საწვავზე ფასი აღარ მცირდება

საწვავზე ფასი აღარ მცირდება

ოქტომბრის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი აღარ შეცვლილა. ფასის 8–10 თეთრიანი ვარდნის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი „ევრო რეგულარი“ კომპანია „ვისოლს“ საცალო ქსელში 2,10 ლარად, „ლუკოილს“ და „რომპეტროლს“ - 2,09 ლარად, „გალფს“ - 2,13 ლარად, ხოლო „სოკარს“ აზერბაიჯანული „რეგულარი“ - 2,10 ლარად გამოაქვს.

დეკემბერში, იმპორტიორები საწვავზე ფასის შემცირებას აღარ გეგმავენ.

„რომპეტროლის“ კომერციული დირექტორი თენგიზ ჭიჭინაძე ამბობს, რომ საწვავზე და დიზელზე ფასების შემცირებას არ გეგმავს:

“არ ვიცი, ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საწვავი უნდა გაიფდეს. ჩვენ ყველაზე კარგი ფასი გვაქვს ბაზარზე და რატომ უნდა შევამცირო?! ყველაზე დაბალი ფასი მიჭირავს, ამით ყველაფერი ნათქვამია.“

„გალფის“ მარკეტინგის მენეჯერი ნინო ჯიბლაძე ამბობს, რომ კომპანიამ საწვავზე ფასი, ჯამში, 8–10 თეთრით შეამცირა:

„თუ საერთაშორისო პლაცი მოგვცემს ამის საშუალებას, ფასს დავწევთ. ჩვენთვის ეს არის პირველი პრიორიტეტი. საზოგადოება საწვავის ტარიფების დაწევას ითხოვს. საწვავის ბიზნესი, მთლიანად დამოკიდებულია იმ პლაცზე, რომელიც მუდმივად იცვლება“.

ნინო ჯიბლაძის განცხადებით, საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა: „ადგილობრივ ბაზარზე საწვაზე ფასის ზრდა ამ ეტაპზე არ აისახება. დღეს იმის რესურსი, რომ ფასი დავწიოთ არ არსებობს, თუმცა ეს ბიზნესი ისეთი ცვალებადია, რომ გრძელვადიან პროგნოზს ვერ ვაკეთებთ“.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2012 წელს, საქართველოს საცალო ქსელში საერთაშორისო ფასების დინამიკიდან გამომდინარე, საწვავის ფასის კორექტირება 19-ჯერ განხორციელდა. საწვავი 8-ჯერ გაძვირდა და 11-ჯერ გაიაფდა.

საქართველოს ბაზარზე არსებული ფასები საწვავის ტიპების მიხედვით მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია: „სუპერის“ ტიპის ბენზინის ფასი ლიტრზე - 2-3 თეთრით, „პრემიუმზე“ 3-6 თეთრით, „ევრო რეგულარზე“ 1-3 თეთრით, „რეგულარზე“ 2-5 თეთრით, „ევრო დიზელზე“ 6-9 თეთრით, „L-62 დიზელზე“ - 5-8 თეთრით შემცირდა.

„ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში საწვავზე ფასის კლების მოლოდინი, ოქტომბერში ბიზნესთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა:

„საწვავზე ფასი არჩევნებამდეც შემცირდა და ეს ტენდენცია, ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. მეორე მომენტია საწვავზე ფასის კლება რამდენი თეთრით მოხდება. აქ დროის ფაქტორიც მოქმდებს, ეს იმპორტირებული პორდუქტია, ხდება მისი შესყიდვა, ამ დროს კი ბაზარზე სიტუაცია იცვლება. როგორ ფიქრობთ, კომპანიას აქვს საშუალება და ფასს არ ამცირებს? ესენი არიან ბიზნესკომპანიები, მათ ფასიდან გამომდინარე უნდა შეინარჩუნონ რენტაბელურობა. აქედან გამომდინარე, ისინი ორიენტირებულნი არიან ფასწარმოქმნაზე. ამიტომ,საწვავზე ფასი გონივრულ ზღვრამდე შემცირდება“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 5 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს აღარ დაუშვებს:

„მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებებით იმართება. მონოპოლიებს ვერ ავიტან და ფასები უნდა იყოს საბაზრო. ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან“ .

ბიძინა ივანიშვილთან ამ შეხვედრიდან მეორე დღესვე, 6 ოქტომბერს, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ყველა ტიპის საწვავზე ფასი 8 თეთრით შეამცირა. ფასი შემცირეს საწვავზე „გალფიმ,“ „რომპეტროლმა,“ „ლუკოილმა“ და „სოკარმა“.

საწვავის ბაზარზე, ხუთივე იმპორტიორი კომპანია 2012 წლის ოქტომბერში განსაზღვრულ ფასს ინარჩუნებს.