აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსის გავრცელების ვერსიას სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყაროები აცხადებენ, აშშ-ის სპეცსამსახურები ვირუსის გავრცელების თავდაპირველი კერის განსაზღვრას ცდილობენ. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება იმის შესაძლებლობა, რომ „ლაბორატორიაში ინციდენტის ან ნიმუშებთან გაუფრთხილებელი მუშაობის შედეგად ვიღაცა დაინფიცირდა და შემდეგ სხვებს გადასდო ვირუსი“.
ტელეკომპანია CNN აღნიშნავს, რომ აშშ-ის დაზვერვას ჯერ არ გაუკეთებია საბოლოო დასკვნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
16 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19 ჩინურ ლაბორატორიაში წარმოიშვა.
„ახალი კორონავირუსის წარმოშობისა და გადაცემის გზებზე ჩინეთის პოზიცია მკაფიოა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სამეცნიერო საკითხია, რომელიც მეცნიერებმა და სამედიცინო ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.