რუსეთ-საქართველოს საზღვარი დაუცველია, საქართველოს მაღალმთიანეთს კი მცოცავი ოკუპაცია ემუქრება. ქართული სოფლების დაცლის გამო რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრები თვითნებურად გადმოსწიეს. ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ ხევსურეთში 30 კილომეტრით, თუშეთში 24 კილომეტრით, სტეფანწმინდაში კი 10 კილომეტრით გაიფართოვა საზღვრები.
ქართველებისგან დაცლილია თრუსოს ხეობაც, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ძირძველ ოსურ მიწად აცხადებს. უფრო მეტიც, თავის დროზე მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი თრუსოს ხეობას ჭეშმარიტად ოსურ ტერიტორიად აღიარებდა და ქართული მხარისგან მის „დაბრუნებას“ ითხოვდა.
გარდა ამისა, ხევსურეთში დავკარგეთ საკმაოდ დიდი სოფელი - ფიჭვები. ეს სოფელი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქართველი მესაზღვრეების გაძევების შემდეგ დაიკავეს. მაშინ რუსები ამტკიცებდნენ, რომ ფიჭვები რუსეთის ტერიტორია იყო, თუმცა სოფელი ფიჭვების ქართული წარმომავლობა 1920 წლის დოკუმენტაციითაც დასტურდება. ასევე, დავთმეთ პოზიციები მთათუშეთში, დაღესტნის საზღვარზე...
დაუბრუნდება თუ არა მთიანეთს საქართველოს ძირძველი მოსახლეობა, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში ბუნებრივი მესაზვრის როლს ასრულებდა და მოაგვარებს თუ არა პრობლემას „მთის კანონი“, რომელზე მუშაობაც ახალი ხელისუფლების ინიციატივით მიმდინარეობს?!
For.ge-ს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
- ნებისმიერი ხელისუფლების, პოლიტიკური გაერთიანების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ძალისხმევა ფუჭი იქნება, თუ საქართველოს სასაზღვრო ზოლში მოსახლეობა არ იცხოვრებს. ამის გარეშე საზღვრის დაცვა და უსაფრთხოებისთვის პრევენციული ზრუნვა არ გამოვა. მით უმეტეს, რომ საქართველოს მონარქებს ყოველთვის ჰქონდათ გათვლა საქართველოს სასაზღვრო ზოლში ადამიანების ჩასახლებებზე. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო რკინიგზა, თვითმფრინავები და ხეობებით უკავშირდებოდა მოსახლეობა ერთმანეთს ქედს გადაღმა და ქედს გადმოღმა. ამიტომ, თუ დააკვირდებით საქართველოს გეოგრაფიას, ჩვენი საზღვრების გასწვრივ, როგორც სამხრეთში, ისე ჩრდილოეთში, ყველა ხეობასა თუ ყველა მდინარის პირას, კომპაქტური ჩასახლებები იყო და ის მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელიც ტერიტორიებს მტრისგან იცავდა. ამდენად, დროული და სასწრაფოა „მთის კანონის“ მიღება.
როგორ უნდა „დამაგრდეს“ ადამიანი მთაში, რომ ისევ ბარისკენ არ გამოიქცეს?
- ამის ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანი მთიდან მორბის. პირველ რიგში, რთული კლიმატური პირობები, საარსებო წყარო მთაში უფრო ცოტაა, ვიდრე ბარში. გარდა ამისა, მთაში კომუნიკაციის ნაკლებობაა. ამ სამ პირობას თუ დააკმაყოფილებენ, კარგი იქნება. პლუს ამას, მაღალმთიან ზოლში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული პენსია უნდა ჰქონდეთ. ამასთან, განსაკუთრებული მატერიალური წახალისება უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალმთიან ზონებში შექმნიან ბიზნესს, მათ შეღავათი უნდა დაუწესდეთ. ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობა დამაგრდება მთაში.
საზღვრის დაცლის თვალსაზრისით, ყველაზე რთული რომელი რეგიონია - თრუსოს ხეობა, მიტოვებული და დაცარიელებული ფიჭვები? უსწრაფესად სად უნდა დაბრუნდეს მოსახლეობა?
- ყველაზე რთული მდგომარეობა გვაქვს ჩრდილოეთის მიმართულებით, დაწყებული დასავლეთიდან, დამთავრებული უკიდურესი აღმოსავლეთით. საუბარია რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრზე, სადაც თითო-ოროლა სოფელიღაა დარჩენილი. მცოცავი აგრესია ჰქვია ამას, მცოცავი ანექსია თუ უპატრონოდ მიტოვებული მიწების დაპატრონება, ფაქტი ერთია, 1992 წლიდან დღემდე არც საქართველოს საზღვარს, არც მაღალმთიან რეგიონებს, არც იმ მკაცრ კლიმატურ პირობებში დარჩენილი მოსახლეობის ბედს არ ექცეოდა ყურადღება. ყველანი ჯიბის გასქელებით იყვნენ დაკავებულნი.
ასე დაცლილ ტერიტორიებს ძირითადად რუსები ეპატრონებიან?
- ისინი ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც დროებით საველე ბანაკებს შლიან. შემდეგ, როცა ეს დროებითი საველე ბანაკი გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე, იქ რჩება მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ე.წ. მომსახურეობის სფეროდან. თუმცა ეს სამხედრო ნაწილები სულ ზევით, თრუსოს ხეობის ბოლო სოფლებში მაინც რჩებიან. მაგალითად, იქ არის სამხედრო ნაწილი, სტრატეგიული სარაკეტო ნაწილი, რომლებიც სტაბილურად დარჩებიან, ოფიციალურად გააკეთებენ ე.წ. სამხედრო „გარადოკს“, რადგან სხვა ტიპის ქვედანაყოფებისგან განსხვავებით, სარაკეტო ჯარს მუდმივი მომსახურეობა სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, მაშინდელის მსგავსად, დღესაც, როდესაც ჩვენს საზღვართან, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული რუსეთის სამხედრო ნაწილი იხსნება და იქ მომსახურე პერსონალი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოჰყავთ, რაღაც ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობიდანაც იყვანენ და ადგილობრივების დასაქმებაც ხდება იმ ადგილას. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ჩრდილოეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, დაწყებული აფხაზეთიდან, დამთავრებული უკიდურესი აღმოსავლეთით, დაახლოებით ერთი და იგივე სურათია - რუსი სამხედრო მოსამსახურეები, პლუს ადგილობრივი არაქართული მოსახლეობა.
წლების წინ საუბრობდნენ, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვრიდან ლეკები გადმოდიოდნენ და ქართულ მიწებს იკავებდნენ.
- იმ ფაქტს, რომ რუსებთან ერთად ლეკები გადმოდიან დაღესტნის საზღვარზე, არ ვფლობთ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენს მიერ ნახსენები საზღვრის იქით, ორ ადგილას ფერმერული მეურნეობები გაკეთდა და ე.წ. საძოვრებად იყენებენ ჩვენს ტერიტორიებს. ახლა რა ფორმით გაგრძელდება ეს, მომავალში გადმობარგდებიან აქეთ, ქოხებს ააშენებენ თუ იმ ქოხებს დასახლებები მოჰყვება, თუ ისევ ისე დარჩება, როგორც არის, ეს არ ვიცი. თუმცა, ამ ადგილებს საძოვრებად იყენებს იქითა ანუ დაღესტნის მხარე. ეთნიკურად ვინ არის ის ხალხი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მოვიძიეთ მასალები და დანამდვილებით ვიცი, რომ ორი დიდი ფერმერული მეურნეობაა გაკეთებული, რომლებსაც დიდი რაოდენობით აქვთ ჩაფიქრებული საქონლის ყოლა. თუ არ ვცდები, ჰოლანდიური მოდელი აქვთ გადმოღებული. საუბარია, რომ ეკონომიკურად შეძლებული დაღესტნელი მოქალაქეები დაუბრუნდნენ თავიანთ მთიან სოფლებს და იქ დიდი ფერმერული მეურნეობები მოიწყეს, საზღვრებზე კი აქეთ ერეკებიან საქონელს. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს წარსულ გამოცდილებას, რომ თავის დროზე აზერბაიჯანიდანაც საქონელს ერეკებოდნენ საქართველოს მიმართულებით და დღეს მათი ძალიან დიდი სოფლებია ჩვენს ტერიტორიაზე, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.