აღიარება არაღიარების წილ

აღიარება არაღიარების წილ

"გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს, საქართველო უთანაგრძნობდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის მისწრაფებებს, კერძოდ, პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის უსაფრთხოებას“,- ასეთი განცხადება გააკეთა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა პალესტინის საკითხის განხილვისას. განცხადებაში, რომელიც გაერო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, საქართველოს წარმომადგენელმა განმარტა - პალესტინასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არ გულისხმობს, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში სახელმწიფო წევრის სტატუსით.

საქართველოს პოზიციის მიმართ საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა საპარლამენტო უმცირესობამ და ექსპერტების ნაწილმა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი და იყო თუ არა ეს შეცდომა საქართველოს მხრიდან, ამ თემაზე პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ,რატომ გამოიწვია პალესტინის საკითხმა ასეთი აჟიოტაჟი?

- ხშირად, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია მიუღიათ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ არა.

როგორც წესი, რუსეთი აჯგუფებდა არადემოკრატიულ სახელმწიფოებს, ჩვენ კი მხარს გვიჭერდა ყოველთვის აშშ და ევროპის სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, მათი სატელიტებიც. საერთოდ, საერთაშორისო რეზოლუციებთან მიერთებაში ძალიან ხშირად წარმოჩინდება-ხოლმე საგარეო ასპარეზზე ქვეყნების რა ჯგუფთან არის ახლო ურთიერთობებში რომელიმე ქვეყანა, ან ვის პოზიციებს იზიარებს, ვისი მოკავშირეა, ვისთან გააჩნია საერთო ღირებულებები. აქედან გამომდინარეობს უკვე საერთო პოზიციები.

პოზიციების შეთანხმება ხშირად, ვაჭრობის საგანია და ღირს ფიქრი, ვის შეუერთდე, იმ შემთხვევაში თუკი არ ზარალდება შენი პოზიცია. მაგალითად, დაუჭირო თუ არა მხარი რომელიმე პატარა ქვეყნის რეზოლუციას იმის შესახებ, რომ რაღაც დახმარება მიიღოს.

ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებამ შესაძლოა დიდად არ დაგაზარალოს, თუმცა უნდა იფიქრო იმაზე, ნორმატიულად რამდენად სწორია ამისი მხარდაჭერა და როგორ გამოჩნდება ქვეყანა. აქვე გასათვალისწინებელია, პოზიციები ხომ არ უნდა შეათანხმო რომელიმე მათგანთან.

ხშირია, როდესაც რომელიმე პატარა ქვეყანას მხარს უჭერ, შემდეგ ის ვალს გიხდის და მხარს უჭერს შენთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას - ასეთი გარიგებებიც დგება.

პალესტინის შემთხვევაში რა მოხდა?

- ამ შემთხვევაში საკითხი ეხება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კარგად ცნობილ და პრინციპულ საკითხს, ეს არის პალესტინის ავტონომიის უფლებების გაფართოება მის საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის უფლებასთან დაკავშირებით და გაეროს გენერალურ ასამბლეაში წევრის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით.

აქ უკვე ასეთი მარტივი არ არის, რომ ქვეყანამ ადვილად მიიღოს რომელიმე გადაწყვეტილება. აქ ჩვენ უბრალოდ, ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ჩვენი ძირთითადი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციები.

ჩვენ რომ ვიყოთ უფრო დიდი და თავისუფალი ქვეყანა, ნაკლები პრობლემებით, შეიძლებოდა, მივდგომოდით საკითხს წმინდა ნორმატიული კუთხით. ვთქვათ, რა უფრო ეთიკურია, ასეთი რეზოლუციის მხარდაჭერა თუ პირიქით. თუმცა, აქედან გამომდინარეც ვერ ვიმსჯელებთ, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და თანმიმდევრობა ჩვენი პოზიციებისა ასეთ საკითხებში.

პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, თავი შეიკავა 41-მა ქვეყანამ ხოლო წინააღმდეგი იყო 9 ქვეყანა, მათ შორის აშშ და ისრაელი. ამ შემთხვევაში არ უნდა გაგვეზიარებინა უმრავლესობის პოზიცია?

- საქმე იმაშია, რომ განვითარებადი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, აფრიკა, ლათნური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ოკეანია და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ქვეყნებისა. ისინი როგორც წესი, მხარს უჭერენ, პალესტინასთან მიმართებაში ყველა რეზოლუციას, რომელიც ისრაელის წინააღმდეგი და პალესტინის მხარდამჭერია. ეს ასე ჩამოყალიბდა, პლუს, მათ ემატება არაბული ქვეყნები, რომლებიც გაეროში მრავლად არიან წარმოდგენილნი, ამიტომ არის ეს რიცხვი ასე დიდი.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენი ძირითადი პარტნიორებიდან ვინ იყო წინააღმდეგი და ვინ შეიკავა თავი. რა თქმა უნდა, არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც, ვინც დაუჭირა მხარი, მაგრამ ჩვენი ძირითადი პარტნიორი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციაზე ან წინააღმდეგი მიდიოდნენ, ან თავს იკავებდნენ. ასევე ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების უმეტესობა თავს იკავებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან. რა თქმა უნდა, აშშ და ისრაელი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული ამ რეზოლუციის ჩავარდნით.

აქ საქმე ეხება აგრეთვე იმას, რომ ჩვენ პრინციპში, არავინ არ გვაძალებდა, დაგვეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, მაშინ  როდესაც 137 ქვეყანა უჭერს მხარს და ისედაც გასულია ეს რეზოლუცია. ჩვენი ერთი ხმა ფაქტობრივად, არაფერს იძლევა. რაც შეეხება ნორმატიულ მხარეს, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ შეგვეცოდა პალესტინელები და ამიტომ დავუჭირეთ მხარი ამ რეზოლუციას.

აბა რა მოხდა?

- არ ვიცი, რა მოხდა. ეს კითხვები მთავრობას უნდა დავუსვათ. ჩვენ შეგვეძლო უფრო მარტივად, თავი შეგვეკავებინა და თავი გვემართლებინა ჩვენი სხვა ვალდებულებებით, როგორც ჩვენი პარტნიორების წინაშე, ასევე იმ 137 ქვეყანასთან, რომელიც მომხრე იყო. გამოვიდოდა, რომ პროცესში არ ჩავერეოდით.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამას წინ უძღვოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები. მე არ გამოვრიცხავ ისეთ რაღაცას, რომ იყო ქვეყნების რიგი, ვთქვათ არაბული, რომლებსაც ასეთი განზრახვა ჰქონდათ.

შესაძლოა, სულაც შანტაჟი გამოიყენეს და თქვეს, რომ წავლენ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ამის შემდეგ გაიმართა კონსულტაციები აშშ-სთან, ისრაელთან და  ჩვენს სხვა პარტნიორებთან. მოხდა მათი გაფრთხილება, რომ ჩვენ ვართ ასეთ მდგომარეობაში და ამ საკითხის მხარდაჭერით თავიდან უნდა ავიცილოთ ახლო მომავალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობა რიგი სახელმწიფოების მიერ. შესაძლოა, ამ ქვეყნებთან რუსეთი თავის მხრივ, ახორციელებდა დიპლომატიურ ზეწოლას.

არ არის გამორიცხული, ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე და მისი გახმაურებაც არ არის მიზანშეწონილი. მე მაგალითად, ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ქმედებას ასეთი საფუძველი აქვს და გამომდინარეობს ჩვენი გარკვეული სტრატეგიული მიზნებიდან.

მეორე ახსნა შეიძლება იყოს გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, გამოიწვია გადაადგილებებმა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და ა.შ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე განმარტავს, იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებები, მსჯელობა ამ საკითხზე და ქართული მხარე არ ყოფილა მოუმზადებელი. დავით ჯალაღანიას ეს განცხადებები გულისხმობს თუ არა იმას, რომ ეს დაუდევრობა და უყურადღებობა არ ყოფილა და უფრო რეალურია პირველი ვერსია, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, ანუ შანტაჟი რიგი ქვეყნებისგან...

- დავით ჯალაღანიას ძირითადად ურთიერთობა აქვს მესამე ქვეყნებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ის ადამიანია, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამიტომ, რაკი სწორედ მან გააკეთა განცხადება, ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, ასე ვთქვათ, დაგროვილი ინფორმაცია და იცოდა რა იდგა ამის უკან. ამიტომაც ვასკვნი, რომ მესამე ქვეყნების ნაწილი, ალბათ, ემზადებოდა აფხაზეთის აღიარებისთვის და შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა რაღაცნაირად შეაფერხებს ამ ქვეყნებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია აკეთებდა ასეთ შეფასებას, რომ ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომელიმე ქვეყანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობას რომ დაუჭიროს მხარი. არის თუ არა ეს ორი თანაფარდი მოვლენა?

- მთლიანობაში ეს არ არის თანაფარდი. ისრაელი არასდროს არ უარყოფდა, რომ ის ადრე თუ გვიან აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას. ისრაელი პრინციპში, მომხრეა პალესტინის სახელმწიფოს არსებობისა. ამას წინ უძღვის გარკვეული პირობები, რომელსაც არ თანხმდება პალესტინის მხარე, როგორიცაა მაგალითად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სიაში შევიდეს იერუსალიმი, იქ არის ლაპარაკი ტერიტორიებზეც, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს და ა.შ. სანამ მოხდება შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის, ისრაელი კატეგორიული წინააღმდეგია ნებისმიერი სტატუსის მინიჭებისა პალესტინისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

ამიტომაცაა, უშიშროების საბჭოში ეს საკითხი ვერასდროს ვერ გადის, რადგან აშშ, როგორც ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი ამ საკითხს ყოველთვის ბლოკავს. თუმცა გენერალურ ასამბლეაზე არ არსებობს ვეტოს ინსტიტუტი. ამიტომ უმრავლესობა ქვეყნებისა, რაღაცნაირად გულშემატკივრობს პალესტინას, როგორც დაჩაგრულ ქვეყანას და ძალიან დიდი ნაწილი მესამე სახელმწიფოებისა მხარს უჭერენ პალესტინის წინსვლას ამ ასპარეზზე.

სტატუსის გაზრდა არ არის პალესტინისთვის დამოუკიდებლობის აღიარება, ეს არის უბრალოდ, გარკვეული უფლებების მინიჭება, რომელიც აღიზიანებს ისრაელს, რადგან მას უმცირებს შანსებს მოლაპარაკებებში მეორე მხარესთან. ანუ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ისრაელის ვაჭრობაში პალესტინასთან, ისრაელი მნიშვნელოვან პოზიციებს კარგავს და ნაკლები შესაძლებლობები რჩება იმისათვის, რომ თავისი პოზიცია გაიტანოს. ამიტომაც იღებს მწვავედ ნებისმიერ მხარდაჭერას.

ნუ დაგვავიწყდება რუსეთის ფაქტორიც, შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრებებში, რომელიც ამ თემის ირგვლივ ტრიალებს, არ გამოვრიცხოთ რუსეთის ფაქტორი.

რუსეთის ფაქტორი რა კუთხით?

- მაგალითად, შესაძლებელია, რუსეთმა საქართველოს მოსთხოვოს საერთაშორისო რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებში მისი მხარე დაიჭიროს. ამას აკეთებს მაგალითად, სომხეთი, რომელიც ნებისმიერ საკითხზე, რომელიც გადის რუსეთის მხარდაჭერით, ან მის ინტერესშია, ის რუსეთის მხარესაა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, სომხეთმა, ჩვენს საწინააღმდეგოდ, აფხაზეთთან დაკავშირებულ რეზოლუციას მისცა ხმა. არ გამოვრიცხავ გარკვეულ ზეწოლას ჩვენზეც ან მოთხოვნას, რომ თუ საქართველოს უნდა მოლაპარაკებების დაწყება საერთოდ რაღაცაზე, მოდით, დავიწყოთ ჯერ საერთაშორისო რეზოლუციებიდან. ასეთი შესაძლებლობაც არსებობს.

მე არ ვამბობ, რომ ასეა, მაგრამ ძალიან ძნელია, რამის თქმა, როდესაც მთავრობა არაფერს არ ამბობს. ანუ, არ ლაპარაკობს მიზეზებზე, რის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყუვეტილება. თუმცა მთავრობას, ერთი მხრივ, ამაშიც ვერ დავადანაშაულებ, რადგან მაღალი პოლიტიკა, ანუ საგარეო პოლიტიკა მთლიანად თუ არა, რაღაც ნაწილი ყოველთვის დაფარული იყო, ყველა ეპოქაში. ახლაც ასე გრძელდება, რადგან ეს არის პოლიტიკა სადაც ყველაფრის გახსნა არ შეიძლება.

ამ შემთხვევაში რამდენად იზრდება რისკი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თუ არა, სხვა სახელმწიფოების მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოხდეს პოზიციების გადასინჯვა?

- ის სახელმწიფოები არც ერთი არ არის მომხრე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობისა. გარდა ამისა, ეს არის საერთაშორისო სამართლის საკითხი.

პალესტინასთან დაკავშირებით სხვა მიდგომებია. პალესტინაცა და ისრაელიც თავის დროზე შექმნა გაერომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ მათი დამოუკიდებლობა ცნო, ვიდრე მათ შორის ომი დაიწყებოდა...

როდესაც კოსოვოს საკითხი იყო აქტუალური, მაშინაც კეთდებოდა შეფასებები, რომ საქართველოსთან ანალოგია არ არსებობდა...

- კოსოვოსთან დაკავშირებით არის გარკვეული კონოტაცია. თუ სიღრმეში ჩავალთ, კოსოვოსა და აფხაზეთის საკითხები განსხვავდება ძირეულად, მაგრამ თავისი ფორმით მაინც არის მსგავსება. მაგალითად, რომ იყო იუგოსლავია, რომელიც დაიშალა პატარა სახელმწიფოებად და კოსოვო იყო ავტონომია, რომელმაც მოინდომა გამოყოფა. ზუსტად ასე იყო ჩვენთანაც, მაგრამ სხვაა, რა პროცესები მოხდა ერთ და მეორე შემთხვევაში, როგორი განაწილებაა ეთნიკური ჯგუფების, რეალურად როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ვინ ჩაიდინა ეთნოწმენდა და სხვა... ამ ყველაფრით ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაშინ ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია და არც გვიცნია კოსოვოს დამოუკიდებლობა.

ჩაითვალა, რომ რუსეთის მხრიდან ეს იყო საპასუხო ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, თუმცა დღეს საინტერესოა, რაიმე მსგავსი გავლენა არის თუ არა მოსალოდნელი...

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობასთან დაკავშირებით არა. შეიძლება იქონიოს უარყოფითი გავლენა, მაგალითად, ჩვენსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე, მაგრამ აქ ასეთი პირობაა - თუ მართლა იყო ეს ნაბიჯი შეთანხმებული შეერთებულ შტატებთან, ახსნილი და მისი მხრიდანაც, მოტივაცია კარგად გაგებული, მაშინ ასეთი საფრთხე ნაკლებად გველის. თუ ეს იყო თვითნებური ნაბიჯი და საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მას აქვს სრული უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ყოველგვარი კონსულტაციისა და მისი პარტნიორების თვალსაზრისის გათვალისწინების გარეშე (ლეგალურად რა თქმა უნდა აქვს ამისი უფლება), მაშინ ჩვენ შეიძლება შეგვექმნას გარკვეული პრობლემები იმ საკითხებში, რომელშიც ჩვენ დაგვჭირდება მხარდაჭერა, მათ შეიძლება არ იმუშაონ დიპლომატიურად და ვერ მოვიპოვოთ ასეთი მხარდაჭერა.

რაც შეეხება ისარაელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არ მოახდენს გავლენას საქართველო-ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებზე, თუმცა როგორც ითქვა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში გადაიდო...

- ვიზიტის გადადების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ რამდენად ემთხვევა ამ მოვლენას, სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჯერ არ გავრცელებულა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება.

საბოლოო შეფასებით, შეიძლება ეს ჩაითვალოს თუ არა ქართული მხარის შეცდომად?

- ვფიქრობ, ტრანსფარენტულობა მაინც გვაკლია. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკა არის საკმაოდ რთული და ძნელია იყო გამჭვირვალე, მაინც მგონია, არსებობს უფრო დაფარული მეთოდები იმისა, რომ მოსახლეობას წინმსწრებად რაღაც ფორმით მიეწოდოს ინფორმაცია, რომ უფრო ადვილად შეეგებოს შემდგომში ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და ახლაც ასე გრძელდება. მთავრობა არ თვლის თავს ვალდებულად, რომ საზოგადოებასთან იმუშაოს, კომუნიკაცია ჰქონდეს და ისე განახორციელოს თავისი პოლიტიკა, რომ საზოგადოებამ თავისი თანამონაწილეობა იგრძნოს. ეს არის ძალიან სუსტი მხარე და კარგი იქნება მისი გამოსწორება. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება მის სასარგებლოდ და არა რაღაც სხვა მოსაზრებებით.