„იმის მიუხედავად, როგორია ჩემი დამოკიდებულება კორონავირუსის ფენომენის მიმართ, ვითვალისწინებ იმას, რომ არსებობს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მიერ შემუშავებული ქცევის წესები ასეთ ვითარებაში. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას რადიკალურად განსხვავებული პოზიცია რომ დაეკავებინა, შესაძლო უარყოფითი შედეგების დადგომის შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება ამოვარდებოდა საერთო კონტექსტიდან და არ ექნებოდა არანაირი მორალური უფლება, საერთაშორისო დახმარების იმედი ჰქონოდა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.
ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი უაზროდ კეთდება, მაგალითად, პიარია, როცა სამხედროები ვითომდა აკავებენ ვირუსს, რომელსაც, კაცმა არ იცის, ინკუბაციის პერიოდი როდის დაუსრულდება და ადამიანების 60-80%-ს უსიმპტომოდ აღენიშნება ეს ვირუსი. ჯაფარიძისთვის ისიც სასაცილოა, რომ ვანში დასდევენ ადამიანებს და სიცხეს უზომავენ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ნაბიჯებში პიარი უფრო მძლავრობს, თუ რეალური ქმედებები? მით უმეტეს, არის კითხვები სწრაფი ტესტების არქონასთან დაკავშირებითაც.
- პირადად მე გადაჭარბებულად ვთვლი რეაქციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ეკონომიკის გაჩერებას კოვიდ 19-თან დაკავშირებით და მასობრივი ინფორმაციის მეშვეობით ამ ინფოდემიის დათესვას, როგორც იტალიელებმა უწოდეს ამ ვირუსს, ანუ შიშის მოგვრას საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ზომები უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ასეთი მასშტაბის საინფორმაციო კამპანიას და ამ მასშტაბის ზომებს, რაც კორონავირუსს ახლავს, არ ვამართლებ. ეკონომიკის მთლიანად გაჩერება კიდევ უფრო უარესი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე მოიტანდა ეს პანდემია. შიში და სტრესი განაპირობებს იმას, რის გამოც ვრცელდება ეს ვირუსი.
ისტერია, რომელიც გააჩაღეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ე.წ. სწრაფი ტესტების შემოტანისა და აგრესიული ტესტირების მოთხოვნით, კონტრპროდუქტიული იქნებოდა. მივესალმები ჩვენი ეპიდემიოლოგების პოზიციას ამასთან დაკავშირებით, რადგან ამ ტესტებს ახასიათებს ნაკლები სიზუსტე. ე.წ. მასობრივი აგრესიული ტესტირება იმ პირობებში, როცა სიზუსტე არ იქნებოდა გარანტირებული, მძიმე შედეგს და ქაოსს მოიტანდა ეპიდემიასთან ბრძოლაში. „ნაცები“ დაინტერესებულნი არიან არა იმით, ეს პროცესი დაიძლიოს, არამედ იმით, რაც შეიძლება მეტი შეცდომები დაუშვას ხელისუფლებამ, რათა ოქტომბრის არჩევნებამდე იმ ტიპის კრიზისი გამოიწვიონ, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“. რატომღაც „ნაცები“ ფიქრობენ, თავად გახდებიან ამ კრიზისის ბენეფიციარები. თავისთავად, ეს გათვლა ამორალურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს გათვლა არაგონივრულიცაა. კერძოდ, რომც მოახერხონ „ნაცებმა“ იმ დონის კრიზისის გამოწვევა, რისთვისაც იბრძვიან, ამის ბენეფიციარები თვითონ მაინც ვერ გახდებიან მათივე უზნეო მოქმედებების გამო. ამ კრიზისმა განსაკუთრებით წარმოაჩინა, რა ტიპის მავნებლებთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს, ამ ხნის განმავლობაში, ნუთუ შეცდომა არ დაუშვიათ? სად არის ანტიკრიზისული გეგმა?
- დადებითის შესახებ უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ოპერატიულად იმოქმედა, გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რჩევები, ასევე, მსოფლიო გამოცდილება, არ აჰყვა პოპულიზმს, რაც ყველაზე უფრო დადებით მომენტად მიმაჩნია, განსაკუთრებით, აგრესიული ტესტირების საქმეში. ამის შედეგია, რომ, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით არ გვაქვს კატასტროფული სურათი, როგორც იტალიაში ან სხვა ქვეყნებში. მეორე მხრივ, გადაჭარბებულად მიმაჩნია საკარანტინე ზომები, თუნდაც იმავე ჯარის გამოყენებაც უფრო დოზირებულადაა საჭირო, რადგან ამის გამო შეიძლება კორონავირუსის მეტი გავრცელება მივიღოთ ჯარში.
საგანგებო მდგომარეობისთვის გათვალისწინებული ზომები გადაჭარბებულად რატომ მიგაჩნიათ? თუნდაც მარნეულის, ბოლნისის ჩაკეტვა არ იყო საჭირო?
- მიმაჩნია, რომ მარნეულსა და ბოლნისში ეს ზომები იმიტომ მიიღეს, რომ ამ რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა სოციალური დისტანცირების დაცვა და მატულობდა რისკი. შესაბამისად, ხელისუფლების სიფრთხილეც ალბათ ამით იყო განპირობებული. გარდა ამისა, ეს მოსაზღვრე რეგიონებია და ეს რისკიც გასათვალისწინებელია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება ამით დიდ დისკომფორტს ვგრძნობდეთ, მაგრამ ხელისუფლებას აქვს უფრო მეტი ინფორმაცია და საფრთხეებს მეტად ითვალისწინებს. ხელისუფლება ყველაფერს ვერ იტყვის და ამას უნდა ვხვდებოდეთ, რადგან ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვცხოვრობთ მძიმე კრიზისის პირობებში. ამას გარდა, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა. იმის მიუხედავად, როგორია ჩემი დამოკიდებულება კორონავირუსის ფენომენის მიმართ, ვითვალისწინებ იმას, რომ არსებობს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მიერ შემუშავებული ქცევის წესები ასეთ ვითარებაში, არსებობს კონკრეტული რეაგირებები. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას რადიკალურად განსხვავებული პოზიცია რომ დაეკავებინა, შესაძლო უარყოფითი შედეგების დადგომის შემთხვევაში, რისგანაც არავინაა დაზღვეული, ჩვენი ხელისუფლება ამოვარდებოდა საერთო კონტექსტიდან და არ ექნებოდა არანაირი მორალური უფლება, დახმარების იმედი ჰქონოდა. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს ყველამ, როცა ამ კუთხით აკრიტიკებს ხელისუფლებას, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მომავალი ეკონომიკური კრიზისის პირობებში გაცილებით უარესი შედეგი შეიძლება დამდგარიყო.
რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, პრემიერმა გახარიამ უკვე განაცხადა, რომ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა. სხვათა შორის, ორი-სამი დღის წინ სტატუსი დავდე, სადაც გამოვთქვამდი მოსაზრებას, დროა, საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს შეზღუდვების მოხსნაზე, როგორც ამას აკეთებს ნორვეგია და ავსტრია, ვინაიდან შედეგები ძალიან მძიმე იქნება. ამან შეიძლება ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვიოს. არც ისაა საიდუმლო, რომ ჯარიმების სიდიდე არაადეკვატური გახლდათ, როგორც დარღვევის სიმძიმის, ისე დაჯარიმებულთა გადახდის უნარიანობის თვალსაზრისით.
რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე პირიქით ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით, ან მაქსიმუმ ერთი თვით უნდა გაგრძელდეს.
- თენგიზ ცერცვაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეტაპობრივად, ფრთხილად უნდა მოხდეს გათავისუფლება საგანგებო ზომებისგან. პირველი შოკი ნამდვილად გადაიტანა ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, გარკვეული მომზადებაც გაიარა, ოქროს სტანდარტის ტესტებიც ჩამოტანილია და სისტემამ ძალიან კარგად გაუძლო ამ ყველაფერს. ისტერიის გავრცელებას ხელი შეუშალა სწორედ იმან, რომ არ აყვნენ სწრაფი ტესტების შესახებ ოპოზიციის უპასუხისმგებლო მოთხოვნას. ახლა ზოგიერთებს უხარიათ და ისეთ ჭორებსაც ავრცელებენ, თითქოს გაცილებით ბევრია დასნებოვნებული და მთავრობა ამას გვიმალავს, მაგრამ ამას სერიოზულად ნუ მივიღებთ.
რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, გასაგებია, რომ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ქვეყანაში, რეალურად ტურიზმიდან მოგვაკლდა შემოსავლები (დაახლოებით 3 მილიარდი ლარი), მოგვაკლდა ემიგრანტთა გადმორიცხვები, რაც პირდაპირი ინვესტიცია იყო ქვეყნის ეკონომიკაში ქეშით, ნაღდი ფულით. ეს დიდხანს ვერ აღდგება. ასევე, ტურიზმთან იყო დაკავშირებული მთელი რიგი სექტორები - სარესტორნე ბიზნესი, სასტუმროების ბიზნესი. ასე რომ, ჩვენ გვექნება ინტერსექტორალური კრიზისი, ეკონომიკის სერიოზული ვარდნა. ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, გავძლოთ ასეთ ვითარებაში, არ მივიღოთ მთელი ეკონომიკის ჩამოშლა და რაღაცნაირად შევცვალოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა ისე, რომ გახდეს მდგრადი და ასეთი მოწყვლადი ეკონომიკური სტრუქტურა აღარ გვქონდეს. სამწუხაროდ, ამისთვის არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები და ეს არის პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლების, რომელმაც გაუბედავად დაიწყო ეს რეფორმები და არ დაძლია ინერცია, ანუ ბენდუქიძის ეკონომიკური მოდელი, რომელიც თავს მოგვახვია სააკაშვილის ხელისუფლებამ. ჩვენ გვახსოვს გამონათქვამები, ლიბერალურ-გლობალიზმის ადეპტები რა საოცარ იდიოტიზმებსაც ამბობდნენ, როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ანგრევდნენ ქვეყნის ეკონომიკას.
საქართველოს კარგი რეპუტაცია აქვს საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებით, საქართველო ელოდება სესხს სავალუტო ფონდისგან მილიარდნახევარი დოლარის ოდენობოთ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, როგორიცაა 2 მილიარდი ლარის გამოყოფა ეკონომიკის სტიმულირებისთვის, უნდა გადაგვატანინოს ეს კრიზისი. რა თქმა უნდა, კორონავირუსით გამოწვეული ზარალი ყველა ადამიანზე აისახება, განსაკუთრებით, მათზე, რომელთაც სამუშაო არ აქვთ და ე.წ. თვითდასაქმებულებად ითვლებოდნენ. ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ იმ ადამიანებს უნდა მიექცეთ, რომლებიც დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. არ უნდა დაიწყოს ქვეყანაში შიმშილობა. ეს პირველი რიგის ამოცანაა. მას შემდეგ, რაც ეს კრიზისი გადაილახება, ახლებური მიდგომები უნდა გაჩნდეს და დაიწყოს სახელმწიფოს მიერ დარგების ორგანიზება. ამაში არა მარტო სოფლის აღორძინებას, არამედ მრეწველობის განვითარებასაც ვგულისხმობ. სახელმწიფო უნდა ასრულებდეს ეკონომიკის მთავარი რეგულატორის და დარგების აღორძინების სტიმულატორის როლს. უნდა მოხდეს ეკონომიკის მოდერნიზაცია. ახალი პოლიტეკონომიით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ხელისუფლებამ. ამას მთელი რიგი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები დასჭირდება.