ნინა წკრიალაშვილი: „რაღაც სასაცილო ბრალდებით ამხელა კაცს დაკითხვაზე იბარებენ“

ნინა წკრიალაშვილი: „რაღაც სასაცილო ბრალდებით ამხელა კაცს დაკითხვაზე იბარებენ“

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მიუხედავად გამოძიების მიერ მოპოვებული საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მერაბიშვილის ჩვენებას, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. იგი შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეში არსებული დამატებითი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - ნათქვამია მერაბიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მერაბიშვილი 1 დეკემბერს გამოძიებამ ერთხელ უკვე დაკითხა და შსს-ს ინფორმაციით, მან მაშინაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის გამოც მისი ხელახლა დაკითხვა გახდა საჭირო. ამიტომ, დღეს მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაიბარეს. დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მიერ შექმნილი სტრუქტურით ამაყობს.

„მე ვამაყობ, რომ ჩვენ შევქმენით ასეთი სახელმწიფო აპარატი, ვამაყობ იმით, რომ ვიმყოფებოდი შენობაში, რომელიც არის კარგად გარემონტებული. აქ არიან კარგად ჩაცმული პატრულები, ვამაყობ, რომ დაკითხვაზე ყოფნა ასეთ კომფორტულ გარემოში მომიწია. მახსოვს, 2003 წელს აქ იყო სიცივე და ცუდი მდგომარეობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და სახელმწიფო წინ წავიდეს“, - განაცხადა მერაბიშვილმა, თუმცა კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკითხვის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რომელიც მერაბიშვილის დაკითხვას აპროტესტებდა. მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ისეთი სახეები იყვნენ, როგორიც არის მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, ასევე ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ დამფუძნებელი, გიგა ნასარიძე, ყოფილი პარლამენტარი, კობა ხაბაზი და ა.შ.

for.ge რამდენიმე მათგანს გაესაუბრა და ვეცადეთ გაგვერკვია, რატომ ჩათვალეს მათ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დევნა უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი აცხადებს, რომ ძალიან აღშფოთდა, რადგან მისი თქმით, რაღაც ყალბი პასპორტის გამო დასაკითხად იბარებენ „ამხელა კაცს“, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა და რომელსაც ქვეყნის წინაშე ამდენი დამსახურება აქვს.

„ჩემს ცხოვრებაში აქციაზე არ გავსულვარ. შესაძლოა, მართლა იყო გასასვლელი, მაგრამ რაღაცნაირად სულ თავს ვიკავებდი. ნამდვილად ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბატონ ვანოს მადლობა გადაუხადოს იმისთვის, რომ ასეთი გამზადებული და აწყობილი სტრუქტურა დაახვედრა, ამის ნაცვლად რაღაც წვრილმანების გამო ამხელა კაცს იბარებენ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. რაღაც მძიმე დანაშაულზე რომ იყოს საუბარი, ალბათ, ხმასაც არავინ ამოიღებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანზე, რომელზეც ყველა მისი თანამშრომელი გიჟდებოდა, მათ თავისი ოჯახივით უვლიდა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა მეც, თქვენც და საქართველოს მთელი მოსახლეობაც უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს“, - აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.

მისი თქმით, მერაბიშვილს იმდენი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ თუნდაც რაიმე დარღვევები ჰქონდეს, მას მადლობა უნდა გადაუხადონ და სახლში გაუშვან. როდესაც ვეცადეთ გაგვერკვია, რას გულისხმობს ნინა წკრიალაშვილი დარღვევებში და რას იტყოდა იგი, თუკი ვანო მერაბიშვილს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე მომღერალი პასუხობს, რომ ვინც დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ აქვე წკრიალაშვილი აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ წევრებს კაციჭამიებად ხატავდა და ახლა ასეთი უმნიშვნელო ბრალდებებით იჭერენ ადამიანებსო.

მომღერალი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტი არ ექნებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტი არ უნდა ჰქონოდა. ეს იგივეა პრეზიდენტი რომ ეცადოს საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთას. ეს ხომ სისულელეა, რადგან მას ყველა იცნობს. იგივეა ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც. ამ ადამიანის უდიდესი დამსახურებაა, რომ ქვეყანაში კრიმინალი აღიკვეთა. პირადად მე რამდენჯერმე მქონდა უსამოვნო შემთხვევა. ერთხელ წლების წინ ავტოფარეხში შემომყვნენ და ძალიან შემაშინეს. მეორედ ჩემს შვილთან ერთად ლიფტში შევედი და იქ შემომყვნენ და ა.შ. უკანასკნელ წლებში კი ასეთი შემთხვევები აღარ ხდებოდა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნინა წკრიალაშვილი.

გიგა ნასარიძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანია, არის ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მის სახელს ქვეყანაში გატარებული ყველაზე წარმატებული რეფორმები უკავშირდება.

„აქედან გამომდინარე, ამ სასაცილო ბრალდებით მისი დაკითხვაზე დაბარება ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს, როგორც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეში. საუბარია იმ ქვეყნის მოქალაქეზე, რომელშიც ვანო მერაბიშვილის დამსახურებით მე უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს“, - ამბობს გიგა ნასარიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასაცილოა, რადგან წარმოუდგენელია, ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ქვეყნის საზღვარს ყალბი პასპორტით კვეთდეს.

ამდენად, ადამიანები, რომლებმაც მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს, მხოლოდ მის დამსახურებებს ხედავენ ქვეყნის წინაშე, ხოლო როდესაც მათ უსვამ კითხვებს იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ არსებობს, ამაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

დღევანდელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოძრაობა „არა“-ს დამფუძნებელი, უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე იმით პასუხობს, რომ მერაბიშვილმა მართლაც ისეთი ქვეყანა შექმნა, სადაც ეს ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ადამიანებს ეხებოდათ.

„არ შემიძლია არ დავეთანხმო ნინა წკრიალაშვილს და დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ამ აქციაზე იმყოფებდნენ, ვანო მერაბიშვილმა საქართველო მართლაც ისეთ ქვეყნად აქცია, როგორიც ამ ადამიანებს სურდათ. ეს იყო ქვეყანა, სადაც ადამიანებს პოლიციის ნებისმიერი რიგითი თანამშრომლის სურვილის მიხედვით ქუჩაში კლავდნენ, კლავდნენ და აუპატიურებდნენ ციხეებში პატიმრებს და ამ ყველაფრის კაბინეტებში ყურება ამ ადამიანებს სიამოვნებდათ. ამიტომ, მათი აზრით, რა თქმა უნდა, ქვეყანა ასეთი უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი ამ რეჟიმს ემსახურებოდნენ. ვეთანხმები წკრიალაშვილს, რომ მისთვის ის ქვეყანა იყო ფანტასტიური, რადგან მას ყველგან გზა ჰქონდა ხსნილი. მისი ცხოვრების წესით და ფსიქოლოგიით იგი მიესალმებოდა 26 მაისს, მიესალმებოდა 2009 წლის აქციებიდან ადამიანების მოტაცებას, ცემას, ციხეებში მოთავსებას და გაუპატიურებას იმის გამო, რომ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ასევე ამ ადამიანებს მოსწონდათ 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც პოლიცია ქუჩაში ადამიანებს დასდევდა და სცემდა“, - ამბობს ლევან ჩიტაძე.

იგი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი წინა ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი იყო და ამიტომ საზოგადოების აზრი ნინა წკრიალაშვილის მისდამი დამოკიდებულებისგან მკვეთრად განსხვავდება. ჩიტაძე აცხადებს, რომ ყოფილ შს მინისტრს ბევრ დანაშაულში მიუძღვის ბრალი და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მის დანაშაულს პროკურატურა სათანადოდ გამოიძიებს და მერაბიშვილს ამ დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს.

„აქვე მინდა წინა ხელისუფლების ყოფილ ჩინოვნიკებს მივულოცო ხელისუფლების ცვლილება იმ კუთხით, რომ როდესაც მათ ციხეში ჩაჯდომა მოუწევთ, არ აღმოჩნდებიან ცოცხებიანი და ხელკეტებიანი ბადრაგების პირისპირ. ეს საპროტესტი აქცია ატარებდა იმ აზრს, რომ ეს ადამიანები ცდილობენ თავიანთი პატრონის, მკვებავი მამის მხარდაჭერას და ერთგულად ემსახურებიან იმ იდეოლოგიას, რომლითაც მანამდე თითოეული მათგანი ცხოვრობდა“, - აღნიშნავს უფლებადამცველი.