საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება.დღევანდელ წერილში ტრადიციას არ დავარღვევ, რამდენიმე ათეული წლით უკან დავბრუნები და ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრების თავს გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებ.
მევლუდ მიმინოშვილი:
„ერთ დღეს მსაჯობა ქალაქ ვორონეჟში მომიწია. თბილისში გამომგზავრებამდე იქაურ ბაზარში შევიარე. ჩემი ყურადღება ლამაზმა მამალმა მიიქცია. ავჭალაში კერძო სახლში ვცხოვრობ და ფრინველის თბილისში წამოყვანა გადავწყვიტე.
მამალთან ერთად ორი ჯიშიანი დედალიც შევიძინე. პატრონმა ფანერის ყუთები მომცა, თან დამარიგა: ქათმებს ცოტ-ცოტა არაყი გადააყლაპე, მიიძინებენ და თვითმფრინავში არ იფორიაქებენო. იმავე ბაზარში დედალ-მამალი კავკასიური ნაგაზიც ვიყიდე.
იღბლად, ჩვენი რეისი იყო და ნაცნობმა ფრენის ბრიგადირმა „თვალები დახუჭა“.
ერთი ყუთი ჩემს თანაშემწესთან დევს გადამთვრალი მამლით. მთვრალ-დედლებიანი მეორე ყუთი ჩემს მეორე დამხმარე მსაჯთანაა. მამალი ძაღლი მე მიჭირავს ჯაჭვით. ამ ძაღლის მომავალი ცოლი იქვე წევს ენაგადმოგდებული და მორცხვად ნაბავს თვალებს.
აფრენიდან ნახევარ საათში მამლიანი ყუთი საეჭვოდ ამოძრავდა. ხუთ წუთში მაგრად გააქტიურდა. კიდევ ხუთ წუთში გულისგამგმირავი-ყიყლიყოოო!-ამოვარდა ყუთიდან.
ახალჩაძინებული მგზავრები ერთმანეთის მიყოლებით წამოცვივდნენ ფეხზე, მაგრამ რომ ვერაფერს ხედავენ?! ამ დროს ძაღლიც გამოფხიზლდა და თვალები ავად დაატრიალა. ვეფერები, ვამშვიდებ, მეორე ხელით ნელა, მონოტონურად ვაკაკუნებ მამლიან ყუთზე - იქნებ მამალს ჩაეძინოს.
მთვრალ კაცს რა მოეკითხება და არყით გახეთქილ მამალს შენ გააჩერებ? მოხდა სასწაული და მამალს ხმა აღარ ამოუღია. ეტყობა გვერდი ინაცვლა და „მეორე ძილს“ მინებდა. როგორც იქნა მეც დავმშვიდდი, მაგრამ თურმე სად ხარ? ახლა ეს ჩემი ძაღლი ახვანცალდა და აწრიალდა ნერვიულად. წინა თათებით იატაკის კაწვრა დაიწყო. მივხვდი, რაც უნდოდა. ნელა წამოვაყენე და თვითმფრინავის ტუალეტისკენ წავიყვანე. გზაში ვიღაც ბავშვმა კუდზე წაავლო ხელი და მოქაჩა, ძაღლმაც კინაღამ ხელი მოაჭამა. ისევ წამოცვივდნენ საწყალი მგზავრები. ხან მამალივით ყივილი, ხან ძაღლივით ყეფა. ისევ კოშმარულ სიზმარს დააბრალეს ყველაფერი“.
ოთარ გაბელია:
„ფეხბურთი, როგორც ყველა ბავშვს, მეც პატარაობიდან შემიყვარდა. განსაკუთრებით მეკარეობა მიტაცებდა. რატომ? მოედანზე ხომ თერთმეტი თამაშობს. აქედან დამცველი რამდენია? - სამი ან ოთხი. ნახევარმცველი? - ორი მაინც, თავდამსხმელიც ასევეა. მეკარე ერთადერთია მოედანზე, კარის პერსონალური დარაჯი.
ფეხბურთს მშობლიურ ზუგდიდში ვეზიარე. მეოთხე თუ მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამამ თბილისში რომ ჩამომიყვანა. ფეხბურთს დავესწარით „დინამოს“ სტადიონზე. როგორი საქმეა, კოტრიკაძეს ვხედავდი.
- რა იქნება, ერთხელ მაინც რომ მათამაშა ამ სტადიონზე! - აღმომხდა ხმამაღლა. მამამ თანაგრძნობით გამიღიმა:
- კაი ერთი, შვილო, რეალური რამე ინატრე! შენ ამ სტადიონზე ვინ გათამაშებს...
ზუგდიდის სპორტსკოლის შემდეგ იყო სოხუმი... არა, - ქუთაისი, მერე სოხუმი. იმ წელიწადს ჩემი უფროსი კოლეგა, სერგო კოტრიკაძე საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
- აი მეკარეეე! ა, კაცი! -აღტაცებას ვერ მალავდა მამაჩემი.
მემატებოდა წლები და შესაბამისად - წარმატებები. ქუთაისმა უდიდესი ბიძგი მომცა. და აი... მე თბილისის „დინამოს“ საოცნებო სტადიონზე გამოვჩნდი.
მუყაითი შრომა, მომავლისკენ განუხრელი რწმენით სვლა და ჩემი ნაოცნებარი რეალობად იქცა: „ოთარ გაბელია ლუჩში ვრატარ სსრკ“ - იუწყებოდა მაშინდელი პრესა.
მამაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მისი საამაყო „წიე“ საუკეთესო კარის დარაჯი გახდა.“
თენგიზ სულაქველიძე:
„დიდ ფეხბურთს რომ გამოვეთხოვე, ერთბაშად მოვდუნდი, მოვიწყინე და ცუდ ხასიათზე დავდექი: „რა მეშველება აწი?“ გამოსავალი მალე ვიპოვე და ნორჩი დინამოელების მწვრთნელობას მოვკიდე ხელი.
ერთხელ, ჩვენი პატარა ფეხბურთელები საერთაშორისო ტურნირზე საფრანგეთში წავიყვანეთ მე და ჩემმა კოლეგამ, საშა ვაშაკიძემ. ტურნირმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
გახარებულები ვბრუნდებით თბილისში. მე და საშამ თავს უფლება მივეცით და თვითმფრინავში მალულად თითო ბოთლი კონიაკი და შამპანური დავლიეთ. სასმელი კი კარგად ავიტანე, მაგრამ საშაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ვაშაკიძე „გაითიშა“ და სადაც იჯდა იქვე ჩაეძინა პოზის შეუცვლელად.
როგორც იქნა ჩამოვფრინდით თბილისში. მთელი აეროპორტი გაჭედილია დამხვდურებით. ჩამოვაცილე ბავშვები ტრაპზე და გვარისა და სახელების მიხედვით ვაბარებ მშობლებს.
- საშამ გაიღვიძა? - გავძახე ზემოთ.
არავინ მპასუხობს. ცოტა ხანში, სულ რომ არ ველოდი იმ მხრიდან მობანცალდა ეს ჩემი საშა. დამეჯახა და გვარიანადაც შემაჯანჯღარა.
- აუ, ძლივს არ გნახე კაცო? - გამეხარდა მე. საშა თავის სტიქიაშია:
- შენც მოხვედი ჩემო თენგოია ჩვენს დასახვედრად? - გადამეხვია და ჯარიდან ჩამოსული ალალი ბიძაშვილივით გადამკოცნა.
ასეთ დროს დათანხმება ჯობია.
- მოვედი, ჩემო საშიკო, მოვედი, მთელი თბილისი აქაა და მე რა გამაჩერებდა სახლში?
- ჭირიმე შენი! - ისევ გადამეხვია სლოკინით. კინაღამ ატირდა სიხარულით. გგონიათ აქ დამთავრდა?
არაფერი შეგეშალოთ. მეორე დღეს გამოფხიზლებული მობრძანდა ბაზაზე და ამიხირდა:
- სად დამეკარგე კაცო შენ წუხელ?! მთელი აეროპორტი შემოვიარე ფეხი-ფეხ და ვერსად გიპოვეო.
რას იზამ... ასეც ხდება“