თბილისი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს ევროპისა და შეერთებული შტატების კითხვებს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობის შესახებ და იცავს უამრავი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას.
20-ზე მეტი ჩინოვნიკი დააკავეს და ზოგიერთ მათგანს ძალაუფლების გადამეტებაში წაუყენეს ბრალი მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბიძინა ივანიშვილის, ამჟამინდელი პრემიერმინისტრის კოალიციამ ხელისუფლებაში პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია შეცვალა.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს იმას, რომ დაპატიმრებები პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ტრანზიტულ ქვეყანაში, სადაც ევროპისკენ მიმავალი კასპიის ნავთობი გადის.
„არავინ დაუპატიმრებიათ პოლიტიკური მოტივით. ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას და ჩვენს საზოგადოებას სიმართლეს ვეუბნებით თითოეულ ამ დაპატიმრებაზე“, უთხრა 30 წლის მინისტრმა როიტერს.
„ამ ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს პრივილეგირებული კასტა“, განაცხადა მან. „თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს პიროვნება, ვინმე ჩვენი რიგებიდან, თუ პოლიტიკური ოპონენტი, ჩვენ ნებისმიერს კანონის მთელი ძალით ვაგებინებთ პასუხს“.
დაპატიმრებულთა შორის არიან ღარიბაშვილის წინამორბედი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, მისი ერთ-ერთი მოადგილე და ორი სამხედრო მეთაური. ჩინოვნიკებს წაყენებული აქვთ სხვადასხვა ბრალდება, დაწყებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით და უკანონო დატუსაღებით დამთავრებული.
ნატომ და ევროპის კავშირმა უსაყვედურეს ივანიშვილს დაპატიმრებების გამო გასულ თვეს ბრიუსელში მისი ვიზიტის დროს, სადაც ის ცდილობდა განემტკიცებინა კავშირები დასავლეთთან და შეერყია ოპოზიციის ბრალდებები მისი პრორუსულობის შესახებ.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა გაფრთხილება მისცა საქართველოს, არ გაჰყვეს უკრაინის გზას და არ დაიწყოს კუდიანებზე ნადირობა. დასავლურმა მთავრობებმა საქართველოს მოუწოდეს, გამოძიება ჩაატაროს გამჭვირვალედ და სამართლიანად.
მიუხედავად კრიტიკისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათს დაკითხა ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის ეჭვმიტანილია ყალბი დოკუმენტების გამოყენებასა და საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში. მერაბიშვილმა ამას ყოფილი ოფიციალური პირების დევნის კამპანიის ნაწილი უწოდა.
მაგრამ ღარიბაშვილის კომენტარი იმის მიმანიშნებელია, რომ მთავრობა გააგრძელებს იმ ყოფილი ოფიციალური პირების დევნას, ვინც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში. მან არ გამორიცხა, რომ განხორციელდება იმ ყოფილი მაღალჩინოსნების დევნაც, ვინც დატოვა საქართველო არჩევნების შემდეგ.
რეფორმა, რომლის თანახმადაც სუსტდება პრეზიდენტის ძალაუფლება და ძლიერდება პარლამენტი, ძალაში შევა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებში სააკაშვილი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
მაგრამ ახლა ის სახელმწიფოს მეთაურია და ევროპა და შეერთებული შტატები, რომლებიც ფრთხილად ეკიდებიან რუსეთის ნებისმიერ გავლენას საქართველოზე, ივანიშვილსა და სააკაშვილს კოჰაბიტაციის პერიოდში თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
სამინისტროს რეორგანიზაცია
სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 9 წლის წინ მოვიდა, ალაგმა წვრილმანი კორუფცია. დამოუკიდებელი ორგანიზაციის „მსოფლიო სამართლის პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო, იმ ქვეყნებს შორის, სადაც საშუალოზე დაბალი შემოსავალია, საუკეთესოა კორუფციის არარსებობის, მარეგულირებელი ინსტიტუტების, სამოქალაქო და კრიმინალური მართლმსაჯულების კონტექსტში.
მაგრამ 2007 და 2011 წლებში, მისი მმართველობის წინააღმდეგ გამართული ქუჩის საპროტესტო აქციების დარბევამ, შედეგად გამოიღო ოპოზიციის ბრალდებები, რომელთა თანახმად, მისი მმართველობა ავტორიტარული იყო და ის პოლიციას ოპონენტების დასასჯელად იყენებდა.
ღარიბაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს „რებრენდინგში“ და პოლიციის წვრთნაში ამერიკელი ინსტრუქტორები დაეხმარებიან.
„ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება პოლიციისადმი შეიცვლება რამდენიმე თვეში. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიცია ძალიან პოლიტიზებული იყო, ის უბრალოდ ყოფილი მმართველი გუნდის ინსტრუმენტს წარმოადგენდა“.
მან განაცხადა, რომ სამინისტროს სპეციალური ოპერატიული და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტები, რომლებიც კრიტიკოსების თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს იღებდა მიზანში, დაიშალა.
მაგრამ ის ამბობს, რომ წმენდები არ ჩატარებულა და სამინისტროს 40,000 თანამშრომლიდან 1 პროცენტზე ნაკლები გათავისუფლდა სამსახურიდან ან გადავიდა სხვა თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი მინისტრად დაინიშნა
foreignpress.ge