„ქართული ოცნების“ დეპუტატები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას მაღალ შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ ეს მეცნიერულ ანალიზზე დამყარებული გეგმაა. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ეს საარჩევნო გეგმა უფროა, ვიდრე ხალხზე ზრუნვა და 6 თვის დახმარების პროგრამა პირდაპირ არჩევნებამდე „მიდის“.
შალვა ნათელაშვილი ჩვეულ იუმორს არ ღალატობს და პრემიერის ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას ამ ხელისუფლების უზნეობის აპოთეოზს უწოდებს, რომლითაც ხელისუფლებამ 10 მილიარდი დამატებით „დაითრია“ უცხოეთის ბანკებიდან, რომ მერე პროცენტი ისევ ჩვენ გადაგვახდევონოს. ამდენად, არ აქვს მნიშვნელობა, „მგელს შეუჭამიხარ თუ მგლისფერ ტურას“.
რა თანხის გაღება შეეძლო ჩვენს ხელისუფლებას თითოეული მოსახლისთვის? ამის შესახებ For.ge-ს ეკონომისტი აკაკი ცომაია ესაუბრა.
ცალკეული ქვეყნები საგანგებო სიტუაციას არბილებენ, თუმცა, როგორც კი შერბილდება საგანგებო სიტუაცია, ეპიდემია ხელმეორედ წამოყოფს ხოლმე თავს. საქართველოში მაინც განსხვავებული სურათია და არ არის ისეთი კოლოსალური ზიანი, როგორც სხვა ქვეყნებში. ამის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა, შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპს ივნის-ივლისში ვარაუდობენ. რამდენად აუცილებელი იყო საგანგებო სიტუაციის გაგრძელება?
- რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, იმისთვის, რომ რაიმე შეფასება გავაკეთოთ, უნდა გვქონდეს ინფორმაცია. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და ვეჭვობ, არც ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ ვიცით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემთხვევაში როგორი იქნება ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტემპი, გადაიტვირთება თუ არა საავადმყოფოები, ასაკობრივი ან ქრონიკული პაციენტების განაწილების საკითხი როგორი იქნება. არანაირი მათემატიკური მოდელი, სტატისტიკური ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს. ამ ინფორმაციის არარსებობის გამო ვერ ვიტყვით, უნდა გაგრძელდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა.
მე თუ მკითხავთ, გამომდინარე იქიდან, რასაც მე ვუყურებ, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაგრძელდეს და, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას. ეს საჭიროა თუნდაც ეკონომიკის განვითარებისთვის. ბოლოს და ბოლოს, ირკვევა, რომ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, ირკვევა, რომ მზის სხივები კლავს ამ ვირუსს, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს სჭირდება არა სახლში ჯდომა, არამედ იმუნიტეტისთვის გვჭირდება D ვიტამინი და გარეთ გამოსვლა. ამ თვალსაზრისით უნდა მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა. არც საყოველთაო ტესტირება განახორციელეს, ამ დროს კი მთელი მსოფლიო მიზნობრივ ტესტირებას ინტენსიურად ახორციელებს, ყოველდღიურ კვლევებს ატარებენ და ყოველდღიური სურათი გააჩნიათ.
ეჭვი გაქვთ, რომ ინფიცირებულების რიცხვი საქართველოში გაცილებით მეტია?
- ინფიცირებულთა რაოდებობა რომ გაცილებით მეტია, ამის შესახებ ეჭვი თითოეულ ჩვენგანს აქვს. ამას ვერავინ უარყოფს, ისინიც კი, ვინც ამ ტესტირებას ეწინააღმდეგებიან. უფრო მეტიც, ეჭვი გვაქვს იმაზეც, რომ ანტისხეულებით დადასტურდება, ბევრ ჩვენგანს უკვე გადატანილიც აქვს ეს ვირუსი და ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გაგვაჩნია.
პარალელებს ავლებენ 9 აპრილთან, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ 9 დღით გამოგვიცხადა კომენდანტის საათი, რადგან ვერ გაუბედეს ქართველ ხალხს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახლანდელი ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს 3-თვიანი საზედამხედველო ფუნქცია. ჩვენს საზოგადოებას თავდაპირველად მოეწონა ეს შეზღუდვები, მაგრამ ახლა გადაიღალნენ სახლში დარჩენით, ფსიქოლოგიური პრობლემები გაძლიერდა. თქვენ თუ ხედავთ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაში პოლიტიკურ ქვეტექსტს?
- პოლიტიკური ქვეტექსტები შეგვიძლია ამოვიკითხოთ. უბრალოდ, ამას დადასტურებით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ ეჭვები გვაქვს. რაც უფრო მეტად გახანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობა, მით უფრო გადაიწევს არჩევნებისთვის მზადების პროცესი, მით უფრო ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილებები, შეიძლება მეტად დადგეს არჩევნების გადატანის საკითხი დღის წესრიგში, ნაკლები საპროტესტო აქციები ექნება ხელისუფლებას. შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს, რომ ტუზ კოზირივით დაეცა პანდემია საქართველოს ხელისუფლებას. მანამდე წერილი წერილზე მოსდიოდათ დასავლეთისგან და აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ახლა კი დასავლეთსაც გადაავიწყდა ეს წერილები და ქართველებსაც გადაგვავიწყდა.
ანტიკრიზისული გეგმის შესახებაც მინდა გკითხოთ, რომელიც უფრო სოციალური გეგმაა, ვიდრე ეკონომიკის რთული მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა. გიორგი გახარიამ ღიად დატოვა ეს პროგრამა, რათა იგი დაიხვეწოს, მაგრამ ეს პროგრამა უკვე ხომ არ ტოვებს სოციალური უთანასწორობის განცდას? ვინაიდან მომუშავე ადამიანებმა, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო, 1200 ლარი უნდა მიიღონ დახმარებოს სახით, სრულიად უმუშევრებმა კი, რომელთაც საერთოდ არ აქვთ დანაზოგი, მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი უნდა იმყოფინონ.
- მე არ ვიცი, რომელ ექსპერტულ მოსაზრებას ეფუძნება ანტიკრიზისული გეგმა, მაგრამ შემიძლია მოვიყვანო ის ციფრი, რაც მთავრობამ დაასახელა. გახარიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ 3 მილიარდ ნახევარი ლარის დახარჯვას აპირებს, საქართველოს მოსახლეობა კი დაახლოებით 3,3 მილიონია. ამ რაოდენობიდან 300 ათასი საჯარო მოხელეა, რომელიც ხელფასს ინარჩუნებს და მათ შემოსავალს არაფერი ემუქრება. არის კიდევ სხვა სექტორები, რომლებიც არ გაჩერებულან და აგრძელებენ მუშაობას - საფინანსო სექტორი, შიდა მარკეტების ქსელი, საგანმანათლებლო სექტორი. გარდა ამისა, არიან მდიდარი ბიზნესმენები, რომელთაც დანაზოგი გააჩნიათ, მათ უკან დგას ოჯახები და მათ არაფერი ემუქრებათ. ასეთი დაახლოებით მილიონამდე ადამიანია, თუნდაც 800 ათასი, ან 500 ათასი ადამიანი იყოს, გამოვაკლოთ ეს ციფრი 3,3 მილიონ ადამიანს და დარჩება 2,5 მილიონი ადამიანი. თუკი მართლაც 3 მილიარდნახევარი ლარის დახარჯვას აპირებს გახარია, გავყოთ ეს თანხა 2,5 მილიონ ადამიანზე და ერთ ადამიანზე 1400 ლარიან ერთჯერად დახმარებას მივიღებთ. ახლა წარმოვიდგინოთ 4-სულიანი ოჯახი, გავამრავლოთ 4-ზე და მივიღებთ 5600 ლარს. ანუ მივცეთ ადამიანებს 1400 ლარი და ეს თანხა არ მივცეთ იმ მილიონამდე ადამიანს, რომელთაც ზუსტად ვიცით, რომ არ სჭირდებათ არანაირი სოციალური დახმარება. 1400-ლარიანი სულადობრივი დახმარება მივცეთ მრავალშვილიან ოჯახებს, პენსიონრებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება. ეს იქნება სამართლიანი თამაშის წესი, თანხების სამართლიანად გადანაწილება. თანაც, ეს დახმარება თანაბრად შეეხება როგორც თვითდასაქმებულთ, ისე იმ ადამიანებს, რომელთაც ფორმალური კონტრაქტი ჰქონდათ. ზოგადად, ნაკლებ შემოსავლიანი ადამიანები როდესაც კარგავენ სამსახურს, ეს მათი ცხოვრების დონეზე მყისიერად აისახება, რადგან მათ არ აქვთ დანაზოგები. ამიტომ ერთ სულზე 1400-ლარიანი ერთჯერადი დახმარება ოჯახებისთვის შთამბეჭდავი იქნებოდა. ასეთ დროს ვის რაში დააინტერესებდა გაზისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება?! ან რატომ ახდენენ შემოსავლის ან ქონების გადასახადის გადავადებას? რას ნიშნავს კონტექსტიდან ამოვარდნილი დღგ-ს უკან დაბრუნება? საიდან მოიტანეს, რომ სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადონ თანხები? თავის დროზე ამ სფეროში მილიარდები გადაყარეს, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონია. ახლა კიდევ აპირებენ, საპარტნიორო ფონდისა და „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით რაღაც ბიზნესებს მისცენ კონკრეტული გრანტები, თუ სესხები. უამრავი მაგალითი გვაქვს, თუნდაც „გრეჩიხას“ მილიონი რომ მისცეს, მაგრამ რისთვის მისცეს? ანუ მთავრობა იწყებს ფულის ხარჯვას, რომლის მონიტორინგიც შეუძლებელი იქნება.
ცალკეული ადამიანები იხსენებენ აგვისტოს ომის კრიზისს, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მრავალმილიარდიანი დახმარება მიიღო, მაგრამ 1 თეთრიც კი არ მიუცია საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს შედარება რაიმეს მომცემია?
- არ მესმის, რატომ ადარებენ ამ ხელისუფლებას იმ ხელისუფლებას? რატომ ვდგავართ ამ მოცემულობის წინაშე? იმ ხელისუფლებამ დახარჯა თანხები, მაგრამ მათი მატარებელი უკვე ჩავლილია, უკვე დავსაჯეთ ის ხელისუფლება და 2012 წელს გადავირჩიეთ. 8 წელიწადი გავიდა მას შემდეგ. ის ხელისუფლება სტანდარტია, ეტალონია „ქართული ოცნებისთვის“? იმ ხელისუფლებამ აღიარა შეცდომები, ზოგმა უფრო მეტი შეცდომა აღიარა, ზოგმა ნაკლები. დღევანდელობით იცხოვრონ, რატომ ფილოსოფოსობენ, როცა მარტივად შეუძლიათ დაეხმარონ ხალხს, და, როგორც ტრამპმა მისცა თითოეულ ადამიანს 1200 დოლარი, ამ ხელისუფლებასაც შეუძლია მისცეს თითოეულ ადამიანს 1400 ლარი. ეს მარტივი მათემატიკაა.
ეგებ ისიც ასწავლო მთავრობას ვისი და რომელის სეიფიდან ამოიღოს მაგ თანხა, ჰააა?!?!?!