აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ტვიტი გააზიარა, რომელიც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის გადაყენების მოთხოვნას შეიცავს.
დონალდ ტრამპის მიერ გაზიარებული ტვიტი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, დეანა ლორეინს ეკუთვნის.
„ფაუჩი ახლა ამბობს, ტრამპს რომ სამედიცინო ექსპერტებისთვის მოესმინა, უფრო მეტ სიცოცხლეს გადავარჩენდითო. 29 თებერვალს ფაუჩი ხალხს ეუბნებოდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო და რომ ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ფაუჩის დათხოვნის დროა“, - ნათქვამია დეანა ლორეინის ტვიტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა გააზიარა.
აღნიშნულ გაზიარებულ ტვიტს დონალდ ტრამპმა თავისი კომენტარიც დაურთო.
„ვწუხვარ, ფეიკ ნიუს მედიავ. ყველაფერი ჩაწერილია. ჩინეთთან მიმოსვლა იმაზე დიდი ხნით ადრე ავკრძალე, ვიდრე ხალხი ეპიდემიაზე საუბარს დაიწყებდა“.
CNN-ის ეთერში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ წამყვანის კითხვას, იქნებოდა თუ არა თავიდან აცილებული გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის რეჟიმი მარტის ნაცვლად თებერვალში ყოფილიყო დაწესებული, ენტონი უპასუხა:
„ლოგიკურია იმის თქმა, შეზღუდვები ადრე რომ ყოფილიყო დაესებული, ეს მსხვერპლს შეამცირებდა. არავინ უარყოფს ამას. თავიდანვე ყველაფერი რომ დაგვეხურა, სიტუაცია ცოტათი განსხვავებული იქნებოდა. თუმცა, ყველაფრის დახურვის გადაწყვეტილებას ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ჩვენ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომელსაც ხელისუფლება ზოგჯერ ითვალისწინებს, ზოგჯერ კი არა“.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში აშშ-ში 22 020 ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, 555 398 ადამიანი კი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.