შაქრის წარმოების სწრაფად აღორძინებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ

შაქრის წარმოების სწრაფად აღორძინებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ

შაქრის წარმოების აღორძინების გადაწყვეტილებამ ბიზნესმენებს შორის ბევრი კითხვა გააჩინა. ადგილობრივი წარმოების ამოქმედებას ყველა ემხრობა, თუმცა გარკვეული პირობებით.

„აგარის შაქრის კომბინატის“ ამუშავების დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მისცა და ნათია თურნავამ იმავე დღეს პირობა დადო, რომ ქარხანა 2 თვეში ამოქმედდებოდა. ეს ვადა ივნისის დასაწყისია, მანამდე ყველაფერი მოგვარებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს, არა მაინც და მაინც კონკრეტულ კომპანიას - „აგარის შაქრის კომბინატს“, არამედ ადგილობრივი წარმოებას და ეს ერთ-ერთ იმ დარგთაგანია, რომელის სერიოზულად განვითარებასაც აპირებენ.

„საკუთარი რესურსით მაქსიმალურად უნდა შევძლოთ საკუთარი ბაზარი მოვამარაგოთ ყველგან, სადაც ეს უპრიანია. შაქრის წარმოება არის ასეთი დარგი. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმარებით „აგარის შაქრის“ კომბინატს, ამით ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქართველოში აწარმოებს შაქარს, იგივე პირობებს მიიღებს. ამ ეტაპზე ეს არის „აგარის შაქრის კომბინატი“, რომელიც ყველაზე მეტად მზად არის და პრაქტიკულად, 2 თვეში შეძლებს, რომ დაიწყოს წარმოება. თუკი რომელიმე სხვა კომპანია იქნება მზად ამისთვის, ჩვენ იგივენაირად დავუდგებით მათ გვერდში სხვადასხვა საშუალებით“, - განაცხადა თურნავამ.

ადგილობრივი წარმოების ამოქმედება მაინცდამაინც არ ესიამოვნათ შაქრის უმსხვილეს იმპორტიორებს. კომპანია „ალფა“, რომელსაც შაქრის ადგილობრივ ბაზარზე 17-20%-იანი წილი უჭირავს, შაქრის ადგილობრივი წარმოების განვითარების მომხრეა, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი გურამ ბროძელი „ბიემ.ჯი“-სთან აცხადებს, ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც აქამდე ხდებოდა, ანუ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებით და ნედლეულის (შაქრის ლერწმის) უცხოეთიდან შემოტანის გზით.

გურამ ბროძელი ამბობს, რომ შაქრის ადგილობრივი წარმოების განვითარებას უფრო დიდი პერიოდი სჭირდება, ვიდრე 2 თვეა. მას შემდეგ რაც, 2019 წლის მარტში „აგარის შაქარი“ დაიხურა, კომპანია ისედაც შაქრის იმპორტით და რეალიზაციით იყო დაკავებული.

„ჩვენ მომხრე ვართ ქართული წარმოების გაძლიერების, მაგრამ თუკი აგარის ქარხანას კვლავ ექნება საშუალება, ლერწამი შემოიტანოს, რაფინირება გაუკეთოს და ცოტა დაბალი ხარისხის შაქარი აწარმოოს, ამის ნამდვილად არ დავეთანხმებით. მოიყვანონ შაქრის ჭარხალი, დაასაქმონ გორის და ქარელის მოსახლეობა და აწარმოონ შაქარი. იმ შემთხვევაში, თუ ისევ შემოიტანენ ლერწამს, თან სუბსიდიებს მიიღებენ სახელმწიფოსგან და ჩვენ კონკურენტუნარიანები აღარ ვიქნებით, ეს არ იქნება სწორი.

ვიცით, რომ ადრე აგარის შაქრის ქარხანა გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს ის შედეგი... და შედეგს ვერ მიიღებენ თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ დასაქმდება. სჯობს, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ და აგარის გარშემო არსებული სავარგულები დაიტვირთოს, მოსახლეობაც დასაქმდება“, - განაცხადა ბროძელმა და დასძინა, რომ 2 თვეში აგარის შაქრის კომბინატის ამუშავება ნიშნავს იმას, რომ ეს ისევ იმპორტირებული ნედლეულის ხარჯზე მოხდება.

romani იმპორტიორების დიდი წვლილია იმაში, რომ რეალური ეკონომიკა არ არსებობს ქვეყანაში. ადგილობრივ წარმოება საჭიროებს პროტექციონისტულ ღონისძიებებს, ეს ყველას ესმის. სამწუხაროდ, სუსტი ქვეყანა ვართ და მათი გატარება არ შეგვიძლია, ვთქვათ, თურქეთის პროდუქციაზე ვერ აწევ საბაჟო გადასახადს, რადგან იმდენი ბერკეტი გააჩნიათ უარესი დაგვმართონ, ასეთი ზომების მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მეორეს მხრივ, იმპორტიორების ინტერესები, რომელთანაც მუშაობა გაცილებით აწყობს სახელმწიფოს, როგორც გადასახადების აკრეფის მხრივ, ასევე, ხშირ შემთხვევაში, პირადი დაინტერესების კუთხით, აშკარად ვნებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეხლა, ფორს მაჟორის პირობებში, სწორედ რომ დროულია მთავრობოს ინიციატივა და , რა თქმა უნდა, გარკვეული პრეფერენციები უნდა მიანიჭონ აგარის ქარხანას. მოსწონს ეს თუ არ მოსწონს ბ-ნ ბროძელს, სახელმწიფომ თავისი გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, უნდა შეასრულოს. შემდგომში, ბროძელის მოსაზრება ადგილობრივი ნედლეულის თაობაზე საღიცაა და აუცილებელიც. მაგრამ, ეხლა, რაც ითქვა, უნდა განხორციელდეს.
4 წლის უკან
ლაზი ახლა რომ მთავრობამ გამოაცხადოს, ყველა რაიონში თითო საკონსერვო ქარხანა უნდა ავამუშაოთო, ამასაც გამოუჩნდებიან მოწინააღმდეგეები. იტყვიან ჯერ ხეხილი გააშენონ და მერე ააშენონ საკონსერვო ქარხნებიო.
ბაზრითვის კბილებით იბრძვიან, წარმოებაზე კი ალერგია აქვთ. სამწუხაროდ მერკანტელიზმი ფიზიოკრატიზმს დღემდე ვერ დაუმარცხებია. სამაგიეროდ ეროვნული ეკონომიკის პროტექციონიზმია დამარცხებული.
4 წლის უკან
romani ზოგადად, ყველას გვესმის, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემა საქართველოში, და, არა მარტო აქ - მძლავრ ქვეყნებშიც არ არის, ეროვნული რეალური ეკონომიკა უმთავრესი პირობაა დამოუკიდებლობის, სოციალური მდგრადობის, ქვეყნისადმი ნდობის და აქედან, მეტი ინვესტიციების, ე.ი. მზარდი დასაქმების და სათანადოდ მზარდი მყიდველუნარიანობის, შედეგად ბიუჯეტის და მასზე დამოკიდებული ყველა სოციალური ფენის კეთილდღეობის.
ნაკლები პოლიტიკა, მეტი ეკონომიკა. სულის და გონის მძლავრი იმპულსი სჭირდება საქართველოს, მძლავრი, უანგარო, უშიშარი, თავგადადებული მსახურება ქვეყნის. უტოპიურად ჟღერს, ხომ?
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რომანი, ლაზი ალბათ მთავრობასაც ესმის ეს საკითხები, მაგრამ რაღაც სხვა საკითხების გამო უსუსრი პოზიცია უკავიათ! მე ვფიქრობ ქვეყნის ასე უსაშველოდ დასუსტების მიზეზი მრავალპარტიულობა და საპარლამენტო მმართველობაა! ყველაფერ ამას კი "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები" გვაძალებენ!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 381 800 აშშ დოლარის ბანანი; 12 613 800 დოლარის - ციტრუსები; 1 876 900 დოლარის - ვაშლი, 5 532 300 აშშ დოლარის პომიდორი და 3 224 100 დოლარის კიტრი შემოვიდა.
ამას რაღა კომენტარი უნდა?!
4 წლის უკან