"არსებობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობა. ქართველთა ეროვნულ იდენტობას „მამული, ენა, სარწმუნოება“ ადგენს, სახელმწიფოებრივ იდენტობას - დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუცია.
რასაკვირველია, ეს ორი იდენტობა არ შეიძლება შინაგანად წინააღმდეგობრივი იყოს. საქართველო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური ერი-სახელმწიფოა, ანუ ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული სუვერენული ხალხის მეუფება, რომელსაც თანამედროვეობის შესაბამისი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ფორმა აქვს.
ვინც ფიქრობს, რომ კონსტიტუციიდან სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართების განმსაზღვრელი კონკორდატის ხელშეკრულება, როგორც ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთი ძირითადი, დამდგენი ღირებულებითი ნორმა-პრინციპი, უნდა ამოვიღოთ, იგი მიიჩნევს - სახელმწიფოებრივი იდენტობა კონკრეტულად სარწმუნოებრივი, საზოგადოდ - ეროვნული, იდენტობიდან არ უნდა ამოდიოდეს.
თუ არა ეროვნული იდენტობა, მაშ რა უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საფუძველთა საფუძველი? კონკორდატის მოწინაარმდეგეთა არგუმენტი ნათელია: მხოლოდ ლიბერალურ-დემოკრატიული, ანუ სარწმუნოებრივად ნეიტრალური, „სეკულარული“ და უნივერსალური, თანამედროვე კონსტიტუციური ღირებულებები: ე.ი. ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ხელისუფლებათა დანაწილება, ურთიერთშეკავება და დაბალანსება, მათი კანონით ბოჭვა და ა.შ.
რასაკვირველია, ეს სახიფათო მოთხოვნაა: ლიბერალურ-დემოკრატიული უნივერსალიზმი მხოლოდ ფორმაა სუვერენული ერის თანამედროვე სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა, ხოლო შინაარსი - ამ ერის ტერიტორიული, ენობრივ-კულტურული და სარწმუნოებრივი იდენტობაა.
დღეს, ამ გლობალური და ტოტალური ეპოქალური კრიზისის პირობებში, მსოფლიო ერები სწორედ იდენტობის გამოცდას გადიან: როგორც ჩანს, ეს კრიზისი ბიფურკაციის წერტილია - როგორი იქნება პიროვნებისა თუ ერი-სახელმწიფოს იდენტობა ახალ, ვუწოდოთ მას - ტექნოლოგიურ ეპოქაში?
მთავარი არსი ამ გლობალური და ტოტალური კრიზისისა - ერი-სახელმწიფოების და მათი მოქალაქეების ადაპტაციაა ტექნოლოგიური ერის (ერა - ჟამია, ასევე ერი-ერია) ახალ მოცემულობასთან, რომელიც საფრთხეებისა და შესაძლებლობების, ძლიერი და სუსტი მხარეების აბსოლუტურად განსხვავებულ, ვიდრე ეს იყო უკვე წერტილდასმული ინდუსტრიალიზმისას, გადაზრებას გულისხმობს.
რადიკალური "ლიბერალურ-დემოკრატიული უნივერსალიზმი და გლობალიზმი", რომელიც ტერიტორიული (მამული), ენობრივ-კულტურული (მშობლიური ენა) და სარწმუნოებრივი (რელიგიური აღმსარებლობა, მრწამსი) იდენტობისგან განურჩევლად, მიუხედავად დროისა და ადგილისა, გვთვაზობდა არა ერი-სახელმწიფოს, არამედ მსოფლიო მოქალაქეობის „პრივილეგიებს“, ახლა კრიზისული ადაპტაციის ფაზაშია, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი უპირატესობები ტოტალურ ნაკლად, ხოლო შესაძლებლობები - გლობალურ საფრთხეებად იქცა!
რასაკვირველია, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევაც იგივეა - ერისა და სახელმწიფოს, ასევე მისი მოქალაქეების ადაპტაცია ახალ, კრიზისულ და ეპოქალურ რეალობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხეებისა და სისუსტის გამო ჩვენი იდენტობა ან უნდა დავთმოთ, ან პირიქით - იდენტობასტან დაკავშირებული ეს საფრთხეები და სისუსტები ჩვენსავე შესაძლებლობებად და უპირატესობებად ვაქციოთ.
რასაკვირველია, იდენტობის დაცვის არჩევანის საპირისპიროდ, ადაპტაციის ეს გზაც შეგვიძლია ავირჩიოთ; რადიკალური, უკიდურესი და უტრირებული ფორმით, ეს გზა ასე გამოიყურება: შეგვიძლია, უარი ვთქვათ არა მხოლოდ სარწმუნოებრივ, არამედ ენობრივ და ტერიტორიულ თვითობაზეც და როგორც ღირებულებები, ისინი საბოლოოდ დავივიწყოთ. მაშინ უნდა შევქმნათ ვირტუალური, „ონ-ლაინ“, ფიზიკურის სივრცისა და დროისგან დამოუკიდებელი, გლობალურ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებში, რასაც "ხელოვნური ინტელექტი" მართავს, კონკრეტული ენის არ მქონე (სავარაუდოდ უნივერსალურად ადაპტირებული ინგლისურით, ანდა სულაც "მანქანური ენით "მოლაპარაკე) და ცხადია, ყოველგვარი მრწამსისგან თავისუფალი „კომპიუტერული-პროგრამა“, რომელიც ვირტუალურ მოქალაქეებს „მოემსახურება“, როგორც სახელმწიფო!
პიროვნულადაც -ადამიანური იდენტობა, ვინაიდან საკუთარი ორგანიზმი გვექცევა საფრთხედ, უნდა დავთმოთ, ხოლო აბსოლუტური ტექნოლოგიური ადაპტაცია - ფიზიკური სხეულისგან ვირტუალობაში გადასვლა, ბიოლოგიური დეტერმინიზმისგან სრული გათავისუფლება - მოკლედ, კიბორგიზება იქნება.
ბუნებრივია, კიბორგს არც ტერიტორიული, არც ენობრივი და არც მით უმეტეს - სარწმუნებრივი იდენტობა, არაფერში სჭირდება!"