„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ივანიშვილის სახელისუფლო გუნდს მუდმივად აქილიკებენ იმის გამო, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოში პოლიტიკური დევნის ფაქტების შესაძლო არსებობაზე საუბრობენ. სააკაშვილის გუნდის მხრიდან ხშირად ისმის ცინიკური გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა, ივანიშვილი და მისი გუნდი კი ამ კრიტიკას არაადექვატურად პასუხობენ. ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება 40 მილიონიანი გრანტი, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განსავითარებლად გადასცემს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო თანხაა და რომ ამ სიდიდის გრანტი ერთჯერადად საქართველოს ერთი კონკრეტული სფეროს განსავითარებლად არ მიუღია.
რაც შეეხება თავად გრანტის დანიშნულებას, როგორც ცნობილია, ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამას განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა დავით კირვალიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელმა ანდრეა ფონტანამ შეხვედრაზე პროექტის დაწყების თარიღი და ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები ერთჯერადად ამხელა თანხას გამოყოფენ კონკრეტული სფეროს, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. გრანტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში სურსათის წარმოების გაზრდის და სოფლად სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობა, ასევე გათვალისწინებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარება კოოპერაციის მხარდაჭერისა და სერვის-ცენტრების შექმნის პროგრამაში. გარდა ამისა, ამ პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორის განვითარებაში არასამთავრობო სექტორის ჩართვა არის დაგეგმილი. სამინისტროს პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ ევროკავშირის მიერ ასეთი უპრეცედენტო სიდიდის გრანტის საქართველოსთვის გადმოცემა იმით არის განპირობებული, რომ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის აღორძინება დასახა და შესაბამისად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც ინტერესი გაიზარდა.
„სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ერთობლივად ვიწყებთ“, - განაცხადა დავით კირვალიძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
ფილიპ დიმიტროვმა კი აღნიშნა - „მომავალ წელს ევროპის საქართველოსადმი მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობა იქნება. თუმცა მისია ასევე მუშაობს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე 2014-2017 წლებისთვისაც. ჩვენ შევხვდით ქართულ მხარეს, რათა ის მიმართულებები განგვესაზღრვა, რომლებიც უფრო საინტერსოა საქართველოსთვის ევროპული დახმარების კუთხით. ვფიქრობ შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო“.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, პაატა კოღუაშვილი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს დასახმარებლად ამხელა გრანტის გამოყოფა ევროკავშირის მხრიდან იმას მოწმობს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იციან, თანხა მიზნობრივად დაიხარჯება, რისი გარანტიაც მათ წინა ხელისუფლების პირობებში არ ჰქონდათ.
პაატა კოღუაშვილი: „ამხელა გრანტი ამ სფეროში არასოდეს მიგვიღია. საუბარია 40 მილიონზე, საიდანაც 25 მილიონი არის გრანტი, 15 მილიონი კი კოოპერაციისთვის არის გამოყოფილი. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილი სოფლის მეურნეობის აღორძინებით არ იყო დაინტერესებული. მთელი მისი პოლიტიკა აგებული იყო იმაზე, რომ სოფლად გაჭირვება ხელოვნურად შექმნილიყო, რათა ქართული მიწიდან გლეხკაცი აეყარა და ეს მიწები უცხოელებზე, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირებზე გაესხვისებინა. ეს იყო ის დავალება, რომელსაც სააკაშვილი ასე გუმოდგინედ ასრულებდა. ბიძინა ივანიშვილმა კი შეძლო ის, რომ მას ვერავინ დაუშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას და აღორძინებას. ამდენად, მას მისცეს იმის უფლება, რისი გაკეთების არც უფლება და არც სურვილი სააკაშვილს არ ჰქონდა.
ბიძინა ივანიშვილს მინიჭებული აქვს კარტ-ბლანში იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განავითაროს. ეს გრანტი არის ძალიან დიდი დახმარება და ღმერთმა ქნას, რომ ივანიშვილმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს თანხა ქართული სოფლისა და ქართველი გლეხკაცის მოღონიერებას მოახმარონ. კოოპერაცია სოფლად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან დაწვრილერთეულებული სოფლის მოსახლეობა ვერ გასწვდება იმ ამოცანებს და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე დგას. დღეს გვაქვს დაქუცმაცებული საწარმოო ბაზა და საჭიროა მისი კონსოლიდაცია, ასევე გვჭირდება კოოპერაციული საწარმოები და მათი თანამშრომლობა გადამამუშავებელ საწარმოებთან. სწორედ ამ ძირითადი ამოცანების გადასაწყვეტად არის ეს თანხა (15 მლნ) გამოყოფილი, რაც კოოპერაციისთვის არის გამიზნული. აქვე გეტყვით, რომ ამას შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები სჭირდება. ამიტომ პარლამენტში მუშავდება კანონის პროექტი „ფერმერული საქმიანობისა და ფერმერული გაერთიანებების შესახებ“.
გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და მის პირველ მოადგილესთან შეხვედრა მქონდა, სადაც სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ. სამინისტროს ხელმძღვანელობას ამ სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა სურდა და სწორედ ამის გამო მიმიწვიეს. მათ მიერ დასახული გზა სწორია და იმედია, ყველაფერს სათანადოდ გააკეთებენ, რადგან კარგად ესმით, რომ გლეხკაცი და ქართული სოფელი ქვეყნის ფეხზე დადგომისათვის გადამწყვეტი ფაქტორია.
ბატონო პაატა, არის თუ არა ამ გრანტის ფარგლებში კონკრეტულად გაწერილი, თუ რომელ პროგრამაზე რა თანხა უნდა დაიხარჯოს?
- როგორც მოგახსენეთ, ამ გრანტიდან 15 მილიონი კოოპერაციას უნდა მოხმარდეს, 25 მილიონი კი ზოგადად სოფლის მეურნეობის სფეროს ასაღორძინებლად არის გამოყოფილი. აქედან 3 მლნ განკუთვნილია თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეორგანიზაციისთვის, რეგიონებში მისი სტრუქტურული ერთეულების შესაქმნელად და ა.შ. ამასთანავე, ზუსტად არ მახსოვს, 6 ან 9 მილიონი ლარი უშუალოდ აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროს განსავითარებლად არის გაწერილი. მოგეხსენებათ, აჭარაში მეციტრუსეობა, მეცხოველეობა და მეთამბაქეობა გვაქვს და ეს თანხა ამ დარგების განსავითარებლად დაიხარჯება. დანარჩენი თანხაც მთელს საქართველოში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების აღორძინებას მოხმარდება.
თქვენ თქვით, რომ სააკაშვილს არ აძლევდნენ სოფლის მეურნეობის აღორძინების უფლებას, ხოლო ივანიშვილს ამ მხრივ კარტ-ბლანში აქვს მიცემული. ვისგან იყო ეს აკრძალვა?
- ივანიშვილმა იმთავითვე გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ყველამ დაინახა, რომ ამ კაცმა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებაში სოფლის მეურნეობის როლი და ადგილი სწორად შეაფასა და ისიც ნახეს, რომ ივანიშვილი ამ საკითხში უკან არ დაიხევს. სააკაშვილის და მისი გუნდის საქმიანობა კი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი ქვეყნის ნგრევას ორი გზით ახორციელებდა. პირველი იყო ის, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით მოდიოდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე იყო ის შიში და ტერორი, რომელსაც იგი ქვეყანაში ნერგავდა.
თქვენ მიიჩნევთ, რომ ევროპაში დაინახეს, რომ ეს თანხა მიზნობრივად გაიხარჯებოდა და ამიტომ გვაძლევენ ამხელა გრანტს?
- დიახ, ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯება. მინდა ასევე იმათ გასაგონად ვთქვა, ვისაც ამ თანხის დახარჯვაში მოუწევთ მონაწილეობა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მკაცრი იქნება მათ მიმართ და ღმერთმა არ ქნას, ვინმეს ამ ფულის არამიზნობრივად დასახარჯად წაუცდეს ხელი.