ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწევს პასუხი გასცეს რთულ შეკითხვებს. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიკერძოებული უწოდა და დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა. საპასუხოდ, ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ამერიკის ლიდერს მოუწოდა საკითხის პოლიტიზირება „კარანტინში“ მოეთავსებინა.
პრეზიდენტის მსგავსად, მაიკ პენსსაც ეჭვი ეპარება, რომ დაფინანება გაგრძელდეს. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე – თუ რატომ შეცდა ასე.
for.ge–სთან საუბრიას ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტას გამორიცხავს უკრაინაში ყოფილი ელჩი, ექიმი სექსოლოგი, ზურაბ მარშანია, რომლის შეფასებით ეს პროცესი, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებით დასრულდება.
for.ge ზურაბ მარშანიას ესაუბრა.
დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჩინეთისადმი მიკერძოებული უწოდა და დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტს. ტრამპი თავიდანვე აცხადებდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა ჩინეთში ინფიცირებულების შესახებ და მალავდა რეალურ სტატისტიკას. როგორ ფიქრობთ, რამდენად მკაცრი იქნება ტრამპის გადაწყვეტილება?
ზურაბ მარშანია: ცოტა შორიდან დავიწყებ, პრეზიდენტად არჩევამდეც და განსაკუთრებით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მიუხედავად ბევრი ბრალდებისა, მისი არაპროგნოზირებადი ხასიათისა და ხისტი განცხადებისა, ტრამპი განსაკუთრებული თანმიმდევრულობით გამოირჩევა. შემთხვევით არაფერს არ ლაპარაკობს. როცა ამბობს ა–ს, ამას მოჰყვება ბე. ასე რომ, პრეტენზიები საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დღეს არ გაჩენილა. წლების განმავლობაში იყო პრეტენზიები, ძირითადად, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნატო–ს ჩათვლით, ტრამპი სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს. ძირითადად, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე. ეკონომიკურად ძლიერი ნომერ პირველი ქვეყანა და მსოფლიო ლიდერი ქვეყანა არის აშშ. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებაში ლომის წილი ეკუთვნის აშშ–ს.
პრინციპში, სამართლიან გულისწყრომას იწვევს ტრამპის განცხადება, რომ ამერიკელი გადამხდელების ფულით ის აფინანსებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსოფლიო ჯანდავის ორგანიზაციას და საბოლოო ჯამში, მათმა არაკომპეტენტურობამ (სწორედ ამ არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს), დარტყმა მიაყენა ამერიკელ ხალხს. იმავე ამერიკელი ხალხის ფულით არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და გამოდის, რომ ამერიკელების წინააღმდეგ იმოქმედა.
ამ შემთხვევაში მიზანმიმართულად მოქმედებდა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია?
– არა მგონია, რომ ეს შეგნებულად გაეკეთებინა ჩინეთს, ჯანმოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, ვის გადადგომასაც ითხოვს ტრამპი. პრინციპში, რეალურად იკვეთება დაგვიანებული რეაქციები და არაკომპეტენტურობა. ჩემი აზრით, მათ ამერიკის საზიანოდ არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ, გარდა არაკომპეტენტურობისა. ამ განსაცდელმა გვაჩვენა, რომ საქართველოში კოვიდ ინფექციის მიმართ გაცილებით ნაკლები იყო ქართველი ექიმების მხრიდან არაპროფესიონალიზმი, ვიდრე ჯანმოს მხრიდან, სადაც ასევე ექიმები მუშაობენ.
თავმჯდომარეც ექიმია და მისი მოადგილეც, ისევე როგორ ცერცვაძე, იმნაძე და გამყრელიძე. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენმა ექიმებმა გამოიჩინეს კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, რაც არ ყოფილა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან. იყო დაგვიანებები, რაც, სხვათა შორის, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ გვინდოდა ფრენების შეჩერება და ჯანმო კატეგორიული წინააღმდეგი იყოო, თუმცა მაინც შეაჩერა ტრამპმა ფრენები, ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, ინფექცია უფრო ფართოთ გავრცელდებოდა.
საერთოდ დამკვიდრდა ასეთი აზრი და მსოფლიოც თავს უქნევს რაღაცნაირად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ხელშეუხებლები, მათზე არაფრის თქმა არ შეიძლება, მათი გაკრიტიკება არ შეიძლება, არ არის ასე. გაეროს რაც აქვს ჩადენილი მარტო საქართველოში, ეს საშინელებაა. ამ თვალსაზრისით, ტრამპის გაბედულება და კრიტიკა, ეს არის ჯანსაღი, კონსტრუქციული კრიტიკა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ტრამპის გეგმა ა–ს,მოჰყვება გეგმა ბე. შეიძლება ითქვას, რომ გეგმა ბე იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაიისთვის დაფინანსების შეწყვეტა?
– სავსებით შესაძლებელია, რომ გეგმა ბე იყოს დაფინანსების შეწყვეტა, რაზეც თქვენ საუბრობთ. მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა. ალბათ, დაიწყება დიალოგი, რაღაცა დათმობაზე წავლენ. საერთოდ, ჩემი პოზიციაა, რომ საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერშიპის გადახალისება. დიპლომატიურად კარგი სვლა იქნება, რომ ტრამპმა არ შეწყვიტოს დაფინანსება. თუმცა, თუ ურთიერთობა გამწვავდა, ვფიქრობ, რომ ტრამპი შეწყვიტავს დაფინანსებას.
საერთოდ, ტრამპი ცნობილია როგორც კარგი მომლაპარაკებელი. ძალიან ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ მას შეუძლია საკუთარი შეცდომებისგან გააკეთოს დასკვნა. გახსოვთ მისი განცხადებები გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით, რომ ეს არის თაღლითობა და ა.შ. ახლა ლოცულობს იმაზე, რომ კოვიდ 19–ის ვაქცინა დროზე გამოიგონონ. როგორც გითხარით, კარგი მომლაპარაკებელია და ვფიქრობ, რომ დაიწყება დიალოგი.
არა მხოლოდ ტრამპმა, ამერიკელმა სენატორმა ღიად თქვა, რომ აშშ აღარ დააფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ვიდრე არ შეიცვლება მისი ხელმძღვანელობა, რომელსაც ტრამპი ღიად ადანაშაულებს პანდემიის გავრცელებაში...
– შეიძლება აქამდე არ მივიდეს საქმე. მე ვიფიქრობ, რომ საკადრო ცვლილებით შემოიფარგლებიან. როდესაც ქართველებმა, ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა და ინფექციონისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეს, სხვა ქვეყნებში და იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცებში არ შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ?! ეს ხომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
საერთოდ უფროსი თაობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენს ქვეყანაში ვიღაც–ვიღაცეები, ნაძირლები ჩარეცხვას უპირებდნენ ამ უფროს თაობას. უფროსი თაობა ჩასარეცხი კი არ არის, ხელი–ხელ საგოგმანებელია და მოსაფერებელია. ვხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და გარკვეულწილად ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დანაშაული და პასუხისმგებლობა არ არის?!
ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს მისი ხელმძღვანელი და ვფიქრობ, ასეც მოხდება. ეს ლოგიკურიც არის. საბოლოო ჯამში აღიარებენ, რომ მათი მოქმედება იყო არადექვატური, არასაკმარისი, ვერ ვიტყვით, რომ არაფერს აკეთებენო, მაგრამ გაცილებით ეფექტურად შეეძლო ემოქმედა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ასე რომ, შეიძლება დაფინანსების შეწყვეტამდე არ მივიდეს საქმე. თუკი ამერიკამ შეუწყვიტა დაფინანსება, ამან შეიძლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პარალიზება მოახდინოს. ამ გაგანია პანდემიის დროს კიდევ ეს გვინდა! ყოველთვის არ ვეთანხმები ტრამპს, მაგრამ ამ შემთხვევაში მის მხარეს ვარ. ადამიანმა პასუხი უნდა აგოს თავის არაკომპეტენტურობაზე.
ტრამპი გამოირჩევა იმითაც, რომ ღიად უპირისპირდება არასამთავრობო სექტორს...
– გააჩნია არასამთავრობო სექტორს. საკამოდ დიდი სხვაობაა მათ შორის. საერთოდ არ შეიძლება ერთი სტანდარტით მივუდგეთ ყველას. ზოგიერთები ცდებიან, ზოგიერთები წესიერები არიან და ამ წესიერებაში სხვა იყენებს უწესოდ. წინა ხელისუფლება მაქვს მხედველობაში. მაგრამ არის ისეთი რაღაცეები, რაც პირდაპირ თვალში გხვდება. წლების განმავლობაში ვუპირისპირდებოდი სააკაშვილის რეჟიმს, რაღაცა არ შემიმჩნევია მაშინ ამ არასამთავრობო სექტორის აქტიურობა, თუ არ ჩავთვლით ერთი–ორს. ახლა დაინახეს, რომ თურმე საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია და არა სააკაშვილის დროს, რომელმაც სისხლიანი ტოტალიტარული დიქტატურა დაამყარა. ჰიტლერის და სტალინის მეტს სხვას ვის უნდა შევადაროთ? იმდენად სასტიკი იყო სააკაშვილის დიქტატურა, რომ პინოჩეტსაც ვერ შევადარებთ, რომელიც
ქონებას მაინც არ ართმევდა ადამიანებს, ხალხის ძარცვით არ მდიდრდებოდა და ბიუჯეტს ამ ხაზით არ ამდიდრებდა. პინოჩეტი ებრძოდა კომუნისტებს და მემარცხენეებს. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის რეაქცია არ მახსოვს. როგორ შეიძლება საია გავათანაბროთ სხვასთან - არა. ისინი ძალიან თანმიმდევრულები იყვნენ მაშინაც. დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო. ნეოლიბერალიზმის ტიპიური წარმომადგენელი იყო სააკაშვილი და მისი წარმომადგენლები, რომელმაც ტოტალიტარული დიქტატურა დაამყარა და ის იყო ლიბერალი? არა, ის იყო ნეოლიბერალი. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, მე მიშაზე უკეთესი ვარ და ამიტომ თავი დამანებეთო. კარგით რაა, მიშაზე უკეთესი ყველა არის. მსოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში ძალიან გაუჭირდებათ მიშაზე უარესის ნახვა, შეიძლება ვერც იპოვონ. ამიტომ, თავი მოიწონო სომხეთზე და აზერბაიჯანზე უკეთესი დემოკრატიით, ნუ, კარგით რა, აზერბაიჯანზე უკეთესი დემოკრატია თუ გვაქვს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ჩვენი სტანდარტი უნდა იყოს არა აზერბაიჯანი და სომხეთი, არამედ ჩვენი სტანდარტი უნდა იყოს შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. დიფერენცირებული და გონიერი მიდგომა არის საჭირო.