დაპირებების ასრულებისთვის ზომიერი ვადა 1 წელიწადია, მაქსიმალური კი - 2 წელი

დაპირებების ასრულებისთვის ზომიერი ვადა 1 წელიწადია, მაქსიმალური კი - 2 წელი

ბუნებრივია, ნებისმიერი პროგრამისა და დაპირების შესრულებას გარკვეული დრო სჭირდება. საინტერესოა, რა მიაჩნიათ ოპტიმალურ ვადად თბილისელებს, რათა ახლადარჩეულმა მთავრობამ საკუთარი პროგრამის განხორციელება შეძლოს. ამისათვის, კონსალტინგურმა კომპანია “ეისითიმ” სპეციალური კვლევა ჩაატარა და 426 ზრდასრულ რესპოდენტს რამდენიმე კითხვით მიმართა. კითხვები ერთადერთ მიმართულებას შეეხებოდა, ახალი ხელისუფლების მიერ დაპირებების შესრულებას.

თქვენი მოლოდინით, რა ვადაში უნდა შეასრულოს ახალმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი პროგრამა სრულად, ან მისი დიდი ნაწილი? ამ შეკითხვაზე მოქალაქეთა ნახევარზე მეტი, ანუ  56% თვლის, რომ მთავრობა ამოცანას 1 წლამდე ვადაში უნდა გაუმკლავდეს, ხოლო გამოკითხულთა 16% 1.5-დან 2 წლამდე ვადას ვარაუდობს. მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ ხელისუფლება საერთოდ ვერ შეძლებს დაპირებების შესრულებას.

რამდენიმე კვირის წინათ ჩატარებული ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისელები, პირველ რიგში, დასაქმების პრობლემის მოგვარებას ელოდნენ. უახლოესი 1 წლის განამავლობაში მათ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დიდი იმედი აქვთ. სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი გამოკითხულთა 73%. ისინი თვლიან, რომ სამუშაო ადგილები ნამდვილად გაჩნდება. 21% კი თვლის, რომ მომავალი 12 თვის განმავლობაში დასაქმების პრობლემა არ მოგვარდება.

საინტერესოა, საზოგადოება რომელ სფეროში ელის გაუმჯობესებას დასაქმების კუთხით. ამისათვის, “ეისითიმ” შემდეგი კითხვით მიმართა რესპოდენტებს: როგორ ფიქრობთ, კერძო სექტორის რომელ სფეროში შეიქმნება ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი?

ამ მხრივ საკმაოდ დიდ ნაწილს (38%) უჭირს დაკონკრეტება. ყველაზე დიდი მოლოდინი კი სოფლის მეურნეობისა (24%) და წარმოების (23%) სექტორებში აღინიშნა.

საგულისხმოა, რომ კვლევა ჩატარდა პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციამდე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა ახალი მთავრობის მიერ თვენახევრის განმავლობაში განხორციელებული ქმედებები და განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯებით კმაყოფილია. თუმცა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია განცხადებამ, რომ გარკვეული დაპირებების შესრულება ვერ მოხერხდება - მაგალითად, ტარიფების განახევრება კომუნალურ გადასახადებზე და პენსიების მკვეთრი ზრდა.

“იმის ფონზე, რომ ჩვენი კვლევის მიხედვით მოსახლეობის დიდი ნაწილი წინასაარჩვენი პროგრამის შესრულებას 1 წლის ვადაში ელოდება, სავარაუდოდ, პრემიერის განცხადებები ნეგატიურად აისახება მთავრობის რეიტინგზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ეისითი მომავალშიც ჩაატარებს კვლევას და გაგაცნობთ თუ როგორ შეიცვალა მოსახლეობის განწყობა და მოლოდინი დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით”, - აცხადებენ კონსალტინგურ კომპანიაში.

რაც შეეხება უშუალოდ იმ ადამიანებს, ვინც ახალი მთავრობის დაპირებებს იმედის თვალით შესცქერის. ერთ-ერთი მათგანი, თბილისელი გიორგი რთველიაშვილი თვლის, რომ ახალმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, ყველა დაპირება მოკლე დროში ვერ შეასრულოს, მაგრამ გარკვეული შედეგი 1-2 წელიწადში აუცილებლად უნდა აჩვენოს მოსახლეობას.

“ქართულმა ოცნებამ” და ნებისმიერმა სხვა პარტიამ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ 4-წლიანი პროგრამები წარადგინეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც კი “ქართული ოცნების” მიერ გაჟღერდა 4 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს და არა რამდენიმე თვეში. თუმცა, ვფიქრობ, გარკვეული შედეგი ერთი წლის ვადაში მაინც უნდა გამოიკვეთოს. მაგალითად, არის დაპირებები, რომლებიც დიდი დრო არ სჭირდება და არის გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი პროექტებიც.

ავიღოთ კომუნალური ტარიფები. მართალია, ახლა ამბობენ, რომ შევცდით და ის ვერ გავაიაფებთ გადასახადებს, როგორც დაგპირდითო, მაგრამ ეს დაპირება გარკვეული პროცენტით შესრულდება თუ არა უახლოეს ორ თვეში დავინახავთ. ასევე შესაძლებელია პენსიებისა და სოციალური დახმარებების ზრდაც.

რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას და სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებას, ამას ერთი და ორი წელიც არ ეყოფა. სოფლის მეურნეობა შეიძლება 4 წლის შემდეგაც კი არ იყოს ისე განვითარებული, როგორც ახლა გვპირდებიან.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა.  მოსახლეობა თუ არ დასაქმდა და მისი შემოსავალი არ გაიზარდა, რა აზრი აქვს ხელისუფლების დანარჩენ დაპირებებს?

მოკლედ, ერთი-ორი წლის ვადაში მართლაც ველი, რომ ახალი ხელისუფლება ქართველი ხალხის ოცნებას და მოცემულ დაპირებებს ნაწილობრივ მაინც შეასრულებს”, _ აღნიშნა გიორგი რთველიაშვილმა.