„ტრანსში გვაგდებდნენ, დაზომბირებულები და „ხიშნიკები“ უნდა ვყოფილიყავით“

„ტრანსში გვაგდებდნენ, დაზომბირებულები და „ხიშნიკები“ უნდა ვყოფილიყავით“

კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში რა ევალებოდათ მანდატურებს? - ე.წ. „ჟუჩოკების“ დამონტაჟება, უკანონო მოსმენები, უკანონო ბრძანებების შესრულება, ჰიპნოზური სეანსებისა და სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ კი - ყელში დარტყმები, საძილე არტერიის ჩაჩეხვა, ადამიანის გათიშვა და სასიკვდილო დარტმის მიყენება. ეს განსაკუთრებით აქტუალური 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იყო. ნაციონალები სპეციალურად ამ დღისთვის წვრთვნიდნენ მანდატურებს. თუმცა მანდატურთა ნაწილმა დაზომბირება არ ისურვა და დღეს ისინი სამსახურის გარეშე არიან. ამ ყველაფერზე ისინი For.ge-სთან ღიად საუბრობენ.

სამსახურიდან გათავისუფლებული მანდატურები და „უფლებადამცველთა გაერთიანება“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მანდატურები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა ამავე სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის წარდგენისას განაცხადა, რომ, ვისაც სურს მუშაობა, უნდა იმუშაოს, ხოლო ვისაც არ სურს, „გათავისუფლებული სასამართლოს მანდატურების გზას გაუყვეს“.

For.ge-ს ესაუბრება ყოფილი მანდატური გიორგი უშვერიძე.

ყოფილი მანდატურები კოტე კუბლაშვილს ზეწოლაში რატომ ადანაშაულებთ?

- კუბლაშვილს პირადად ჩემთან მიმართებით ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განუხორციელებია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ წამოვედით სამსახურიდან და სასამართლოში ცვლილება განხორციელდა, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამია ფხაკაძე გადაიყვანეს რუსთავში, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩატარდა თათბირი, სადაც კუბლაშვილმა მუქარის შემცველი ტონითა და ნიშნის მოგებით უთხრა მოსამართლეებს, თუ ჭკვიანად იქნებით, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვეულებრივად გაგრძელდება თქვენი მუშაობა და არავინ შეგეხებათ, თუ არადა, ვისაც რაიმე პრეტენზია გაქვთ, გამოთქვით, წადით ამ ბიჭების (მანდატურების) კვალობაზე, ისინიც გავათავისუფლეთ და შემოიტანეს, აგერ, სასამართლოში სარჩელი, თუმცა რასაც მიიღებენ, ნახავენო. კანცელარიის უფროსი კი ჩვენს შესახებ იძახდა, ეს ბიჭები მაგ პროცესს ვერ მოიგებენო. ერთ-ერთმა მანდატურმა პირდაპირ გვითხრა, რას დადიხართ ამ სარჩელებით, მაინც არაფერი გამოვა, ხომ იცითო.

თქვენი აზრით, კუბლაშვილმა ამით პრევენციულად ზეწოლა მოახდინა მოსამართლეებზე, რომ თქვენ პროცესი წააგოთ?

- მოსამართლეებზე ზეწოლა ახლაც გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი მათგანი სხვანაირად აზროვნებს, მაგრამ გაბედულება აკლიათ და ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ, რადგან არავის აქვს გარანტირებული სამსახური.

მართალია, რომ თქვენგან უკანონო ბრძანებების შესრულებას, ჟუჩოკებისდაყენებას ითხოვდნენ? ეს არ შეასრულეთ და ამიტომაც დატოვეთ სამსახური?

- უკანონო ბრძანებების შესრულებას მართლაც ითხოვდნენ. გარდა ამისა, სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ზარდიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ერთ-ერთ მანდატურს, თამაზ სარალიძეს და უთხრა, გაჩერდი, პოლიტიკაზე ნუ საუბრობო. თამაზმა უპასუხა, პოლიტიკასა და ფეხბურთზე ლაპარაკობს მამაკაცთა კოლექტივი და არც ახლო წრეში ვილაპარაკოო? -არც ახლო  წრეშიო, - იყო პასუხი. თამაზმა ამაზე მიუგო, მაშინ მე ამას ჩავთვლი, როგორც სიტყვის თავისუფლების აკრძალვას ადამიანისთვისო. - წადი შენი სიტყვის თავისუფლებიანადო და რუსულ სამ ასოზე გაგზავნა. ამან უთხრა, როგორ მითხარი, გაიმეორეო. აი, ასეო და ისევ გაიმეორა ეს სიტყვები.

ამის ჩანაწერი არსებობს?

- დიახ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს. ეს ხდებოდა სასამართლოს მე-8 დარბაზში, სადაც დღეღამური ჩაწერა ხორციელდება და ამის ვიდეომასალა, თავის ხმასთან ერთად, არსებობს. ეს ვიდეო ჩანაწერი მოვითხოვეთ, მაგრამ რაღაც მიზეზები მოიგონეს, ვითომ ახლა მასალების დაარქივება არ ხდებაო. მოკლედ, სასაცილო მიზეზები მოიგონეს და უარი გვითხრეს ამ მასალაზე, რადგან იცოდნენ, რომ მათი საწინააღმდეგო იყო. არადა, ისინი ვალდებულნი არიან გადმოგვცენ ეს ვიდეომასალა. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს გენინსპექცია, მაგრამ გენინსპექციასაც არ მიუწვდება ხელი. სანამ პრეზიდენტი არსებობს და კუბლაშვილი, იქ გენინსპექცია ვერ შევა და ვერ ამოიღებს ამ მასალებს. იქ ისეთი მასალებია, რომლებიც მათ შავბნელ საქმეებს გახსნის. უბრალოდ, ჩვენ რიგითები ვიყავით და ხელი არ მიგვიწვდებოდა.

ანუ, სასამართლოს დარბაზებში, სადაც 24 საათიანი ჩაწერა მიმდინარეობს, ნებისმიერი მოქალაქის ლაპარაკსაც იწერენ?

- დიახ, ეს ყველაფერი იწერება და, თუ სადმე დასჭირდებათ, დააკოპირებენ. ჩურჩულით საუბარი არ ისმის, ასევე, ყველა ერთად რომ ყაყანებს, მხოლოდ ჟრიამული ისმის და ვერ გამოკვეთ თითოეულის ხმას. ეს ოფიციალურად ხორციელდება, კამერაა დამონტაჟებული და ჩაწერა ხორციელდება. თუმცა, საიდუმლო მოსმენას რაც შეეხება, ეს არავინ იცის. რეალურად კი „ჟუჩოკებს“ უყენებენ მაგიდის ქვეშ ადვოკატებს, განსასჯელებსა და ნაფიც მსაჯულებს.

მოსასმენები სასამართლოს დერეფნებშიც არის დამონტაჟებული?

- კამერები არის და ხმის მოსასამენებიც პარალელურად უყენია დერეფნებშიც.

დავუბრუნდეთ ისევ ერთ-ერთ მანდატურთან სიტყვიერი შელაპარაკების თემას. ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში თქვენ როგორ აღმოჩნდით?

- ჩვენ მოვითხოვეთ, ამ ფაქტზე რეაგირება მოეხდინათ. ცვლის ორი უფროსისა და ერთი რიგითის ხელით ვანო ზარდიაშვილი ბევრ ცუდ საქმეს აკეთებდა და ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა ორი თვის განმავლობაში. ამიტომ, ამ ადამიანების გათავისუფლება მოვითხოვეთ, რადგან ვხედავდით, ჩვენს მიმართ პროვოკაცია ხდებოდა და ვიღაცის გულისთვის საციხედ საქმეს რატომ გავიხდიდით? როგორია, პირად შეურაცხყოფას მოგაყენებენ, შენ ხელს დაარტყამ და მორჩენილია, შენ ციხეში მიდიხარ, დამნაშავე კი აგრძელებს მუშაობას. ასეთი პროვოკაცია რომ აგვეცილებინა, საქალაქო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს ვუთხარით, არ გვინდა, ასე ვერ ვიმუშავებთ, გაუშვით ეს ხალხი და ჩვენც  ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას, თუ არადა, პროტესტის ერთ-ერთ ფორმას - გაფიცვას მივმართავთ და სამსახურეობრივ მოვალეობას არ შევასრულებთ-თქო. მან სიტყვიერი პირობა მოგვცა, თუ ასე განიცდით ამას, სამი-ოთხი დღე არ მოხვიდეთ, პრობლემა არ იქნება, მე ამას გამოვიკვლევ და დაგიძახებთო. ეს გვითხრა 26 ოქტომბერს, 30-ში კი საღამოს კურიერი გვაძლევს გზავნილს, 1-ელ ნოემბერს გამოცხადდით სამსახურში, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, წარმოადგინეთ საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტიო. მივედით სამსახურში და ვხედავთ, იგივე სიტუაციაა, ისევ ის მენეჯერი მენეჯერობს, ცვლის უფროსი უფროსობს, რიგითი ჯაბა კვირიკაშვილი, რომელიც ვითომ უნდა დაესაჯათ, კურიერების სამსახურშია გადაყვანილი. ამის შემდეგ კოლექტიური განცხადება დავუწერეთ, რომ მენეჯერი ვანო ზარდიაშვილი და მისი გარემოცვა ჩვენი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე, რაც მენეჯერის მხრიდან ჩვენზე სიტყვიერი შეურაცხყოფით დაგვირგვინდა. შევახსენეთ, რომ ამის გამო ბრალეულების დასჯას ვითხოვდით, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად, აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ ვაცნობეთ, რომ პოლიტიკური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე პროტესტის ნიშნად ვტოვებდით სამსახურს. მამია ფხაკაძემ კი 5 ნოემბერს დაგვიწერა, საქმე მოვიკვლიე და დასკვნა გამოვიტანე, რომ ამ განცხადების ავტორთა, ანუ ჩვენს მიმართ, არავითარი შევიწროება არ ყოფილა. უფრო მეტიც, წერილში მოგვწერეს, 1-ელ ნოემბერს მანდატურმა გიორგი უშვერიძემ გააკეთა განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ, მაგრამ არ უწერია, რის გამო ტოვებდა სამსახურს, ამიტომ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდანო. არადა, კოლექტიურ განცხადებაშიც რომ ჩაგვეწერა, გაგვათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობიდანო, ეს არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან კანონი არ აძლევს ამის უფლებას, რომ კოლექტიური განცხადების საფუძველზე თითოეული პიროვნება გაათავისუფლოს. ასეთი რამ არ არსებობს, თანაც ჩვენ გათავისუფლება არ გვითხოვია. 2 ნოემბერს კადრების უფროსი, ქალბატონი მარინა ჩაჩხიანი გვიბარებს და გვეუბნება, ბიჭებო, გირჩევთ, უკან წაიღოთ ეს განცხადება, დაბრუნდით და იმუშავეთო. ვისაც არ გსურთ დაბრუნება, შინაარსი დატოვეთ, ოღონდ ცალ-ცალკე დაგვიწერეთ განცხადებაო. ამაზე უარი ვუთხარი, ჩვენ ცალ-ცალკე რატომ უნდა დავწეროთ განცხადება, ჩვენ ვართ ერთად, არსად არ მივდივართ, უბრალოდ, გეუბნებით, მიიღეთ ზომები და ჩვენ დავბრუნდებით-თქო. არ მიიღებთ ზომებს და, მანამდე ასე ვიქნებით. კოლექტიური წერილი არ აწყობდათ, მაგრამ მერე გამოიკვეთა, რომ ზეწოლა ჰქონდა თვითონ ბატონ მამიასაც, იქიდან კუბლაშვილი-ჩინჩალაძის, აქედან ვანოს მხრიდანაც, რომ ჩვენ გავეშვით, ამიტომ, ნაჩქარევად გაგვიშვა.

კიდევ მეორე პარადოქსი მოხდა, ჩვენი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება რომ გამოსცა, დაავიწყდა მიეწერა, რომ ეს ერთ თვეში საჩივრდება, ამიტომ, მეორე დღეს მოგვაყოლეს, ცვლილება იქნას შეტანილიო. იურიდიულად ძალიან გაუმართავი იყო მათი ბრძანება, ჩვენ  მოგებული გვაქვს ეს პროცესი, მაგრამ მაინც იმედი არ გვაქვს. სანამ კუბლაშვილები მანდ იქნებიან, რაც არ უნდა ცვალონ სასამართლოს თავმჯდომარეები, არაფერს აზრი არ აქვს. კუბლაშვილის პროტეჟეა მამუკა ახვლედიანიც, ვინც ახლა მოიყვანა. უბრალოდ, ჩვენ მაინც ვიბრძვით იმ იმედით, იქნებ, ერთ-ორ კვირაში ამათ უსამართლობას ბოლო მოეღოს და მერე ისევ დავბრუნდეთ სამსახურში.

რელიგიური შეხედულების გამო ზეწოლაში რა იგულისხმეთ

- რელიგიასთან დაკავშირებით ასეთი რამ მოხდა. 27 აგვისტოს ჩვენთან სამკაციანი ჯგუფი მოიყვანეს და წინასარჩევნოდ დაიწყეს მზადება. ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ 500-600 კაციანი საკნები გაამზადეს. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც 2011 წლის 26 მაისს, როცა ღამით კონვეიერივით მუშაობდა სასამართლო და უამრავი ნაცემ-ნატანჯი ხალხი მივიღეთ. ასევე უნდა მიგვეღო ხალხი არჩევნების ღამესაც და წარმოიდგინეთ, 22 ოქტომბრამდე პროცესები არ იყო ჩანიშნული სასამართლოში, ყველა მოსამართლეს ერთი თვით ადრე ჰქონდა გადადებული პროცესები.

ანუ, არჩევნების ღამეს გართულებულ სიტუაციას ელოდნენ?

- ელოდნენ, რომ თავიანთი გაყალბებებით მოიგებდნენ ამ არჩევნებს, ამის შემდეგ პროტესტი წამოვიდოდა ხალხისგან და წავიდოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მასობრივი დაჭერები. ამისთვის იყვნენ მზად. ამიტომ ვჭირდებოდით მანდატურების მამაკაცთა 45 კაციანი კოლექტივი. უნდა ვყოლოდით მზადყოფნაში და მუხროვანის სპეცნაზიც უნდა დაგვხმარებოდა. ამიტომ ერთი თვით ადრე, 27 აგვისტოს სამკაციანი ჯგუფი მოიყვანეს სასამართლოში, ორი მათგანი მამაკაცი იყო, ერთი - ფსიქოლოგი ქალი. ამ ქალს ევალებოდა ყოველკვირეული ჩვენი შემოწმება ტესტების მიხედვით, თუ რა შედეგი ჰქონდა მათ „წვრთნებს“. მეორე მამაკაცი ფიზიკურად გვწრთვნიდა და გვასწავლიდა ისეთ ილეთებს, რომელიც, წესით, მანდატურს არ სჭირდება. მანდატურმა უნდა იცოდეს მარტო ხელის მოგრეხვა, ბორკილის დადება და ადმინისტრაციული წესით ადამიანის დაკავება, თორემ ყელში დარტყმები, საძილე არტერიის ჩაჩეხვები, მუცელში ჩარტყმები, ადამიანის გათიშვა და სასიკვდილო დარტყმის მიყენება ჩვენი საქმე არ იყო. მესამე კაცი იყო გივი მერაბიშვილი, ფსიქოთერაპევტი, რომელიც გვიტარებდა ე.წ. ნლპ-ს მანიპულაციებს (ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას), რომელიც არის კიბერნეტიკის, ლინგვინისტიკის, ჰიპნოზისა და მაგიის შერწყმა და ადამიანის დაჰიპნოზებას გულისხმობს. ეს იყო ტრანსში ჩაგდება და ასეთ რაღაცებს გვიტარებდნენ. გვაგდებდნენ ტრანსში, დაზომბირებულები უნდა ვყოფილიყავით და ყველაფერს გავაკეთებდით, ძაღლს რომ მიუქსევენ ადამიანს, ასეთი „ხიშნიკები“ ვიქნებოდით.

ალბათ, ასეთი პროგრამირება გამოიყენეს 26 მაისის დამრბევთა მიმართ?

- კი, 26 მაისის, 7 ნოემბრის დამრბევ ადამიანებს, ყველას ეს ფსიქოლოგიური ტრენინგები ჩაუტარეს და ფსიქოტრონული საშუალებები გაუკეთეს. იმ მომენტში ადამიანებს ფსიქოტრონულ საშუალებებს უკეთებენ, წყალში ფხვნილს ურევენ და აძლევენ. ამის შემდეგ კაცს არც სიბრალულის გრძნობა აქვს, არც სინანულის და უმოწყალოდ სცემს ადამიანს. ეს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოა. ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, დაუშვებელი იყო ამ ტრენინგებზე სიარული. ვისაც სურდა, დასწრებოდა, მაგრამ რატომ ხდიდნენ სავალდებულოდ?! ეს არის კუბლაშვილის დავალებითო, ეს არის ჩვენი პროექტიო, ამბობდნენ ფხალაძე და ზარდიაშვილი და არ გაბედოთ, რომ არ დაესწროთო, სიას ადგენდნენ, ვინ ესწრებოდა და ვინ არა. შესაბამისად, „შავი სიები“ შედგებოდა და სამსახურზეც იმოქმედებდა.

ამ ტრენინგებმა თქვენს ფსიქიკაზე იმოქმედა?

- სასწაული მოხდა და მეოთხე სეანსზე ღმერთმა გადაგვარჩინა. არადა, 4-5 სეანსის შემდეგ შედეგი დგება და ადამიანი დამოკიდებული ხდება მასწავლებლის მიმართ, უჩნდება სურვილი, რელაქსაცია კიდევ ჩაიტაროს და ნარკომანივით დამოკიდებული იყოს. ერთ თვეში კი უკვე ზომბირებული ხარ. მოკლედ, ცნობიერებას გიტრიალებენ, გეტყვიან, ეს არის სკამი ან აგური და შენც გჯერა.

თქვენი ლოგიკით, ის ადამიანები, რომლებმაც ტრანსში მყოფებმა 26 მაისს ხალხი დაარბიეს, დამნაშავეები ნაკლებად არიან და მათი დაზომბირების გამო სხვამ უნდა აგოს პასუხი?

- ეს ადამიანები მაინც დამნაშავეები არიან, რადგან თავიანთი თავი ვერ გააკონტროლეს და სხვა გააუბედურეს. ამ სეანსებს რომ უტარებდნენ, ხმა არ უნდა ამოეღოთ? ვის გაუგია, ადამიანებს ასე ურტყამდნენ? ეს გავაპროტესტეთ, ამის გამო „შავ სიაში“ აღმოვჩნდით, მერე მოგვთხოვეს სტადიონზე მიშას შეკრებაზე წასვლა, იქაც არ წავედით და პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ციხის კადრების შემდეგ იმ მთავრობას გვერდში ვერ დავუდგებოდით. ამის მერე წავედით „ოცნების“ მიტინგზე, იქ, სადაც ჩვენი მღვდელები და მრევლი იდგა. 1-ელ ოქტომბერს მაინცდამაინც ჩვენ, ეს შვიდი მანდატური, დილის შვიდ საათზე დაგვიბარეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვეღო, თუმცა მაინც არ მივედით სამსახურში.

თქვენ ახსენეთ 26 მაისი, როცა დასისხლიანებული ხალხი მოჰყავდათ პროცესებზე. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?

- ყველა დარბაზი, სადღაც 30 მოსამართლე ამით იყო დაკავებული. ეს ხალხი დასისხლიანებული იყო, არ არსებობდა ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არ იყო განადგურებული. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რატომ გავყევით ლიდერებს, ეს რა გაგვიკეთეს, ისინი ლიდერებზე განაწყენებულნი იყვნენ. მართლაც, ლიდერები გაიპარნენ, თავს უშველეს და შეატოვეს ეს ხალხი. მე რომ მკითხო, ლიდერი თუ ხარ, მათთან ერთად უნდა მოკვდე.

ამჯერად თქვენი სასამართლო პროცესიდან რა შედეგს ელით?

- თუ ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყდება, ამაზეც ვილაპარაკებთ, რომ კუბლაშვილის სასამართლოს ხელში საშველი არ დადგება. თუ გამოიტანენ ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას, უფლება გვექნება, დავუბრუნდეთ ჩვენს სამსახურებს და იქიდან ვამხილოთ უსამართლობა. სანამ იქ სამართალი არ დამკვიდრდება, მანამ არ გავჩერდებით.

მანდატურებს მარტო მოქალაქეების გაკონტროლება გევალებოდათ თუ მოსამართლეებისაც?

- ჩვენ მოსამართლეს არ ვაკონტროლებდით, მაგრამ მოსამართლე უსამართლობას რომ აკეთებს და ხედავ, აშკარად უსამართლოდ იქცევა და პროკურატურის ნოტარიუსად არის ქცეული, ამას რად უნდა ლაპარაკი. მე მგონი, იქ მოსამართლეს არც უნდა ერქვას მოსამართლე. ის უნდა იყოს ნოტარიუსი. რასაც ისინი აკეთებენ, ეს ნოტარიუსის ფუნქციაა.    

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ 5 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ ის მანდატურები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ უკანონო მოსმენების, პოლიტიკური ზეწოლების, უკანონო ბრძანებების და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამიტომ სამსახურში მათი აღდგენისა და ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სარჩელი შეიტანა.

ამასთან, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ამ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც წარდგენილ იქნა საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, კუბლაშვილმა მოსამართლეებს უთხრა, თუ არ გნებავთ ჩვენთან მუშაობა, წაბრძანდით ისე, როგორც ჩვენ გავათავისუფლეთ მანდატურები. რასაც შეიტანთ და გამოიტანთ ამ სასამართლოდან, მერე ნახავთო. ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ამით კუბლაშვილმა დააფიქსირა, რომ უშუალოდ მისი და, ასევე, სააკაშვილის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ ხორციელდება სასამართლო პროცესები, რომლებიც მათ ინტერესებში შედის.

„კუბლაშვილი სააკაშვილის პოლიტიკას ახორციელებს სასამართლო სისტემაში. 13 დეკემბერს გვაქვს პროცესი გათავისუფლებულ მანდატურებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ პროცესის შედეგი წინასწარ უკვე ცნობილია, ანუ კუბლაშვილმა უკვე განაცხადა, დაინახავთ, რასაც გამოიტანენ მანდატურები სასამართლოდანო. ზუსტად ეს არის სასამართლოზე წინასწარი ზეწოლა. ბევრი მოსამართლე უკმაყოფილოა იმ პოლიტიკის გამო, რაც უკვე წლებია, ხორციელდება ამ სისტემაში. როგორც ჩანს, კუბლაშვილი ზეწოლის მეთოდით ცდილობს შეინარჩუნოს დღევანდელი სიტუაცია. პროკურატურაშიც შევიტანეთ მასალები ე.წ. „ჟუჩოკების“ დაყენების თაობაზე, დაიწყოს გამოძიება იმ დარღვევებსა და დანაშაულზე, რომლებიც, მანდატურების განცხადებით, ფიქსირდება სასამართლო სისტემაში. ამ უკანონო გადაწყვეტილებების გამო საკადრისად უნდა დაისაჯოს კუბლაშვილი. მისი დასჯა ასე მარტივი არ არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დაპატიმრებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება, მაგრამ, თუკი პარლამენტი ამაზე თანხმობას მისცემს, მაშინ, შესაძლებელია, კუბლაშვილის დაპატიმრება. დაუსჯელი არავინ არის, კუბლაშვილი კი არა, პრეზიდენტიც კი დაისჯება, თუ დანაშული გამოიკვეთება“, - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.