კორონას დავამარცხებთ. შიმშილსა და სიღარიბეს?

კორონას დავამარცხებთ. შიმშილსა და სიღარიბეს?

ღია წერილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას

ბატონო პრემიერ-მინისტრო, უწინარეს ყოვლისა გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს და გისურვებთ წარმატებას. თქვენი იმედი მყარად გვაქვს. ექიმების გმირობაში თქვენი პირადი წილი ურევია.

ქართული სოფელი წლების განმავლობაში უდიერი დამოკიდებულების გამო უაღრესად დაკნინებულია. სოფლის მეურნეობის ჩავარდნა არის ქვეყანაში სიღარიბის მაღალი დონის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. საქართველო რჩება იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად, მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში ინვესტირებული ასეულობით მილიონი ლარისა. შედეგად, ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გარდა ამისა, საქართველოსთვის, მისი მოსახლეობის ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელია სოციალური პოლარიზაციის არსებული მდგომარეობა, რომელიც აისახება ე.წ. „ჯინის ინდექსით“, რომლითაც საქართველო 104-ე პოზიციაზეა 156 ქვეყანას შორის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც კი ეს პარამეტრი ყველაზე მაღალია რუსეთის შემდეგ. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა არ არის ადეკვატური იმ გამოწვევების მიმართ, რასაც მოითხოვს აგრარული სექტორის ინტენსიური და დაბალანსებული განვითარება.

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება და მათი შემოსავლების ინტენსიური ზრდა ყველაზე უკეთ შესაძლებელია კოოპერაციული სექტორის აქტიური მხარდაჭერით. სწორედ კოოპერაციულ ორგანიზაციებს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ასოციაციები, კავშირები, სააქციო საზოგადოებები, სადაც კომპანიის საკონტროლო პაკეტს უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები ფლობენ) გააჩნიათ კრიზისების გადალახვის, შიმშილის და სიღარიბის დაძლევის საუკეთესო პლატფორმა. კოოპერირების გარეშე მცირე ფერმერული მეურნეობების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე, რაც საბოლოო ანგარიშით ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათ სამეწარმეო განვითარებას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია პრაქტიკულად წარმოადგენს არსებული არაეფექტიანი ეკონომიკური ფორმის შეცვლის მექანიზმს, დიამეტრალურად განსხვავებული, ეფექტიანი ორგანიზაციული მოწყობით, ანუ ფორმას, რომლის მიზანია მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება და ინკლუზიური ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარება.

სიღრმისეულ გააზრებას და ახლებურ ხედვას საჭიროებს გადამმუშავებელი მრეწველობის, როგორც დამატებული ღირებულების ძირითადი შემქმნელის მნიშვნელობა, რადგან არსებითია, თუ ვისი შემოსავლების ზრდას ემსახურება პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული დამატებული ღირებულება და რა შედეგი მოაქვს ამ საკითხის მიმართ გაუაზრებელ პოლიტიკას, ან საერთოდ პოლიტიკის არარსებობას.

კოოპერაციული საწარმოების ფარგლებში ვერტიკალური ინტეგრაციის ფორმის გამოყენებით (მაგალითია, დარჩელის 600 წევრიანი კოოპერატივი და შუაფხოს მაღალმთიანი 32 წევრიანი კოოპერატივი), აგროპროდუქციის მწარმოებლებს ეძლევათ პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნის შესაძლებლობა, სადაც შექმნილი დამატებული ღირებულება ემსახურება უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

სამწუხაროდ დღემდე, ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მიერ, ეს საკითხი საერთოდ იგნორირებულია და ისეთი პროგრამებით, როგორიცაა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, მილიონობით ლარი მიემართება სოფლის მოსახლეობიდან ნედლეულის შემსყიდველი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული შპს-ს ტიპის გადამმუშავებელი საწარმოების დაფინანსებაზე, რომლებიც მოწოდებული არიან, შეისყიდონ მოსახლეობიდან ნედლეული რაც შეიძლება დაბალ ფასად, სადაც პროდუქციის გადამუშავებით შექმნილი დამატებული ღირებულება ემსახურება გადამმუშავებელი საწარმოს მეპატრონე რამდენიმე საქმოსნის კიდევ უფრო გამდიდრებას.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საწარმოო ურთიერთობათა ასეთი ფორმით გაგრძელება სოფლის მოსახლეობისათვის საბოლოო ანგარიშით უკუშედეგის მომტანია და იწვევს მოსახლეობის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციის დასუსტებას, ადგილებზე სამეწარმეო განვითარების პერსპექტივის დაკარგვას, მიწების გაპარტახებას და რაც მთავარია, სოციალური სფეროს მოშლას. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ფინანსური რესურსების სოლიდური ნაწილი უკუშედეგების მომტან ღონისძიებებზეა მიმართული.

ნიშანდობლივია, რომ წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებმა მწვავე კრიზისების დაძლევის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ კოოპერაციული სისტემის განვითარება მიიჩნიეს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა, უმწვავეს კრიზისში მყოფმა იაპონიის მთავრობამ 1947 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა სოფელში ჩამოყალიბებულიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და აგრარულ სექტორში დასაქმებული ყველა პირი გამხდარიყო კოოპერატივის წევრი, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მომხდარიყო იაპონიის სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარება და მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა. დღეს იაპონიის სოფლის მოსახლეობის 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში.

უაღრესად მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ისრაელმა, სწორედ კოოპერაციული სისტემით შეძლო შეექმნა ცოდნის ეკონომიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებული სასოფლო-სამეურნეო სისტემა. სწორედ კოოპერაციული სისტემით მიაღწია ჰოლანდიამ, გამხდარიყო მსოფლიოში ერთერთი ლიდერი რძის პროდუქტების ექსპორტით. ჩვენზე გაცილებით მწირი რესურსების მქონე სომხეთმა, კოოპერაციული აგრო-საკრედიტო სისტემის შექმნით მოახერხა, რომ საქართველოზე მაღალი აქვს ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები (განსაკუთრებით ხორბლის წარმოებაში) და თავის სოფლის მეურნეობის პროდუქციას (ხილი, ბოსტნეული და ყურძენიც კი) საქართველოს ბაზრებზე ყიდის.

აშკარაა, რომ არსებულ ეტაპზე საქართველოსთვის აუცილებელია პროგრესული სისტემური ცვლილებები (რეფორმები), რაც უზრუნველყოფს სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარებას, რეგიონებში მოსახლეობის მასობრივ დასაქმებას, ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიურ ზრდას, განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას და სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრებას ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და აგროსასურსათო წარმოების გაფართოებული აღწარმოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საკითხი ეხება აგრარულ სექტორში კომპლექსური ხასიათის მქონე ახალი პოლიტიკის  გატარებას, რაც უზრუნველყოფს მისი ყველა ფუნქციის ბალანსს და იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას.

დღეს ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების მიზნით, მთავრობის მიერ დაგეგმილია სოლიდური საფინანსო რესურსების მობილიზება, რომლის ქმედითუნარიანი განთავსებისათვის უცილებელია, ამჯერად მაინც გაკეთდეს განვლილი უშედეგო და ხშირ შემთხვევაში უკუშედეგის მომტანი ეკონომიკური პოლიტიკის სიღრმისეული ანალიზი, რაც ფუნდამენტურად განსხვავებულ, რეფორმატორულ მიდგომებს აყალიბებს, რომელთა შორს უმთავრესია, ცალსახად და კატეგორიულად იქნეს განსაზღვრული, თუ როგორი ტიპის ორგანიზაციული მოწყობა არის უფრო ახლოს რეგიონებში სახელმწიფოს მისიასთან და რომელ მათგანს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფო მხარდაჭერის თვალსაზრისით.

მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული რთული და არაერთგვაროვანი პრობლემების გადაჭრა ყველაზე ეფექტიანად შესაძლებელია ძლიერი კოოპერაციული ინფრასტრუქტურის ფორმირებით, რისთვისაც უმთავრესია სახელმწიფო პოლიტიკური ნების არსებობა. იგი სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოებს და კოოპერაციულ აგრო-საკრედიტო სისტემას. ამასთან აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციულ საწარმოებს უსასყიდლოდ, მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცეთ სასოფლო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

აუცილებელია მთავრობამ რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშავოს ანტიკრიზისული პროგრამა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით, რადგან განვლილმა წლებმა აშკარა გახადა, რომ ე.წ. „ბიზნესის წარმომადგენლებთან“ კონსულტაციებით, ასეთი პროგრამის მომზადება შეუძლებელია. ნიშანდობლივია, რომ არც ერთ ქვეყანას ანტიკრიზისული პროგრამები არ განუხორციელებია „საქმოსნების“ კარნახით და არც საქართველოს უქადის რაიმე კარგს მხოლოდ მათ ინტერესებზე ორიენტირება.

აღნიშნული საკითხის მიმართ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გამოვთქვამთ მზადყოფნას, შესაბამისი პროფილის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად ჩავერთოთ საქართველოს ეკონომიკის და, რა თქმა უნდა, მისი აგრარული სექტორის ანტიკრიზისული, ინკლუზიურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის უმოკლეს დროში მომზადებაში.

 

პატივისცემით,

პაატა კოღუაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი;

ავთანდილ სილაგაძე, აკადემიკოსი;

თამაზ კუნჭულია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

რევაზ გოგოხია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნიკოლოზ ჩიხლაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი;

იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის  დოქტორი, პროფესორი;

დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი;

 

09.04.2020

P.S. საკონტაქტო პირი პაატა კოღუაშვილი. თბილისი, სერგო ზაქარიაძის N8, ბ. 35. მობ: 597 333 475

 

 

 

mamuka აბსოლიტურად ვეთანხმები ბატონებს .წყალი,ღვინო და პური პრასი გვაქვს .კახელმა კაცმა თქვა ამასწინათ სანამ საქართველოში. ვენახი ხარობს საქართველოს გადაშენება არ უწერია საქატYვწლოს გაუმარჯოს
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 72 503 600 აშშ დოლარის რძე და რძის პროდუქტები; 50 346 500 დოლარის - შაქარი; 12 413 300 დოლარის - ხახვი, 6 741 100 აშშ დოლარის ბრინჯი და 2 439 400 დოლარის კარტოფილი შემოვიდა.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქართველო რომ 12 მილონ 413 ათას დოლარს ხახვში გადაიხდის ამას რა ქვია?!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს არის დაახლოებით 35 500 ტონა ანუ 35 მილიონი კილოგრამი!!! ხახვის ფასი ვიანგარიშე - 0,35$/კგ/ ალბათ სინამდვილეში დაახლოებით 50 000 ტონა იქნება
4 წლის უკან