„საქართველო ევროპას ეკუთვნის“

„საქართველო ევროპას ეკუთვნის“

მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრია. ინტერვიუში ის ევროპაზე დამყარებული იმედებისა და სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაერთიანების შესახებ ჰყვება.

ქალბატონო მინისტრო, თქვენ ადრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყავით. მის მთავრობას საქართველოს ელჩის სახით წარმოადგენდით. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოწინააღმდეგე ხართ. როდის მოხდა გარდატეხა?

ჩემთვის პრობლემა იყო, ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ისევე როგორც მთავრობა, საქართველოსთვის ერთადერთ გზად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას ვხედავდი. არ მინდოდა წასვლა, მე გამიშვეს. ჩემმა სიძემ, რომელიც გაეროში ელჩი იყო, ოპოზიციური პარტია შექმნა. მთავრობის აზრით, მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო, თუკი თავიდან მომიცილებდა.

თქვენი სიძის გამო?

ეს არაოფიციალური განმარტება იყო. ოფიციალური არ ყოფილა.

რატომ გადაწყვიტეთ დაახლოებოდით მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დაუპირისპირდა და შემდეგ დაამარცხა კიდეც სააკაშვილი?

ელჩობიდან ჩემი დათხოვნის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. ყველაფერი ყელში მქონდა ამოსული. დავიწყე გერმანული ენის სწავლება. მერე მოვიდა ივანიშვილი. უცებ ნათელი გახდა, რომ ქვეყანას შანსი გაუჩნდა. რადგან მას შეეძლო დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება. ივანიშვილმა მაშინვე აარჩია თავისი პარტნიორები…

…ბევრი სხვადასხვა პარტია.

ექვსი პარტიაა, მათ შორის მხოლოდ სამია დიდი. რამდენიმე თვის შემდეგ ივანიშვილმა მკითხა, ხომ არ ვიმუშავებდი პარტიის საგარეო პოლიტიკურ პროგრამაზე. ასე მოვხვდი იქ. ძალიან მალე მისი სპიკერი გავხდი.

თქვენი კოალიცია ძალიან ჭრელია. ამან იმუშავა, რადგან ერთი მოწინააღმდეგე გყავდათ: მიხეილ სააკაშვილი. ახლა ის დამარცხებულია – თქვენს კოალიციას კი დაშლა ემუქრება.

ასეც რომ იყოს: სად არის პრობლემა? ჩვენი კოალიცია სამი დიდი პარტიისგან შედგება. თუ ისინი ერთ დღეს კონკურენტებად გადაიქცევიან, ეს მხოლოდ ჯანსაღი პროცესი იქნებოდა. მაგრამ ამ დროისათვის ამის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს შესასრულებელი. ის, რაც ივანიშვილს ფანტასტიკურად შეუძლია, არის კარგი მენეჯმენტი. მან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ერთ გუნდად აქცია. ეს აქამდე არავის გამოსვლია.

რაც მას კარგად არ გამოსდის, ეს პატიებაა.

რატომ?

ბატონი ივანიშვილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, რომელიც 2013 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურად რჩება, მრავალი ყოფილი მინისტრია დაპატიმრებული

ჩვენ, როგორც ოპოზიციამ, ყველაფერი გადავიტანეთ: დათხოვნები, დაპატიმრებები, ექსპროპრიაცია. ჩვენ არ გვესროლეს, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი გაგვიკეთეს. ჩვენ გვდევნიდნენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, გაანალიზებული უნდა იყოს.

არჩევნებში თქვენი გამარჯვება არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ზეწოლა არც ისე დიდი იყო?

არა! ქართველი ხალხი მამაცია და მან არჩევანი გააკეთა. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას გავუკეთეთ მობილიზება. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც სტუმრად ჩამოდიოდა, ხაზს უსვამდა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. სააკაშვილის მთავრობაზე ზეწოლა დიდი იყო. ჩვენ ის კიდევ გავაძლიერეთ. ამან აიძულა სააკაშვილი, უკან დაეხია. მაგრამ ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა და სააკაშვილი მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია. ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ ყველაფერი. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ეს კრიმინალების დასჯასაც გულისხმობს.

თქვენ მძიმე მემკვიდრეობა გადაიბარეთ: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი დაკარგეთ, რომელიც გსურთ ახლა უკან დაიბრუნოთ. ეს უტოპიაა!

სულერთია ვინ იქნება საქართველოს მთავრობა: ის ერთი დღე ვერ იარსებებს, თუკი იტყვის, რომ არ იბრძოლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ან არ გაჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. არ არსებობს ევროპაზე უკეთესი რამ და საქართველო ევროპას ეკუთვნის.

ეს იდეები დიდი ხანია არარეალურ სურვილებად იქცა.

1979-1983 წლებში იენაში ვსწავლობდი. მაშინ რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, საქართველო რამდენიმე წელიწადში დამოუკიდებელი გახდება, გერმანია გაერთიანდება და შენ ჯერ ელჩი გახდები და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრიო, ვიფიქრებდი, ამას ექიმი სჭირდება-მეთქი. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა!

რა ნაბიჯები უნდა გადადგათ თქვენ მიერ ნახსენები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით?

ჩვენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის ისევ მიმზიდველი უნდა გავხდეთ. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ღირს ჩვენთან თანამშრომლობა და საქართველოში ცხოვრება.
foreignpress.ge