ბოლო ცხრა წელია „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა რანგის წარმომადგენლები დღენიადაგ გვიკიჟინებდნენ, რომ სწორედ მათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ვუმადლოდეთ და ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩვენთან „ილიჩის“, უკაცრავად „სააკაშვილის“ ნათურა ანთია და გვაქვს ბუნებრივი გაზი უწყვეტად - აზერბაიჯანიდან და არა რუსეთიდან და, საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით უზრუნველყოფილნი ვართ. და, ამ საქმეში მათი დამსახურება განსაკუთრებულია, თურმე, მათ მოსვლამდე ენერგეტიკაში განვითარების არც გეგმა, არც სტრატეგია არ არსებობდა.
ამ ლოგიკით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაურწევია ქართული „გოელროს“ (რუსეთის ელექტროფიკაცია) გეგმის, თუ ასე შეიძლება ითქვას, აკვანი , ჩვენ, ალბათ, კრიჟანოვსკიც გვეყოლება (პროფესორი გ. კრიჟანოვსკი იყო „გოელროს“ გეგმის კომისიის თავჯდომარე ლენინის უახლოესი თანამებრძოლი) და „ედისონიც“ (თომას ედისონი ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი „ვარვარების ნათურის“ წარმატებული კომერციული ვარინტის ავტორი). და, თუ ეს მართლა ასეა - უნდა ვიყოთ დღენიადაგ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი „კრიჟანოვსკების“ ქება-დიდებაში, მაგრამ... სწორედ ამ მაგრამშია საქმე. და ეს რომ ასე არ არის ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც, თუ თავს არ იტყუებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ. პირადად მათი წვლილი ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, როგორც პროფესიონალები და უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, არის მიკროსკოპული მაშტაბის და მეტიც, პირადად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უამრავი საბედისწერო შეცდომა დაშვებული ქართული ენერგეტიკის განვითარების საქმეში, რომელზეც ალბათ, მოვიდა დრო, რომ ღიად ვისაუბროთ და ეს შეცდომები სულ ცოტა ხანში ძალიან ძვირად დაუჯდება მთლიანად საქართველოს.
ქვემოთ შევჩერდებით ძირითად მომენტებზე, რომლითაც ადვილად დასტურდება ის ჭეშმარიტება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის „ლაზიკის“ მშენებელ მიხეილ სააკაშვილით ქვეყნის „განათებაში“ არავითარი წვლილი არ მიუძღვის, გარდა ზღვარს გადასული პიარისა.
რეფორმები, რომლებიც ნაციონალურმა მთავრობამ მიიწერა და მათი შეცდომები, რომლებიც სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის გადასახდელია:
1. რეალურად რეფორმების პირველი სიგნალი იყო- 1997 წელს მიღებული კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, რომელშიც 9 წლის განმავლობაში ნაციონალურმა მთავრობამ იმდენი შესწორება შეიტანა თვლა ამერია. კანონს ჭრიდნენ და კერავდნენ ისე, როგორც აწყობდათ მოცემულ მომენტში, თუმცა კანონი თავისი არსით ძალიან პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯი იყო იმ პერიოდისთვის.
2. 1997 წელს ენერგეტიკის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შექმნა იყო სისტემის ლიბერალიზაციისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და იმის გარანტი, რომ ენერგეტიკაში დაბალანსებული იქნებოდა ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესები, დაცული იქნებოდა საქონელზე ეფექტიანი ფასწარმოქმნის პრინციპი.
ამ წლების განმავლობაში სემეკმა თანდათანობით დაკარგა დამოუკიდებლობა, პროფესიული დონე და ენერგეტიკის სამინისტროს დანამატად, მოგვიანებით კი ნოტარიუსად იქცა.
3. 1998 წლიდან დარგში პრივატიზაციის პროცესის დაწყება და თელასის პრივატიზაცია, ამერიკული კომპანია „ეი-ეს კორპორაციის“ შემოსვლა, რასაც მოჰყა 1999-2003 წლებში ამერიკული „ეი ეს“-ის მიერ ქსელის სრული რეაბილიტაციისათვის ჩადებული 270 მილიონი აშშ დოლარი. 2003 წლის ივნისის თვიდან თბილისის სადისტრიბუციო კომპანიის „თელასის“ და გარდაბნის თბოსადგურის და ხრამი 1 და 2-ის ახალმა მფლობელებმა (რუსეთის „რაო ეესმა“ 2003 წლის ივნისში შეიძინა ეს აქტივები ამერიკული „ეი-ეს-ის“-გან) აშკარად გააუმჯობესა კომპანიების მენეჯმენტი და განსაკუთრებით 300 მეგავატიანი თბოსადგურის ბლოკის ექსპლუატაცია, რაც ამერიკელთათვის მათი მენეჯმენტისათვის აშკარად გადაუწყვეტ პრობლემას წარმოადგენდა წლების განმავლობაში (მარტო დიდი და საშუალო დონის ავარიების რიცხვი ამერიკული მენეჯმნტის დროს ამ ობიექტზე რეკორდული იყო!!!).
სამწუხაროდ, პრივატიზაცია 2004 წლიდან დამახინჯებული ფორმით გაგრძელდა, ვერავინ დაასახელებს რომელიმე დიდ და ცნობილ კომპანიას, რომელიც საქართველოში მას შემდეგ შემოვიდა, ჩეხურ „ენერგოპროს“ და ქართულ „საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ ვერ განვიხილავთ ევროპაში და მსოფლიოში ცნობილ კომპანიებად განსაკუთრებით, „ეი-ეს-თან“ და „რაოსთან“ შედარებით.
4. 2001 წელს დაიწყო ევროპის რეკონსტრუქციისაა და განვითარების ბანკის კრედიტით დაფინანსებული ქართული ენერგეტიკის უდიდესი ობიექტის-ენგურის ჰიდროელექტროსადგურის და ვარდნილჰესების რეაბილიტაცია. სწორედ ამ პროექტის დამსახურება იყო, ფაქტიურად ავარიულ რეჟიმში, ხშირად არსებული 5 აგრეგატიდან 2 ის ამარად დარჩენილი, დაბალი საიმედოობით მომუშავე ამ ჰიდროსადგურების სრული რეაბილიტაცია. სწორედ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგია, (მისი წილი ქვეყნის ენერგობალანსში 40%-ია) მეტ-ნაკლებად საიმედოდ ფუნქციონირებადი საქართველოს ენერგოსისტემა. სპეციალისტებს კარგად მოეხსენებათ, რომ ამხელა ჰესის რეაბილტაციას ტექნიკური პროექტის მიხედვით სულ მცირე 4-5 წელი დასჭირდებოდა (ტექნიკური პროექტის ავტორები ქართველ სპეციალისტებთან ერთად იყვნენ შვეიცარული „შტუკე- ელექტროვატი“ და ფრანგული ენერგოგიგანტი „ედეეფი“) და მის გარეშე ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა, რომელსაც ასე იჩემებს სააკაშვილის მთავრობა, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
რა კავშირი ჰქონდა ამ ობიექტის რეაბილიტაციასთან სააკაშვილის ხელისუფლებას ეს მკითხველმა შეაფასოს.
5. „2000 წლიდან დაიწყო ენერგოსექტორის რეორგანიზაციის ახალი ეტაპი, ამჟამად უკვე უცხოური კომპანიების მონაწილეობით. 2002 წლის ნოემბერში, უცხოური კომპანიების შემოსვლამდე, განხორციელდა შპს „ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000“-სა და სს „ელექტროგადაცემის“ შერწყმა, რის შედეგადაც შეიქმნა შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე). 2001 წელს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი 5-წლიანი მართვის უფლებით ესპანურ კომპანია „Iberdrola“-ს გადაეცა, 2003 წელს კი შპს სსე-ში 5-წლიანი მართვის უფლებით ირლანდიური კომპანია ESB International-ის მენეჯმენტი შევიდა.“ ეს ციტატა ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური საიტიდან ამოვიღე (www.menr.gov.ge), ისე არ გეგონოთ კახა კალაძის მინისტრობის დროს არის დაწერილი, ეს ინფორმაცია გილაურის დროიდან დევს, ეტყობა ძალიან გაუჭირდათ ამ ინფორმაციის დამალვა!
ელექტროენერგეტიკაში სტრუქტურული რეფორმა სწორედ 2000 წლიდან დაიწყო. ანუ, ყველა ძირითადი სტრუქტურული რეფორმა საქართველოს ენერგეტიკაში (საერთოდ პროფესიანელების განმარტებით ეს ეტაპი ურთულესია ზოგადად ენერგეტიკულ რეფორმებში) ენერგეტიკის სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული დახვდა სააკაშვილის მთავრობას!
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური კომპანიების შესვლას საბითუმო ბაზარში და ელექტროსისტემაში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, მოჰყვა ენერგოსისტემის ტექნიკური გადაიარაღების დაფინანსება. მათ შორის მინდა აღვნიშნო სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სადისპეჩერო პულტი და დანერგილი SCADA-ს სისტემა, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.
ამავე პერიოდში შექმნილი უდიდესი სადისტრიბუციო კომპანია - „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია“ 2002 წელს მართვაში გადაეცა ამერიკულ კომპანია „პი-ეი კონსალტინგს“, რომლის მიზანიც იყო კომპანიის მენეჯმენტის რადიკალური გაუმჯობესება და საპრივატიზაციოდ მომზადება, დღეს ეს კომპანია „ენერგოპროს“ საკუთრებაშია, რომელიც 105 მლნ დოლარად შეიძინა და ნაციონალების დამსახურებაა, რომ ამ კომპანიას თითქმის თელასთან გათანაბრებული ტარიფი აქვს!
6. 2000 წელს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მოახერხა მოეწვია ჩინელი ინვესტორები და კახეთში დაიწყო 24 მეგავატიანი ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 2004 წელს დასრულდა. მაინტერესებს 9 წლის განმავლობაში, რომელი საშუალო სიმძლავრის ჰესი ააშენა სააკაშვილის მთავრობამ? სამწუხაროდ - არც ერთი, დაწყებულია პროექტები, თუმცა როდის დამთავრდება არავინ იცის!
7. 2005 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 209,4 მლნ ლარი, ხოლო 2006 წელს -259,7 მლნ ლარი იყო და ყოველ წელს იზრდებოდა. სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა იმერეთის ჰესების - ძევრულას, შაორის, რიონის ლაჯანურის და გუმათის რეაბილიტაცია. ნაციონალებმა კი ხალხის ფულით რეაბილიტირებულ ჰესებს ტარიფები გაუზარდეს, რათა- „ენერგო პროს“ უფრო დიდი მოგება მიეღო, რითაც ისევ მოსახლეობამ იზარალა, საბოლოდ ელექტრონერგიის ტარიფის გაზრდით.
8. რაზე ფიქრობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ჩინოვნიკები, როდესაც ვარციხეჰესების კასკადი, გამომუშავებით ენგურჰესის შემდეგ ეს უიაფესი ენერგიის წყარო დაუკითხავად, რომ წაართვა საქართველოს მოსახლეობას და ფეროშენადნობის ქარხნის მეპატრონეებს გადასცა? არავინ მითხრას ესეც ხალხის საკეთილდღეოდ გააკეთესო. ამ გადაწყვეტილებით, მათ კერძო კომპანიას ელქტროენერგიის ტარიფი შეუმცირეს, ხოლო საქართველოს მოსახლეობას კი გაუძვირეს.
9. ახალი სიმძლავრე, რაც სააკაშვილის მთავრობამ დაგვიტოვა არის 2006 წელს პომპეზურად გახსნილი ქართულ-რუსული ბანკების ფინანსური დახმარებით აშენებული ორი 55 მეგავატიანი გაზოტურბინა, საერთო ჯამში - 110 მეგავატი. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, რუსული ბანკი „ვნეშტორბანკის“ მიერ დაახლოებით 40 მლნ დოლარი იქნა ჩადებული ამ პროექტში. 2010 წელს „ენერჯი ინვესტის“ გაზოტურბინები „ენერგოპროს“ მიყიდეს, ხოლო „ენერჯი ინვესტი“ გააკოტრეს. აქვე კიდევ ერთი განმარტება - 2007 წლიდან სამომხმარებლო ტარიფში ჩადებულია რეზერვის სიმძლავრის ტარიფი, რომელიც სწორედ გაზოტურბინისთვის შემოიღეს, გაზოტურბინისთვის კი არა, პირადად კერძო ინვესტორისათვის საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე არნახული სასათბურე პირობები შექმნეს. 2007 წლიდან გაზოტურბინები ექსკლუზიურად იღებდნენ სასისტემო რეზერვისთვის გადახდილ მილიონებს და მხოლოდ 2010 წლიდან გახდა შესაძლებელი რეზერვის გადასახადი სხვა თბოსადგურებსაც მიეღოთ. 2012 წელს სარეზერვო სიმძლავრეში მხოლოდ თელასის მიერ გადახდილია 12,7 მლნ ლარი.
საინტერესოა, ვინმემ დათვალა ამ პროექტრის განხორციელებამდე რა ეფექტი ექნებოდა ამ გაზოტურბინებს საქართველოს ენერგეტიკისთვის და ეკონომიკისთვის, მითუმეტეს, რომ ქვეყანა იმპორტირებული გაზის იმედზეა და კიდევ ერთი რამდენი კილოვატ/საათი გამოიმუშავა 6 წლის მანძილზე? მისი გამომუშავება დღემდე შეადგენს 700 მლნ. კვტ/სთ. (მონაცემები აღებულია ესკოს საიტიდან)
10. ენერგოსისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო-ს), მოღვაწეობაც არ არის წინა მთავრობის დამსახურება, როგორც ენერგეტიკულ სისტემაში მოღვაწე თანამშრობლები და უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ, ელექტროენერგიის ყიდვა გაყიდვის ნოვატორული სისტემა - პირდაპირ ხელშეკრულებებზე დაფუძნებული მოდელიც 2004 წლამდე იყო დამუშავებული და მეტიც, იმ პერიოდში მთავრობის სხდომაზეც ჰქონიათ განხილული.
და კიდევ ერთი, ცალსახაა, რომ თელასს ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნურად გაზრდილი ტარიფით მიღებული აქვს დამატებითი შემოსავალი 350-400 მილიონი ლარის ფარგლებში. საინტერესოა, ვინ აგებს ამაზე პასუხს ენერგეტიკის სამინისტრო თუ სემეკი? რეალურად, თბილისის მოსახლეობა, გაღარიბების ხარჯზე, უზრუნველყოფდა ამ ორგანიზაციისათვის ზემოგებებს, ანალოგიური სიტუაციაა ენერგოპროშიც.
11. სულ ახლახან გაირკვა, რომ სააკაშვილის მთავრობა საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, სახელმწიფო თანხებით, იწყებდა ახალი თბოსადგურის მშენებლობას, რაშიც უკვე გადახდილია კონტრაქტორი თურქული კომპანიისთვის 50 მლნ. დოლარი. სად არის ამ თბოსადგურის ტექნიკურ-ეკონოკიური დასაბუთება და ვინმემ თუ შეაფასა მისი მიზანშეწონილობა? მაშინ, როცა ერთ-ერთ ვარიანტად, გარდაბანში გაქვს საშუალება აღადგინო 300 მეგავატიანი მე-10 ენერგობლოკი და ამის შესახებ აწარმოო მოლაპარაკება „თელასთან“ და „ინტერრაოსთან“, ამ დროს, ყოველგვარი დასაბუთების, განხილვების, დისკუსიების გარეშე იწყებ ახალი თბოსადგურის მშენებლობას, გასაოცარია?!
12. საქართველო დღეს უწყვეტად იღებს ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან და ენერგოსისტემას აღარ უხდება მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციაში ფუნქციონერება გაზის მხოლოდ რუსეთიდან იმპორტის გამო. ეს სიტუაცია არც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრების, არც ყოფილი პრემიერების და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. ეს პირდაპირ უნდა ითქვას მათი წინამორბედი ხელისუფლების აქტივშია. სწორედ ამ გაზის მოწოდება უზრუნველყოფს საქრთველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებას, ასევე რაც უმნიშვნილოვანესია თბოსადგურების სტაბილურ მუშაობას, რომელიც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ქვეყნის საიმედო „ბაზისური“ ენერგიით მომარაგებაში და ჰიდროენერგიის ოპტიმალური გამოყენებისათვის.
საკაშვილის მთავრობამ მოახერხა ის, რომ სახელმწიფო კომპანიის გაზისა და ნავთობის კორპორაციის ფუნქციები გადაეცა სხვა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიისათვის „სოკარ ექსპორტ-იმპორტისთვის“ , რომლის მოვალეობებია: საქართველოში სოციალური სექტორის (მოსახლეობა და თბოსადგურები) ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულება; გაზპრომიდან შესყიდული გაზის ფასის კომპენსირება; პიკური წლიური მოხმარების დაბალანსება 100 მლნ მ3 მოცულობის ოდენობით; სეზონური მოხმარებისა და დღიური მოცულობების ბალანსირება (გაზსაცავის ფუნქცია). მაშინ რაღა საჭირო იყო გაზის კორპორაცია?
აქვე სამწუხარო რეალობა - ის, რაც საქართველოს ეკუთვნოდა უფასოდ სატრანზიტო მომსახურებაში, სააკაშვილის მთავრობის წევრებმა თავისი შეხედულებისამებრ შეაფასეს და მოსახლეობას ტარიფი დაუსაბუთებლად გაუძვირეს, ეტყობა იმიტომ, რომ გაზის კორპორაციას ამ ფულით აეშენებინა ქუთაისში პარლამენტი, ეყიდა ტრაქტორები, დაეფინანსებინა კურდღლების ფერმა და ა.შ.
2012 წლის გაზის მოხმარების ბალანსში, რომელიც ოფიციალურად აქვს დამტკიცებული ენერგეტიკის სამინისტროს, 2012 წლის საქართველოს ბუნებრივი აირის მოხმარება შეადგენს 1, 486.150 კუბურ მეტრ აირს, რაც იმას ნიშნავს იმ განფასებით, რაც დღემდეა ცნობილი და გაზის ბალანსით, ერთი კუბური მეტრი გაზის საფასური თავისი დღგ-იანად არ უნდა აღემატებოდეს 39 თეთრს, თუმცა სატრანზიტო მოცულობების განფასება აუცილებლად გადასახედია!
ასე რომ, ფაქტიურად სააკაშვილის ხელისუფლების როლი საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებაში უმცირესია!
სააკაშვილის მთავრობამ რეალურად მოიმკო იმ რეფორმების და სარეაბილიტაციო პროექტების შედეგები, რომლებიც მათ მოსვლამდე დაინერგა და მათში მონაწილეობა არ მიუღიათ და რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ (2003წ. დეკემბერი) აშშ გამოცემულ სამუშაო ანგარიშში „ფიქრი ენერგეტიკული სექტორის რეფორმაზე“ ასეა შეფასებულია: „...საქართველოს უჭირავს ერთ ერთი პირველი ადგილი ენერგოსექტორის რეფორმატორტთა სიაში“ (ისე, ყოფილ ნაციონალურ ხელისუფლებას რომ მოსწონდა, სწორედ ისეთი შეფასებაა!!!) და სწორედ, აი, ამ რეფორმება მოიტანეს ის სტაბილური მდგომარეობა, რომელთა შედეგებს იმკიდა, აყვედრებდა მოსახლობას და, მითუმეტეს, ავტორობასაც ასე ურცხვად იჩემებდა სააკაშვილი და მისი გარემოცვა!