამ თავად უნდა განსაზღვროს გამართავს ის საჯარო მოსმენებს თუ არა, თუმცა ამისგან დამოუკიდებლად, მან უნდა მიიღოს ბევრი განაცხადი ცალკეული პირებისგან და შექმნას მტკიცებულებების და ჩვენებების სკურპულოზური ჩანაწერი. კომიიის ანგარიში უნდა წარედგინოს პარლამენტს და საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს როგორც მთავრობის ვებგვერდებზე, ასევე სამთავრობო ოფისებშიც.

საქართველოს ახალი ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. ამ ვითარებაში მისთვის სწორი ინსტრუმენტია საქართველოს საჭიროებებსა და გამოწვევბზე ორიენტირებული გარდამავალი მართლმსაჯულების კომისია. ვადები არსებითია: სწრაფად ჩამოყალიბებული მექანიზმი ხელს შეუწყობს მოსალოდნელი პოლიტიკური კონფრონტაციის აღკვეთას. უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, თუკი მას ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოს სიმართლის კომისიას ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის მიმართ უფრო ფუნდამენტური პატივისცემის დამკვიდრებას და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გზაზე დაყენებას.

foreignpress.ge