პეტრე მამრაძე:

პეტრე მამრაძე:"დიდი შეცდომა დაუშვა მესაზღვრემ, რომელმაც პროტოკოლს დაუბრუნა პასპორტი, როგორც ნივთმტკიცება"

ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილს, არამედ ძველი ხელისუფლების სხვა ჩინოვნიკებსაც, ყოველი შემთხვევისთვის, მეორე პასპორტები აქვთ გამზადებული.
მან არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა სწორედ ასეთი ხერხით დატოვა.
მამრაძის თქმით, ვიზიტების დროს სწორედ ასეთი პრაქტიკა არსებობს და პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი დელეგაციის ყველა წევრის პასპორტს მესაზღვრეებს გადასცემს. სწორედ პროტოკოლის სამსახურისთვის პასპორტების გადაცემის დროს დოკუმენტები აერია ვანო მერაბიშვილს.

For.ge პეტრე მამრაძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, ორპასპორტიანობა ყოფილი ხელისუფლების დამახასიათებელი თვისებაა და ვანო მერაბიშვილის შემთხვევა გამონაკლისი არ არის

- არავითარი კონკრეტული ინფორმაცია, მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ორი და მეტი პასპორტი მე არ გამაჩნია, თუმცა მსგავსი დონის მოხელეებმა იციან რა, რომ ჩაიდინეს დიდი დანაშაული, გამორიცხული არ არის, ასეთი სათადარიგო პასპორტები ჰქონდეთ. სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნაწილი რომ დაუმტკიცდეთ, წესით, უვადო პატიმრობა არ უნდა ასცდეთ. ამიტომ მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებმაც თვითონვე იციან, თუ რა ჩაიდინეს, როგორც წესი, შავი დღისთვის გამზადებული აქვთ ასეთი სამარქაფო ყალბი პასპორტები. ისინი გადიან ქვეყნიდან თავიანთი პასპორტით, რადგან, რა თქმა უნდა, თავის ქვეყანაში მათ ყველა ცნობს სახეზე. ამიტომ, თუკი მესაზღვრე თავისიანი არ არის და მის დავალებას არ ასრულებს, ეს გამოაშკარავდება. ამიტომ, პირველ ქვეყანაში თავისი პასპორტით გადიან, პირველიდან მეორე ქვეყანაში კი უკვე - სხვა პასპორტით. მეორედან მესამე ქვეყანაში შეიძლება კიდევ სხვა პასპორტი გამოიყენონ და ა.შ. ანუ იკარგება კვალი, რომ მოძებნონ კომპიუტერებში.

ვინ იცოდა, რომ ლევან მაისურაძის სახელსა და გვარს გამოიყენებდა მერაბიშვილი? სხვათა შორის, კახი კახიშვილმა საინტერესო ვერსია თქვა. კერძოდ, ცნობილია, რომ ყალბი პასპორტი მისცეს პროტოკოლს. ცხადია, პროტოკოლმა არც იცოდა, ვის ეკუთვნოდა პასპორტი, რადგან პასპორტის შიგნით ხომ არ ჩაიხედავდა? ამიტომ, მესაზღვრეს, რომელმაც ეს დარღვევა აღმოაჩინა, მაშინვე რომ დაეპატიმრებინა მერაბიშვილი, ამის გამო მთელ მსოფლიოში დიდ სკანდალს ატეხავდნენ, რომ თურმე ასეთი შეთითხნილი და შემოგდებული ბრალდებით აპატიმრებენ ყოფილ პრემიერს, რომელიც იმ დროს გვერდში ედგა პრეზიდენტს. იკითხავენენ, აგერ, ჯიბეში უდევს მერაბიშვილს თავისი ნამდვილი პასპორტი და ეს მეორე პასპორტი საიდან გაჩნდა? სუფთები ვართ და ნახეთ, რა მოგვიწყესო.

მეორე ვერსია კი ასეთია და მე უფრო ამ ვერსიას ვემხრობი, რომ, უბრალოდ, შეეშალა მერაბიშვილს და პროტოკოლს ჩააბარა ყალბი პასპორტი, ნაცვლად თავისი ნამდვილი პასპორტის. სხვათა შორის, მერაბიშვილი ისეთი აღელვებული იყო სახეზე, როცა მიდიოდა დაკითხვაზე, რომ ამ ვერსიას ვემხრობი. იმიტომ, რომ ყალბი პასპორტის ჩაბარება, თუნდაც პროვოკაციისთვის, მაინც დიდი შარია მათთვის, რადგან გამოძიება დაადგენს, სად დამზადდა, როდის დამზადდა, იქ ხომ თითების ანაბეჭდები იქნებოდა. ეს ხომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია?! ასე რომ, ჩემი ვარაუდით, არ გააკეთებდა ამას, თუმცა კახა კახიშვილის ვერსია საინტერესო და ლოგიკურია. როცა დავინახე, რა დღეში იყო მერაბიშვილი, როცა შედიოდა დაკითხვაზე, კითხვები ერეოდა და როგორი ფერი ედო, მივხვდი, რომ ეს თავიდანვე მის მიერვე დაგეგმილი პროვოკაცია რომ ყოფილიყო და რომ ეფიქრა, დაე, დამიჭირონ, რათა ავტეხოთ ხმაური, მაშინ ასეთ დღეში არ იქნებოდა.  

ფიქრობთ, ყოფილ მაღალჩინოსნებს შეიძლება ორი და სამი პასპორტიც თავისუფლად ჰქონდეთ?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ ხელში იყო. მსგავსი რამ თვითონ მერაბიშვილის ინტერვიუშია ნათქვამი. მახსოვს ამ ინტერვიუმ როგორ გააოგნა ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების დიპოლომატები საქართველოში. ეს იყო 2010 წლის გაზაფხულზე, თვითმმართველობის არჩევნების წინ, როცა მერაბიშვილმა რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ბრძანა, როცა რაღაცის გაკეთება გვინდა, რაც საჭიროა, მაგრამ კანონი ამის საშუალებას არ იძლევა, ჩვენ აღარ ვუყურებთ კანონს და ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. გაოგნებულები დარჩნენ უცხოელები. ისინი ამბობდნენ, ევროგაერთიანებაში რომელიმე მინისტრმა ასეთი რამ რომ თქვას, იმ საღამოსვე მოუწევს ადგილის გათავისუფლება. ამ დროს კი ის, ვინც კანონს უნდა იცავდეს, ღიად აცხადებს, რომ, როცა საჭიროა, კანონს არ ვუყურებთო.

თქვენ აცხადებთ, ადეიშვილისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, მერაბიშვილს პასპორტები აერიაო. .. ადეიშვილმაც, სავარაუდოდ, მსგავსი გზა გაიარა და ისარგებლა ორპასპორტიანობით?

- ვინმემ იცის სად არის ადეიშვილი?

ყოველ შემთხვევაში, იგი ევროპაშია. აქამდე იგი ფრანკფურტში შენიშნეს

- თუ ვინმემ იცის, თუ სადაა ადეიშვილი, მაშინ შეიძლება, გავყვეთ ამ გზას და შესაბამისი ქვეყნის მესაზღვრეებს ვკითხოთ ამის შესახებ. ყველა მგზავრი ხომ მაინც კომპიუტერით ფიქსირდება? თუ ადეიშვილი მოძრაობდა, როგორც ზურაბ ადეიშვილი და არა სხვა სახელისა და გვარის მქონე პიროვნება, მაშინ, თავისი პასპორტით უსარგებლია ბოლომდე. მაგრამ, თუკი იგი ამჟამად „ა“ ქვეყანაშია და ამ დროს კი „ბ“ ქვეყანაში თავდება ზურაბ ადეიშვილის კვალი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ „ბ“-დან „ა“-ში იგი გადავიდა სხვა პასპორტით.    

ეს გზა, შესაძლოა, მომავალში სხვა მაღალჩინოსნებმაც გაიმეორონ და მეორე ქვეყნიდან მესამეში გადასვლა სხვა პასპორტით სცადონ. აქედან გამომდინარე, ეს ხომ არ იყო უბრალოდ ძალების მოსინჯვა, რათა შეემოწმებინა, გავიდოდა თუ არა სხვა პასპორტით?

- ეს გამორიცხულია. მოსინჯვა გამორიცხულია. უბრალოდ, არ უღირთ. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მესაზღვრემ, რომელმაც უკან გაატანა ეს პასპორტი. ფაქტობრივად, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის მუშაკს მისცა ნივთმტკიცება, თუმცაღა, გადაიღო და კომპიუტერში ყველაფერი ჩანს. დაიბნა ეს ადამიანი თუ რაშია საქმე, არ ვიცი, მაგრამ მესაზღვრეს არ უნდა დაებრუნებინა ეს საბუთი. ყოველ შემთხვევაში, მე რა ინფორმაციაც წავიკითხე, იქ მესაზღვრე ყვება, თუ როგორ გაატანა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელს, მე მგონი, გიორგაძეს, ეს დოკუმენტი, მან კი როგორ მიუტანა მერაბიშვილს. თავის მხრივ კი, მერაბიშვილმა გიორგაძეს უთხრა, რა პრობლემაა, აგერ, ჩემი პასპორტიო.

მაგრამ კითხვებს აჩენს ასევე, რატომ დაბრუნდა ერევანში მყოფი მერაბიშვილი საქართველოში?

-  ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ეტაპზე რა იყო დაგეგმილი და სად უნდა წასულიყო მერაბიშვილი? ამ ინციდენტის შემდეგ, შესაძლოა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა გადაწყვიტეს, ასე აჯობებს, დაბრუნდე, ეს უფრო მომგებიანი იქნებაო.