სასწრაფო დახმარების ექიმები სწრაფ ცვლილებებს ითხოვენ

სასწრაფო დახმარების ექიმები სწრაფ ცვლილებებს ითხოვენ

დაპირისპირებამ სასწრაფო სამედიცინო სამსახურშიც იჩინა თავი. დედაქალაქის სასწრაფოს ექიმები ადმინისტრაციის ხელმძღვანელების გათავისუფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი ძირითადი პირობა სამსახურის მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადასვლა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ექიმებმა ლევან ლომსიანიძემ, ალექსანდრე ლომინაძემ და ციცო კაშიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. “არასწორი მენეჯმენტი სასწრაფო დახმარებას ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის”, - აცხადებენ ისინი.

ექიმების თქმით, გამოძახებებზე დაგვიანება და პაციენტთა საყვედურები ბოლო პერიოდში გახშირდა, რომლის მიზეზიც გარკვეულწილად მწირი სამედიცინო აპარატურა, აღჭურვილობა, ავტოპარკი და მედპერსონალის სიმცირეა.

“გამოძახებებზე დაგვიანება საღამოობით იზრდება. ეს კი უდიდესი პრობლემაა როგორც ჩვენთვის, ასევე პაციენტებისთვის. გვინდა არსებული პრობლემები დროულად მოგვარდეს და საზოგადოებას პრეტენზიები ჩვენს მიმართ არ ჰქონდეს. ჩვენ ინეტერესებში მხოლოდ გამოძახებაზე დროულად მისვლა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა”, - აცხადებენ ექიმები.

რუსუდან ბერიაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის ის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომლის გადაყენებასაც სასწრაფო დახმარების ექიმები მოითხოვენ. მასთან ერთად სასწრაფო დახმარების ექიმები ცენტრის დირექტორის, გიორგი თოდუას გათავისუფლებასაც ითხოვენ.

რუსუდან ბერიაშვილი საუბარში არ უარყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ ნახსენებ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, გამოძახებაზე დაგვიანებას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მიმდინარე წლის ივნისში დისპეტჩერიზაციის საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 112-ს, გადაეცა.

“112-ის მხრიდან ვერ ხდება ის ეფექტური დისპეტჩერიზაცია, რაც უზრუნველყოფს არსებული ბრიგადების სწორად გადაადგილებას და, შესაბამისად, გამოძახებაზე ოპერატიულად მისვლას და დროულად მომსახურებას”, - ამბობს ბერიაშვილი.

რუსუდან ბერიაშვილი არც იმას უარყოფს, რომ ავტომობილებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ბრიგადას ემსახურება, ტექნიკური პრობლემები აქვთ, თუმცა, მისი თქმით, მერია ავტოპარკისა და აპარატურის განახლების თაობაზე ინტენსიურად მუშაობს:

“დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა, უბრალოდ, გასაგებია, რომ ეს არის საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი. მე ვადასტურებ, რომ ახლაც მიმდინარეობს ამ პრობლემაზე მუშაობა და ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და არსებობს რეალური შანსი, რომ ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტით მოგვეცემა საშუალება იყოს გათვლილი თანხა იმისათვის, რომ ავტოპარკი განვაახლოთ, გვქონდეს ახალი მანქანები. ასევე უნდა ითქვას, რომ აპარატურის გამოცვლა ისედაც მიმდინარეობდა და მომავალში მათი განახლება ინტენსიურად გაგრძელდება”, - განუცხადა რადიო “თავისუფლებას” რუსუდან ბერიაშვილმა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმთა 15-კაციანი ჯგუფი, რომლებმაც ჯანდაცვის მინისტრს განცხადებით მიმართეს, წინა დღით თავად ეწვივნენ დავით სერგეენკოს სამინისტროში და პირისპირაც გაესაუბრნენ. ლევან ლომსიანიძეს თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მათივე მოთხოვნით შეხვდნენ და ცენტრში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრას მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშიც ესწრებოდა.

“მინისტრს რამდენიმე პრობლემაზე ვესაუბრეთ. ის რომ სასწრაფო სამედიცინო ექიმთა ბრიგადა გამოძახებებზე იგვიანებს, ეს ექიმთა ბრალეულობა კი არა, ადმინისტრაციის ბრალია და ამის გამოსასწორებლად ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს”, - აცხადებს ლევან ლომსიანიძე.

ექიმები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.