ბელარუსმა რუსეთისგან კორონავირუსის 30 ათასი ტესტის შეძენაზე უარი თქვა

ბელარუსმა რუსეთისგან კორონავირუსის 30 ათასი ტესტის შეძენაზე უარი თქვა

ბელარუსმა რუსეთისგან კორონავირუსის 30 ათასი ტესტის შეძენაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მისივე განმარტებით, ტესტების შეძენაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მათი არასაკმარისი სანდოობა გახდა. კერძოდ, მოსკოვის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, დენის პროცენკომ განაცხადა, რომ რუსული ტესტების სანდოობა 60%-ით განისაზღვრება.

ბელარუსის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანამ 50 ათასი ტესტი სხვა ქვეყნებიდან მიიღო და თავადაც დაიწყო ტესტების წარმოება. მანამდე რუსეთმა ბელარუსს 10 ათასი ტესტი უსასყიდლოდ გადასცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.