გუშინ საღამოს WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულმა მორიგმა დიპლომატიურმა წერილმა, რომელიც მოსკოვში ამერიკის საელჩოს ეკუთვნის, შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს პოლონელების რწმენა იმაში, რომ აშშ მათ დასახმარებლად მზადაა. წერილით ისიც ირკვევა, რომ ორი მოკავშირე, რომელიც საჯაროდ ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ თავისუფლება ორივესთვის მთავარი ღირებულებაა, არ არის აუცილებელი, ერთნაირად უყურებდეს დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერის საკითხს სხვა ქვეყნებში
საუბარია გრიფით „საიდუმლო“ წერილზე, რომელიც გასული წლის ნოემბრით თარიღდება. წერილი მალევე გაიგზავნა მას შემდეგ, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს სხვა წევრების მიმართ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში აშშ-ს რეაგირების უნარზე (ან უუნარობაზე) ისაუბრა. როგორც ჩანს, შეერთებული შტატები განრისხდა, რომ სიკორსკის მოსაზრებებმა რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია და ამას შეიძლება ხელი შეეშალა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას „გადატვირთვისთვის“ მოსკოვთან.
„რუსეთის მედია და ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან განცხადებებით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 4 ნოემბერს ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში წარმოსთქვა – ნათქვამია წერილში – მათ განსაკუთრებით აღელვებთ სიკორსკის თხოვნა ამერიკული არმიის განთავსებაზე პოლონეთში „რუსული აგრესიისგან დასაცავად“.
“გავლენიანმა რუსმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ბატონი სიკორსკის სიტყვები „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ აშშ-რუსეთის და ნატო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას” – ნათქვამია წერილში.
”სამწუხაროდ, პოლონეთის მთავრობამ ამგვარი რეაქციის შედეგი თავად დათესა, როდესაც აქტიურად დაუჭირა მხარი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას და საქართველოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს – დასძენს იგი – სიკორსკიმ რუსეთის ანტი-დასავლურ ელემენტებს იარაღი მისცა რუსეთის ნატო-სთან და აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების წინააღმდეგ“.
ოფიციალურად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება პოლონეთის მცდელობას, გაავრცელოს დემოკრატია აღმოსავლეთით. 2009 წლის აპრილში ობამას ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას, რომელიც პოლონეთმა და შვედეთმა შეიმუშავეს.
თუმცა, საიდუმლო ანგარიშის ავტორი, როგორც ჩანს, ამ პროგრამით უკმაყოფილოა, რაც იმას გვახსენებს, თუ როგორ აღნიშნა ერთხელ გაბრაზებულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა შირაკმა, რომ პოლონეთი ხმის არამოღების შანსს ხელიდან უშვებს.
გარდა ამისა, წერილი კიდევ ერთ რამეს ჰფენს ნათელს – ავტორი გაისარჯა იმისთვის, რომ მხოლოდ რუსული მხარისთვის მოესმინა. ის რომ გაცნობოდა იმას, რასაც სინამვილეში ამბობდა ბატონი სიკორსკი, შესაძლოა მისი ანგარიში ასეთი ცალმხრივი არ ყოფილიყო.
“მათ შორის ბევრი რამ, რასაც რუსეთის ხელისუფლება ამბობს, ძალიან შთამბეჭდავია” – აღნიშნა სიკორსკიმ (ამ გამოსვლის აუდიოჩანაწერი ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული), თუმცა, მისი თქმით, ნეოსტალინიზმის იდეოლოგია და რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, აჩენს კითხვას მზადაა კი აშშ შეასრულოს მისი ვალდებულება ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლის შესაბამისად, თუკი ამას ნატო-ს წევრების დაცვის აუცილებლობა მოითხოვს.?
„ახლახანს, პოლონეთის საზღვართან რუსეთმა წვრთნები გამართა “ზაპად-2009“. ეს იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა, რომელიც კომუნიზმის მარცხის შემდეგ ნატო-ს საზღვრებთან ჩატარდა, მასში 900 ტანკი მონაწილეობდა. გარდა ამისა, წვრთნების დროს გაშვებულ იქნა სამი საშუალო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური რაკეტა, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ“ – განაცხადა სიკორსკიმ. “ზაპად“ რუსულად ნიშნავს „დასავლეთს““ – დასძინა მან.
თუკი რუსეთში დემოკრატია განვითარდება, ეს პრობლემა გაქრება, “და ჩვენ, ყველანი, სიამოვნებით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ ნირვანაში, რომელიც ევრაზიის დიდ ნაწილში დამკვიდრდება – აღნიშნა სიკორსკიმ – მაგრამ თუკი რუსეთი კიდევ სადმე გაიმეორებს იმას, რაც მან შარშან საქართველოში გააკეთა, მაშინ საკითხი ისე კი არ დადგება, მოისურვებს თუ არა აშშ უსაფრთხოების გარანტიის შექმნას, რომელსაც მე-5 მუხლი ითვალისწინებს, არამედ ასე: შეძლებს კი ის ამას ფიზიკურად და გააკეთებს ამას დროულად, თუკი საქმე საქმეზე მიდგება? სწორედ ასეთ საკითხებზე ვფიქრობთ დღეს ჩვენს რეგიონში“.
ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მინისტრი ამას იტყოდა, ობამამ შეცვალა პოლონეთში რუსეთის საზღვართან ახლოს, ამერიკული პროექტის „ანტი-სარაკეტო ფარის“ ფარგლებში სარაკეტო დანადგარების განთავსების გეგმა. WikiLeaks-ის წერილების თანახმად, ის ფიქრობდა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერდა მას ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხებში. ამგვარად, რაკეტებზე უარის თქმა ობამასთვის ხელსაყრელ დროს მოხდა.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ ვარშავა იმაზე დააფიქრა, რამდენადაა აშშ განწყობილი პოლონეთის ტერიტორიის დასაცავად, თუკი სამხედრო საფრთხე რეალური გახდება. ბატონი სიკორსკის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმების მე-5 მუხლი კარგია, მაგრამ ამერიკელი ჯარისკაცები – უკეთესი.
“შტაბის წარმომადგენლებს ნატოში უყვართ იმის თქმა, რომ ღმერთმა პოლონეთი სატანკო ომისთვის შექმნა – განაცხადა მან – ახლა სატანკო წვრთნები ჩვენი დედაქალაქიდან სულ რაღაც 250 კილომეტრში მიმდინარეობდა…“
„როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობს, და არა მხოლოდ ის, ცივი ომის დროს იმავე გერმანიას ამშვიდებდა არა იმდენად მე-5 მუხლის არსებობა, რომელიც არსებითად ძალიან ბუნდოვანია, არამედ ქვეყანაში 300 000 ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნა“ – აღნიშნა სიკორსკიმ.
ზბიგნევ ბჟეზინსკი ცივი ომის დროს აშშ-ს პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში.
„ახლა ჩვენს ტერიტორიაზე, ბოლო დათვლებით, ექვსი ამერიკელი ჯარისკაცია… როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ეს 900 რუსული ტანკის ფონზე?“ – ჰკითხა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდიტორიას.
მოგვიანებით, აშშ-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჯარისკაცების რიცხვს გაზრდიდა და დღეს მათი რიცხვი იქ უფრო მეტია, ვიდრე 2009 წელს, თუმცა დიპლომატიური წერილები ცხადყოფს, რომ მეხუთე მუხლისადმი ნდობა და ამერიკის როგორც მოკავშირის იმიჯი, რომელსაც შეუძლია სრულყოფილად დაიცვას პოლონეთი, მნიშვნელოვნად დაზარალდა. „თუკი საქმე საქმეზე მიდგება“, როგორც ჩანს უკეთესი იქნება, თუკი პოლონეთი მზად იქნება პრობლემებს თავად გაუმკლავდეს.
[foreignpress.ge]