ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი კობა ოთანაძე მთავარ პროკურორს მისი საქმის გამოძიებას სთხოვს. იგი აცხადებს, რომ ე.წ. სპეცოპერაციის დროს იგი დაიჭრა, თუმცა მის მიმართ ძალადობა საავადმყოფოშიც განხორციელდა. კერძოდ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოთანაძესთან შევიდნენ შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც ვიდეოკამერით ხელში ახლდა მათივე პრესსამსახურის წარმომადგენელი და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ოთანაძეს აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. იმის გამო, რომ ოთანაძემ უარი თქვა აღიარებითი ტექსტის წაკითხვაზე, მას გამოაძრეს სხეულზე შეერთებული წვეთოვანები და მძიმედ დაჭრილი გადააგდეს ძირს, რა დროსაც გაეხსნა ჭრილობები და დაეწყო სისხლდენა. ამის შემდეგ ოთანაძეს სიკვდილით დაემუქრნენ და უცხადებდნენ, საზოგადოებამ მაინც იცის, რომ ცხრა ტყვია გაქვს მოხვედრილი და შენი გარდაცვალების ფაქტი საეჭვო აღარ გახდებაო.
For.ge კობა ოთანაძის ძმას ჯიმშერ ოთანაძეს ესაუბრა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ ახლახანს უმრავლესობას მოუწოდა, მუხროვანთან დაკავშირებულ ხალხს გმირებად ნუ გამოიყვანთ და პოლიტპატიმრის სტატუსს ნუ მიანიჭებთო. თარგამაძემ თქვენი ძმის შესახებაც აღნიშნა, ამ კაცმა შევარდნაძის დროსაც მოაწყო ამბოხი, სააკაშვილის დროსაც და მაინცდამაინც გინდათ, თქვენს დროსაც მოაწყოსო? რატომ გიპირისპირდებათ თარგამაძე?
- გივი თარგამაძემ გამოაცხადა, თითქოს კობა ოთანაძე მას შეხვდა და დაელაპარაკა, მე რუსებს მაგრად ვიცნობო...
დიახ, თარგამაძე ამბობს, ოთანაძემ ასე გვითხრა, რუსების კაცი ვარ და შემიძლია რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაო.
- იგი კრიმინალად მოიხსენია. არ ვიცი, როგორ შეურაცხყოფს მისი ნათქვამი ამ ბიჭებს, თუმცა თარგამაძისა და ოთანაძის კრიმინალობა რომ შევადაროთ, მივიდეთ და მათი სახლები ვნახოთ. გარეუბანში ცხოვრობს ოთანაძე, რა უბანია ჯერ და როგორი სახლი აქვს, როგორ შეჭირვებულია მისი ოჯახი და ამ დროს თარგამაძის ფეშენებლური ბინები ვნახოთ. რაც შეეხება მუხროვანს, თუკი იქ ამბოხი იყო, მოდით, სიას გადავხედოთ, ვის აქვს წაყენებული ბრალდება - მხოლოდ და მხოლოდ სამ კაცს - ოთანაძეს, ამირიძეს და გორგიაშვილს. ასევე, დღეს დარჩენილია 14 კაცი, აქედან მხოლოდ სამია სამხედრო - გორგიაშვილი, ამირიძე და გორგიაშვილის ტანკისტი - ბზიშვილი, დანარჩენები სამოქალაქო პირები არიან და ამისთანა სამოქალაქო პირები რუსთაველზე ასი ათასობით იდგა, როცა კარვების ქალაქი იყო, იმ დღეებში. გაგვაგებინონ, ამბოხი როგორ იყო, როცა ერთი ტანკი არ გამოსულა, ტანკი არ დაქოქილა, ის საწყალი ბიჭიც - ბზიშვილი იმის გამო, რომ მისი ტანკი „ბოქსის“ წინ იდგა, გაჩერებული, საწვავისგან დაცლილი და საერთოდ ვერ დაძრეს, რომ სადმე შეეთრიათ, მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის დასაჯეს. ამისთვის მისცეს ამ სამ კაცსაც ხანგრძლივი პატიმრობა, აღიარეთო. დანარჩენებს რატომ არ მისცეს წლები? რატომ არ არიან სამხედროები დაჭერილები, გამაგებინეთ?
კობაიძე იყო ქუთაისის ბრიგადიდან, მაშინ სად არის ქუთაისის ბრიგადის ხალხი, რატომ არ არიან დაჭერილები, თუკი ამბოხი მართლაც მზადდებოდა? ჩაიყვანეს იქ პატარა გოგონები, კონცერტი ჩაუტარეს და ბრიგადის მეთაური თავისი კაბინეტიდან მოიტაცეს, წამოიყვანეს. ასევე, დაჭერილი ჰყავდათ გორის ბატალიონის მეთაური, რომელსაც ვერაფერი დაუმტკიცეს და გაუშვეს სასამართლოდან.
ყოფილი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ოთანაძე და კრიალაშვილი, როგორც ჯარში მაღალი ავტორიტეტები, ახდენდნენ გადატრიალებას. თუმცა კრიალაშვილი რამდენიმე დღის ჩამოსული იყო საქართველოში და აქ არც მუშაობდა.
- დიახ, მაგრამ ესეც ვთქვათ, რომ ეს მუხროვანის ნაწილი აღარც იყო, მუხროვანის ნაწილი დაშლილი იყო და ომის შემდეგ მანდ მოყვანილი გახლდათ გორის სატანკო ბრიგადა, ტანკები იყო ამოყვანილი. იმის მიუხედავად, რომ ახალი დამთავრებული იყო ომი და ჯერ კიდევ ჩვენი დაღუპული ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი ჩვენს მიწაზე, ამათ უნდოდათ, 26 მაისი ეზეიმათ. ამიტომ გამოაცხადეს ე.წ. „მარშიროვკა“. ვარჯიში უნდა დაეწყო ამ სატანკო ბრიგადას, რაზეც მათ გამოთქვეს პროტესტი, ჩვენ წაგებულ ომს ვერ ვიზეიმებთ, რადგან ბიჭები დაგვეღუპნენ და როგორ გამოვიდეთ რუსთაველზეო.
ასეთი ვარაუდიცაა, რომ ეს ბრიგადა, ასევე, თავდაცვის ბიჭები, უნდა გამოეყენებინათ და კარვის ქალაქები და ოპოზიციის მიტინგები დაეშალათ. ჩვენ ვნახეთ, 26 მაისს რა დღეში ჩაყარა საკუთარი ხალხი მიხეილ სააკაშვილმა, როგორ დაუხეთქეს თავები და დახოცეს ადამიანები, 9 აპრილი მონაგონი გახადეს. ფაქტობრივად, იმ პერიოდშიც ჯარში დისციპლინის დამყარებას აპირებდნენ.
ჯარის მეშვეობით უნდოდათ მიტინგის დაშლა?
- დიახ.
როგორც ვიცი, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, როცა კობა ოთანაძე ძებნილად გამოცხადდა, თქვენც გაგიტაცეს. რას მოითხოვნენ თქვენგან?
- მე დამდევდნენ, ცალკე მოსმენები ხორციელდებოდა, ცალკე ჩემს კორპუსში პოლიციელები შემოასახლეს, ვითომ პატარა გოგონები და ბიჭები და ვითომ იქ ცხოვრობდნენ, ქირით აიღეს ბინა. ასევე, დაბურულ შუშებიანი მანქანები ყოველდღიურად მდარაჯობდნენ, ჩემს ნერვებსა და ფსიქიკაზე მოქმედებდნენ. რამდენჯერმე გავაჩერე და ვუთხარი, ბიჭო, რას დამდევ, თუ ვიღაცამ გამოგგზავნა, ისე მაინც მდიე, რომ დაიმალო, თუ არადა, წადი და შენს უფროსობას უთხარი, მოვალ და, თუ რამე აინტერსებს, არსებობს პროკურატურა, საგამოძიებო სამსახური, ბოლოს და ბოლოს, არსებობს უწყება, რომელიც მათ უნდა გამოგატანონ, დამიბარონ, მოვალ და პასუხს გავცემ-მეთქი. ხუთი დღის შემდეგ ჩემი დეიდაშვილი გაიტაცეს, ტელევიზიით გამოაცხადეს, ვითომ ტაქსისტ ზაზა სანდოძეს გადაჰყავდა ოთანაძეო და დაიჭირეს. პირადად კოდუა და დათა ახალაია თავის კაბინეტში აწამებდნენ, - პიანინოს კვლავიშებივით ირწეოდა ნეკნებიო, - იხსენებდა. მერე გაიტაცეს ჩემი ძმა და შემდეგ გამიტაცეს მე. გატაცებაც არ იყო, ეს იყო რაღაც ყაჩაღური თავდასხმა, გამთენიისას ოთხ საათზე შემოვარდა სპეცნაზი, დამინგრიეს რკინის კარი, ჯერ მეზობელთან დაიწყეს დანგრევა, ვითომ აბრახუნეს, რომ ხალხს გაღვიძებოდა, შემდეგ რაღაც ახალი პნევმატური ჩაქუჩით დალეწეს ჩემი რკინის კარი, გამიტაცეს მე, ჩემი მეუღლე და შვილი, არც კი გვაცალეს ჩაგვეცვა, სნაიპერები ეყენათ სახურავებზე. გამაგებინეთ, რისთვის სჭირდებოდათ, რა ჩანაფიქრი ჰქონდათ? ათასობით სპეცნაზი იყო მობილიზებული. არ ვიცი, რის რეკლამირებას აკეთებდნენ, რა ხდებოდა, რატომ ყვიროდნენ, ქვეყნის მოღალატეები დავიჭირეთო. მეზობლებს რომ ჰკითხოთ, ყველას ცხვირ-პირს უმტვრევდნენ, ყრიდნენ შიგნით, რადგან ყველა ეუბნებოდა, რომელი მოღალატეები, ამდენი წელია, ჩვენ ვიცნობთ ოთანაძეებს და ახლა თქვენ გვასწავლით, ვინ არიანო? თანაც, მეზობლებმა ისიც იცოდნენ, მანქანები როგორ იდგა ახლო-მახლო. არ ვიცი, შანტაჟი იყო, თუ ჩემი გაქცევა უნდოდათ, რომ მერე ესროლათ და რაღაცა მოეგონებინათ? - არ ვიცი, რა დადგმა ჰქონდათ.
მოდულის შენობიდან როგორ გამოგიშვეს?
- პირველად მიმიყვანეს იქვე მდებარე ტაქსოპარკში. ჯერ იქ შევარდა ეს შავი, დაბურულმინებიანი ჯიპი, იქ ვიღაც ელოდებოდათ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ მე აქ მაწამებდნენ, მერე დატრიალდნენ, ვიღაცას რაციით გადასცეს ინფორმაცია და წამიყვანეს მოდულის შენობაში. მოდულის შენობაში მეუღლე და ჩემი შვილი აიყვანეს მეორე თუ მესამე სართულზე, დაბლა კი, ეტყობა, საწამებელი „პადვალი“ ჰქონდათ. ჩამიყვანეს იქ, თვალდახუჭული ვიყავი და უნდოდათ, არ დამენახა, მაგრამ პირველ სართულზე, ხელმარცხნივ დათვლილი მაქვს და ახლაც მივაგნებ იმ კაბინეტს, რომ მიმიყვანონ, თუკი ეს გამოძიებას დასჭირდება და, თუკი დამკითხავენ. ვისი იყო ის კაბინეტი, არ ვიცი, მაგრამ მას სახეზე ვიცნობ, ვინც აწარმოებდა ამ ჯალათურ ქმედებას. შემდეგ იქვე გამიფორმეს იარაღი. მითხრეს, იარაღი გაქვსო. მე ვუთხარი, იქ არ იყავით მოსულები და ჩხრეკა არ ჩაატარეთ? იარაღსაც წაიღებდით-მეთქი და, თუ სახლში ნახეთ იარაღი, კი ბატონო, გამიფორმეთ-მეთქი. როგორ არა, ვნახეთ იარაღიო. რა ნახეთ, მანახეთ-მეთქი. გამოიღო თავისი სეიფიდან რომელიღაც უცხოური ტიპის იარაღი და მკითხა, ეს იარაღი შენიაო? ჩემი როგორ არის, შენს სეიფში ჩემს იარაღს რა უნდა-თქო? ახლა შენი იქნება, მე ვამბობ, რომ შენიაო. მერე სპეცნაზს უბრძანა, ძირს დააგდეთო. მომცვივდნენ, ხელები ამომიტრიალეს, ძირს დამაგდეს, მოიტანეს ეს იარაღი, ამობრუნებული ხელებიდან ანაბეჭდები აიღეს, შემდეგ ჩადეს ცელოფანში და დალუქეს თავისი ვაზნებით, გააფორმეს ოქმი, უნდა აღიარო, თუ არადა... ამის შემდეგ მეორე სართულზე ამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში არაფერს მეუბნებოდნენ და ჩემი გათავისუფლება მოხდა მხოლოდ მაშინ, რაც ბიჭები ჩაცხრილეს. არ ვიცი, კუდი იყო თუ სოდი, სამოქალაქო ფორმით მოვიდნენ და მითხრეს, საგამომძიებლოში უნდა ჩამოხვიდე და რამდენიმე კითხვას უნდა გასცე პასუხიო. მართლაც, დამისვეს კითხვები, ვიცოდი თუ არა ჩემი ძმის ადგილსამყოფელი. ვუპასუხე, თქვენი კუდი დღედაღამ დამსდევდა, ჩემს სახლთან ტრიალებდა და ხომ ნახავდით, ჩემს ძმას რომ შევხვედროდი, ტელეფონებიც ისმინებოდა-თქო. ხო, ვიცით, რომ არაფერი იცოდი, არც შენი ძმა გიკავშირდებოდა, მოსმენებიც იყოო, ისიც ვიცით, რომელ სამსახურში იყავი და ეს ამბები გეცოდინებოდა, ასე უბრალოდ არ მოიქცეოდიო. მე ვუთხარი, მაშინ რატომღა მისვამთ კითხვებს და რისთვის ჩაატარეთ ე.წ. თქვენი სპეცოპერაცია-მეთქი? ხომ იცი, ეფექტიო... ამას რატომ გვეკითხები, შენც კარგად უნდა იცოდეო. მოკლედ, დამაწერინეს, რომ არაფერი არ ვიცოდი და დამიბრუნეს სახლიდან წამოღებული ნივთები. მე ვუთხარი, რომ იქ ფულიც იყო, 800 ლარის ოდენობით. ფული აქ არ არის ნახსენები, ეტყობა, სპეცნაზმა აიღოო და არ დამიბრუნეს. ახლა მეორედ იქ რაღა მიმიყვანდა და ის 800 ლარიც მაგათ გამოიყენონ თავიანთ საქმეებში. შემდეგ მოვითხოვე ის იარაღი, რომელიც მე გამიფორმეს - კი მაგრამ, ის იარაღი-მეთქი? - ახლა უკვე ზედმეტები მოგდის, რაკი გიშვებთ, წადიო. როდესაც გამომიშვეს და დაბლა პირველ სართულზე ჩამოვედი, გამთენიის 4-5 საათი იყო. იქ ვნახე, რომ დაკავებული ჰყავდათ ჩემი ახლობლები, დაახლოებით 14 ადამიანი, მათ შორის, რვა თვის ბავშვიც, ჩემი მამიდაშვილის შვილი.
რა იყო გივი თარგამაძის მოტივი, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან კობა ოთანაძეს ახსენებდა? მართალია, რომ გივი თარგამაძე მომაკვდავ თუ გარდაცვლილ გია კრიალაშვილს ურტყამდა?
- ყველა არაკაცულ საქმეში ეგენი ფიგურირებენ. ამ ჩაცხრილვის დროსაც გივი თარგამაძე იმყოფებოდა. მერე ტყუილი გაუშვეს თავიანთი ტელევიზიიდან, თითქოს, მანდ მოხდა ორმხრივი სროლა და ჩაცხრილვა, მაგრამ ეს იყო აბსურდი. ჩვენ ვნახეთ ნანა ლეჟავას ფილმში, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სამარშრუტო ტაქსი მოდიოდა ზემოთა მხრიდან და ჩვენი სახლის წინ ჩაიცხრილა მაყუჩიანი იარაღითო. მერე გადმოყარეს ეს დასისხლიანებული ახალგაზრდები, სპეცნაზი მაშინვე მოვარდა და მოგვაცილეს იქაურობას, რომ არ დაგვენახაო. ამ ამბის თვითმხილველი მეზობლები ამბობდნენ, რომ თარგამაძე აგინებდა დედას, წიხლებს ურტყამდა ცხონებულ გია კრიალაშვილს, შემდეგ გივი თარგამაძემ თვითონ დაუხვრიტა დაჭრილ ბიჭებს, კონკრეტულად ჩემს ძმას - მაჯები და მუხლის თავები.
ამბობენ, რკინის ლომის გაღუნვა შეეძლო თქვენს ძმას და ზუსტად ამიტომაც გაუხვრიტეს მკლავები?
- თვითონ გივი თარგამაძეს უთქვამს, ახლაც გაღუნე რკინის მანეთიანი და რკინის ლომიო. რკინის მანეთიანი მიაწოდა გასაღუნად, ახლაც დაღუნეო, დაადგა ფეხი და მაშინ დაუხვრიტა მაჯები.
თქვენი ადვოკატის ვერსიით, გამოძიების ჩატარებამდე გივი თარგამაძემ დაგასწროთ და კობა ოთანაძე რუსეთის კაცად გამოაცხადა.
- გივი თარგამაძე ისეთი ნაძირალაა, რომ ახლაც თავის პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რუსეთის კაციაო. არადა, კობას მიღებული აქვს 16 ჭრილობა აფხაზეთისა და ცხინვალის ომში, კურსანტობიდან დაწყებული, იბრძვის და ამათ კიდევ დაუმატეს ცხრა ჭრილობა. ამ დროს კი კარგად ვხედავთ, რომ გივი თარგამაძე სულ რუსეთშია და როგორღა არის ოთანაძე რუსეთის კაცი?!
მუხროვანის ე.წ. ამბოხის შემდეგ კობა ოთანაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ამჟამად რა მდგომარეობაშია და რა ეტაპზეა მისი საქმის ძიება პროკურატურაში?
- პროკურატურაში შესულია განცხადება და აღძრულია საქმე. მოგეხსენებათ, ამ ბიჭების ჩაცხრილვისა და კრიალაშვილის დაუპვის საქმე იმ ხელისუფლებამ თაროზე შემოდო. ალბათ, ახლა მისი წარმოება გაგრძელდება. ფიზიკურად კობა კარგად არის, ჯანმრთელადაა, ვარჯიშობს და მოითხოვს, დაიკითხოს, რომ ამ ბუნდოვან საქმეს ნათელი მოეფინოს და ხალხმა გაიგოს, ვინ არის იგი და თეთრი და შავი გამოჩნდეს. ამათ რომ დადგეს სპექტაკლები, ასე ხომ არ არის?!
თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ თქვენი კიდევ ერთი ძმის - ნუგზარ ოთანაძის დაჭერის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, მასაც უმოწყალოდ სცემდნენ.
- ჩვენ ვნახეთ გადაღებული ფოტოსურათები, თუ როგორი ნაწამები იყო ნუგზარი, რამდენჯერმე დაბლა „პადვალში“ შემათრევდნენ, ვანაში ჩამაყუდებდნენ, ამომიღებდნენ და დასისხლიანებული გონზე რომ მოვიდოდი, ისევ შემიყვანდნენ და ისევ გრძელდებოდა ჩემი წამებაო. ეს ხდებოდა მანამ, სანამ ციხეში გადაიყვანდნენ, მოდულის შენობაში მიმდინარეობდა მისი წამება. მისგან მოითხოვდნენ აღიარებას, თითქოს თავისი ძმის ადგილ-სამყოფელი იცოდა. ზეწოლას ახდენდნენ, ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. ფაქტობრივად, მასზე ლიკვიდაცია იყო გამოცხადებული და აშანტაჟებდნენ, რადგან როგორმე უნდა განეხორციელებინათ თავიანთი მზაკვრული გეგმა, რაც სპექტაკლივით ჰქონდათ დადგმული.
ე.წ. „ოქროს მოწმის“ - გიორგი ღვალაძის აღიარების თაობაზე რას იტყვით? თავის დროზე სწორედ ღვალაძე ამტკიცებდა, რომ მუხროვანში ამბოხი მზადდებოდა.
- ახლა იძახის, კაცურად მოვიქცევი და სიმართლეს ვიტყვიო, რასაც ცოლსა და შვილზე მეუბნებოდნენ და რა უბედურებაშიც მამყოფეს, ყველაფერი უნდა ვთქვაო. რა ვიცი, მის კაცობაზე იყოს, ძალიან შავ დღეშია, მაგან რაც გააკეთა და ხელი დაადო ამ უდანაშაულო ადამიანებს...