შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლის დროს საქართველოს საზღვრის გადალახვას ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა, რომელზეც მერაბიშვილის ფოტო იყო დატანილი. შსს-მ ყალბი პასპორტით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი ორჯერ დაკითხეს. საქმის გამოძიების ფარგლებში მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სხვა სახელსა და გვარზე (გოჩა წერეთელი) გაცემულ პასპორტს ფლობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეც. მან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დროს დაადასტურა, რომ პასპორტით არაერთხელ უსარგებლია.
ამას ადასტურებს მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძეც, რომელიც აცხადებს, რომ გია ლორთქიფანიძე ამ საიდუმლო პასპორტით ზესაიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდა და საიდუმლო პასპორტის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებით გამოძიებამ ქართული კანონმდებლობა დაარღვია. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ამგვარი საიდუმლო პასპორტებით შსს-ს 150-მდე თანამშრომელი სარგებლობს. გაბაიძის განცხადებით, გია ლორთქიფანიძის პასპორტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მიერ არის გაცემული. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ ამგვარი პასპორტის გაცემა ხდება კონკრეტული ოპერაციის წინ შესაბამისი თანამდებობის პირის საიდუმლო წერილის საფუძველზე, რაც ჯდება კანონში „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ შესახებ. ადვოკატის თქმით, ამგვარი პასპორტის გამოყენება სხვა რაიმე სამოქალაქო ურთიერთობებში აკრძალულია.
„როდესაც გია ლორთქიფანიძე სამსახურიდან წამოვიდა, აღნიშნული პასპორტი მან შესაბამის სამსახურს ჩააბარა, როგორც წესი და რიგია. სწორედ ასე მოხვდა ეს დოკუმენტი გამოძიების ხელში და მიმაჩნია, რომ მას ეს ამბავი არ უნდა გაეხმაურებინა. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ გია ლორთქიფანიძე ამ პასპორტს ფლობდა. მან ჩვენებაშიც თქვა, რომ ამ პასპორტით ერთ საიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ შეხვედრაზე ამ პასპორტის გამოყენების საჭიროება არ დადგა“, - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, გია ლორთქიფანიძემ განაცხადა, ამგვარი პასპორტი შსს-ს 150-მდე თანამშრომელს აქვს. ადვოკატი განმარტავს, რომ თითოეულ მათგანს ეს პასპორტი კონკრეტული დავალებების შესასრულებლად მიეცა. გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, ვინაიდან ახლა ეს ინფორმაცია გამოძიებამ სააშკარაოზე გამოიტანა, შს თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი ამ პასპორტებს უკან აბრუნებს და შესაძლოა, მათ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადებებიც დაწერონ, რადგან მათ ეს საფრთხეს უქმნის.
საინტერესოა, რომ გამოძიებამ ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთლის სახელზე გაცემულ აღნიშნულ პასპორტებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვა. ამის შესახებ ცესკო იტყობინება. მისი ინფორმაციით, ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებლმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოადგინა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გამოძიებას უფლება ჰქონდა ამოეღო მოქალაქეების ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთელის 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები.
„საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომძიებელს წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ე.წ. „სამაგიდო“ სიაში ზემოთხსენებული პიროვნებების სახელისა და გვარის გასწვრივ გრაფებში ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული“, - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ბევრს საუბრობენ იმაზე, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი დამნაშავე ყალბი პასპორტის გამოყენების მცდელობაში და თუ დამნაშავეა, რატომ არ ხდება მისი დაკავება. თავად მერაბიშვილი ყალბი პასპორტის ქონას არ ადასტურებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მერაბიშვილის დაკითხვიდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ შესაძლოა, ამგვარი პასპორტი შს სამინისტროს ოპერატიულ თანამშრომელს ჰქონდეს, რომელიც კონკრეტულ დავალებას ასრულებს, მაგრამ იურისტებისთვის გაუგებარია, რისთვის უნდა სჭირდებოდეს საიდუმლო პასპორტი შინაგან საქმეთა მინისტრს, ან თუნდაც მის მოადგილეს, რომლებიც წესით ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას არ ეწევიან.
არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს ე.წ. ყალბი პასპორტის თემა თავად ვანო მერაბიშვილის „შემოგდებული“ იყო და ის ცდილობს, რომ თავი ასეთი ბრალდებით დააჭერინოს, რათა იქამდე, სანამ მისი პასუხისმგებლობის საკითხი ბევრ სხვა უფრო სერიოზულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთება (მაგალითად, გირგვლიანის და სხვა საქმეებზე), პოლიტიკური დევნილის მანტია მოირგოს და დასავლეთსაც ასეთად მოაჩვენოს თავი.
პასპორტების თემამ სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძეც, ასე ვთქვათ, გაჭედა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ეს პასპორტები სამოქალაქო რეესტრის მიერ არის გაცემული.
ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ თავმჯდომარე ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ თეორიულად, შესაძლებელია, საიდუმლო პასპორტი შინაგან საქმეთა მინისტრსაც ჰქონდეს, მაგრამ დაუჯერებლად მიაჩნია, რომ მერაბიშვილი შს მინისტრობის დროს შეთავსებით „აგენტი 007“-ც იყო.
„ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ამგვარი პასპორტი ჰქონოდა, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არ მგონია, ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შეთავსებით აგენტი 007-იც ყოფილიყო“, - ამბობს მუხაშავრია.
მისი თქმით, კარგია, რომ გამოძიებამ ჭკუა ისწავლა და ასეთი ბრალდებით მერაბიშვილი არ დაიჭირა, რადგან შესაძლოა, მოგვიანებით მისი უფრო მძიმე საქმეებთან დაკავშირებით დაკავება გახდეს საჭირო. მანამდე მისი დაკავებით კი მერაბიშვილს იმის საფუძველს მისცემდნენ, რომ პოლიტიკურ პატიმრად შეერაცხა საკუთარი თავი.
უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დანაშაული აბსოლუტურად გამოკვეთილია და აღნიშნავს, რომ ამას ის ინფორმაციაც აძლიერებს, რომლის თანახმადაც, მსგავსი ტიპის დოკუმენტი სხვა პირებზეცაა გაცემული.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ წერეთლის გვარზე გაცემული ეროვნული პასპორტი, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ადასტურებს ვერსიას, რომ მსგავსი პრაქტიკა რეალურად მოქმედებდა და რა თქმა უნდა, სამოქალაქო რეესტრში, მათ რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი ვაშაძეა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება, განცხადებებს, რომ „მეორე პასპორტის“ თემა გრიფით „საიდუმლო“ საკითხია, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, პრემიერი არცერთ თანამდებობაზე არ იყო და ასეთ, საიდუმლო რეჟიმს დაქვემდებარებული მოქმედება რომ ლეგალური ყოფილიყო, იმ მომენტისთვის, პრემიერ-მინისტრს მსგავსი დოკუმენტის სარგებლობის არავითარი უფლება არ ჰქონდა.
„სხვა საკითხია, რით შეუძლია თავი იმართლოს ყოფილმა პრემიერმა, რომლის დამცველებიც აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი საიდუმლო რეჟიმს ექვემდებარებოდა და ოპერატიული დაფარვის დოკუმენტაციის ლეგალურად დამზადებისკენ იყო მიმართული. ეს გულისხმობს, რომ უნდა იყოს საიდუმლო ბრძანება, რომლის საფუძველზეც ეს მოქმედებები ხორციელდებოდა. ეს ასეც რომ იყოს, ყოფილი პრემიერი, როდესაც ეს ფაქტი დადასტურდა, პრეზიდენტთან ერთად, ერევანში მიემგზავრებოდა. ის არც ერთ თანამდებობაზე არ იყო და ბუნებრივია, ასეთი საიდუმლო რეჟიმის დაქვემდებარებული მოქმედება რომ ლეგალური ყოფილიყო, იმ მომენტისთვის, პრემიერ-მინისტრს მსგავსი დოკუმენტით სარგებლობის არავითარი უფლება არ ჰქონდა. ვფიქრობ, ეს დანაშაული, რომელსაც, როგორც ვხედავთ, ძალიან ორგანიზებული ხასიათი გააჩნია, ჩვეულებრივმა რიგითმა შემთხვევითობამ გამოააშკარავა. აქ არაა საუბარი ერთ, ორ ან სამ ჩინოვნიკზე, არამედ, როგორც ირკვევა დაახლოებით, 150 ადამიანზეა და ალბათ, ძალიან მალე, საგამოძიებო ორგანოები ამ საკითხს ნათელს მოჰფენენ“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ოპერატიული მუშაკებისთვის არა მხოლოდ ასეთი პასპორტების, არამედ სხვადასხვა სახის, ასე ვთქვათ, არაშესაბამისი საბუთების გაკეთებაც შეუძლიათ. მაგალითად, ავტომანქანის სახელმწიფო ნომრები, მართვის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ. მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ასეთი მაღალი თანამდებობის პირები ოპერატიული საქმიანობით დაკავებულები არ არიან და ამიტომ არ შეიძლება მათ ასეთი დოკუმენტაცია ჰქონდეთ.
„როდესაც ქალბატონმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არკვევენ, ეს პასპორტი არამიზნობრივად ხომ არ იყო გამოყენებული, სწორედ ამას გულისხმობდა, რომ თუ პასპორტი კონკრეტული დავალებით იყო გამოყენებული, მაშინ უნდა არსებობდეს ბრძანება, სად, რატომ და რისთვის უნდა წასულიყო მინისტრი, ან მისი მოადგილე სხვა გვარით და მით უმეტეს მინისტრი, რომელიც ცნობადი ფიგურაა და მისი ვინაობის დაფარვა პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვოა“, - აღნიშნავს ადვოკატი.
მისი თქმით, მინისტრმაც და მისმა მოადგილემაც გამოძიებას უნდა მისცენ უფრო დეტალური განმარტება იმასთან დაკავშირებით, მართლაც რაიმე საიდუმლო საქმიანობას ეწეოდნენ თუ არა, და კონკრეტულად რას საქმიანობდნენ ამ პასპორტებით. რაც შეეხება მერაბიშვილის დაკავება - არდაკავებასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, გელა ნიკოლაიშვილი ხაზს უსვამს გამოძიების პოზიციას, რომ ისინი თანმიმდევრულად სწავლობენ ამ საქმეს და არ სურთ ადამიანი ჯერ დააკავონ და შემდეგ დაიწყონ მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება.
„მართალია, ასეთი პასპორტების ოპერატიული საქმიანობისთვის არსებობა აბსურდია, მაგრამ ამ ქვეყანაში გამორიცხული არაფერია და ამიტომ, გამოძიება სწორად იქცევა, რომ ცდილობს, ბოლომდე კარგად გაერკვეს ამ საქმეში. ზოგადად კი მიმაჩნია, რომ ადრე თუ გვიან (და ალბათ უფრო ადრე, ვიდრე გვიან) ისინი მერაბიშვილამდე მაინც მივლენ, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა გახმაურებული საქმე, იქნება ეს ჟვანიას საქმე, ციხის ბუნტი, ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვა და ა.შ. მერაბიშვილისა და სააკაშვილის გარეშე ვერ გადაწყდებოდა. ამიტომ, ვინაიდან ყველა ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, კვალი მაინც ვანო მერაბიშვილამდე მიიყვანს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად იქცევა შსს და პროკურატურა, რომ არ ჩქარობენ და ყველაფერს დეტალურად იკვლევენ“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.