ჯარიმებზე განაკვეთების შემცირების დრო მოვიდა

ჯარიმებზე განაკვეთების შემცირების დრო მოვიდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო მეწარმეების შემოწმება. შესაბამისად, დაჯარიმების ფაქტებმაც იმატა. მეწარმეები კონტროლის მექანიზმს არ აპროტესტებენ, მაგრამ უაზროდ მაღალი ჯარიმების შემცირებას კი ნამდვილად ითხოვენ.  ფინანსთა მინისტრი გარკვეულწილად იზიარებს ბიზნესის შენიშვნებს და პირობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში ჯარიმების განკვეთს გადახედავს. მანამდე კი მეწარმეებმა ასი ყური და თვალი უნდა გამოიბან, რადგანაც ქვეყანაში ჯერჯერობით კვლავაც მაღალი ჯარიმები მოქმედებს.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, 3 დეკემბრიდან განახლებული საკონტროლო შესყიდვები სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის გასაკონტროლებლად გამოიყენება.

„საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი, გამოვიდეს ფსედომომხმარებლის როლში და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე.

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა და იმავე ობიექტში სისტემატურად“, - აცხადებს მოისწრაფიშვილი.

მეწარმეთა უმრავლესობას კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით კითხვები მაინც და მაინც არ აქვს, მაგრამ მაღალ ჯარიმებთან დაკავშირებით ფინანსთან სამინიტროს არაერთხელ შესჩივლეს. სხვათა შორის, მათ პოზიციას ეთანხმება თავად მინისტრიც. ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეს მოქმედი ჯარიმები არაადეკვატურად მაღალია და ამ დროისთვის მათ შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. შესაბამისი ცვლილება კანონში აუცილებლად შევა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგადასახადო გაცილებით ლოიალური გახდება და შემოსავლების სამსახურის სერვისების საფასურიც შემცირდება.

საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას სალარო აპარატის გარეშე მუშაობა, საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა, ან ქვითარში გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ სამომავლოდ პირველი კანონდარღვევა 200 ლარით დაჯარიმდება.

მეწარმეებამდე კი ჯარიმებისა და საურავებისგან უბრალო მოქალაქეები გათავისუფლდნენ. საუბარია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე.

უკვე გადაწყვეტილია, რომ სახდელისაგან გათავისუფლება როგორც აღუსრულებელ, ასევე აღსრულებულ ნაწილსაც ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ პირებს, რომელთა მიმართ ფინანსური სანქციები უკვე გამოიყენეს, ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი თანხები ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდებათ. ასევე უქმდება მათ მიმართ განხორციელებული ყველა იძულებითი სახის ღონისძიება: ყადაღა, ინკასო და ა.შ.

ცვლილებას „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელთა ავტორებიც არიან: საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გიგლა აგულაშვილი და ასევე ნაციონალი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი.

2012 წლის პირველ ოქტომბრამდე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო თანხა 144 316 688 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან აღსრულების პროცესშია საქმეები 133 790 769 ლარზე. სახელმწიფომ კი ფიზიკურ თუ  იურიდიულ პირებს ბიუჯეტიდან, უკან, ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი 10 525 919 ლარი უნდა დაუბრუნოს.