„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.

გენერალური სტრატეგიის ფორმულირება

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ გენერალური სტრატეგიის ძირითადი მახასიათებლები, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ საზოგადოებაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები და პოტენციური ოპოზიციური ძალების მიერ მიზნის მიღწევისათვის საჭირო ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები და საშუალებები. გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

  • როგორ შეეფარდება ერთმანეთს ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფების ძლიერი და სუსტი მხარეები?
  • რომელი საზოგადოებრივი პრობლემებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზები მოქმედებისათვის?
  • მიზნის მიღწევის რომელი და როგორი ძირითადი საშუალებით უნდა ისარგებლოს ოპოზიციამ?
  • შეესაბამება თუ არა ერთმანეთს არსებული პრობლემები და მიზნის მიღწევის საშუალებები?
  • როგორ შეესაბამება ოპოზიციისათვის ხელმისაწვდომი საშუალებები ოპოზიციის გენერალური სტრატეგიის ფორმირებას?
  • როგორ შეესაბამება ოპოზიციისათვის ხელმისაწვდომი საშუალებები მოწინააღმდეგის ცნობილ სისუსტეებს?
  • დიქტატურის საფუძვლებში რა არის პოტენციურად მოწყვლადი ოპოზიციის ხელთ არსებული საშუალებებისათვის?

ყველა დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხები სტრატეგიის შემმუშავებელ ჯგუფს გონივრული გენერალური სტრატეგიის შექმნაში დაეხმარება.

ამგვარად, დამუშავებული ბრძოლის გენერალური სტრატეგია განსაზღვრავს ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც წარიმართება კონფლიქტი. ცალკეული მოქმედებების ჩატარების ტაქტიკური ხერხები და მეთოდები ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნიათ.

სტრატეგიის პროექტის პირველი ვარიანტი, საერთო საზღვრებში, შეიძლება სხვადასხვა დამოუკიდებელი ადამიანის ძალისხმევით დაიგეგმოს, მაშინ, როცა საბოლოო ტექსტის მომზადება ერთმა ადამიანმა ან შეკრულმა ჯგუფმა უნდა შეასრულოს. მას შემდეგ, რაც პროექტი შეიქმნება, აუცილებელია ის კრიტიკულად იყოს განხილული უფრო დიდი ჯგუფის მიერ, რომლის წევრები ვალდებულნი არიან შეისწავლონ მოცემულ საკითხისადმი მიძღვნილი მთელი ლიტერატურა. თუ ეს ჯგუფი პროექტის პირველ ვარიანტს შეუფერებლად მიიჩნევს, აუცილებელია დამუშავების პროცესის თავიდან დაწყება, ან სულ მცირე, პროექტის საფუძვლიანად გადამუშავება. თუ გადაწყდა, რომ პროექტი თითქმის სრულყოფილადაა დამუშავებული, მაშინ ამ ეტაპზე, ალბათ, მხოლოდ შედარებით უმნიშვნელო კორექტირება იქნება საჭირო.

თუ გენერალური სტრატეგია გულმოდგინედ დამუშავებული და გონვრულად იქნება წარმოდგენილი, მაშინ ოპოზიციას გაუჩნდება რეალური შანსი წარმატებული გამათავისუფლებელი ბრძოლის გაშლის შესაძლებლობა არსებითად გაზარდოს.

ძალის თანდათანობით მოპოვება

 

მოსიუოა პატრიკ ლეკოტა

ხშირად, სასტიკი ჩაგვრის პირობებეში მცხოვრები ქვეყნის მოსახლეობა თავს სუსტად და უძლურად, მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის უნარის არმქონედ თვლის. საპროტესტო აქციების ორგანიზების მსგავსი ამოცანის გადაჭრა ხალხს დაუძლეველად და ძალზედ სახიფათოდ მიაჩნია. ისინი ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ ძალთა მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. პროტესტის მაგივრად ადამიანები, საკუთარი ძალების კონცენტრირებას ჩვეულებრივი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტისაკენ მიმართავენ. ამგვარად, ჩაგრული მოსახლეობა, უმეტესწილად, პასიურია.

მსგავს მდგომარეობას დიდი ხნის განმავლობაში, მცდარად, „აპათიას“ არქმევდნენ. სინამდვილეში ეს უმწეობის მდგომარეობაა.

როდესაც ადამიანები უმწეოდ გრძნობენ თავს, მათთვის რჩევის მიცემისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. თუ მოხეხდება ამგვარ მდგობარეობაში მყოფი ადამიანებისათვის ბიძგის მიცემა ღია წინააღმდეგობისაკენ, რომლის წარმართვა მათ არ შეუძლიათ, მაშინ ამ შემთხვევში გამოწვეული გარდაუვალი მარცხი პროტესტის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს აჩვენებს, რომ მათი სისუსტე კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე ისინი ამას აცნობიერებდნენ. ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, სანამ ეს ადამიანები მოქმედებას კვლავ შეძლებენ.

ამავდროულად, მცირე, ხელისუფლებისათვის ნაკლებად მწვავე საკითხებთან დაკავშირებული აქციები ამ ადამიანებისათვის სავსებით ხელმისაწვდომი და განხორციელებადია. როგორც მოსეოვა ლეკოტა (Mosiuoa Patrick Lekota - სამხრეთ აფრიკიელი პოლიტიკური მოღვაწე) იხსენებდა, 1990 წ-ს, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი ფაზის მიმდინარეობისას, შეუძლებელი იყო აფრიკელი მოსახლეობის მობილიზება მყარი სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ.

 ამ ვითარებაში აფრიკელებმა შეძლეს შეექმნათ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორიცაა სოუეტოს სამოქალაქო ასოციაცია20 (Soweto Civic Association) და რომელიც მიმართული იყო შედარებით მოკრძალებული მიზნების მისაღწევად - აგრძელებს ლეკოტა. ეგრეთ წოდებული „მოქალაქეები“ წამოჭრიდნენ კონკრეტულ პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად „წყალი არ არის“, ან „ელექტროენერგია არასაკმარისია“. სიტყვა „პოლიტიკას“ საერთოდ არ ხმარობდნენ. მათი ძირითადი გზავნილი იყო: „ადამიანებს აქვთ უფლება მოითხოვონ -ხელისუფლებამ თქვენ უნდა მოგაწოდოთ წყალი...“

ამის შესაბამისად, მოხერხდა ზოგიერთი დასახლებებში მცხოვრები აფრეკელების ორგანიზება სუფთა სასმელი წყლისათვის ჭების აგების მოთხოვნით. იქ მაცხოვრებელი ყველა ასაკის ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა დაბინძურებული წყლით სარგებლობა. აფრიკელები პროტესტს ერთადერთ პრობლემას უკავშირებდნენ და მათ წარმატებას მიაღწიეს. წარმატების შედეგად მათ იგრძნეს თავდაჯერება და გაუჩნდათ საკუთარი ძალის რწმენა, რომ უფრო სერიოზულ მიზნებსაც მიაღწევდნენ.

გაკვეთილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასტიკი მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისას, ხშირად გონივრული იქნებოდა რაიმე დიდი პრობლემის მომცრო, ცალკეული ასპექტის შერჩევა. ამგვარი წერტილოვანი დარტყმის მიმართულების არჩევა აუცილებელია ძალიან ფრთხილად მოხდეს. დარტყმის მიმართულების არასასურველი ვარიანტები თავიდანვე უნდა იქნას უარყოფილი. კონკრეტული პრობლემა არჩეულ უნდა იქნას ყველაზე ნათლად გამოხატული პრობლემების ჩამონათვლიდან, რომელთა არსებობის დამტკიცებაც არავისთვისაა საჭირო.

აუცილებელია მოწინააღმდეგის ყველაზე სუსტ წერტილებზე დარტყმის მთელი ძალის კონცენტრირება იმ ხერხებით, რომლებიც უფრო მეტად უწყობენ ხელს გამარჯვების მოპოვებაში.

ხანგძლივვადიანი ბრძოლის დასაწყისში მოსახლეობის ძირითად მასას, სავარაუდოდ, საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდება და რეალური მოქმედებების შესასრულებლად არსებული პოტენციალის მობილიზების გამოცდილებას შეიძენს. მოცემულ ეტაპზე, კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაში, მცირე საზოგადოებრივ წარმატებას შეუძლია ორი ამოცანის გადაწყვეტა: ის არა მხოლოდ იშორებს საკუთარ პრობლემას, არამედ ხელს უწყობს მოსახლეობისათვის ძალის მოკრებას შემდგომი ბრძოლებისათვის. ამგვარი შეწყობა საბოლოო გათავისუფლების შანსებს სერიოზულად ზრდის.

ასეთი მომცრო კამპანიების მსვლელობისას, დიქტატურა ან სხვა მჩაგვრელი სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება. ამ ეტაპზე მცირე კამპანიების წარმატება ძლიერი დემოკრატიული მოძრაობის განვითარებას დიდი ხარისხით უწყობს ხელს.

ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც უმწეობის შეგრძნება ტოტალური არ არის, კონკრეტული მოთხოვნების წამოჭრა მაინც სასარგებლოა. 1930 წ-ს, კამპანიის შემუშავებისას, რომლის მიზანიც სინამდვილეში ინდოეთის დამოუკიდებლობა იყო, განდიმ თერთმეტი კონკრეტული მოთხოვნის ფორმულირება მოახდინა, რომელთა შორისაც მარილზე გადასახადის გაუქმების მოთხოვნა იყო. ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ლიდერებმა ამას სკეპტიკურად შეხედეს. მიუხედავად ამისა, განდი ამტკიცებდა, რომ ამ მოთხოვნების შესრულება მომავალი დამოუკიდებლობისათვის მყარ ნიადაგს შექმნიდა. სინამდვილეში, კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის ბრძოლას ინდოეთის მოსახლეობის მობილიზება და ამავდროულად ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობის შესუსტება შეეძლო.

თითქმის ყოველთვის, თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ხანგძლივი კონფლიქტი აუცილებელია ფაზებად დაიყოს, ამასთან ყოველი მომდევნო ფაზა წინა ფაზაში მიღწეული შედეგების საფუძველზე უნდა აიგოს. ახალი ფაზა შემდგომ მოქმედებაზე მოსახლეობის მზაობის მიხედვით იწყება და შექმნილი ვითარების მოთხოვნების შესაბამისად ვითარდება. თითოეული ფაზის შინაარსი შეიძლება ერთმა ან მცირე რაოდენობის, კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად მიმართულმა კამპანიებმა შეადგინონ.

ყოველ კამპანიაში სტრატეგიის შემმუშავებლებმა დარტყმის სამიზნე წერტილი (ან წერტილების მცირე რაოდენობა) უნდა აირჩიონ. ეს გარკვეული „ბოროტების“ სიმბოლური გამოხატულების მქონე დიდი პრობლემის კონკრეტული ასპექტები უნდა იყოს; ისეთი ასპექტები, რომელშიც, მმართველი რეჟიმისათვის, გამართლების მოძიება ძალიან რთული იქნება და რომლის საწინააღმდეგოდაც ძალიან დიდი ძალების მობილიზება იქნება საჭირო.

უმეტეს შემთხვევაში, დიქტატურის ან ჩაგვრის სხვა სისტემის დასამხობად წარმართულ ბრძოლაში, კონკრეტული კერძო პრობლემების შესახებ აუცილებელი ხდება რამოდენიმე მცირემასშტაბიანი კამპანიის ჩატარება. ამ კამპანიების წარმატების შემთხვევაში, ერთის მხრივ, არსებული რაიმე არასრულყოფილების გამოსწორება, მეორეს მხრივ, კი მოწინააღმდეგის შესუსტებასთან ერთად ოპოზიციის სიძლიერის მატება ხდება.

ვითარების გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცალკეული პრობლემის შესახებ კამპანიამ თანამშრომლობაზე უარის თქმისა და დაუმორჩილებლობის იმდენად ძლიერი ტალღა გამოიწვიოს, რომ ამ გაერთიანებულმა სიძლიერემ ჩაგვრის სისტემა პირწმინდად მოსრას. მიუხედავად ამისა, ამგვარი განვითარების იმედზე სტრატეგიის მომავალი შემმუშავებელის ყოფნა სასურველი არ არის.

იშვიათ შემთხვევებში, მოსახლეობა შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობების სიძლიერეს უკვე გრძნობდეს. ადამიანებს შეიძლება უკვე აქვთ აუცილებელი თავდაჯერება, მაშინ დასაშვებია გამოვტოვოთ ცალკეულ მოვლენებთან დაკავშირებული მცირე კამპანიების ფაზა და გავემზადოთ ჩაგვრის მთელი სისტემის დასამხობად. აქ მაგალითად შეიძლება იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნების ბრძოლა თავისუფლებისათვის, რომელიც 1991 წ-ს წარმატებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ამგვარი შესაძლებლობა გამონაკლისია. უმეტეს შემთხვევაში პროცესის დაწყება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული კამპანიების ჩატარებით ხდება აუცილებელი.

გამათავისუფლებელი ბრძოლის ესკალაცია

 

ნელსონ მანდელა  (18 ივლისი, 1918, —  5 დეკემბერი, 2013) — ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1995-1999 წლებში.

დიქტატურის ან ჩაგვრის სხვა სისტემის წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლის ადრეულ ეტაპზე, დასაწყისისთვის, უმჯობესია მოკრძალებული მიზნების მქონე მოქმედებების განხორციელება. ეს მოქმედებები დაბალი რისკით უნდა ხასიათდებოდეს და მათი რეალიზება მოკლე ვადებში უნდა იყოს მოსახერხებელი. მითითებული მოქმედებების მიზანი არის ყურადღების მიპყრობა და ბრძოლის დაწყებისათვის საფუძვლის ჩაყრა, შეძლებისდაგვარად მონაწილეებისათვის საფრთხის თავიდან არიდებით. ეს მცირე აქციები არა მხოლოდ ეხმარება ცალკეული საკითხების გადაწყვეტაში, არამედ ძალთა ბალანსის გარკვეულ გადანაცვლებასაც უწყობს ხელს.

შემდგომში, კონფლიქტის განვითარების შესაბამისად, შეიძლება გაფართოვდეს როგორც მთლიანად მოქმედების მასშტაბი, ასევე ცალკეული კამპანიების მიზნებიც. ამასთან, მმართველი რეჟიმის მხრიდან საწინააღმდეგო მოქმედებებიც - განსაკუთრებით რეპრესიები, შეიძლება გაძლიერდეს. როდესაც ოპოზიცია თავისი აქციებით სულ უფრო და უფრო სერიოზულ დარტყმას აყენებს რეჟიმს, კონტრზომების გამკაცრება განსაკუთრებით რეალური ხდება.

დამუშავებული სტრატეგია, ადრე განხილული, ჩაგვრის რეჟიმის საფუძვლების მოსარყევად, პირდაპირ ან ირიბ ზომებს უნდა მოიცავდეს. ამ ზომებმა უნდა შეძლონ შეამცირონ ან „ნულამდე დაიყვანონ“ მმართველი რეჟიმის ხელმისაწვდომობა ძალაუფლების წყაროებთან. სწორედ ეს მოხდა სერბეთში მილოშევიჩის წინააღმდეგ წარმართული ბრძოლის დროს: თავიდან მოხდა მისი მმართველობის ლეგიტიმურობის მოცილება, შემდეგ მოსახლეობა უმოქმედობიდან გადავიდა თანამშრომლობაზე უარის თქმასა და ღია დაუმორჩილებლიბაზე, და ბოლოს, რეჟიმის საყრდენი რეპრესიული აპარატი აღარ ფუნქციონირებდა. დიქტატურისათვის ძალის წყაროების მოცილებით რეჟიმი იმსხვრევა.

რეჟიმის დამხობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გულმოდგინედ იქნა სტრატეგია შემუშავებული და მოხდა თუ არა მისი რეალიზება შესაბამისი სახით.

ნაბიჯები მომავლისაკენ

მიუხედავად სირთულისა, ამ მოქმედებების შესრულება ჩვეულებრივ ადამიანებს სავსებით ხელეწიფებათ. მათ ძალუძთ სწავლა, ფიქრი, დაძაბული მუშაობა, კამპანიის ჩასატარებელი საფუძვლის შექმნა, სტრატეგიის კვალიფიციური შემუშავება. დაგეგმვის ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს ღონისძიება, რომელიც აუცილებელია დასახული ამოცანების გადასაწყვეტად, რის შემდეგაც საჭირო იქნება შეუპოვარი ნაბიჯების გადადგმა. ოპოზიცია უნდა მოქმედებდეს თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდეს დასახულ მიზანს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველა ამ მოქმედების რაციონალური და კომპეტენტური შესრულების შედეგად ჩაგრულ ხალხს შესაძლოა გაუჩნდეთ თავდაჯერებულობა - საკუთარ შესაძლებლობებით მოიპოვონ თავისუფლება.

მოცემული ნაშრომის მიზანი იყო იმის გამოკვლევა, შეძლებენ თუ არა ადამიანები იმოქმედონ დამოუკიდებლად და მიაღწიონ მიზანს, პოლიტიკურ ლიდერ-მესიაზე დაყრდნობის გარეშე, რომელიც შეიძლება არასდროს გამოჩნდეს, ან გამოჩნდეს, მაგრამ არ ფლობდეს საკმარის სიბრძნეს.

  • როგორ შეძლებს ხალხი ყველაზე სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ გაზარდოს გამარჯვების მიღწევის და მისი შედეგების შენარჩუნების შანსები და ამავდროულად მოახერხოს საკუთარი დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა?
  • როგორ შეძლებს ხალხი მოიპოვოს თავისუფლება და საკუთარ თავში განავითაროს ჩაგვრის სისტემის აღარდაბრუნებისა და გაცილებით თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების აშენების უნარი.

მოცემული სახელმძღვანელო შეიცავს ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ, ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის ეფექტურობის გაზრდისათვის საჭირო სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რაც გაცილებით მოსახერხებელი იქნება სხვა, იმპროვიზირებული მოქმედებებით წარმართულ მოძრაობასთან შედარებით.

დიქტატურის აღდეგენის თავიდან აცილება

გამოსვლები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის წინააღმდეგ

ოპოზიციის მიზანი არსებული დესპოტური სისტემის უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოებრივი წყობის სისტემით შეცვლაა. ამიტომაც, აუცილებელია მიღებულ იქნას ზომები გამათავისუფლებელი მოძრაობის პირველი წარმატებების დასაცავად, რათა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა ვერ მოახერხონ მათი გამოყენება გადატრიალების მოსახდენად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ამგვარი ვითარება შესაძლებელია წარმოიქმნას უშუალოდ გამათავისუფლებელი ბრძოლის პროცესში ან კონფლიქტის დამამთავრებელი ფაზის დროს.

გადატრიალების მოხდენის ალბათობა დიდია, როდესაც დიქტატურა ან ჩაგვრის სხვა სისტემა შესუსტდება, და რეჟიმი ავლენს გაუბედაობას ან იწყებს შეცდომების დაშვებას, ცდილობს რა ჩაახშოს დემოკრატიული მოძრაობა. ზოგ შემთხვევაში გადატრიალების ორგანიზება შესაძლებელია მოხდეს რეჟიმის შიდა ელემენტების მიერ, როგორც ეს პოლონეთში მოხდა, როდესაც გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ 1981 წლის დეკემბერში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. „სოლიდარნოსტის“ მიერ გამართულ მასობრივი არაძალადობრივი ბრძოლის განვითარების ეტაპზე აშკარად ნათელი გახდა, რომ კომუნისტური პარტია ძალაუფლების საიმედო საყრდენი აღარ იყო და კოლაფსის ზღვარზე იმყოფებოდა.

გადატრიალება ასევე შეიძლება განხორციელდეს არაძალადობრივი წინააღმდეგობის დაუნდობელი ჩახშობისა და დიქტატორული რეჟიმის ან ჩაგვრის სხვა სისტემის დაცვისათვის. ასე მოხდა 1968 წ-ს ბირმაში, მას შემდეგ, რაც არაძალადობრივი ბრძოლის შედეგად შეიცვალა სამხედროების მიერ კონტროლირებული სამი მთავრობა, ხოლო დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა ვერ მოახერხეს ერთმანეთში მოლაპარაკება, თუ ვინ უნდა ჩადგომოდა სათავეში დემოკრატიულ ხელისუფლებას.

გადატრიალების ორგანიზების სხვა შესაძლებლობა შემდეგში მდგომარეობს - დიქტატურის წარმატებით დამხობის შემდეგ, მომდევნო პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში, რაიმე განკერძოებულმა ჯგუფმა, საკუთარი მოტივებითა და ამოცანებით, შეიძლება ხელში ჩაიგდოს სახელმწიფო აპარატის კონტროლი საკუთარი მისწრაფებების რეალიზების მიზნით. მაგალითად, ასეთი შეიძლება აღმოჩნდეს სურვილი, გახადოს საკუთარი თავი ქვეყნის ახალ მეპატრონედ. სწორედ ეს გააკეთეს ბოლშევიკებმა 1917 წლის ოქტომბერში, რუსეთში, მას შემდეგ, რაც მეფის რეჟიმი დამხობილ იქნა, უპირატესად არაძალადობრივი, თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

დემოკრატიული გარდაქმნებისათვის (ცვლილებებისათვის) არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის სტრატეგიის შემმუშავებლებმა სტრატეგიულ გეგმაში უნდა შეიტანონ აუცილებელი ზომები, რომლებიც მიმართულია საპასუხო სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილებასა და მის განადგურებაზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ამ გადატრიალების მიერ დეკლარირებული მიზნები.