მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავის მოხმარება მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რომელსაც ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი ქვეყნები ცდილობენ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი იპოვონ, ხოლო საქართველოში კი იმედი აქვთ, რომ ნავთობგიგანტები რამეს მოიფიქრებენ უმძიმესი კრიზისდან გამოსასვლელად. თუმცა, ვიდრე დედამიწაზე კორონავირუსის აჩრდილი დაძრწის, საწვავის მოხმარების ზრდაზე და მით უფრო სანავთობო ინდუსტრიის აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დროებითი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა და ქვეყანაში მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდა, ნავთობპროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა.
„სოკარის“ გენერალური დირექტორი ლევან გიორგაძე აცხადებს, რომ საწვავის მოხმარება მათ ქსელში დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
„საგანგაშო მდგომარეობაა. საწვავის მომხმარებელთა რაოდენობა ყოვედღიურად იკლებს, რადგან ხალხი აღარ გადაადგილდება“, - ამბობს გიორგაძე.
რაც შეეხება საცალო ქსელში საწვავის ფასებს, მისი თქმით,ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტებზე ფასმა ფასდაკლების გათვალისწინებით 40-50 თეთრით დაიკლო, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
გიორგაძის განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასებმა 30 დოლარს გადააჭარბა. მოლოდინია, რომ „ოპეკი პლუსი“ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც სამომავლოდ, რა თქმა უნდა, საქართველოში საცალო ქსელებში არსებულ საწვავის ფასზეც აისახება.
ამასობაში ნავთობის უმსხვილესმა მომპოვებელმა ქვეყნებმა 10 აპრილს, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ნავთობის მოპოვება მაისსა და ივნისში 10 მილიონი ბარელით შემცირდება. გადაწყვეტილებამ ბაზარზე, ფასების სტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს, რაც ამ შემთხვევაში შავი ოქროს გაძვირებას გულისხმობს. შემდგომი გეგმა კი ასეთია: 1-ლი ივლისიდან, შემცირება დღეში 8 მილიონი ბარელი იქნება, ხოლო 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე კი - დღეში 6 მილიონი ბარელი.
აღნიშნული პირობები „ოპეკი პლუსის“ ყველა წევრს ხელს აძლევდა გარდა მექსიკისა. ამის გამო, მასთან მოლაპარაკებები გაიწელა. მექსიკას არ მოსწონდა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მას ნავთობის მოპოვება დღეში 400 000 ბარელით უნდა შეემცირებინა. ბოლოს, ქვეყნის წარმომადგენელმა უარი თქვა აღნიშნული შეთანხმების დამტკიცებაზე და დატოვა ვიდეოკონფერენცია.
„ოპეკი პლუსში“ იმედს გამოთქვამენ, რომ სამომავლო შეთანხმებას შეუერთდება აშშ და კანადაც და ასეთ შემთხვევაში მაისი-ივნისში დღეში უკვე 15 მლნ ბარელის შემცირება იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით გაურკვეველია ბრაზილიისა და ნორვეგიის პოზიციები, რომელთა წარმომადგენლებსაც აგრეთვე გადაეგზავნათ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაცია.
ექსპერეტი ბექა კემულარია ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმება თავისუფალ ბაზარზე ზოგადად მიუღებელი და კანონგარეშეა, მაგრამ ამის უფლება რატომღაც მხოლოდ ოპეკს აქვს.
„ბიზნეს სუბიექტები ფასზე რომ თანხმდებიან და ერთმანეთთან შეთანხმებით ადგენენ, ეს არის უკანონო ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ბიზნესი უნდა აწარმოო ბაზარზე დამკვიდრებული ქცევის წესებით. კონკურენტთან შეთანხმება აბსოლუტურად გაუგებარია. ოპეკი, ამ მხრივ, ერთადერთი „დაკანონებული“, უკანონო ორგანიზაციაა. ჩვენი მოქალაქეებისათვის მთავარი ნავთობის ის ფასია, რაც შიდა ავტოგასამართ სადგურებზეა. საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე რამდენად ადეკავტურად აისახება და რამდენად ითვალისწინებენ მოთამაშეები მსოფლიოში არსებულ ობიექტურ რეალობას, ეს კიდევ ცალკე განსახილველი თემაა. ამიტომ როგორ აისახება „ოპეკი პლუსის“ შეთანხმება საქართველოზე. ეს ნამდვილად რთული სათქმელია“, - განაცხადა კემულარიამ.