თომას დე ვაალი:

თომას დე ვაალი:"კავკასიაში ამერიკა ვერ შეიქმნება"

საქართველოს ვესტერნიზაციის ყალბი დაპირება

როდესაც ეს ლიდერი ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს ეკონომიკა კრიზისში, ხოლო მოქალაქეები სასოწარკვეთაში იყვნენ. თითქმის მთელი მოსახლეობა მას მესიასავით შეეგება. ნელ-ნელა მან ნიჭიერი ჩინოვნიკების მობილიზება და ქვეყნის გზაზე დაყენება შეძლო. მართალია, რუსეთთან საძაგელმა ურთიერთობამ მას ამოცანა გაურთულა, მაგრამ სამაგიეროდ უამრავი მეგობარი ჰყავდა ვაშინგონში და ამიტომ აშშ-დან დიდ ფულად და პოლიტიკურ დახმარებას იღებდა. დროთა განმავლობაში მან ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტი დაკარგა და სულ დაშორდა მას. მისივე ადმინისტრაციის ბევრმა წევრმა ის ავტოკრატულ ტენდენციებში დაადანაშაულა და ოპოზიციაში გადავიდა. საბოლოოდ, არჩევნებში ხალხმა მას ხმა აღარ მისცა. მას არც დემოკრატის ინსტინქტები ჰქონდა და არც სისხლისმსმელი ტირანის, ამიტომ, მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლეთში დემოკრატის რეპუტაცია გადაერჩინა, მარცხი აღიარა.

უცნაურია, მაგრამ ეს ისტორია საქართველოში უკვე ორჯერ განმეორდა. სულ ცოტა ხნის წინ ეს გზა გაიარა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს, მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა. წელს, ოქტომბერში სააკაშვილმა სრული მარცხი განიცადა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მდიდარმა ქართველმა კაცმა მოიპოვა. ის ახლა პრემიერმინისტრია და მომავალ წელს, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკოსი გახდება. (მაგრამ სააკაშვილი მანამდე, სანამ მისი ვადა 2013 წლის ოქტომბერში არ ამოიწურება, თანამდებობაზე რჩება). ასეთივე თავგადასავალი გადახდა იმ კაცს, რომელიც სააკაშვილმა 2003 წელს დაამარცხა – ეს კაცი ედუარდ შევარდნაძე იყო. 1992 წელს შევარდნაძემ სამოქალაქო დაპირისპირებით დანგრეული საქართველო ჩაიბარა, ქვეყანაში სამხედროები ბატონობდნენ. მაშინ შევარდნაძეც დასავლეთის ფავორიტი იყო, რადგან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მთავარი როლი შეასრულა ცივი ომის დასრულების პროცესში. თავდაპირველად შევარდნაძემ თავის ქვეყანას რამდენიმე მიმართულებით წარმატება მოუტანა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გზა აებნა, დაუშვა ქვეყნის დაღმასვლა კორუფციისა და ინერციისკენ. ბოლოს კი ის „ვარდების რევოლუციამ“ დაამხო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნები არ შეესაბამებოდა ევროპული დემოკრატიის სტანდარტს, ეს არჩევნები ზოგადად ავტოკრატულ სამეზობლოში სუფთა ჰაერის ჭავლივით იყო. მმართველი პარტია დამარცხდა და მისმა ლიდერმა მშვიდობიანად აღიარა მარცხი. ოპოზიციური პარტია თავის გამარჯვებას ისე აღწერდა, როგორც ხალხის ტრიუმფს მზარდ დიქტატურაზე. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კი, ამ დროს, საკუთარ მარცხს ისე ხატავდნენ, როგორც ქვეყნის შემობრუნებას არასწორი მიმართულებით, „ვარდების რევოლუციის“ იდეალების უარყოფას და მოსკოვის ფარულ გამარჯვებას. არადა, ორივე ნარატივი არაზუსტია: ბოლოდროინდელი არჩევნები უფრო სწორად აღიწერება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიხვეულ-მოხვეულ გზაზე, რომელსაც წინმიმავალი ქვეყანა დაადგა, თუმცა მას ნამდვილ დემოკრატიამდე მისაღწევად ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გარკვეული დისტანცია.

მიუხედავად ხშირი პოლიტიკური გადატრიალებებისა, საქართველო 1989 წლის შემდეგ შეიძლება არათანმიმდევრულად, მაგრამ მაინც ვითარდებოდა და ახლაც პროგრესირებს. ზოგიერთი მისი გადახრა და შემობრუნება, განსაკუთრებით ეხება ეს ზვიად გამსახურდიას, პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტის მმართველობის პერიოდს, 1990-1991 წწ. კატასტროფული აღმოჩნდა და ეს არასწორი გადახვევები მით უფრო ხშირი იყო, რაც უფრო ნაკლებად ხდებოდა მათი კორექტირება. თუმცა ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ საკმაოდ მტკიცეა და შეუძლია არ შეეპუოს თავისი ლიდერების შეცდომებს, ხოლო პოლიტიკური სისტემა, მართალია, ბოლომდე დემოკრატიულს არ შეესაბამებოდა, მაგრამ საკმაოდ კონკურენტული იყო საიმისოდ, რომ კურსის შეცვლა მოეხერხებინა.

ძველის დავიწყება

სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ ისე წარმოადგენდნენ, როგორც ნულოვან წელს საქართველოსთვის, ქვეყნის „სოციალური, მორალური და მენტალური“ ტრანსფორმაციის კატალიზატორს. მაგრამ საბოლოოდ, ისტორია, ალბათ, დაასკვნის, რომ ეს პრეტენზია გადაჭარბებული იყო. „ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანა ზოგადად წინ წასწია და ბევრი პრობლემაც გადაწყვიტა, ყველაზე აღსანიშნავი ამ პრობლემებს შორის იყო კორუმპირებული ბიუროკრატია და ორგანიზებული დანაშაული. მაგრამ ქართული საზოგადოება სულ უფრო მეტად ავლენდა დაღლილობის ნიშნებს წარსული ხელისუფლების თვითნებური პოლიტიკის გამო.

სხვა საქართველო, უფრო კონსერვატიული და უფრო დემოკრატიული, ჯიუტად ინახავდა თავს ზედაპირს მიღმა. განსაჯეთ, რამდენად არად ჩააგდო და მართლაც ძალიან დააზარალა სააკაშვილის ეკონომიკის ლიბერალიზაციის პოლიტიკამ ქართული სოფელი, რომლის მოსახლეობაც ქვეყნის პოპულაციის ნახევარს შეადგენს. ივანიშვილმა ეს ფაქტი გააცნობიერა და მთელი თავისი საარჩევნო კამპანიის დროს აქცენტს სოფლის მოსახლეობის სიღარიბესა და უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელზე აკეთებდა. გარდა ამისა, ის კულტურულად უფრო ახლოს იყო ქართველთა უმრავლესობასთან, რომელთა სოციალური კონსერვატიზმი უფრო ღრმაა, ვიდრე სააკაშვილისა და რომელთა უმეტესობა ნაციონალისტურ ცრურწმენას იზიარებს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, კონსერვატიული განწყობების ბასტიონმა საქართველოში, ჩუმად დაუკრა კვერი ივანიშვილის პარტიას, „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად განცხადებული ნეიტრალიტეტისა. ამასობაში კი, ქართულ ქალაქებში, რომლის ცენტრსაც თბილისი წარმოადგენს, ასევე ძირითადად ოპოზიციას უჭერდნენ მხარს, რადგან გრძნობდნენ, რომ სააკაშვილი და მისი ცეცხლოვანი, ზევიდან ქვევით მიმართული მმართველობის სტილი საფრთხეს უქმნიდა ისეთ დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება და თანასწორობა კანონის წინაშე.

სააკაშვილის უჩვეულო პოლიტიკას, როგორც წესი, „ლიბერალ ბოლშევიზმად“ მოიხსენიებენ. ის ლიბერალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ სულ რამდენიმე წელიწადში პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ მოახერხეს მემკვიდრეობით მიღებული ძველი საბჭოთა სისტემის ნარჩენების დაშლა, ისინი მოერივნენ წვრილმან კორუფციას და მაფიას, გაზარდეს გადასახადების გადახდის მაჩვენებლები და განაახლეს ქვეყნის გაცვეთილი ინფრასტრუქტურა. მაგრამ ეს ყველაფერი ბოლშევიზმსაც ჰგავდა თავისი აგრესიული განაცხადით, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ძალიან რეპრესიული კრიმინალური სასამართლო სისტემა. სააკაშვილი ძალიან ხშირად, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი მისი კრიტიკოსი წინა რეჟიმის დროს მსახურობდა, მათ რუსეთის მხარდაჭერაში და გამოუსწორებელ კორუმპირებულობაში ადანაშაულებდა, ხოლო ზოგიერთი ოფიციალური პირი ვაშინგტონში ამას ზედმეტი მზაობით ეთანხმებოდა.

ერთი ამერიკელი დიპლომატი 2009 წლის აპრილში, დოკუმენტში, რომელიც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა, ერთგულად იმეორებდა სააკაშვილის სიტყვებს იმის შესახებ, რომ მისი ოპონენტები წარსულზე ორიენტირებული მარგინალების ხროვაა. „ძირითადად“, ნათქვამი იყო დოკუმენტში, „ეს ის ხალხი და ის ინსტიტუტებია, რომლებმაც შევარდნაძის გადადგომის შემდეგ დაკარგეს პოზიცია, პრესტიჟი და ძალაუფლება“.

დიდი ხნის განმავლობაში სააკაშვილს კოორდინირებული ოპოზიცია არ ჰყავდა. მაგრამ არა იმიტომ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება არ არსებობდა. ხალხს პრობლემას უქმნიდა ისეთი რესურსების არარსებობა, რომელიც შეძლებდა ლეგიტიმურად გაეწია ოპონირება სისტემისათვის. ასეთივე ისტორია გათამაშდა კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში – ეს იმდენადვე შეესაბამება ვლადიმერ პუტინის რუსეთს დღეს, როგორც შეესაბამებოდა საქართველოს სააკაშვილის მმართველობისას. სააკაშვილი მართლაც პოპულარული იყო თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მან ლეგიტიმურობის კარგვა იწყო. და ეს მოხდა არა მხოლოდ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს კატასტროფული ომის გამო, პრობლემა უფრო ღრმა იყო, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არ არსებობდა ბალანსისა და კონტროლის სისტემა, რამაც ქვეყნის ლიდერების თვალთხედვის დეფორმირება გამოიღო შედეგად. მაგალითად, სააკაშვილმა ისე, რომ კონსულტაცია არავისგან მიუღია, შავი ზღვის სანაპიროზე ახალი, ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენების გეგმა გამოაქვეყნა. უშიშროების ძალები სულ უფრო მეტად იგდებდნენ ხელში კანონს და ბევრ სხვა რამესთან ერთად, პენიტენციარულ სისტემაში ამაზრზენი წამების ინსტიტუციონალიზაციაც განხორციელდა. სააკაშვილის უცხოელ მეგობართა უცნაური კლუბი ისეთი ადამიანებით შეივსო, როგორიცაა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ მოიხსენიებენ; პოპულისტი და ნახევრად ავტოკრატი უნგრელი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი; ბაქია ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი.

აი, ამ კონტექსტში იბრძოდა, დამარცხდა და აღიარა მარცხი სააკაშვილმა. მისი სტრატეგია იმაში მდგომარეობა, რომ არჩევნების დღე არსებითად თავისუფლად ჩაეტარებინა, მაგრამ მანამდე თავისი პარტიისთვის უპირატესი გარემო შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი უკვე იყენებდა სათავისოდ საქართველოს ორი მთავარი ტელევიზიის დე ფაქტო კონტროლს, ხოლო საარჩევნო კოდექსი ისე იყო შედგენილი, რომ უპირატესობა მას დარჩენოდა, მისმა მთავრობამ მაინც სცადა კონკურენტის, ივანიშვილის განადგურება, ჩამოართვა მას მოქალაქეობა და დიდი ჯარიმები დაუწესა. საარჩევნო კამპანიის ბოლო ორი თვის განმავლობაში მთავრობამ შეასუსტა ზეწოლა და საშუალება მისცა ოპოზიციას, თავისუფლად გაევრცელებინა თავისი გზავნილები, ხოლო სააკაშვილმა თავისი მოსალოდნელი გამარჯვების დასადასტურებლად უცხოურ დამკვირვებელთა მთელი არმია მოიწვია.

და მართლაც, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია მანდატების უმეტესობას მოიგებს, თუმცა როდესაც შედეგებმა შემოსვლა იწყო, აშკარა გახდა, რომ მისივე გეგმა ბუმერანგივით მოუბრუნდა: ის დამარცხდა საერთაშორისო მედიისა და უცხოელი დამკვირვებლების თვალწინ. სააკაშვილი, ალბათ, არ იყო ნამდვილი დემოკრატი, მაგრამ ის ყოველთვის აფასებდა საკუთარ იმიჯს, იმიჯს ისეთი კაცისას, რომელიც დამარცხდა და გულმოწყალე დამთმობი სიტყვა წარმოთქვა. მოხდა ისე, რომ იმ დღეს საქართველოში დემოკრატია შემთხვევით დაიბადა.

…ახლის მიღება?

ქართულ პოლიტიკას უყვარს დიდი ინდივიდუალობები, რომლებიც განაგებენ მფარველობას და ერთგულებას: ეს უფრო იმ ფეოდალურ შერკინებას ჰგავს, სადაც გამარჯვებული ყველაფერს იღებს, ვიდრე იდეოლოგიურად გადაჯაჭვული მხარეების პაექრობას. ასე რომ, ოპოზიცია ვერ ინატრებდა უკეთეს მედროშეს, ვიდრე ივანიშვილია. ის ყველაზე მდიდარი ქართველია, „ფორბსის“ ბოლო გათვლებით, მას $6.4 მილიარდი აქვს და ამიტომ შეძლო დაპირისპირებოდა მთავრობის მიერ დადგენილ წესებს. მას საზოგადოებაში უზადო რეპუტაციაჰქონდა, რადგან წლების მანძილზე აფინანსებდა ეკლესიებს, სკოლებსა და კულტურის ცნობილ მოღვაწეებს. ივანიშვილის მაღალი სტატუსი ისეთ ქოლგას ქმნიდა, რომლის ქვეშაც ქართველთა ყველა წყენა თავს შეაფარებდა.

გასაგებია, რომ ივანიშვილის პოზიცია რუსეთში მრავალი სპეკულაციის მიზეზი გახდა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს მოსკოვთან უღირსი კავშირები აქვს, რადგან მან რუსეთში დააგროვა ქონება. დღემდე ივანიშვილი მგზნებარედ უარყოფს ამ ბრალდებებს. მან რუსეთი 2002 წელს დატოვა და ცოტა ხნის წინ გაყიდა მთელი თავისი იქაური აქტივები. ამჟამად ის პროდასავლურად განწყობილი მრჩევლების გუნდითაა გარშემორტყმული. მანამდე, სანამ საპირისპირო მტკიცებულება არ ამოტივტივდება, არსებობს ერთი, ყველაზე სარწმუნო ახსნა იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა მან, თავისი ბევრი სხვა პოსტსაბჭოთა კოლეგასავით, ფულის გაკეთება რუსეთში. მიზეზი მარტივია, მაგალითად, ვილი სეტონი იმიტომ ძარცვავდა ბანკებს, რომ ფული იქ იყო და არა სხვაგან.

გარდა ამისა, მიუხედავად ივანიშვილის გრძნობებისა, თბილისი ვერ მოაწესრიგებს ბოლომდე რუსეთთან ურთიერთობას მანამდე, სანამ მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს. ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ალბათ, აღდგება, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები თითქმის დანამდვილებით გაყინული დარჩება. რეალურად, სწორედ „ქართული ოცნების“ ქსენოფობიური, ნაციონალისტური ფრთა, რომელიც ძირითადად ანტირუსულია, წარმოადგენს უფრო დიდ საფრთხეს საქართველოს საგარეო ურთიერთობებისთავის და არა ივანიშვილი თავისი ვითომდა კავშირებით მოსკოვთან.

ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს, ორ მოსისხლე პოლიტიკურ მტერს, მოუწევთ თანაარსებობა 2013 წლის ოქტომბრამდე, ანუ მანამდე, სანამ არ დასრულდება სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა. მაშინაც კი სააკაშვილი, საქართველოს ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსი, მხოლოდ 45 წლის იქნება და ის თითქმის გაუსაძლისი ამოცანის პირისპირ აღმოჩნდება – მან უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი, რომელშიც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ძალაუფლების გარეშეა დარჩენილი. რა თქმა უნდა, არსებობს შიში იმისა, რომ ქანქარა საპირისპირო მიმართულებით გადაიხრება და ივანიშვილი გამოიყენებს სააკაშვილისგან მემკვიდრეობით მიღებულ რეპრესიულ სისტემას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს მეტოქე. ამ შემთხვევაში ივანიშვილი უბრალოდ გადაიქცევა კიდევ ერთ ახალ დომინანტურ პერსონად ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის დემოკრატიული ინსტიტუტების დეფიციტს. და თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ივანიშვილი ყველაზე მდიდარი კაცია საქართველოში, მას შეეძლება დააფინანსოს ის პროექტები, რომლებიც მხარს დაუჭერენ საქართველოს მისეულ ახალ ხედვას.

არჩევნებიდან ორ თვეში საქართველოს პოლიტიკური სცენა დამაბნეველ და გარკვეულწილად შემაშფოთებელ სურათს წარმოგვიდგენს. პოზიტიურია ის, რომ ახალმა მთავრობამ საქართველოს ყველაზე პატივსაცემი, პროდასავლელი პოლიტიკოსი, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დანიშნა; ცნობილი უფლებადამცველი, თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრად; და კონფლიქტური რეგიონების მინისტრად – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგების ვეტერანი პაატა ზაქარეიშვილი. ასეთ მთავრობას რეგრესულობას ვერ დააბრალებ. ამასობაში, პოლიტიკური სივრცეც გაიხსნა: რეგულარული თვალთვალის კულტურამ, რომელიც წინა ადმინისტრაციამ დანერგა, უკან დაიხია, მედია გამოცოცხლდა, და მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებს ყურს უგდებს.

თუმცა ახალი მთავრობის პირველი თვე ოფისში საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, კატასტროფული იყო. პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა უცნაური და ექსცენტრული განცხადებების სერია გააკეთა, ერთ-ერთში მან საქართველოს სომხური უმცირესობა აგდებით მოიხსენია (მოგვიანებით ამისთვის ბოდიში მოიხადა) და რამდენჯერმე წინააღმდეგობაში შევიდა საკუთარ თავთან, როდესაც სააკაშვილთან თანაარსებობის გეგმებზე ლაპარაკობდა. ყველაზე შემაშფოთებელი იყო წარსული ადმინისტრაციის საჯარო მოხელეების დაპატიმრებების ტალღა. ფილიპ გორდონმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, განაცხადა, რომ „უმნიშვნელოვანესია ავირიდოთ აღქმა შერჩევითი სამართლისა“. თუმცა, ქართველების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი განსხვავდება დასავლელი ჩინოვნიკების პოზიციისგან. თბილისში, ივანიშვილის მთავრობა დარწმუნებულია, რომ მას ხალხმა მანდატი წარსული უსამართლობის გამოსასწორებლად გადასცა. მაგალითად, თავდაცვის ყოფილი, ცნობილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავებამ ხალხის მტკიცე მხარდაჭერა მიიღო.

მაგრამ ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკური გამოუცდელობის დასტურია და სააკაშვილი და მისი გუნდი მათთან შედარებით ძალიან პროფესიონალურად გამოიყურებიან. თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმის სათქმელად, მოასწავებს თუ არა ეს ყველაფერი რაიმე უფრო ავბედითს. ისტორიის ყველაზე დამაინტრიგებელი პასაჟი ის იყო, რომ ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა – 2012 წელს ის პრემიერმინისტრის თანამდებობას დატოვებს და მთავრობას მის გარეშე მუშაობის საშუალებას მისცემს. თუმცა ამას წინათ, თავისი ეს დაპირება დააზუსტა და განაცხადა, რომ დარჩება, „თუ ვერ შევძლებთ ჩვენი დანაპირების შესრულებას“.

მოკრძალებული მოლოდინი

დემოკრატიული ტურბულენტობის ამ მომენტით მოულოდნელი სარგებელი მიიღო შეერთებულმა შტატებმა, რადგან მას მედიატორად აღიარებენ ივანიშვილისა და სააკაშვილის ბანაკიც, შესაბამისად, მას საქართველოში ისევ დიდი გავლენა აქვს. მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ობამას ადმინისტრაცია სიტუაციას ოსტატურად მართავს. განსხვავებით პრეზიდენტ ბუშისგან, რომელიც ზედმეტად დაუახლოვდა სააკაშვილს, ობამას გუნდი ბევრად უფრო დიდ აქცენტს ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე აკეთებს. გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის თავდაცვისა და სხვა სფეროებში კომისიები შეიქმნა. თომას მელიამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროდან, სექტემბერში საქართველოში უწყებათაშორისი დელეგაცია ჩაიყვანა და ძალიან ფრთხილი, ნიუანსირებული განცხადება გააკეთა, „ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას არცერთ კონკრეტულ პარტიას და კანდიდატს. შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ლიდერებთან, რომელთაც ქართველი ხალხი აირჩევს“.

აშშ-ის გავლენა აქ თავისთავად ცხადია. მთელი 20 წლის განმავლობაში მოსკოვი საქართველოს გამაოგნებელი ქედმაღლობით ეპყრობოდა და ამიტომ თბილისზე გავლენა მთლიანად დაკარგა. უფრო მეტიც, ევროკავშირი სათანადოდ არ ეკიდება საკუთარ როლს საქართველოში, თუმცა ევროპული სამეზობლოს პოლიტიკამ, რომლის მიზანია უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოაყალიბოს ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის, შედეგების მოტანა იწყო, ისეთებისა, როგორიცაა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირს უფრო მეტი შეუძლია შესთავაზოს საქართველოს, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა – წყნარ, შეულამაზებელ სამუშაოს, რითაც გამოირჩევა ევროკავშირი, დაწყებული ინფრასტრუქტურული მშენებლობითა და საკვები პროდუქტების სტანდარტების გაუმჯობესებით, საქართველოში უკვე მოაქვს შედეგები. დღემდე ასეთ პროექტებს საქართველოში ვაშინგტონი უფრო უძღვება, ვიდრე ბრიუსელი.

რეტროსპექტულად დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმავალი მთავრობისადმი რამდენადმე წააგავს იმ მიამიტურ ენთუზიაზმს, რომელიც გამოამჟღავნა დასავლეთმა რუსეთის რეფორმებისადმი 1990-იანი წლების დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამართლებული იყო დასაწყისში, დასავლეთის მხარდაჭერა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისადმი, ბორის ელცინისადმი და მისი პოლიტიკური პროგრამისადმი დაუფიქრებლად გაგრძელდა. ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა დროზე ვერ მოახერხეს ელცინის რეფორმების მავნე გავლენის დანახვა, მაგალითად პრივატიზაციის დარგში. ეს პროცესი თავისი გამდიდრებისთვის გამოიყენეს ხარბმა ოლიგარქებმა, ხოლო ევროპამ და ამერიკამ ვერ გაუგო რუსული საზოგადოების იმ ელემენტებს, რომლებიც თავს უფლებაშელახულად გრძნობდნენ. ელცინის შემდგომ პერიოდში ამ პოლიტიკით იმედგაცრუებამ შეუწყო ხელი ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას რუსეთში. საქართველოში ასეთი განწყობები ბევრად უფრო ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ საჭიროა დიდი დიპლომატია, რათა ქართველები დარწმუნდნენ, რომ დასავლური მთავრობები ზრუნავენ ფართო საზოგადოების ინტერესებზე და არა მხოლოდ მილსადენებსა და იმ სამხედრო მისიაზე, რომელსაც საქართველო აწვდის ნატოს ავღანეთში.

იმის წარმოდგენა, რომ საქართველო ოდესმე კავკასიის ამერიკად იქცევა, აშკარად შეცდომა იყო. მაგრამ მას აქვს თანამედროვე ქვეყნად გარდაქმნის შანსი, ისეთ ქვეყნად, სადაც მთავრობა ხალხის ნების გამოხატავს, განმსჭვლულია ტრადიციებით, მაგრამ უცხოელი მრჩევლების დახმარებით ზღუდავს ნაციონალისტურ ინსტინქტებს. თუ ეს მოხდება, საქართველო ისევ შეასრულებს კარგი მაგალითის როლს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის. მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა აღიარონ – ისინი მესიები არ არიან; მათ შეასრულეს გარდამავალი ლიდერების როლი, რომლებიც დაეხმარნენ ქართული პოლიტიკის განვითარებას ქვევიდან ზევით. მათ მიერ დატოვებული საუკეთესო მემკვიდრეობა ის იქნება, რომ საქართველოს მომავალ პოლიტიკოსებს აჩვენონ, როგორ შეიძლება დაუთმო გზა სხვას.

foreignpress.ge