პარლამენტი ხუთი წლის ვადით, რიგით მეოთხე სახალხო დამცველს 7 დეკემბერის პლენარულ სხდომაზე აირჩევს. ხალგძლივი განხილვების შემდეგ, ომბუდსმენობის მსურველი შვიდი კანდიდატიდან, საპარლამენტო უმრავლესობის რჩეული - ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი გახდა, უმცირესობის მხარდაჭერით თამარ გურჩიანი სარგებლობს. თუმცა, ოპოზიცია საკუთარ კანდიდატს ოფიციალურად, დღის მეორე ნახევარში, უმცირესობაში გამართული კონულტაციების შემდეგ დაასახელებს. რაც შეეხება სახალხო დამცველობის მსურველ სხვა კანიდატებს - გელა ნიკოლაიშვილს, ლია მუხაშავრიას, ნინა ხატისკაცს, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ნათია იმნაძეს, უმრავლესობა ინიციატივით გამოდის, რომ ამ ადამიანების მონაწილეობით საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც სახალხო დამცველის აპარატთან აქტიურად ითანამშრომლებს. ეს იდეა ხორცს შეისხამს თუ არა, ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ მანამდე, პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ საუბარი მომავალ სახალხო დამცველს - უჩა ნანუაშვილს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუწევს, რომელიც მიმდინარე კვირის ხუთშაბათს არის დანიშნული.
ნანუაშვილის შეფასებით, სახალხო დამცველისთვის არ იქნება პრიორიტეტული რომელიმე კონკრეტული უფლება, რადგან ომბუდსმენი არის ყველა დაჩაგრული და უფლებაშელახული მოქალაქის ქომაგი, შესაბამისად, ყველა უფლება, ნებისმიერი დარღვევა იქნება რეაგირებული და მხარდაჭერილი. მართალია, ნანუაშვილი ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას აანონსებს, მაგრამ პოლიტიკური ნების გარეშე, მისი რეკომენდაციები ისეთივე შენიშვნებად დარჩება, როგორც ეს წინამორბედების შემთხვევაში ხდებოდა. კერძოდ, სოზარ სუბარისა და გიორგი ტუღუშის მიერ მომზადებულ სქელკანიან დასკვნებში მოყვანილი ფაქტების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგენილებას მხოლოდ ცნობად იღებდა და ადეკვატური რეაგირება თითქმის არცერთ უკანანო ფაქტზე არ ხდებოდა. მართალია, ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ომბუდსმენი აბსოლიტურად დამოუკიდებელი იქნება და მისი ნებისმიერი შენიშვნა თუ რეკომენდაცია გათვალისწინებული და რეაგირებული იქნება, მაგრამ „აღდგომა და ხვალეო“.
საპარლამენტო უმრავლესობა ნანუაშვილის კანდიდატურას დადებითად აფასებს. როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, ადამიანის უფლებების სფეროში, ნანუაშვილი ძალიან დიდ სიტყვას იტყვის.
„უმრავლესობამ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო. ღირსეული კანდიდატები იყვნენ წარდგენილნი. პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უჩა ნანუაშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც იქნება საკმაოდ კვალიციფიური სახალხო დამცველი, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის“, - აცხადებს კობახიძე.
მისი მტკიცებით, ომბუდსმენი აბსოლიტურად დამოუკიდებელი იქნება და მისი უფლებამოსილება მხოლოდ ანგარიშების წერით არ შემოიფარგლება.
„რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმეგბლობას სრულად ვიღებთ და ნებისმიერი მისი შენიშვნა თუ რეკომენდაცია არათუ გათვალისწინებული იქნება, არამედ ყველა ფაქტზე რეაგირება მოხდება“, - აცხადებს კანონმდებელი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მომხრეა, რომელიც ახალი ომბუდსმენის აპარატთან აქტიურად ითანამშრომლებს.
„თითოეულ კანდიდატზე გული მწყდება, რადგან ყველა კვალიფიციურია. ამხელა დრო, კანდიდატის არჩევას დავუთმეთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს ინსტიტუტი გავაძლიეროთ“, - განუცხადა for.ge-ს კანონმდებელმა.
აღსანიშნავია, რომ უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის შეფასება უმცირესობას გაუჭირდა და ამის მიზეზად უმრავლესობის მიერ კანდიდატების ცვლა დაასახელა.
როგორც For.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ოპოზიცია კანდიდატის თაობაზე უმცირესობის სხდომაზე იმსჯელებს, რომელიც დღეს 19:00 საათზეა დანიშნული.
„ახლა გავიგეთ, რომ სხვა კანიდატურა შეარჩიეს. უცებ გადაწყვეტილება შეცვალეს. ხან ერთ კანდიდატს ასახელებენ, ხან მეორეს. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, თამარ გურჩიანთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება გააკეთა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არც ზურას არჩევანი და არც ჩემი, არამედ კანდიდატზე უმცირესობამ უნდა იმსჯელოს“, - დასძინა კანონდებელმა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, უმრავლესობამ ნინა ხატისკაცს მოუსმინა და დანარჩენ კანდიდატებს ლოგიკური ეჭვი გაუჩნათ, რომ უმრავლესობის რჩეული სწორედ, ხატისკაცი იქნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველად ნინა ხატისკაცის კანდიდატურის განხილვის ფორმა დარღვეული იყო და მისი გამოსწორება ხდებოდა, ამის შემდეგ, გასულ კვირას, უმრავლესობამ ლია მუხაშავრიას, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ნათია იმნაძეს მოუსმინა, შეხვედრაზე დასწრება კი, გელა ნიკოლაიშვილმა საჭიროდ არ ჩათვალა. ამასთან, შეხვედრას თამარ გურჩიანი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაესწრო, უჩა ნანუაშვილი კი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რის გამოც, მათი მოსმენა გუშინ მოხდა. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკუთარ შანსებზე ნანუაშვილს არ უსაუბრია, თამარ გურჩიანმა კი, განაცხადა, რომ მას უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა, რაც გამართლდა კიდეც.