ამნისტიის კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უფლებადამცველები პირად საუბარში ამნისტიის სიების პრივილეგირებულობაზე საუბრობენ, თუმცა ღიად ამის თქმას ერიდებიან. უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიაში მოხვდნენ მხოლოდ ის პატიმრები, რომელთა ოჯახებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება გააჩნდა და, ვისთვისაც საპროცესო გარიგების თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენდა.
უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს არ მოსწონს, რომ საპატიმროებიდან მხოლოდ 3000 პატიმარი უნდა გაათავისუფლონ და ამნისტია უნდა შეეხოთ მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, მასვე მიუღებლად მიაჩნია, რომ ამ რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ამნისტიის მასშტაბის შემცირება მოითხოვა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა შეწყალებამ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება უკვე დაძაბა.
For.ge-სთან საუბარში „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ადასტურებს, რომ სიაში შევიდნენ ის პატიმრები, რომელთაც ადვოკატიანი პატრონი ჰყავდათ და ვინც მოახერხა, უფლებადამცველების ყურამდე თავისი ამბავი მიეტანა. თუმცა პატიმრების დიდი რაოდენობა, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და არ ჰყავთ ადვოკატები, ან მათმა ოჯახებმა ქუთაისში ჩასვლა ვერ შეძლეს, სიაში ვერ მოხვდნენ.
„ამიტომ ჩვენ უნდა შევიდეთ ციხეებში, მოვინახულოთ ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ პოლიტიკურად დაპატიმრებულია, რათა არ მოხდეს იმ ადამიანების დაჩაგვრა, ვისაც ჩვენამდე ხმის მოწვდენის საშუალება არ ჰქონდა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ამასთან, უფლებადამცველი განმარტავს, რომ ამნისტიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობა მართლაც იზღუდებოდა, რასაც თავისებურ ახსნას უძებნის. ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ კარგად ესმის, რომ ახალი ხელისუფლება ყოველთვის ფრთხილობს, მას არ ჰქონდეს ზედმეტი პრობლემები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლისას ეს ხელისუფლება ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში არის უსამართლო სასამართლო და ხალხი უსამართლოდ ზის ციხეში, ან მცირედი დანაშაულის გამო დიდი სასჯელით იხდის პატიმრობას. ამდენად, ამის ადექვატური უნდა ყოფილიყო ამნისტია, რაც ასე არ მოხდა.
ნანა კაკაბაძე გულდაწყვეტილია, რადგან პირადად მას ბევრი ადამიანის გათავისუფლება სურდა. მათ ხომ არადაამიანურ პირობებში, წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ქვეშ ამყოფებდნენ. ამ ადამიანებს კი არა მარტო გათავისუფლება, არამედ რეაბილიტაცია და მკურნალობა სჭირდებათ.
„ის ცხრა წელი, რაც მათ ციხეში გაატარეს, ჯოჯოხეთი იყო. არცერთ სასამართლოს არ ჰქონდა იმის უფლება, ასეთი სასჯელი მიესაჯა ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ სწორედ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ეს ადამიანები. ამიტომ, ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს ახალმა ხელისუფლებამ. მათზე ერთადერთი ზრუნვა კი ის იქნება, რომ ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ. მე არ ვიძახი ისეთი დანაშულებისთვის პატიმრების გამოშვებას, სადაც დადასტურებულია, რომ ჩადენილია მკვლელობა ან გაუპატიურება“, - აცხადებს უფლებადამცველი.
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ, თუ პირი საზოგადოებისთვის ძალიან საშიში არაა, უნდა გათავისუფლდეს. ასეთები კი ძალიან ბევრნი დარჩნენ ციხეში, რადგან ხელისუფლება თვითონვე იძახის, რომ ეს ამნისტია 3 ათასზე მეტს არ ეხება.
რაც შეეხება ერთ-ერთ კაბალურ კანონს - სასჯელთა შეკრებითობის გაუქმებას, ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ეს კანონი მართლაც გასაუქმებელია, თუმცა მის გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჰაერში მოარული ჭორია და ჯერჯერობით, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ არის გადადგმული.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტით პატიმრების იმედგაცრუებაზე საუბრობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა. მისი თქმით, ამნისტიასთან დაკავშირებით, პატიმრების მოლოდინი ძალიან დიდი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამნისტიის მასშტაბები შეიკვეცა.
ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, რომ ამნისტია იმდენად დიდი გამოსავალი არაა, რამდენადაც სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმება და მისი შთანთქმის პრინციპით ჩანაცვლება. ამდენად, აუცილებელია, შეკრებითობის პრინციპი მალე გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ.
ამასთან, ლალი მოროშკინა ადასტურებს, რომ ციხეში მოლოდინის რეჟიმი ძალიან მძიმეა და, თუ საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალების“ უზნეო განცხადებებს არ აჰყვება, კარგ შედეგს მივიღებთ. ხოლო, როცა საზოგადოებაში საუბრობენ იმის თაობაზე, რომ განზრახ დანაშაულის ჩამდენებს ამნისტია არ უნდა შეეხოთ და ისინი საზოგადოებისთვის საშიშები არიან, ლალი მოროშკინას სურვილი უჩნდება, ისინი ციხეში წაიყვანოს და აჩვენოს, თუ როგორ მდგომარეობაში არიან პატიმრები.
For.ge-სთან საუბარში ლალი მოროშკინა აღნიშნავს, რომ მან კონსენსუსს მიაღწია და შიდსით დაავადებული პატიმრები გათავისუფლების მოთხოვნით უკვე აღარ შიმშილობენ. მეტიც, ისინი მზად არიან, მიიღონ საკვებიც და მედიკამენტები, რადგან კანონის ჩარჩოში მოხდება მათთან დაკავშირებული საკითხის განხილვა და პროტესტის ეს ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია.
„პატიმრებს დაჩქარებულად უნდათ ციხიდან გამოსვლა და გარკვეული გულისწყრომაც იგრძნობა, რომ ოჯახებში ახალი წლის შეხვედრას ვერ მოახერხებენ. დიდ სურვილს გამოხატავენ, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ახალ წლამდე მიიღოს და შეკრებითობის პრინციპი მოხსნას. ამაზე არავინ დავობს, თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურნენ ამ საკითხს, რომ აბსოლუტურად უგუნურია შეკრებითობის პრინციპის არსებობა იმ ფორმით, როგორითაც ის არსებობდა. ჩვენ ვიცით შემთხვევები, სადაც ორი კვერცხის გულისთვის ხალხს 15 და მეტი წელი ჰქონდა მისჯილი“, - აცხადებს ლალი მოროშკინა და არ გამორიცხავს, ამნისტიაზე მომუშავე ჯგუფი მართლაც იზღუდებოდა და, ვისაც ადვოკატის დაქირავების საშუალება ჰქონდა, ისინი ხვდებოდნენ ამ სიაში.
ამასთან, ადასტურებს, რომ ამნისტიაზე მომუშავე უმრავლესობას დიდი წნეხის ქვეშ, აბსოლუტურად არაჯანსაღი კლიმატის ფონზე, უხდებოდა მუშაობა იმ პირობებში, რასაც უმცირესობა ქმნიდა. ამის მიუხედავად, კიდევ დიდ შედეგებს აღწევდნენ.
რაც შეეხება ამნისტიის შედეგად კრიმინალური მდგომარეობის ზრდას, ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ კრიმინალი აღარ მოიმატებს, რადგან პრეზიდენტს, პრაქტიკულად, 4 ათასი კაცი ჰყავს შეწყალებული და ზუტად პრეზიდენტის შეწყალებულთა სიში მოხვდნენ მძიმე კრიმინალები.
„კრიმინალმა, შესაძლოა, მოიმატოს სწორედ მათ ხარჯზე, რომლებიც პრეზიდენტმა გამოუშვა“.
ამასთან, ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ უმცირესობის მხრიდან ხელშეშლა რომ არ ყოფილიყო, ციხიდან უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოსულიყო.
„მაინტერესებს, რამ გააბოროტა უმცირესობის ახალგაზრდა წარმომადგენლები, როგორ შეიძლება, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალბატონებს ასეთი სიძულვილი ჰქონდეთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ?!“ - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.