საგარეო საქმეთა სამინისტროდან 7 დეკემბერს, მე ნინო მიქიაშვილმა, როგორც for.ge-ს კორესპონდენტმა გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით - საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს წერილობითი ფორმით 8 კითხვა დავუსვი, რომელსაც ამ სტატიაში უცვლელად გთავაზობთ.
მანამდე შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, ანუ ხელისუფლების ცვლილებამდე თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკება დიდი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. სააკაშვილის ხელისუფლების მინისტრები, მათი მოადგილეები ამ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს საჯაროდ ავრცელებდნენ - ერთი ამბობდა, რომ მოლაპარაკება დასრულდა, მეორე კი იმაში გვარწმუნებდა, რომ თურქეთთან გარკვეულ საკითხებთან თანხმობას ვერ ვაღწევდით.
მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებს საზოგადოებას აბურდულ-დაბურდულად განუმარტავდნენ. რთულია იმის დაზუსტებით თქმა, ეს შეგნებულად კეთდებოდა, თუ ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გავრცელება მათი არაპროფესიონალიზმით იყო განპირობებული. სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქიზი თემისადმი არასწორმა მიდგომამ განაპირობა საჯარო ინფორმაცია წერილობით გამომეთხოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ, ამავე უწყების საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს მივმართე. მომწერეს, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ იყო, ხოლო დანარჩენი დეტალები ხელშეკრულების გაფორმებამდე საჯარო ვერ გახდებოდა.
დახმარებისთვის ადვოკატ მამუკა ნოზაძეს მივმართე, რომელიც ჩემს უფლებებს უანგაროდ იცავდა და იცავს, როგორც ამ, ისე სხვა საკითხებთან დაკავშირებით (სვანეთის საგანძური, 26 მაისის მარბიელი სპეცრაზმების ჩამონათვალი...).
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს, მაგრამ არ დააკმაყოფილეს. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალები საიდუმლოაო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. იქაც უარი გვითხრეს - დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ეტაპზე თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალები საიდუმლოა, ხელშეკრულების გაფორმებას დაელოდეთ - დეტალებს მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყობთო.
ამასობაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალა და ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან შეთანხმებით ასეთი გადაწყვეტილება მივიღე - ამ საკითხის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება მიზანშეუწონლად ჩავთვალე. გადავწყვიტეთ დავლოდებოდით როდის შეუდგებოდა თავის საქმიანობას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დავინტერესდი როგორი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურის ახალ მინისტრს გურამ ოდიშარიას. ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში სათაურით - „კულტურის მინისტრმა პატრიარქისგან ოშკზე და „აზიზიეზე“ წერილი მიიღო“, გურამ ოდიშარიამ განმარტა, რომ წინა ხელისუფლების დროს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დეტალურ გამოკვლევას აპირებს. მინისტრმა სიტყვიერი პირობა დადო, რომ თურქეთთან მოლაპარაკების ყველა დეტალი საჯარო იქნება. ჩემი აზრით, ამგვარი განცხადება სასიამოვნოა, მაგრამ რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო ზის, საჭიროდ ჩავთვალე გამეგო და შემდეგ მკითხველისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, იმაზე, თუ რას ფიქრობს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძის უწყება.
6 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე განცხადება დავწერე, რომელმაც „ექსპერტიზა“ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან გაიარა. 7 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს კორესპონდენციებისთვის განკუთვნილ ყუთში ჩავაგდე კითხვები, რომელზე პასუხსაც მოუთმენლად ველით.
ჩვენი კითხვები ასეთი შინაარსისაა:
1. ამჟამად მიმდინარეობს თუ არა თურქეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე?
2. თუ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ გთხოვთ, მაცნობოთ როდის დაიწყო ეს პროცესი, უშუალოდ ვინ აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს, როგორც ქართული, ისე თურქული მხრიდან?
3. თუ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ საინტერესოა ეს პროცესი სუფთა ფურცლიდან დაიწყო, თუ ყოფილი ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესი განახლდა?
4. თუ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაშინ გთხოვთ, მაცნობოთ, იგეგმება თუ არა მოლაპარაკების დაწყება და თუ იგეგმება, ეს პროცესი სუფა ფურცლიდან დაიწყება, თუ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროცესი განახლდება?
5. თურქეთთან მოლაპარაკების პროცესი ყველა ეტაპზე ღია და საჯარო იქნება, თუ მოლაპარაკების პროცესი ისევ გასაიდუმლოებული იქნება?
6. რა ეტაპზე იყო თურქეთის ხელისუფლებისა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკება, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე?
7. კონკრეტულად რა საკითხები განიხილებოდა ამ მოლაპარაკებების დროს - რას მოითხოვდა თურქული მხარე და რას ქართული?
8. არსებობს თუ არა საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხელმოწერილი რაიმე დოკუმენტი, თუ მოლაპარაკებები ზეპირი შეთანხმებებით ხორციელდებოდა? თუ ამგვარი დოკუმენტი არსებობს, მაშინ გთხოვთ, მომაწოდოთ ამ დოკუმენტის ასლი.