ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურის არქივების განსაჯაროვებას და ყველა იმ ფსევდო-ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლუსტრირებას მოითხოვს, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. ამასთანავე, ადვოკატი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.
ხაჭაპურიძის თქმით, ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ლუის მორენო ოკამპოს მიმართა სარჩელით, რომელშიც მივუთითებდა, რომ საქართველოში ე.წ. ვარდების ხელისუფლებამ ქვეყანაში დაამყარა დანაშაულებრივი რეჟიმი. შედეგად ადგილი ჰქონდა ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნა-დაპატიმრებას, მედიის თავისუფლების შეზღუდვას, ქონებების უკანონო ჩამორთმევებს, უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობებს და რეჟიმისათვის დამახასიათებელ სხვა მოვლენებს. ადვოკატი ამბობს, რომ სარჩელი უკვე მიღებულია წარმოებაში.
„საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადასტურდა ჩემი პოზიცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მართლაც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები. პარლამენტის მიერ 190 პირი პოლიტპატიმრად და 25 პირი პოლიტიკურ დევნილად იქნა აღიარებული. ხსენებული დოკუმენტი დამატებითი მტკიცებულების სახით გადაეგზავნება ჰააგის პროკურორს. ამასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობა, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველს იძლევა“, - აცხადებს ადვოკატი ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, პარლამენტის ამ დადგენილებით დადასტურდა, რომ 2003 წლიდან ხელისუფლების სათავეში იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. ამასთანავე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ანგარების მიზნით ფარულ გარიგებაში იყვნენ ხსენებულ რეჟიმთან. ხაჭაპურიძის განცხადებით, ისინი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით აწარმოებდნენ რეჟიმთან ბრძოლის იმიტაციას, რაც ქმნიდა რეჟიმის უძლეველობის იმიჯს, აღნიშნული მოღალატეობრივი ქმედებით კი ხსენებული ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ისედაც დათრგუნულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო უიმედო მდგომარეობაში აყენებდნენ.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით განვითარების, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების დამკვიდრებისა და შემდგომში მოსახლეობის მხრიდან სწორი არჩევანის გაკეთების მიზნით, მოხდეს სააკაშვილის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია, რისთვისაც განსაჯაროვდეს უშიშროების სამსახურის არქივებში არსებული ინფორმაცია იმ ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში, კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპების საწინაარგმდეგოდ, ანგარებით, საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, ფარულად თანამშრომლობდნენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმთან, რასაც შედეგად მოჰყვა რეჟიმის გახანგძლივება, ყველა თანამდევი შედეგის გათვალისწინებით“, - მიმართავს ადვოკატი მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს.
ამასთანავე, ადვოკატი ითხოვს, რომ ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მფოყი პირები, მერაბ რატიშვილი და ბესარიონ ხვინთელიანი პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად იქნენ ცნობილნი, მათი საქმეები დროულად გადაეგზავნოს სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.
კიდევ ერთი საჩივარი, რომლითაც ადვოკატი ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს, მოქალაქე ანა სადგომისაშვილის ინტერესებს იცავს და თბილისში თაღლითების ორგანიზებული ჯგუფის მოქმედების შესახებ იუწყება. ადვოკატის თქმით, წლების განმავლობაში თბილისში მოქმედებდა თაღლითთა დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის მიზანიც იყო იპოთეკური სესხების მეშვეობით მოქალაქეთა ბინებისა და ქონებების დანაშაულებრივი გზით დაუფლება. ხაჭაპურიძის განცხადებით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულნი იყვნენ იპოთეკარი ნატო ოსეფაშვილი, ნოტარიუსი ლალი რობაქიძე და ასევე კერძო არბიტრაჟი „ბარისტერის“ არბიტრები, სიბაშვილი და გელაშვილი, დანაშაულებრივ ჯგუფს მფარველობას უწევდნენ სხვადასხვა რანგის მაღალჩინისნები, მათ შორის გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე. ადვოკატი ამბობს, რომ ამ პირების უკანონო, თაღლითური ქმედების შედეგად საცხოვრებელი ბინები უამრავმა მოქალაქემ დაკარგა, მათ შორის ანა სანდომისაშვილმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ უშედეგოდ. აქედან გამომდინარე, ხაჭაპურიძე საქმეზე თაღლითობის მუხლით გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
გარდა ამისა, შალვა ხაჭაპურიძე წინა ხელისუფლების მხრიდან მისი პოლიტიკური მოტივით დევნაზე საუბრობს და მთავარ პროკურორს მიმართავს განცხადებით, ამ დევნის განმახორციელებელი ადამიანების მიმართ საქმე აღძრას.
„2007 წლის 28 აგვისტოს მომივიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც უკანონოდ, თბილისის საპატრულო პოლიციის მიერ ჩემს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მალევე გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ საქმეზე უნდა გამოტანილიყო შეწყვეტის დადგენილება, მაგრამ ქალაქის მაშინდელმა პროკურორმა, მამუკა გვარამიამ განმიცხადა, რომ ოპოზიციური საქმიანობისთვის თავი დამენებებინა და როგორც მან აღნიშნა, „გამარჯვებული“ პარტიის მხარეს გადავსულიყავი და ასეთ შემთხვევაში, ჩემს მიმართ საქმეს შეწყვეტდა. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხიც კი არ გამიცია და პროკურატურამ საქმე ჩემი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე არ შეწყვიტა. შედეგად დავკარგე დაზღვევის თანხა, 45 000 აშშ დოლარი და ასევე ჩემი მანქანაც. საქმის შეწყვეტის დადგენილება კი მხოლოდ გუშინწინ მომივიდა, ანუ შემთხვევიდან 5 წლის შემდეგ“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
გარდა ამისა, მისი თქმით, 2009 წლის ზაფხულში იგი აქტიურად აპროტესტებდა მარტვილში მიწებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს და ამის გამო თბილისში საღამოს საათებში თავს დაესხა რამდენიმე პირი. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმას აშკარა პოლიტიკური ნიშანი ჰქონდა. მისი თქმით, ჩატარდა ექსპერტიზაც, მაგრამ ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ თავად ხაჭაპურიძის დაზიანებაზე საქმე შეწყვიტა და მხოლოდ მისი მანქანის ფარის დაზიანებას იძიებდა.
„გამოდის, რომ ჩემი მანქანის ფარს იმ ხელისუფლების პირობებში უფრო მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე პირადად ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, ეს საქმეც დღემდე გამოუძიებელია.
„გარდა ამისა, ე.წ. ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით დამიკავშირდა ნიკა გოგუაძე და 2011 წლის 27 მაისს, როდესაც წინა დღის აქციის შემდეგ ნაცემი ვიყავი, ჩემი და ნიკა გოგუაძის საუბარი ტელევიზიით გამოქვეყნდა ისე, რომ არავის წარმოუდგენია იმის მადასტურებელი დოკუმენტი, რომ ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება ჰქონდათ. ამდენად, დარღვეული იქნა ჩემი კონსტიტუციური უფლება. ამასთანავე, 26 მაისს მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პარტიის რამდენიმე წევრი სასტიკად ვიყავით ნაცემები, რასთან დაკავშირებითაც დაკითხულებიც კი არ ვყოფილვართ“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
იგი მის მიმართ უკანონობის ჩამდები ყველა პირის დასჯას ითხოვს და განმარტავს, რომ ეს ფაქტები ჰააგის პროკურატურისადმი გაგზავნილ სარჩელშიც აქვს აღწერილი. ადვოკატი ამბობს, რომ ჰააგის პროკურატურასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ჰააგიდან პერიოდულად მოსდის ამა თუ იმ დოკუმენტის, ან მტკიცებულების გადაგზავნის შესახებ მოთხოვნა, რასაც ხაჭაპურიძე ასრულებს ხოლმე. ამის მაგალითად ადვოკატს მოჰყავს ის გარემოება, რომ ჰააგის პროკურატურა ინფორმირებული ჰყავდა იმასთან დაკავშირებით, რომ 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხს განიხილავდა. შესაბამისად, მას გუშინ საღამოსვე მიუვიდა თხოვნა, რომ პარლამენტის ეს დადგენილება გადაეგზავნა ჰააგაში. ამასთანავე, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ჰააგიდან მიწვევა აქვს მიღებული, უახლოეს მომავალში მოუწევს იქ ჩასვლა და მისი საჩივრის საფუძველზე საქმის წარმოების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ამის შემდეგ ექნება.
და ბოლოს, ადვოკატი აპირებს, 2010 წელს მის მიერ ჰააგის პროკურატურაში შეტანილი სარჩელი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადაუგზავნოს, რათა ისინი იმ პერიოდისათვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს.