ქობულეთს ბანკები ახალი შემართებით მიადგნენ

ქობულეთს ბანკები ახალი შემართებით მიადგნენ

ბანკებმა ქობულეთელების წინააღმდეგ დროებით შეჩერებული გამოსახლების პროცესი ისევ წამოიწყეს. დაზარალებულთა საქმე ჯერჯერობით ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ახალი ხელისუფლება პრობლემას სწავლობს, დრო და ბანკები კი არ ითმენენ.

თანდათანობით ქობულეთში საბანკო დავალიანების მქონე მოქალაქეების გამოსახლების პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც თამაზ ბაკურიძე აცხადებს, აღნიშნული პრობლემის წინაშე საოჯახო სასტუმროების მფლობელები იმის გამო დადგნენ, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდი სახელმწიფომ ფორსმაჟორად არ აღიარა და, შესაბამისად, ბანკებმა დავალიანება არ ჩამოწერეს.

„როგორც ცნობილია, ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროების ბიზნესის ბუმი განსაკუთრებით 2005 წლიდან დაიწყო და 2008 წლის ომამდე ეს ბიზნესი კარგად ვითარდებოდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში სეზონი სრულად ჩავარდა. ვინაიდან ხალხს კრედიტები, ძირითადად, ბანკებიდან და სხვადასხვა კერძო საფინანსო კომპანიებიდან ჰქონდათ გამოტანილი, საფინასო დავალიანება ვერ შეასრულეს.

შესაბამისად, დაიწყო ბიზნესების გაკოტრება, რამაც იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ 2012 წლის გაზაფხულზე, დაახლოებით, 379 ოჯახი საკუთარი ქონებისა და საკუთრების ჩამორთმევის წინაშე დადგა“, - ამბობს თამაზ ბაკურიძე.

გუშინ ქობულეთის სოფელ სამებაში კაიკაციშვილების ოჯახის გამოსახლება ოჯახის წევრის, 72 წლის ამინა კაიკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 10 დღით გადაიდო. როგორც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პაციენტს ინსულტის მწვავე ფორმა აღენიშნება და მისი გადაადგილება არ შეიძლება. კაიკაციშვილების სახლთან 100-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ოჯახის გამოსახლების საშუალებას არ მისცემდნენ.

კაიკაციშვილების სახლთან ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონიც იმყოფებოდა, რომელმაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გამოსახლების პროცესის შეჩერება სთხოვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა გამოსახლების პროცესი 10 დღით გადადეს.

კერძო იპოთეკარებსა თუ ბანკებთან სესხის პროცენტის გადაუხდელობის გამო, მსგავსი პრობლემის წინაში ქობულეთში 350 ოჯახი დგას. 84 მათგანი კი უკვე გამოსახლების სიაშია შეტანილი, ხოლო რამდენიმე ოჯახი უკვე გამოასახლეს.

ქობულეთში მოსახლეობამ საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობისთვის კრედიტები 2008 წელს აიღო, ხოლო სეზონის ჩავარდნის გამო, ნაწილმა თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, რის გამოც საცხოვრებლის დაკარგვა ემუქრებათ.

პერმანენტული აქციების შემდეგ, პრეზიდენტის დავალებით, ქობულეთში მაშინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ჩავიდა და მოსახლეობას პრობლემის გაცნობას დაპირდა. მან ქობულეთიდან ბანკების 300 პრობლემური კლიენტის სიაც წამოიღო.

ერთ-ერთი დაზარალებული ნინო ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ წინა და ახალი მთავრობის მოწოდების მიუხედავად, ბანკები პროცესს აგრძელებენ. დავალიანების გადაუხდელობის გამო, აღსრულებას მისი საქმეც უახლოეს მომავალში გადაეცემა. არც ერთი დაზარალებულის საქმე, სახელმწიფოს შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეჩერებულა.

ამასთან, ჯაფარიძის განმარტებით, ისინი შეხვედრებს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან მართავენ და ბანკებს უკან დახევისკენ მოუწოდებენ.

„ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატის ფატი ხალვაშის განცხადებით, ჯერ კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ამ პრობლემების მოგვარება მოხდება, შემუშავებული არ არის, თუმცა ამ საკითხის სასწრაფოდ დაყენებას აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაცემული საქმეები ითხოვს.