პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფის თაობაზე დღევანდელი მთავარი პოროკურორი ჯერ კიდევ პროკურორობის კანდიდატობის დროს საუბრობდა, თუმცა მაშინ არჩილ კბილაშვილი გენერალური პროკურატურის აღდგენასა და მისი ფუნქციების დაბრუნებაზე საუბრობდა. კბილაშვილი ამბობდა, რომ იუსტიციის მინისტრი ნიშნავდა ყველა ხელმძღვანელ პროკურორს და მთავარი პროკურატურა გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. საკანომდებლო ცვლილებებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, პროკურატურა კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში რჩება, თუმცა პროკუტარურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები იმიჯნება. კანონპროექტი უკვე შესულია პარლამენტში და მალე საპარლამენტო კომიტეტები მის განხილვას შეუდგებიან.
როგორც კანონპროექტის ავტორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე განმარტავს, „საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პროკურატურის ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. აქედან გამომდინარე, პროკუტარურა ვერ გამოეყოფა იუსტიციის სამინისტროს, ვიდრე კონსტიტუციაში არსებობს ეს ჩანაწერი. საკონსტიტუციო ცვლილებებს გარკვეული პროცედურა და პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 სჭირდება. ასეთი შესაძლებლობა ჯერ არ არის და შესაბამისად, არც საკონსტიტუციო ცვლილებებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ვერ გადის იუსტიციის სამინისტროს ფუნქციიდან. სხვა საკითხია, რომ უფლებამოსილებათა გამიჯვნა კანონის ფარგლებში არის შესაძლებელი“.
კანონპროექტი, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა, სწორედ იმას ითვალისწინებს, როგორ გაიმიჯნოს უფლებამოსილებები იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს შორის. ლაპარაკია იმაზე, რა უფლებამოსილება დარჩეს იუსტიციის მინისტრს და რა უფლებამოსილება გადაეცეს მთავარ პროკურორს.
როგორც სანდრო ბარამიძე აცხადებს, კვლავ რჩება მთავარი პროკურორის თანამდებობა.
„ძირითადი ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ ქვემორე პროკურორებს დანიშნავს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი, როგორც ახლაა კანონით გათვალისწინებული. იუსტიციის მინისტრს, როგორც ასეთი, საპროკურორო უფლებამოსილებები აღარ ექნება. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ვინ იქნებოდა პროკურორების ხელმძრვანელი. იუსტიციის მინისტრი, პროკურორების ხელმძღვანელი ამ კანონპროექტოთ აღარ არის“, - აცხადებს სანდრო ბარამიძე.
მისივე განმარტებით, არსებობს ქვეყნები, სადაც პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, არსებობს ქვეყნები, სადაც პროკურატურა სასამართლო სისტემის შემადგენლობაშია. იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით მათი უფლებამოსილებები იმიჯნება, პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთად მატულობს.
„იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილების ქვეშ რჩება, პირველ რიგში, სისხლის სამართლის პრინციპების განსაზღვრა, პროკურატურის ორგანოების შექმნა-გაუქმება, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და ზოგადად, ყველა სხვა საკითხი, რომელიც საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებას არ ეხება“, - განმარტავს სანდრო ბარამიძე.
იურისტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ რაკი საკონსტიტუიციო ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტს ამ ეტაპზე არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, პროკურატურა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ერთეული, იყოს ცალსახად განსაზღვრული კომპეტენციით - მისი საქმიანობის ფარგლები და მისი დამოუკიდებლობა განსაზღვრული იყოს ამ სისტემის, ანუ იუსტიციის სამინისტროს შიგნით. ლია მუხაშავრია თვლის, რომ ასეთი ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით.
„პროკურატურის მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ხელს შეუწყობს, საზოგადოებამ იცოდეს, ზუსტად რას საქმიანობს პროკურატურა და, რომ ამ საქმიანობის ფარგლებში ის არის გამიჯნული იუსტიციის სამინისტროსგან“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
შესაბამისი კანონპროექტის განხილვა მალე საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება და პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან გამიჯვნის თემა ფართო მსჯელობის საგანი გახდება.
ლია მუხაშავრია თვლის, რომ პასუხისმგებლობის გამიჯვნა ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი სტრუქტურებისთვის.
„ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ იქნება მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, მაშინ პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება არის აუცილებელი. ძველი სისტემით ისე იყო მოწყობილი, საკანონმდებლო დონეზე, რომ ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელი იყო. სწორედ ეს ავლენდა ხელისუფლების პოლიტიკას, რომელსაც არ სურდა, პასუხისმგებლობა დაკისრებოდა პროკურატურას მთლიანად, ან მისი ცალკეულ წარმომადგენელს“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზიდანაც ძალზე პოზიტიურად შეფასდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მთლიანად ქვეყნის საქმიანობას და განსაკუთრებით, პოროკურატურისას.
„ეს რა თქმა უნდა, მათ თვალშიც პროგრესული ნაბიჯი იქნება. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ თუკი არსებობს ობიექტურობის და სამართლიანობის კრიტერიუმებით ვინმეს შეფასების პოლიტიკური ნება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის როლი და ფუნქცია დაკონკრეტდეს. თუ პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, დაკონკრეტდეს ვინ იქნება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ობიექტი“,- აცხადებს მუხაშავრია.
მისივე შეფასებით, სისხლის სამართლებრივი დევნები და გამოძიებები ახალი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ გახდება უკვე თავად პროკურატურის პასუხისმგებლობის საგანი.
„ახლა, როდესაც გამოიკვეთება, რომ პროკურატურა აგებს პასუხს სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებზე ზედამხედველობისა და კანონიერების თვალსაზრისით, უფრო მკაფიო იქნება, თუ ამ თვალსაზრისით დარღვევა გამოიკვეთება, ანუ პოლიტიკური ნიშნით მოხდება და არა დანაშაულის გამო ვინმეს დევნა და, მაშინ, პასუხისმგებლობაც იქნება გაცილებით დაკონკრეტებული და ფოკუსირებული პროკურატურის მიმართ“,- აცხადებს მუხაშავრია.
როგორც ალექსანდრე ბარამიძე თვლის, ეს მოდელი უკეთესი იქნება იმითი, რომ ერთი ადამიანის, მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის ხელში არ იქნება თავმოყრილი მეტისმეტად დიდი ძალაუფლება.
„ყოველთვის უკეთესია, ძალაუფლება გადანაწილებული იყოს სხვადასხვა პირებზე, რათა ამით გამოირიცხოს სხვადასხვა ტიპის გაუგებრობები“, - მიიჩნევს ბარამიძე.