ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინვესტორებმა საკუთარ პროექტებზე უარი განაცხადეს. ასეთი ფაქტი დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში - ენერგეტიკაში, სამშენებლო სექტორში, სასტუმროების ბიზნესში. რის საფუძველზე იღებენ ბიზნესმენები გადაწყვეტილებას და როგორია დღეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო?
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისიდან პარლამენტის ისევ თბილისში შესაძლო გადმოტანის შესახებ განცხადებების გაკეთების შემდეგ ინვესტორთა ორმა ჯგუფმა იმერთქალაქში ბრენდული სასტუმროს მშენებლობაზე საბოლოოდ განაცხადა უარი. ბიზნესმენებისთვის შემაფერხებელი აღმოჩნდა კაზინოების შესაძლო აკრძალვის თემაც.
ენერგეტიკაში მიმდინარე ცვლილებების შემდეგ ინვესტორებმა ჰესების აშენებაც გადაიფიქრეს. მტკვარიჰესისა და ფარავანჰესის ასაშენებლად ახალი ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო.
თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია და მკვეთრ პოლიტიკურ ცვლილებებს ყოველთვის უკავშირდება ხოლმე. ამიტომ სპეციალისტები და ბიზნესმენები არ ჩქარობენ დასკვნების გაკეთებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ბიზნეს გარემოს შეფასება ერთი წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
სამშენებლო კომპანიებისა და ავტოდილერების ნაწილის განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ უნდა გაანალიზდეს დინამიკა და არა შედეგი. ბიზნესგარემოს დალაგებას დრო სჭირდება, პირველი შედეგები ერთი წლის თავზე გამოჩნდება.
მათივე თქმით, თავდაპირველად შრომის კოდექსი და მონოპოლიების თემა უნდა იქნეს შესწავლილი. ამასთან, «ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ეს არის წინაპირობა პროგრესისა და განვითარების. მოლოდინი არის ოპტიმისტური», - აცხადებენ ბიზნესის წარმომადგენლები.
„იბერია ბიზნეს ჯგუფის“ დამფუძნებლის ტარიელ ხეჩიკაშილის განცხადებით, რეალურ შედეგებს ბიზნესი 2014 წელს დაინახავს. „ეს მყისიერად ერთ თვეში არ მოხდება, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება. რაც შეეხება მოლოდინს, ის ძალიან ოპტიმისტურია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველი ბიზნესმენია მთავრობის ხელმძღვანელი და სამაგალითოა როგორც ქველმოქმედებით, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით.
რაც შეეხება გასულ პერიოდს, ის ყველაზე რთული იყო თვითონ მთავრობისთვისაც, რადგან საკადრო პოლიტიკის ფორმირებას დრო სჭირდებოდა. ამიტომ ბიზნესთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ძნელია პირველი ნაბიჯების განსაზღვრა, მაგრამ მოლოდინი არის ოპტიმისტური და დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი ძალიან კარგი ტემპით წავა წინ“, – აცხადებს ხეჩიკაშვილი.
სხვათა შორის, პოზიტიური ინფორმაციები ვრცელდება დიპლომატიური არხებითაც. მალე საქართველოში ყირგიზული ბინზეს ჯგუფი ჩამოვა, ხოლო იანვარში კი ქვეყანას ყაზახური ბიზნეს დელეგაცია ეწვევა. ამ განცხადებას «კომერსანტთან» საუბრისას ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩი დავით მუმლაძე აკეთებს. მისივე შეფასებით, ხელისუფლების ცვლილებას საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ მოუხდენია.
„მათ უკვე მიიღეს პირველი სიგნალები ახალი ხელისუფლებისგან, ინვესტორებმა იციან, რომ ახალი ხელისუფლება ბიზნესის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ასევე მათი სურვილია, კონსალტინგ–ჯგუფებს შეხვდნენ“, – აცხადებს მუმლაძე. მისივე თქმით, საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე მოთხოვნა ყაზახეთისა და ყირგიზეთის მხრიდან დღითი დღე იზრდება და ხელისუფლების ცვლილებას მათი შეშფოთება არ გამოუწვევია.
ოპტიმისტურადაა განწყობილი საქართველოს მთავრობაც. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მათ აქვთ სერიოზული გარანტიები იმისა, რომ მომავალი წელი შემოსული ინვესტიციების კუთხით რეკორდული იქნება. ნოდარ ხადურის თქმით, ინვესტიციებზე სერიოზული განცხადები უკვე კეთდება, პროცესები დაწყებულია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.