მოვაჭრეების ორ კატეგორიას შორის დაპირისპირება უკვე სერიოზულ ხასიათს იძენს. ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს ავი თვალით უცქერიან. დღე არ გავა რომელიმე ჯგუფმა საპროტესტო აქცია არ გამართოს.
ამჯერად თბილისში, სადგურის მოედანზე, „ბავშვთა სამყაროსთან“ გარემოვაჭრეები გამოვიდნენ. ისინი გარე ვაჭრობის დაშვებას ითხოვენ და ხელისუფლებას მიმართავენ, შესაბამისი კანონის მიღებამდე, ახალი წლის წინა პერიოდში მათ არ შეუშალონ ხელი ვაჭრობაში.
ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით გარემოვაჭრეებმა, უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად, სადგურის მოედანზე აქცია გამართეს. მათი თქმით, საპატრულო პოლიცია მათ გარევაჭრობას უკრძალავს და ამას მერიის სახელით აკეთებს.
„მარტო იმას ვითხოვთ, რომ ახალ წლამდე დაგვაყენონ გარეთ და ლუკმა პური გვაშოვნინონ. მოდიან პატრულები, გვაყენებენ შეურაცხყოფას“, - განაცხადა გარემოვაჭრე მერი ბერულავამ.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, გარე ვაჭრობის ცივილიზებული ფორმით დაკანონებისთვის მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც 13 ნოემებრს გადაეგზავნა პარლამენტს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, დროულად დაიწყოს ამ კანონპროექტის განხილვა, რადგან ამაზეა დამოკიდებული უამარავი გარემოვაჭრის ბედი. გვინდა ცივილიზებული სახე მიიღოს გარევაჭრობამ და დადგინდეს გარკვეული დისტანცია ბაზრობებიდან, რათა გარემოვაჭრეებმა ხელი არ შეუშალონ ბაზრის მოვაჭრეებს“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა და დასძინა, რომ არის აშკარად პროვოკაციები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბაზრების ადმინისტრაცია შეგნებულად აპირისპირებს გარემოვაჭრეებს ბაზრის მოვაჭრეებთან.
არადა მოვაჭრეთა ეს ორი კატეგორია ერთმანეთთან მართლაც რომ დაპირისპირებულია. ყოველ დღე ხან ერთნი მართავენ საპროტესტო აქციებს, ხან კი - მეორენი. არის შემთხვევები, როცა ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები პარალალურად აწყობენ გამოსვლებს. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება ნავთლუღისა და დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ბოლო დღეებში ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს, ისინი გარე მოვაჭრეების გამოჩენას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ქალაქი უნდა გავდეს ქალაქს და ყველა მოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე უნდა მუშაობდნენ.
აქციის მონაწილეებმა გამგეობას გარემოვაჭრეობის გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართეს, მაგრამ იქვე დაადგინეს, რომ გარემოვაჭრეობა კანონით უკვე აკრძალულია, მაგრამ მათი თქმით, პატრულის თანამშრომლები ამ კანონდარღვევის წინააღმდეგ არაფერს არ აკეთებენ.
ამ აქციის პარალელურად მოსკოვის გამზირზე უკვე გარემოვაჭრეები აპროტესტებდნენ ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეების მოთხოვნებს. ერთ-ერთი გარემოვაჭრის, ხათუნა აფშილავას თქმით, ნავთლუღის ბაზარში საუკეთესო ადგილები უკვე დაკავებულია და მათ საპირფარეშოსთან ვაჭრობა არ სურთ.
საერთოდ კი გარემოვაჭრეები ბაზრის გადასახადების შემცირებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაზრის ტერიტორიაზე შევლენ და გარეთ სავაჭროდ აღარ დადგებიან. მათი განცხადებით, ბაზრის გადასახადები იმდენად მაღალია, რომ ვერ იხდიან და ამიტომ უწევთ გარევაჭრობა.
კიდევ უფრო დაძაბული იყო ვითარება დეზერტირების ბაზრის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც საბოლოოდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეკრებილი მოვაჭრეები მერიისგან და ხელისუფლებისგან გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვდნენ, რამაც გარემოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია. დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეთა განცხადებით, გარევაჭრობა მათ საქმიანობას ხელს უშლის, რადგან ახლად გარემონტებულ ბაზარში მყიდველი არ შედის, პროდუქციას ვერ ყიდიან და, შესაბამისად, მათ უჭირთ სავალდებულო გადასახადის გადახდა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქის მერს თავად „აწყობს“ არეულობა ქუჩებში და მათ მოთხოვნებს ყურადღება ამ მიზეზით არ ექცევა. ბაზრის მოვაჭრეები აქციების შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, ვიდრე მათი პრობლემები არ მოგვარდება.