„დიდ ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ - როგორ შეიძლება იქცეს პანდემია და ინფოდემია დემოკრატიიდან ავტორიტარულამდე მართვის ინსტრუმენტად“

„დიდ ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ - როგორ შეიძლება იქცეს პანდემია და ინფოდემია დემოკრატიიდან ავტორიტარულამდე მართვის ინსტრუმენტად“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, კორონავირუსთან მსოფლიოს გამკლავების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თვით ისეთი საერთაშორისო უსაფრთხოების უზურნველმყოფი ორგანიზაციაც კი, როგორიც ნატოა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მსოფლიო მასშტაბის პანდემიასთან, ჩავთვალოთ, ბიოლოგიურ ომთან – გამკლავების თვალსაზრისით. როგორც ექსპერტი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ამთავითვე ცხადი გახლავთ ის, რომ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს უამრავი მასალა დაუგროვდათ მათი მოკავშირეებისა თუ მოწინააღმდეგეების სუსტი მხარეების საანალიზოდ.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა გაასაჯაროვა. კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა. როგორ ფიქრობთ, ანტიკრიზისული გეგმა საარჩევნო კამპანიის ნაწილია? წესით, ამ გადასახედიდან „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების მოგება პრობლემა არ უნდა იყოს...

ხათუნა ლაგაზიძე: უნდა დაჩქარდეს ეკონომიკის გახსნა, მიეხედოს განსაკუთრებით დაზარალებულ სექტორებს – არჩევნების მოგება კი არ არის სადარდელი, არჩევნებიდან რამდენიმე თვეში რეალობა რომ დადგება, აი, - ის. დღევანდელი გადასახედიდან „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების მოგება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ბევრი ფაქტორის გამო, უპირველესად იმიტომ, რომ სიცოცხლის საფრთხის წინაშე მდგარ ადამიანებს პოლიტიკური სიმპათია–ანტიპათიებისთვის არ სცალიათ, ოპოზიცია დაპაუზებულია, თავად ხელისუფლებამაც უჩვეულოდ წარმატებით გაართვა თავი კორონას გავრცელების შეკავებას.

ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან ეს მონაგარი არჩევნებამდე შეინარჩუნონ და ეკონომიკის პოსტკრიზისული მოდერნიზების სამომავლო გეგმის სახით დამატებით აკრიფონ მხარდამჭერები ბიზნესის სახით – ასეთ შემთხვევაში, მათ არჩევნების მოგება არ გაუჭირდებათ. ახლა მთავარია, ეკონომიკის გახსნა არ დაგვიანდეს და სოციალურ პაკეტს პოსკორონული ეკონომიკის აღორძინების გეგმა დროზე დააწიონ, თორემ მოგებული არჩევნებამდე რამდენიმე თვეში ჩამონგრეული ეკონომიკით გამწარებული ხალხი წალეკავთ.

ვხედავთ, რომ საგანგებო მდგომარეობამ დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა და ვხედავთ, რომ ამ მხრივ უმძიმესი იქნება მომავალი ერთი წელი...

– მით უფრო, რომ ეკონომიკის გახსნის რეალური წინაპირობებს როგორც ქვეყანაში არსებული ვითარება, ასევე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და დასავლეთში სულ უფრო მომრავლებული კვლევები ქმნის. სულ უფრო ხშრად გამოითქმის ეჭვები ვირუსის გამო ეკონომიკების სრული ჩაკეტვის მიზანშეწონილობის შესახებ. ისრაელის გაზეთ „The times of Israel“ სტატიაში მოყვანილი ანალიზის თანახმად, კორონას გავრცელების პიკი და დაღმასვლა ერთნაირია იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა გააჩერეს და იქ, სადაც მხოლოდ სოციალური დისტანცირებით, ტესტირებით და ჰიგიენის ნორმების გამკაცრებით შემოიფარგლნენ. აბა, რატომ უნდა გავაჩეროთ ეკონომიკა კიდევ 3 თვე, მაშინ, როცა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მაის–ივნისში უკვე ფრენების აღდგენას აანონსებს?!

ავიაკომპანია „ვიზეარიც“ უკვე აცხადებს, რომ მაისში აღადგენს ფრენებს ესპანეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, სერბეთის მიმართულებით...

– სხვადსხვა ქვეყნებში ვირუსზე რეაგირების განსხვავებული ტაქტიკების და ვირუსის გავრცელების მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, როცა შედარებულ იქნა ისრაელისა და 20 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები რამდენიმე კვირის განმავლობაში, ებრელი პროფესორები ამტკიცებენ, - ის ტენდენია, რომ კორონა ვირუსის გავრცელება პიკს აღწევს მე–6 კვირას და შემცირებას იწყებს მე–8 კვირიდან, საერთო აღმოჩნდა ყველა გაანალიზებული ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, ამ ქვეყნებმა სრული კარანტინის და ეკონომიკის გაჩერების გზა აირჩიეს თუ შვედეთივით, სამხრეთ კორეასა თუ ტაივანივით მხოლოდ სოციალური დისტაცირებით, მასობრივი შეკრებების შეზღუდვით და ჰიგიენის ნორმების გამკაცრებით (სამედიცინო ნიღბის ტარება და ხელის ხშირი ბანა) შემოიფარგლნენ. შედეგად, ანალიზის ავტორები გვირჩევენ ეკონომიკის სწრაფ, ორეტაპიან ამუშავებას, მასობრივი ტესტირების, სოციალური დისტანცირების, მკაცრი ჰიგიენის ნორმების და მასობრივი შეკრებების აკრძალვის შენარჩუნების ხარჯზე.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე პაკეტი, რომელიც ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას ითვალისწინებს, ეს მაქსიმუმია, რისი შეთავაზებაც შეეძლო ხელისუფლებას?

– უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სვლა უკვე დაიწყო: 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე პაკეტი, სწორედ, ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას ითვალისწინებს – სოციალური დახმარების პროგრამების და ბიზნესისთვის ვირუსისგან გამოწვეული კრიზისის დამანგრეველი შედეგების შემსუბუქების ზომების ჩათვლით. თუ საქართველოს ვირუსამდელ ეკონომიკას და ბიუჯეტს გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ დიდი ალბათობით, ეს მაქსიმუმი იყო, რისი შემოთავაზებაც ხელისუფლებას შეეძლო.

საქართველოს ხელისუფლება, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, უჩვეულოდ კარგად მიდის. თუნდაც გაზრდილი, ე.წ. აგრესიული ტესტირების პირობებში, რომელიც მარინა ეზუგბაიას განცხადებით 24 აპრილს ჩატარდა, დამატებით მხოლოდ 21 პაციენტი მივიღეთ, რაც ადასტურებს რომ სურათი ნამდვილად დამაიმედებელია.

თუმცა, გაცილებით მნიშნელოვანია რამდენად ინოვაციური იქნება საქართველოს ხელისუფლების პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენის ხედვა და გეგმა?

– რომელიც ასევე სასწარფოდ უნდა შემუშავდეს და გამოქვეყნდეს. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა და ანტიკრიზისული გეგმები არჩევნებზე ორიენტირებულია, გასაკვირი არ არის. მაჩვენეთ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იქნებოდა და არჩევნებამდე 6 თვით ადრე, თუნდაც და სწორედ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, არ იფიქრებდა რომ 6 თვეში არჩევნები აქვს კარს მომდგარი. ხელისუფლების სიფრთხილეც ახსნადია, მას ეკისრება დღეს პასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეზეც და ეკონომიკაზეც.

და იმ პირობებში, როცა ეკონომიკას გარდაუვალი დაღმასვლა, დიდი ალბათობით, კრიზისიც ემუქრება, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, რადგან შეზღუდვები და ეკონომიკის ჩაკეტვა ავირჩიეთ, ხელისუფლება ცდილობს ადამიანების სიცოცხლის დაცვაში იყოს უპირობოდ წარმატებული. იზამდა თუ არა ამას, რომელიმე სხვა პარტია ხელისუფლებაში ყოფნისას, რა თქმა უნდა, იზამდა.

საუბარია იმაზეც, უნდა ჩაგვეკეტა თუ არა ეკონომიკა, თუ შვედეთივით მსუბუქი შეზღუდვების გზა აგვერჩია?

– დანარჩენი მსოფლიოს ძირითადმა ნაწილმა ეკონომიკა დახურა. პასუხი ცალსახაა – საქართველო ვერ არის ის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო დინების საწინააღმდეგოდ წავიდოდა რუსეთის მეზობლობაში – მყიფე ეკონომიკით და მყიფე მშვიდობით. აქაც, მე პირადად ხელისუფლებასთან კითხვები არ მაქვს, ისევე როგორც საზოგადოების უმრავლესობას. მაგრამ, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების არსებული ნდობა შეინარჩუნოს, რომელიც მან კრიზისთან ბრძლის პირველივე ნაბიჯებიდან აკრიფა, რაც, სხვათა შორის, გადამწყვეტი იყო მის წარმატებაში, დროა, არჩევნების შემდგომ გარდაუვალ შიმშილზე იფიქროს, თუ ეკონომიკის გახსნა კიდევ შეყოვნდება.

სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს და შესთავაზოს ბიზნესს ხედვა: ეკონომიკური აქტივობის რომელი სფეროები იქნება უფრო პერსპექტიული და კონკურენტული; რა შემცირდება გარდაუვლად და რაზე გაჩნდება მეტი მოთხოვნა, სად ჩადოს ფული, რომელ ახალ სფეროებში; უნდა დაიდოს უახლოეს რამდენიმე წელზე გაწერილი რეალისტური პროგნოზები განსაკუთრებით დაზიანებული ისეთი სფეროებისთვის, მაგალითად, როგორიცაა ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები, რომ მათ არ შეექმნათ ფუჭი მოლოდინები.

ასევე, გასათვალისწინებელია ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის ის ინიციატივა, რომლის განხილვაც ახლა ესპანეთში, იტალიაში, ხორვატიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში აქტიურად მიდის. ამ ქვეყნების მთავრობები განიხილავს შესაძლებლობას ერთჯერადად მოსახლეობას დაურიგოს ვაუჩერი 500–600 ევროს ოდენობით, რომელსაც ისინი წელს დახარჯავენ ესპანეთის კურორტებზე. იტალიის მთავრობა უფრო შორსაც მიდის და ფიქრობს, რომ თუკი საზღვრების გახსნა გადაწყდა, უცხოეულ ტურისტებსაც დაურიგოს ფასდაკლების ვაუჩერები იტალიაში ჩასვლის შემთხვევაში, ოღონდ საზღვრებზე კორონაზე უარყოფითი ტესტის ან ანტისხეულების პასუხი უნდა წარადგინოს, სიცხე გაიზომოს და ა.შ. იტალია, მსოფლიოში ვირუსისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყანა, 4 მაისიდან უკვე სამრეწველო და სამშენებლო ბიზნესების ამუშავებას გეგმავს. პოსტკორონა ეპოქაში ძირეულად შეიცვლება მსოფლიო ეკონომიკა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, ალღო აუღოს ამ ტენდენციებს.

შეძლებს კი, საქართველოს ხელისუფლება ალღო აუღოს ამ ტენდენციებს?

– დაზარალდება ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი, სხვებისთვის კი, ეს კრიზისი იქნება შესაძლებლობა. მაგალითად, შემცირდება ტურისტული ნაკადები, საერთაშორისო ფორუმებს და სიმპოზიუმებს სულ უფრო მეტად ჩაანაცვლებს ინტერნეტ–კონფერეციები, გაიზრდება დისტანციურად მომუშავე ხალხის რაოდენობა, ისევე როგორც სასწვალო პროცესის მნიშნელოვანი ნაწილი ონლაინ იწარმოება. ეტაპობრივად გადავალთ ელექტრონულ მმართველობაზე ყველგან, სადაც კი ამის ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება: დაწყებული საკანონმდებლო ხელისუფლებით, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩათვლით.

ჩვენს რეალობაშიც უკვე გვაქვს საასამართლოების დისტანციურად ჩატარების პრაქტიკა, ისევე როგორც პარლამენტის თუ მთავრობის წევრების ონლაინ სხდომები. შორს აღარ არის ის დრო, როცა ელექტრონული არჩევნები საყოველთაოდ მიღებული ფორმა გახდება. ეს ყველაფერი თავისთავად გამოიწვევს ტექნოლოგიების ბუმს; საოფისე ხარჯების, მთავრობისა და პარლამენტის შენახვაზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რაც დამატებით შეიძლება მიემართოს, მაგალითად, უფრო მეტად სამართლიანი სოციალური პოლიტიკის ფორმირებაზე, რადგან კორონავირუსმა გვაჩვენა, რომ თუნდაც ყველაზე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სოციალური დაცვის სისტემები მზად არ აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის.

თუმცა, ამავდროულად, მოხდება ტურიზმის სფეროს შემოსავლების შემცირება რამდენიმეწლიან პერსპექტივაში; უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება და ფასის დაწევა, რადგან შემცირდება მოთხოვნა საოფისე ფართზე, ისევე როგორც კერძო ბინების ყიდვასა თუ იჯარაზე; შემცირდება ავიაკომპანიების მოგება; შეიცვლება საერთაშორისო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ტრაექტორია და მასშტაბებიც:

ელექტორნული ვაჭრობა და მიწოდების სერვისი სულ უფრო ჩაანაცვლებს ვაჭრობისა და მომსახურების ტრადიციულ სახეობებს; გლობალური მომარაგების ქსელების პარალელურად, სულ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ლოკალური, რეგიონალური წარმოების და ბაზრების განვითარებაზე და სტაბილური მომარაგების ქსელების აწყობაზე. აქცენტი გადავა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში, ისევე როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მნიშნელოვანი პირველი რიგის სტრატგეიული მარაგების ადგილზე შექმნის მიმართულებით. ეს ყველაფერი თავისთავად მოითხოვს სახელმწიფოს როლის გაზრდას ეკონომიკაში.

გლობალურად, სიტუაცია უფრო იძაბება და უარესდება. შესაძლებელია, რომ ვირუსის ამ სახით გავრცელების უკან, დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდეს? ჩინეთს მასობრივი განადგურების ბილოგიური იარაღის COVID–19 გავრცელებაში ადანაშაულებს აშშ. რამდენად უშვებთ იმის ალბათობას, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგია? არის ასეთი შეფასებაც, რომ ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მესამე მსოფლიო ომზე უარესია.

– კორონავირუსთან მსოფლიოს გამკლავების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თვით ისეთი საერთაშორისო უსაფრთხოების უზურნველმყოფი ორგანიზაციაც კი, როგორიც ნატოა, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მსოფლიო მასშტაბის პანდემიასთან, ჩავთვალოთ, ბიოლოგიურ ომთან – გამკლავების თვალსაზრისით. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ვირუსის შემოტევის პირველ ეტაპზე ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტნენ და საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩნენ.

აღმოჩნდა, რომ ნატოს ქვეყნებს ბიოლოგიური ომისთვის სტრატეგიული მარაგებიც კი არ ჰქონიათ შევსებული: პირბადეების, ტესტების, სამედიცინო ეკიპირების, სადეზინფექციო ნივთიერებების და სხვა აუცილებელი მოთხოვნილების საგნების დეფიციტმა ყველა წევრ ქვეყანაში იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ჩინეთში საყიდლად გამზადებულ ტესტებს, პირბადეებს თუ სხვა სამედიცინო მარაგებს ცხვირწინ აცლიდნენ, როგორც ეს ტრამპმა გერმანიის შემთხვევაში გააკეთა.

ფაქტია, რომ ამ კრიზისმა ნატოს უსაფრთხოების სისტემაში, ისევე როგორც მისი ყველაზე ძლიერი წევრი ქვეყნების, ბევრი თეთრი ლაქა გამოაჩინა. თუნდაც ის, რომ ამ ქვეყნებს სტრატგეიული მარაგების შემქმენლი საწარმოებიც კი ჩინეთში ჰქონდათ გადატანილი იაფი მუშახელის დაქირავების და იაფი პროდუქციის წარმოების მიზნით, რამაც კრიზისულ სიტუაციაში მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ახლა დაიწყო უკუპროცესი: ჩინეთიდან ევროპული და ამერიკული წარმოებების მასობრივი გამოტანა.

ასეთივე უსუსურობის და დაბნეულობის მოწმენი გავხდით კორონა ვირუსთან დაკავშირებული კრიზისის პირობებში ევროკავშირის სტრუქტურების საქმიანობისას...

– ამიტომაც, საერთაშორისო ურთიერთობებში მოსალოდნელია სხვადსხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ეფექტურობის გადაფასება და მათი ძირეული რეფორმიების მოთხოვნა. მსოფლიოს მზაობა ამ კომპლექსური გამოწვევის მიმართ მეცნიერთა მთელი თაობების კვლვევისა და განსჯის საგნად იქცევა. თუმცა, ამთავითვე ცხადი გახლავთ ის, რომ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს უამრავი მასალა დაუგროვდათ მათი მოკავშირეებისა თუ მოწინააღმდეგეების სუსტი მხარეების საანალიზოდ.

არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს ეს ვირუსი, როგორც გამოწვევა მსოფლიოს საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემებისთვის: ის არის პირველი ვირუსი, რომელიც თავის ბუნებრივ, ჰაერწვეთოვან გზებზე უფრო სწრაფად და მასობრივად ადამიანთა ცნობიერებაში საინფორმაიცო არხებით ვრცელდება. ამიტომაც უწოდა მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „ინფოდემია“ პანდემიის ანალოგიით. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ თუ უშუალოდ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვს მსოფლიო მეტ–ნაკლებად ითვლის და არეგულირებს, ინფოდემიით გამოწვეული სტრესის, ისტერიის, შიშის, უიმედობისა და დეპრესიის შედეგები შეუდარებლად ყოვლისმომცევლი და გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება.

ამიტომაც, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, კორონავირუსის ორ ასპექტზე – როგორც პანდემია და როგორც ინფოდემია. მიუხედავად გავრცელების ბუნებრივი თუ ხელოვნური წყაროსი, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის, როგორც პანდემიის და მეტადრე –ინფოდემიის, გავრცელების წყაროები თითქმის თანაბრად ატარებს ბიოლოგიური, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ომების ასპექტებს.

როგორ ფიქრობთ, დემოკრატიაც განიცდის რეცესიას?

– საკითხავია ისიც, განიცდის თუ არა დემოკრატიაც რეცესიას ეკონომიკის მსგავსად, რადგან თვით დემოკრატიული სახელმწიფოების ხელისუფლებებიც კი ეცდებიან შეინარჩუნონ ტოტალური კონტროლისა თუ თვალთვალის ის მექანიზმები, რომლებიც უკვე ამუშავდა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით. მაგალითად, სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ადამიანების გადაადგილების და მათი ჯანმრთელობის მონაცემების შეჯერებას ახდენენ და ავრცელებენ საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ანუ უგზავნიან სხვადასხვა სატელეფონო ქსელების მომხმარებლებს ინფორმაციას ვირუსის მატარებელი ადამიანების გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

ან დისტანციური სკანირებით ადგენენ ადამიანის სხეულის ტემპერატურას, დისტანციურადვე ახდენენ ფეისკონტროლს და ა.შ. ამ ტიპის პროგრამებს იყენებს არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ, იგივე ისრაელიც, სადაც დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა ამ პროგრამების გამოყენების შეჩერების მოთხოვნით, „დემოკრატიიდან უკუსვლის“ პროცესის შესაჩერებლად.

ჩვენ, დღეს, მთელი მსოფლიო დიდ ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ: თუ როგორ შეიძლება იქცეს პანდემია და უფრო მეტად – ინფოდემია – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპის მმართველი რეჟიმების – დემოკრატიიდან ავტორიტარულამდე – მართვის ინსტრუმენტად. ინფოდემია კორონავირუსის გარშემო იქცა იარაღად თუ ერთგვარ კატალიზატორად გამოავლინოს ვირუსის საფრთხის და მედიით ყოველდღიურად გაღვივებული პანიკის წინაშე ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის რეაგირების ფორმები და ხარისხი, მათ შორის, მზაობა დაემორჩილოს ათასგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, კონტროლის ახალ და ზოგ შემთხვევაში, ტოტალურ თუ ტოტალიტარულ მექანიზმებს.

 

სურათი, რომელსაც ეხლა თქვენ უყურებთ და რომელიც ჩინეთის ერთ–ერთ სკოლაშია გადაღებული, პოსტკორონა სამყაროს იმიჯია: სამყარო, სადაც ინდივიდისთვის და თავისუფლებისთვის სულ უფრო ცოტა ადგილი დარჩება. ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ცივილიზაციათა გზაგასაყარზე ვდგავართ, როცა კარდინალურად შეიძლება კრიზისებზე რეაგირების მექანიზმები, უსაფრთხოების გაგება, ადამიანთა ურთიერთობის ფორმები და თვით ადამიანიც კი, რომელიც დგება ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, დარჩეს ინდივიდად, თავისუფლების მოყვარე და მოაზროვნე, მეამბოხე არსებად, თუ იქცეს ეკრანს მიღმა დატყვევებულ სტატისტიკურ „დეიტად“ ანუ მონაცემად. ამიტომ, დღეს ისე როგორც არასდროს, გვჭირდება წარმატების ახალი პარადიგმის მოძიება, რომელიც სამშვიდობს გაგვიყვანს.