გაჭირვებულ ოჯახებს დახმარებებს ივლისიდან გაუორმაგებენ

გაჭირვებულ ოჯახებს დახმარებებს ივლისიდან გაუორმაგებენ

პარლამენტში გადამუშავებული და საბოლოოდ დასრულებული ბიუჯეტის პროექტი შევიდა, სადაც ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება. პენსიები მართლაც 150 ლარამდე იზრდება, ოღონდ მხოლოდ სასექტემბროდ, სოციალური დახმარებები კი უფრო ადრე - ივლისიდან გაორმაგდება. მთლიანობაში კი სოციალური ხარჯები 630 მილიონ ლარზე მეტით იზრდება.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 8 მლრდ 158 მლნ ლარით განისაზღვრება.  საბიუჯეტო სახსრებში ცვლილებები, ძირითადად, შემდეგ მიმართულებებს შეეხება: სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს.

ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილებები მთლიანობაში გავლენას არ მოახდენს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელზე და ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში კვლავ 3,5%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

პროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს დაფინანსება შეუმცირდათ, გამოთავისუფლებული რესურსით კი ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება გაიზრდება. საბიუჯეტო პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, 2013 წლისთვის 15,2 მლნ-ით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო 30 მლნ ლარით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება.

2012 წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 535 მლნ ლარით იზრდება. გარდა ამისა, როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, მნიშვნელოვანი რესურსი იქნა მოძიებული 2012 წელს არსებულ პროგრამებში და მთლიანობაში სოციალური ხარჯები 630 მილიონ ლარზე მეტით იზრდება.

საზოგადოებას ყველაზე მეტად სოციალური დახმარებებისა და პენსიების საკითხი აინტერესებს. მათგან სიახლე დახმარებების მხრივ შეინიშნება.

გაჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების ზრდა პირველი ივლისიდან არის დაგეგმილი. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოციალური დახმარებების ზრდის ხარჯი გათვალისწინებულია და ის დამატებით 70 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ივლისიდან 57 ათას ქულამდე მყოფი ოჯახის პირველი წევრი 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარის ნაცვლად - 48 ლარს.

ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია პირველი სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს - 150 ლარს გაუტოლდება. პენსიის 150 ლარამდე ზრდა 2013 წლის საბიუჯეტო პროექტშია ასახული, რომლის საბოლოო ვარიანტი დასამტკიცებლად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

პენსიებთან დაკავშირებით მთავრობის გეგმა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია ასახული, ასეთია: 1-ლი აპრილიდან 67 წლის პენსიონერების პენსიას უფრო დაბალი ასაკის პენსიონერთა (110 ლარი) და პირველი კატეგორიის ინვალიდების პენსია (100 ლარი) გაუთანაბრდება და 125 ლარით განისაზღვრება. 1-ლი სექტემბრიდან კი ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია საარსებო მინიმუმამდე (150 ლარი) გაიზრდება, ასევე გაიზრდება მეორე ჯგუფის ინვალიდების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების პენსიები და 100 ლარი იქნება. 

გარდა ამისა, აღმოიფხვრება 2005 წლამდე ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი მოქალაქეების პენსიებთან დაკავშრებული უსამართლობა და რეგრესული პენსიების დაფინანსება აღდგება. საგაისო ბიუჯეტში პენსიების ზრდის დამატებითი ხარჯი 140 მლნ ლარს აჭარბებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გამჭვირვალობა. ამ მხრივ განსაკუთრებით ნეგატიური წლევანდელი ბიუჯეტი აღმოჩნდა, როდესაც 1 მილიარდ ლარზე მეტი გაურკვეველი მიმართულებით მიედინებოდა. 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ახალი ბიუჯეტის ფორმატში პირველად დეტალურად არის გაშლილი ე.წ. „სხვა ხარჯების“ მუხლი და კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ყველა ის პროექტი, რომელიც 2013 წელს ამ მუხლიდან დაფინანსდება.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი იყოს გამჭვირვალე და მიმდინარე ხარჯების თაობაზე საზოგადოებასა და გადასახადის გადამხდელს ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია“, -აცხადებს ნოდარ ხადური.