ხელისუფლებას, ვირუსის ეპიდემიის შემდეგ, კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - პანდემიის შემდგომი ეკონომიკის აღორძინება, ქვეყნის შიდა თუ საგარეო პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დალაგება. ფაქტია, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული სტრატეგია ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა, მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინაა. კითხვები იმაზე, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება გლობალურ კრიზისთან გამკლავებას, როგორი იქნება მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროგრამა და მთავარი კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი? ამ და სხვა საინტერესო თემებზე for.ge-სთან უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია საუბრობს:
ბატონო ნუკრი, ის, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა კარგად მუშაობს ამაზე აღარავინ დავობს, ახლა უკვე მთავარი აქცენტები კეთდება ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდება..
- უმთავრესი არის ის, რა მოვლენის ქვეშაც იმყოფება მთელი მსოფლიო. ის, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად, სხვა ქვეყნებთან შედარებით უმკლავდება ამ საშინელებას, ეს, რა თქმა უნდა, არის. უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ჯანდაცვის წარმომადგენლების და შემდეგ იმ პასუხისმგებლიანი მოქალაქეების დამსახურება, რომლებიც იცავენ დადგენილ წესებს. მე ვიფქრობ, ახლა თავი უნდა შევიკავოთ ზედმეტი კომენტარებისგან, ვფიქრობ, რომ ჭკუის დარიგება და რაღაც პოლიტიკური აქტივობები აბსოლუტურად ზედმეტია. ყველაფერზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს საკოორდინაციო საბჭოს და მიყვება მოვლენებს თანმიმდევრულად და სწორად. ამიტომ, ყოველგვარი ჩარევა და ქულებს მოგროვების უსუსური მცდელობები პოლიტიკოსების მხრიდან, არის ზედმეტი. ხელისუფლების სწორი პოზიცია თვალნათლივ ჩანს. გახარია ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავიჭიროთ ორი ბალანსი, ეს ვირუსი, ადრე თუ გვიან, დაგვტოვებს და მერე უკვე იქნება ეკონომიკური კრიზისი და ვირუსის ფსიქოლოგიური სინდრომი, რაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და ეს აუცილებლად გამოჩნდება. ამიტომ, ჩვენ ბალანსი უნდა დავიცვათ, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ ავღმოვჩნდეთ და ერთი უბედურებიდან მეორეში არ გადავინაცვლოთ.
არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ხომ არ გახდება საჭირო არჩევნების თარიღის გადაწევა, რამდენად მოესწრება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება?
- არჩევნების თარიღი კარგი იქნება, თუ არ გადაიწევს. იქამდე ჩვენ უკვე სხვა პოზიციებზე ვიქნებით, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ქვეყანა ძალიან მალე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, მაგრამ წინასწარ არავინ არ იცის, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, აი, ამაზეა სწორედ დამოკიდებული არჩევნები. ჯერჯერობით, არჩევნების გადადებაზე ლაპარაკი არ არის, ვფიქრობთ, რომ მანამდე ეს ყველაფერი დამთავრდება.
ბიძინა ივანიშვილის მოვლენებისგან დისტანცირებამ კითხვის ნიშნები გააჩინა, თქვენ, როგორც მისი გუნდის წევრი, რა ინფორმაცია გაქვთ, რა სახით არის ამ პროცესებში ივანიშვილი ჩართული?
- ბიძინა ივანიშვილი, ამ პროცესებში ჩართულია როგორც პარტიის თავმჯდომარე. ის ყველაფრის საქმის კურსშია. ჯერ ოპოზიცია მის აქტიურ ჩართულობას აპროტესტებდა, ახლა რატომ არ აქტიურობსო, ეს ძალიან იაფფასიანი თამაშია მათი მხრიდან. არის პრემიერი, არის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში, მათზეა ყველაფერი დამოკიდებული. ამ პროცესებში ივანიშვილის ქველმოქმედება არის, ამაზე გაკეთდა კიდეც განცხადებები და თუკი, სხვა რაიმე დახმარება დასჭირდება ქვეყანას, ის მზად არის ამისთვის. მისი ქველმოქმედება ცნობილია, ეს ხდება ათეული წლების განმავლობაში და რაც შეეხება მის კომუნიკაციას პრემიერთან, ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი. თუ აქვს კომუნიკაცია, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ პარტიის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი და ამაში არაფერია გასაკვირი. ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ის ყველაფრის საქმის კურსშია.
3 ათასლარიანი ჯარიმა, რომელიც დაწესდა, საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს, ამბობენ, რომ ეს დიდ ტვირთად დააწვება ადამიანებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად გონივრულია ეს ჯარიმა?
- როდესაც ხელისუფლება აწესებს შეზღუდვებს, ისევე შენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის, ამას უნდა დაემორჩილო. ეს არის ძალიან ელემენტარული, რასაც გთხოვენ. არავინ არ ითხოვს შეუძლებელს, უბრალოდ, გეუბნებიან მარტივ რამეს - იყავი სახლში! იქნებ ამ დაავადების ჯაჭვი გავწყვიტოთ. მაგრამ, თუ ჩვენ ხელისუფლების ამ მითითებებს არ დავემორჩილებით, ეს უხილავი ჯაჭვი გაგრძელდება და ფინალი როგორი იქნება, არავინ არ იცის. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მინდა, რომ ეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს. როდესაც არის საგანგებო მდგომარეობა, ბუნებრივია, არის გარკვეული შეზღუდვები და ამ შეზღუდვებს საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს.