ოპოზიცია ძალებს იკრებს და მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გამო, თავს ესხმის

ოპოზიცია ძალებს იკრებს და მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გამო, თავს ესხმის

97 ხმით 10–ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდა. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე, ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, როგორ აპირებს უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას.

მთავრობის მიერ წარდგენილი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების დეკრეტი, პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ ნორმალურია თუ არა „რელიგიური საბაბით ფანატიკოსების მიერ მთელი ქვეყნის მძევლად ყოფნა“. გარდა ამისა, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი მოითხოვა კითხვაზე – არის თუ არა იგი ინფორმირებული, სანამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრემიერ–მინისტრის წარდგინებას ხელს მოაწერს? რის გამოც, სალომე ზურაბიშვილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„აქ დაისვა ცოტა შეურაცხმყოფელი კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული სანამ ხელს მოაწერს პრემიერ–მინისტრის წარდგინებით მოთხოვნას, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტი სრულიად არის ინფორმირებული. ალბათ, თქვენც იცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მონაწილეობს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც პრეზიდენტი თვითონ ვერ იქნება, რადგან თავმჯდომარე არის პრემიერი და ეს არის ის გადანაწილება, რაც ყველასთვის გასაგებია. ამიტომ იქიდან გვაქვს ყველა ინფორმაცია, მაგრამ არა მხოლოდ იქიდან“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა.

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის გამოსვლა პარლამენტში. დეპუტატებს სიმშვიდის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. ამასთან, მეზვრიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი თავისი გამოსვლებით რეალურად ადამიანებს მოუწოდებენ იმისკენ, რომ არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს.

„ჩემს აღქმაში ასეა, ასე აყენებთ საკითხს, ალბათ, ათეულობით, ასეულობით გარდაცვალების შემთხვევა რომ გვქონდეს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერდით და არ აფასებთ საგანგებო მდგომარეობის გამოყენებას და თუნდაც ჯანდაცვის სისტემისთვის დროის მოგებამ რა პოზიტიური შედეგები მოგვიტანა. ამის დანახვა, სამწუხაროდ, არ გინდათ. ეს არის ფაქტი. თქვენ ცდილობთ, რომ აქცენტები გადაიტანოთ ანტიკრიზისულ, ეკონომიკურ გეგმაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ახლა ისე წარმოაჩენთ, თითქოს ამ გეგმის დღეს წარმოდგენა გჭირდებოდათ მხარის დასაჭერად.

ხომ კარგად იცით, რომ მანქანების შეზღუდვამ, დისტანციის დაწესებამ და სხვა შეზღუდვებმა მოიტანა ის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ამის დანახვა არ გინდათ. არ ითვალისწინებთ იმას, რომ ხვალ რომ არ დაემორჩილონ მოქალაქეები შეზღუდვებს, ამას შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი. თქვენ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, კი ბატონო, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგოამრეობის გაგრძელებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ტონალობა დაუწუნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და ნათია მეზვრიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელი უწოდა.

„როდესაც პრემიერ–მინისტრი აქ გზავნის წარმომადგენელს, ქალბატონ ნათიას, ადეიშვილის გამოზრდილ კადრს და კიდევ ჭკუას გვარიგებს, მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დარბაზში ყველამ გაითავისოს, რომ თუ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ასე საუბრობს აი, აქ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ცოტა მოკრძალებით ისაუბროს, როდესაც აქ, პარლამენტის დარბაზში გამოდის“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დამოუკიდებელ დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, ის პროცედურა და ფორმატი, რომლითაც პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობენ, არასწორია და დეპუტატებს კითხვის დასმის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„იმ ჩამონათვალში არსად წერია, რომ კითხვების დასმა არ შეიძლება. წერია, რომ არ შეიძლება კამათი, პრემიერ–მინისტრი უნდა იყოს და გამონაკლის შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილი პირი უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, არ წერია, რომ კითხვების დასმა არ შეიძლება. თუ არ ვიცით, რა ელოდება ხვალ ამ ქვეყანას და მოქალაქეებს, რა კონკრეტული ხედვა აქვთ, უბრალოდ, სტატისტის როლში ყოფნა არ მინდა, თუ კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მექნება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

არსებული რეგულაციების პირობებში, შერჩევით მიდგომებზე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა, რომლის განცხადებით, ამ საკითხზე კითხვების დასმა პოპულიზმი ნამდვილად არ არის.

„იმ რეგულაციების თანახმად, რომელიც ძალაშია, სრულიად შესაძლებელია თქვენ ონლაინ იყიდოთ მაგალითად, რამდენიც გნებავთ იმდენი არაყი ან ლუდი, მაგრამ აკრძალულია, იყიდოთ ბავშვისთვის სათამაშო. მაგალითად, უცბათ, რომ დაგჭირდეთ, ვერ იყიდით ბავშვისთვის ტანსაცმელს, მაგრამ იყიდით რამდენსაც გინდათ იმდენ არაყს. რატომ? ამის შესახებ კითხვა რომ დავსვათ, ეს პოპულიზმია?

ჩვენთან შედარებით თანაზომადი ქვეყანაა ლიეტუვა, ნაკლები მოსახლეობით. იქაც მოითხოვა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ თან მოაყოლა გეგმა და უკვე გაიხსნა ტანსაცმლის მაღაზიები, მომავალ კვირას იხსნება რესტორნები, რომლებსაც აქვთ ვერანდები და ამ ყველაფერს ახლავს დასაბუთება. რომ მოვიყვანო ეს ანალოგია, ეს პოპულიზმია?!“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა. რომან გოცირიძის განცხადებით, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების კენჭისყრამდე უნდა წარმოედგინა საგანგებო ბიუჯეტი და ეკონომიკური ხედვა. მისივე თქმით, პარასკევს იქნება ფილოსოფიური მოსაზრებები 3 მილიარდის შესახებ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და შეიძლება სამი მილიარდი შემოვიდეს საქართველოში, ოღონდ ამას ორი წელი დასჭირდეს.

„რატომ წარადგენთ ეკონომიკურ გეგმას პარასკევს და არა დღეს, რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს. ჩვენ ვერ გავიგეთ რას აპირებდა მთავრობა. კიდევ უფრო დიდი ეჭვები გაჩნდა, როდესაც გუშინ, მთავრობის პოზიცია მოვისმინეთ, თურმე ბიუჯეტის წარმოდგენასაც კი არ აპირებთ. არათუ გეგმასაც კი არ აპირებთ, იქნება პროექტი, რაღაც იდეების მონახაზი.

ეს იდეები ჩვენ მოვისმინეთ და სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი პროპაგანდისტული იყო. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის განცხადებაა, რომ 1.5 მილიარდი შემოვა უცხოური დახმარების სახით წლის ბოლომდე, საქართველოს დაეხმარებიან უცხოეთში ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების დამსახურება და მათი მარიფათით ბევრი მივიღეთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციას დემაგოგიაში ადანაშაულებს ვიცე–სპიკერი, გია ვოლსკი და აცხადებს, რომ ოპოზიციამ დაკარგა ასპარეზი, სადაც თავისი მომხრეების გასაგონად მაინც გამოდიოდნენ. ვიცე–სპიკერი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მთავრობის გადაწყვეტილება ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებით არის განპირობებული.

„საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც, რასაკვირველია, მხარს დაუჭერს უმრავლესობა, განპირობებულია იმ რეკომენდაციებით, რაც აქვთ ექსპერტებსა და სპეციალისტებს. დღემდე მოვედით მეტ–ნაკლებად კარგი შედეგებით, ყოველ შემთხვევაში, ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიო და რატომღაც შიგნით, შიდა ვითარებაში ურთიერთობებში რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაიჭრა ამ საკითხით სპეკულაცია.

რეალობაა ის, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, რეალობაა, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზომები მისაღებია, მათ შორის ისეთი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. რაც უფრო კარგად შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მით უფრო მალე მოვხსნით შეზღუდვებს, რაც სამწუხაროდ, გაგვაჩნია დღეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე–პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საგანგებო ვითარების გაგრძელება არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება ყველა იმ შეზღუდვის მოქმედება, რომელიც დღეს არის დაწესებული. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ორ ფრონტზე იბრძვის, ერთი არის მოქალაქეების ჯანმრთელობა და მეორე ბრძოლის ხაზი გადის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე, ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე.

„საკარანტინო ზომები და საგანგებო მდგომარეობა არის, ერთ–ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება COVID 19–თან საბრძოლველად, რაზეც მთელი მსოფლიო თანხმდება. საგანგებო ვითარების გაგრძელება არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება ყველა იმ შეზღუდვის მოქმედება, რომელიც არის დაწესებული დღეს.

საგანგებო მდგომარეობა არის სამართლებრივი სტატუსი, ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს მის სტრუქტურებს აძლევს შესაძლებლობას, თუნდაც, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, ან მოხსნას. ეს შეზღუდვებიც თანდათან იცვლებოდა, დაავადების გავრცელების რისკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველა ეს შეზღუდვა ასევე ეტაპობრივად უნდა მოიხსნას მას შემდეგ, რაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Katana . „იმ რეგულაციების თანახმად, რომელიც ძალაშია, სრულიად შესაძლებელია თქვენ ონლაინ იყიდოთ მაგალითად, რამდენიც გნებავთ იმდენი არაყი ან ლუდი, მაგრამ აკრძალულია, იყიდოთ ბავშვისთვის სათამაშო. მაგალითად, უცბათ, რომ დაგჭირდეთ, ვერ იყიდით ბავშვისთვის ტანსაცმელს, მაგრამ იყიდით რამდენსაც გინდათ იმდენ არაყს. რატომ? ამის შესახებ კითხვა რომ დავსვათ, ეს პოპულიზმია?
ჩვენთან შედარებით თანაზომადი ქვეყანაა ლიეტუვა, ნაკლები მოსახლეობით. იქაც მოითხოვა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ თან მოაყოლა გეგმა და უკვე გაიხსნა ტანსაცმლის მაღაზიები, მომავალ კვირას იხსნება რესტორნები, რომლებსაც აქვთ ვერანდები და ამ ყველაფერს ახლავს დასაბუთება. რომ მოვიყვანო ეს ანალოგია, ეს პოპულიზმია?!“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
!
აბსოლუტურად მართალია ეს კაცი და რა ვქნა ახლა, - იმის გამო, რომ ნაცია, ვიძახო, ტყუის-მეთქი?!.
4 წლის უკან
dimpi ეგ "მართალი" ნაცები ყველაზე მეტად ჭყლოპინებდნენ აღდგომის დღესასწაულზე, არიქათ დაკეტეთ ეკლესიებიო, და ეხლა უცბად გადაიფიქრეს?
ნამეტანი "მართლები" არიან, ნამეტანი...
საქოცეთიც მიხვდა მაგათ 'მართლობას" და კოაბიტაციით დაიყენა ოპოზიციად
დაჰკა დოლი გაწი გარმონი
4 წლის უკან