საქართველოს ახალმა მთავრობამ ოპოზიციის წევრები დააპატიმრა და კრიტიკოსებმაც განგაში ატეხეს. მაგრამ სამართალმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ სულ რამდენიმე კვირის წინ, არჩევნების შემდეგ მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი რეჟიმის ბევრი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. ამას დასავლეთში კრიტიკოსთა შეშფოთებისა და განგაშის ტალღა მოჰყვა. ეს ნაჩქარევი კრიტიკა კი, რომლითაც წარსული მთავრობის მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებანი იჩქმალება, შანსს უსპობს სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას.
ნოემბრის დასაწყისში დააპატიმრეს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და რიგი სხვა ყოფილი ჩინოვნიკებისა. დასავლურ პრესაში ამას ნაჩქარევი სტატიების მთელი სერია მოჰყვა. ისინი პოლიტიკური შურისძიების აჩრდილის გამო აფრთხილებდნენ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს. გასაკვირი არაა, რომ ვერც მედიაში ატეხილმა აურზაურმა და ვერც დასავლელი ლიდერების მკაცრმა სიტყვებმა ვერ შეაჩერა დაპატიმრებების ტალღა და უკვე გამოცხადდა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი (რომელსაც მცირე ხნით პრემიერმინისტრის პოსტიც ეკავა), ვანო მერაბიშვილი, ასევე დაიბარეს დაკითხვაზე. დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით, დაპატიმრებათა ტალღა არაფერს კარგს არ უქადის ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აწ უკვე ოპოზიციად ქცეულმა ყოფილმა მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (როგორც ჩანს, უსამართლოდ) აგრესიულად მიაკერა რუსეთის მარიონეტის იარლიყი.
მაგრამ მთელი ამ საჯარო შიშისა და შეშფოთების ფონზე, გასაოცრად ცოტა ყურადღება დაეთმო იმას, თუ ვინ დააპატიმრეს და რატომ. იმ დროს, როდესაც ინგლისურენოვანი პუბლიკაციების ლომის წილი სიტუაციას აფასებს, როგორც ალყაშემორტყმული პროდასავლური ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ წმენდას, რეალურად, ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას გავაანალიზებთ, იდეა, რომლის თანახმადაც ახალაია ან მერაბიშვილი და დანარჩენებიც, უსამართლოდ დადანაშაულებული, ალყაში მოქცეული დემოკრატები არიან, გაიფანტება.
ახლა იშვიათად ახსენებენ იმ ფაქტს, რომ ახალაიამ და მერაბიშვილმა, რომლებისაც ასე ეშინოდათ, შექმნეს თვალთვალისა და უშიშროების ყოვლისმომცველი და, როგორც ჩანს, უკანონო აპარატი. სწორედ ამან შეუწყო არსებითად ხელი ხელისუფლების დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნას და სწორედ ეს დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელად გაიმარჯვა.
ახალაია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი და ერთ დროს ქვეყნის პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელი, მას შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, რაც საქართველოს გაბერილი პენიტენციარული სისტემიდან სისტემური ძალადობის ამაზრზენმა კადრებმა გამოჟონა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც სკანდალი ატყდა, ახალაია უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, სამოქალაქო საზოგადოებამ და საპროტესტოდ გამოსულმა ხალხმა მისი, როგორც საპატიმროების დე ფაქტო უფროსის, გადადგომა მოითხოვეს. თავდაპირველად ის წინააღმდეგობას სწევდა, მაგრამ მერე მოთხოვნას დაემორჩილა. (გადადგა აგრეთვე რეალური მინისტრიც, ხათუნა კალმახელიძე, რომელსაც, გავრცელებული აზრის თანახმად, დიდი ძალაუფლება არ ჰქონდა).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკანდალის საპასუხოდ თავად გამოსცა ჩანაწერები, რომლებიც „საჭირო“ დროს ჩაუვარდა ხელში და ოპოზიციის წევრები დააპატიმრა. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული, უცნაური ტრადიციის გაგრძელება იყო – ყველა მოულოდნელობაზე ის მამხილებელ ვიდეო და აუდიომტკიცებულებებს ავრცელებდა. ის ფაქტი, რომ ახალაიას დაცემა გაჟონილმა ვიდეოკადრებმა განაპირობა, მართლაც ირონიის შემცველია.
მერაბიშვილი, სააკაშვილის კაბინეტის თითქმის ყველაზე ძველი წევრი, შინაგან საქმეთა ძლევამოსილი მინისტრი იყო. მას ქვეყნის პოლიციის წარმატებული რეფორმების მეთაურობასაც მიაწერენ და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების უამრავი შემთხვევის თაოსნობასაც. გარდა იმისა, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა შიშის ატმოსფეროზე, რომელიც დათესა სახელმწიფო უშიშროების ყოვლისმომცველმა სისტემამ, მისი და ახალაიას ძმის, დათას სახელი უკავშირდება 28 წლის სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობას. გირგვლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მოკლეს, როგორც ამბობენ, მწვავე უთანხმოების შემდეგ, რომელიც 2006 წელს თბილისის ერთ კაფეში მოხდა, სადაც მერაბიშვილის ცოლიც იმყოფებოდა. საქმე, რომელიც ოფიციალურ პირთა დაუსჯელობის და დამთმობი სასამართლო სისტემის სიმბოლოდ იქცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ჩინოვნიკის დაპატიმრებით დასრულდა. მერაბიშვილის როლი თითქმის მთლიანად იყო იგნორირებული. ეს განწყობები აისახა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნაში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე არასაკმარისად და განზრახ ცუდად გამოიძიეს. კიდევ უფრო ავისმომასწავებელი გამოდგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამოძიება, რომელმაც 2008 წელს, სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდან მომავალი ეთნიკური ქართველებით სავსე ორ ავტობუსზე თავდასხმა მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელს დაუკავშირა. თბილისი ამ თავდასხმაში სეპარატისტებს ადანაშაულებდა.
უფრო ფართო კონტექსტში კი სევდიანი რეალობა ასეთი იყო – წინა ხელისუფლება თავის ამაღლებულ პროდასავლურ რიტორიკას საქმით ვერ ამტკიცებდა. მართალია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ენთუზიაზმით სავსე დამოკიდებულებამ დასავლეთისადმი და შედარებითმა წარმატებამ საქართველოს მოდერნიზაციის პროცესში, ალბათ, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათ კოლეგებზე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი პროდასავლური ბრენდი არ უნდა შეგვეშალოს ნამდვილ დემოკრატიზაციაში, რასაც გვიდასტურებს კიდეც ცნობები წინასაარჩევნო გარემოს ანტიდემოკრატიული ხასიათის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან იყო გატაცებული საერთაშორისო ინდექსებითა და რეიტინგებით, დემოკრატიის საზომთა უმეტესობა ძალიან განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ხატავდნენ ვითარებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები.
„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში 2005 წლის შემდეგ დემოკრატიზაციის პროცესს პროგრესი არ განუცდია, ხოლო პრესის თავისუფლება დაახლოებით ისეთივე დარჩა, როგორიც იყო ვარდების რევოლუციამდე, ედუარდ შევარდნაძის კლეპტოკრატიული მმართველობისას. სხვა შეფასებები კიდევ უფრო ნაკლებად იმედისმომცემია: Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსი 2006-2011 წწ. უკუსვლას ადასტურებს. ხოლო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, 2003 წლის შემდეგ პრესის თავისუფლების სფეროში დიდ რეგრესს აფიქსირებს. დღეს საქართველო პრესის თავისუფლების მაჩვენებლით, 104-ე ადგილამდე ჩამოვიდა, ის ჩამორჩება თავისუფლების ისეთ „ნიმუშებს“, როგორებიც არიან არცნობილი სამხრეთი კვიპროსი, ჩადი და ეკვადორი. ეკონომიკის ქართული რეფორმაც კი, რომელმაც, როგორც ბიზნესზე ორიენტირებულმა, დიდი შექება დაიმსახურა, ყურადღებით დაკვირვებისას, სრულიად ამაოდ გამოიყურება. და მართლაც, ძალისხმევას, რომელიც მილიარდერ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ვიქტორ იანუკოვიჩის ტიპის, ანტიდემოკრატიული კონტრრევოლუციის ინსპირატორად ასაღებს, ვერაფრით განამტკიცებს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდი რეპუტაცია. თუ მხედველობაში მივიღებთ დაუსჯელობის ატმოსფეროს, რომელიც განმსჭვალავდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თითქმის მთელ პერიოდს, ახალი მთავრობა პოლიტიკურადაც და მორალურადაც უბრალოდ ვალდებულია, გამოიძიოს და გამოასწოროს წარსული დანაშაულებანი.
ამიტომ ახალი მთავრობის მიერ განხორციელებული დაპატიმრებები სათანადო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. მართალია, არავის უნდა გაუკვირდეს დაპატიმრებებზე რეაგირება, მაგრამ დასავლეთის რისხვა ძალიან ნაჩქარევი იყო. საბოლოო ჯამში, ახალი მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული იდეალებისადმი და კანონის უზენაესობისადმი გამოცდის არა იმდენად დაპატიმრებები, არამედ ქართული სასამართლო სისტემის ერთგულება ტრანსპარენტულობისა და სამართლებრივი პროცედურებისადმი. ამიტომ მკაცრი შეფასებების გაკეთება ნაადრევია და შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს უკვე არსებული განაწყენება თბილისში, სადაც, ბევრის აზრით, დასავლეთი ძალიან იყო დაახლოებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ხშირად ძალიან პასიურად რეაგირებდა უკანონობაზე.
ახალი მთავრობის დადანაშაულება და ხმამაღალი კრიტიკა (სხვათა შორის, ამ მთავრობამ არჩევნებში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემები დაძლია), „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გაიგოს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალებისა და მთავრობების შტაბბინებში „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მხარდაჭერა რეფლექსების დონეზეა გამჯდარი. „ქართული ოცნების“ თვალთახედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ძალადობრივი მმართველობისთვის მხოლოდ მსუბუქი საყვედურები მიიღო, აღარაფერს ვამბობთ ომზე რუსეთთან, ხოლო ახალი მთავრობის მცდელობამ, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, საპროტესტო გმინვა გამოიწვია. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ მათ ასეთი დასკვნისთვის მიზეზი არ მიეცათ.
ცხადია, საქართველოში დემოკრატიის დამყარებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდი მართვა იქით იყოს და, ახალი მთავრობა რიტორიკით და რეაქციით ვერ აცნობიერებს ლეგიტიმურ შიშს იმაზე, რომ საქართველოში ძალაუფლება შეიძლება ერთი ავტოკრატიდან მეორეს გადაეცეს. მაგრამ დემოკრატიული სიმწიფის ტვირთი დასავლეთმა უნდა აიღოს და არა ექვსი კვირის წინ ხელისუფლებაში მოსულმა ქართულმა მთავრობამ და მისმა გამოუცდელმა პრემიერმინისტრმა. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის ქმედებებს უნდა დააკვირდნენ და მას კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულება უნდა მოსთხოვონ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმის განცხადება, რომ ხელისუფლების პირველი კონსტიტუციური ცვლა საქართველოში მარცხით დასრულდა. ასეთი განცხადებები საქართველოს მთავრობის გაუცხოების რისკს შეიცავს, მთავრობისა, რომელიც უკვე ისედაც სენსიტიურად რეაგირებს დასავლეთის არაობიექტურობაზე. თუ დასავლეთი მართლაც წუხს საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარების გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისს მიეცეს დრო და სივრცე სამართლებრივი პროცესების განსახორციელებლად და სამართლიანობის აღსადგენად.
foreignpress.ge