პარლამენტარებს „აკვარიუმში“ სული ეხუთებათ

პარლამენტარებს „აკვარიუმში“ სული ეხუთებათ

„საპარლამენტო აკვარიუმის“ მშენებლობის გარშემო უამრავი ფინანსური შინაარსის  შეკითხვა არსებობს.  ამ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. პარლამენტის ორთვიანი მუშაობის პერიოდში მეორე, კიდევ უფრო მწვავე პრობლემაც გამოიკვეთა; „სააკვარიუმო პლანქტონად“ გადაქცეულ ადამიანებს მინის „ხუფის“ ქვეშ სული ეხუთებათ.  ექსპერტთა  ჯგუფმა შეისწავლა  შენობის მდგრადობა, ჰაერის შემცველობა, წყლის ხარისხი და ა.შ. დასკვნა სავალალოა. დასკვნის სრული ტექსტის გამოქვეყნებამდე გთავაზობთ პარლამენტის წევრის, გიორგი გაჩეჩილაძის შეფასებას.

გიორგი გაჩეჩილაძე:

– რაც ახალ შენობაში გადავედით და საკუთარი თვალით ვიხილეთ იქ რა ხდება, დავრწმუნდი, რომ  პარლამენტის გადატანით  მისი დასუსტება სურდათ.  რატომ? ახალი კონსტიტუციის თანახმად საქართველო საკონსტიტუციო რესპუბლიკად უნდა იქცეს და პარლამენტს მალე ძალზე სერიოზული ფუნქციები მიენიჭება. სწორედ ამიტომ გადაიტანეს ასე სასწრაფოდ აბსოლუტურად შეუფერებელ გარემოში.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იურიდიულად იქ ყოფნის უფლება არც გვაქვს: შენობა დასრულებული არ არის და შესაბამისად, არც მიღება–ჩაბარების დოკუმენტია გაფორმებული. კანონის თანახმად, თუკი  შენობა ექსპლოატაციაში არ არის მიღებული, იქ შესვლა და მუშაობა არ შეიძლება. ჩვენ იქ ახლა უკანონოდ ვიმყოფებით. ცალკე საკითხია, რომ შენობა ძალზე უხარისხოდაა აშენებული..  

ძველი შენობაც გაუბედურებულია და რომც მოინდომოთ, უახლოეს ხანში იქ  მაინც ვერ დაბრუნდებით. იქნებ, ეს უბრალო დაუდევრობით მოხდა?  ნაციონალებს მოზომილი მოქმედებები არასოდეს ახასიათებდათ..

– აბა რა გითხრათ?! ახლა პირობებიც იკითხეთ:  „შუშის ხუფის“ ქვეშ ნორმალური ვენტილაცია არ არსებობს. შექმნილია ძალზე დისკომფორტული ტემპერატურული რეჟიმი და ჟანგბადის ნაკლებობაც იგრძნობა. ფაქტობრივად,  სათბურში ვიმყოფებით. შენობა დგას არამდგრად, დაჭაობებულ ნიადაგზე; დროთა განმავლობაში „ხუფის“ ქვეშ, შესაძლოა, მავნე გაზებიც დაგროვდეს და ჯანმრთელობისთვის ძალზე სახიფათი მიკრო–კლიმატი შეიქმნება. ეკოლოგიურად უმძიმეს გარემოში აღმოვჩნდით.  ამ დროს, ნაგებობაში, რომელშიც ნორმალური მუშაობა, ფაქტობრივად,  წარმოუდგენელია, ერთდროულად 600–700 თანამშრომელი იმყოფება!

ვინმე ცუდად ხომ არ გამხდარა?

–  რა თქმა უნდა! ვისაც სუსტი ჯანმრთელობა, ან რაიმე პრობლემები აქვს, უკვე გრძნობს დისკომფორტს.

კონკრეტულ გვარებს ხომ ვერ დაგვისახელებდით?

– ამ ეტაპზე ვინაობაზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ.

შენობა ნაციონალებისთვისაც იყო განკუთვნილი.  ადრე თუ გვიან გარემო მათ ორგანიზმსაც დაასნებოვნებდა და შენობის ყველაზე თავგამოდებული „ფანატებიც“  აწუწუნდებოდნენ.  ეს თქვენს ვარაუდს კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ აყენებს?

–  თქვენ გავიწყდებათ, რომ პარლამენტარები შენობაში მუდმივად არ ვიმყოფებით. მუდმივად აქ აპარატის თანამშრომლები არიან და ეკოლოგიური რისკები პირველ რიგში მათ ჯანმრთელობაზე აისახება; მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ნაციონალები ხალხს არაფრად აგდებენ.