ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსს ამ დრომდე არ შეუღწევია

ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსს ამ დრომდე არ შეუღწევია

მსოფლიოში არსებობს ადგილები, სადაც კორონავირუსის ინფექციას ამ დრომდე არ შეუღწევია.

დედამიწაზე ასეთი 26 წერტილია, სადაც კორონავირუსის დაავადების შემთხვევები არ ფიქსირდება. მათი უმეტესობა დასახლებული კუნძულები და ქვეყნებია. მათ შორის არის ტონგა, სამოა, ტუალუ, ასევე წყნარი და ინდოეთის ოკეანის კუნძულები. როდესაც ადამიანებს მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცემათ, შეუძლიათ სწორედ ეს ადგილები მოინახულონ, სადაც ჯანმოს რუკაზე კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

ერთ-ერთი ასეთი არის წმინდა ელენეს კუნძული, რომელიც აფრიკის კონტინენტთან ახლოს მდებარეობს. იქ 7 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამ კუნძულზე გაატარა ცხოვრების ბოლო წლები ტყვეობაში ნაპოლეონმა. მას 10 თვე დასჭირდა, რომ ნავით გადაეცურა და კუნძულ ელენაზე ჩასულიყო. ნაპოლეონი იქ 1816 წელს ჩავიდა და იქ 6 წელი ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა. ახლაც არის შემორჩენილი სახლი, სადაც ის ცხოვრობდა. იგი კუნძულზე ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია. არსებობს საწოლი, რომელზეც ის გარდაიცვალა და მისი ბოლო სიტყვები წარმოთქვა: საფრანგეთი, არმია, ჟოზეფინა. შემორჩენილია ადგილი, სადაც დაკრძალეს, თუმცა მოგვიანებით შემდეგ პარიზში გადაასვენეს.

მეორე კუნძული არის კომოროსი, რომელიც აფრიკასა და მადაგასკარს შორისაა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსულმანები არიან. პრეისლამურ ისტორიაში არსებობს ასეთი თქმულება, რომ ჯინის ბოთლიდან გადმოვარდა ულამაზესი ქვა, რომელიც შემდეგ კუნძულად გადაიქცა.

კუნძულზე მილიონამდე მოსახლეა. ძლიან დაბალია ჯანდაცვის განვითარებით, რადგან ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე 15 ექიმი მოდის. შესაძლოა, ესეც არის მიზეზი, რომ მათ არ იციან, არის თუ არა იქ კორონავირუსი. ფაქტია, რომ ამ დრომდე იქ არ დაფიქსირებულა. ისინი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ. ამ კუნძულს პარფიუმერის კუნძულსაც ეძახიან, რადგან სურნელოვანი მცენარეებითაა ცნობილი. მაგალითად, ილანგილანგის ყვაილებისგან სურნელოვან ზეთებს ამზადებენ და მთელს მსოფლიოში იყიდება. აქ არის წითელი ანანასის პლანტაციები, ვანილის მარცვლები, რომელთა ექსპორტი მთელს მსოფლიოში ხდება. ასე, რომ სამოგზაუროდ და ბუნების აღმოსაჩენად კომოროსი მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია.

კიდევ ერთი კუნძული, სადაც კორონავირუსს არ მიუღწევია, პოლარულ მხარეშ მდებარეობს. ნორვეგიასთან ახლოს მდებარე კუნძულს სვალბარდი და მაიენი ეწოდება. ჩვენ ამ კუნძულს შპიცბერგენის არქიპელაგის სახელწოდებით ვიცნობთ. კუნძული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მუდმივად დასახლებული არ არის, თუმცა იქ მუდმივად არის მოძრაობა – მეცნიერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები სტუმრობენ. პოლარულ კუნძულზე ხანაც მუდმივად დღეა და ხანაც კიდევ ღამე. ახლა იქ დღეა, თუმცა ერთ თვეში პოლარული ღამეები დაიწყება და ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი ჩრდილოეთის ციალის, ნათების ნახვა, რომლის სანახავადაც კუნძულზე უამრავი ტურისტი ჩავა.

კიდევ ერთი, ცოვიდ 19-ისგან თავისუფალი წერტილი დედამიწაზე მარშალის კუნძულებია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქ ამერიკის შეერთებული შტატების დაკვეთით ბირთვული იარაღის გამოცდა ტარდებოდა. საერთო ჯამში კუნძულზე 67-ჯერ მოხდა ბირთვული იარაღის გატესტვა. ეს იყო პირველი ადგილი, სადაც თერმობირთვული ბომბი ჩამოვარდა. ბირთვული აფეთქებების გამო, მარშალის კუნძულის მცხოვრებლებს პერიოდულად კუნძულის დატოვება უწევდათ. პერიოდულად ასახლებდნენ და შემდეგ აბრუნებდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე. კუნძულზე 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ დრომდე უცნობია, რამდენად დაბინძურებულია იქაური გარემო და როგორია მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე ჯანმომ მათი კორონვირუსით ინფიცირების შესახებ არაფერი იცის.