ახლა დროა, COVID-19-ის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა გავაერთიანოთ, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„როგორც უკვე აღვნიშნე, COVID-19-ის პანდემია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოწვევაა, რომლის წინაშეც კი ეს სამყარო მდგარა. ის ყველა ჰუმანურ კრიზისზე მაღლა დგას ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური უმძიმესი შედეგებით,“ – აღნიშნა გუტერეშმა.
მისივე თქმით, ჯანმო, ათასობით თანამშრომელთან ერთად, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზეა და კორონავირუსის გავრცელების შემცირებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უწყობს ხელს.
„ჩემი რწმენით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარი უნდა დავუჭიროთ, ვინაიდან მას COVID-19-ის დამარცხების გლობალურ მცდელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“- განაცხადა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ტრამპის განცხადებით, მან განკარგულება გასცა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან “ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში”.