მთავარი პროკურატურა თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ხარჯებს შეისწავლის

მთავარი პროკურატურა თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ხარჯებს შეისწავლის

2012 წლის 12 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 12 ბრალდებულის მიმართ. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მან განმარტა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ პროკურორებს მოუწოდა, გადაეხედათ მათ წარმოებაში არსებული საქმეები და თუ დაინახავდნენ, რომ ბრალდება დასაბუთებული არ არის, ასეთ შემთხვევაში, ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეეწყვიტათ.

მთავარი პროკურორის განცხადებით, შეწყვეტილ საქმეებს შორის იყო ისეთი მძიმე ბრალდებები, როგორიც არის განზრახ მკვლელობა, თაღლითობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით, ყაჩაღობა და ა.შ.

გარდა ამისა, სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდება 16 განსასჯელს მოეხსნა. აქედან თბილისში არის ხუთი და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც განზრახ მკვლელობის მუხლით იყო პასუხისგებაში მიცემული, პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. ასევე მოხდა ერთ-ერთი პიროვნების შემთხვევაში, რომელსაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდება (9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) ჰქონდა წარდგენილი. გარდა ამისა, ბრალდება მოეხსნა თურქეთში საიუველირო მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილ პირს, გიორგი ხარატიშვილს, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. შესაბამისად, ამ ადამიანზე ძებნაც შეწყდა, რის შესახებაც მან ჯერ არც კი იცის.

რაც შეეხება იმ პროკურორების პასუხისმგებლობას, ვინც აწარმოებდა ამგვარ საქმეებს, რომლებზეც წარმოება შეწყდა, არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის პრიორიტეტი არ არის ადამიანების დასჯა. მათ საშუალება ეძლევათ თავად გამოასწორონ თავიანთი შეცდომები, პრიორიტეტი კი უდანაშაულო ადამიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილებაა, თუმცა პროკურატურა უკანონოდ დევნის განმახორციელებელ ადამიანებსაც დაუბრუნდება და ამ საქმეებს შეისწავლის.

მთავარი პროკურორი მის მიერ გატარებულ საკადრო ცვლილებებზეც საუბრობს. კერძოდ, კბილაშვილის განცხადებით 35-მა ადამიანმა პროკურატურის რიგები დატოვა, სამაგიეროდ პროკურატურაში 51 ახალი კადრი დაინიშნა სხვადასხვა პოზიციებზე, შეიცვალა 6 საოლქო პროკურორი, ამასთანავე აჭარისა და თბილისის პროკურორები, რამდენიმე დეპარტამენტის და სამმართველოების უმეტესობის ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს მასშტაბით 9 რაიონული პროკურორი შეიცვალა.

მთავარმა პროკურორმა რამდენიმე ცნობილ საქმეზე ისაუბრა. მაგალითად, მან განაცხადა, რომ ახმედ ჩატაევის საქმე პროკურატურას ზედმიწევნით კარგად აქვს შესწავლილი და პროკურატურა თავის პოზიციას 6 დეკემბერს ჩანიშნულ პროცესზე დააფიქსირებს, ეს პოზიცია იქნება დასაბუთებული და კითხვებს არავის დაუტოვებს. ყოფილ უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით, არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას არ აქვს მოტივაცია, თუ ვინმე დამნაშავე არ არის, მას ბრალი წაუყენონ, ან პირიქით, თუ პიროვნება დამნაშავეა, მას ბრალი მოხსნას. ამიტომ გიორგაძის საქმე შესწავლილი იქნება. აქვე კბილაშვილი ამბობს, რომ ეს საქმე პრიორიტეტული არ იყო, რადგან პროკურატურას ბევრი სხვა საქმე აქვს, მაგრამ თუ ეს ადამიანი საქართველოში ჩამოვა, მთავარი პროკურატურა იძულებული იქნება, მისი საქმე ფორსირებულად შეისწავლოს და საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბოს, თუმცა გიორგაძის ჩამოუსვლელობის შემთხვევაშიც, მისი საქმე შეისწავლილი იქნება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება სამართლებრივ, და არა პოლიტიკურ საწყისებზე.

არჩილ კბილაშვილმა კომენტარი გააკეთა დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განცხადებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ძიძიგურმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. კბილაშვილი კი ამბობს, რომ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას იგი მხოლოდ სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა და არავის პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარებს არ აკეთებს. კბილაშვილმა ასევე განმარტება გააკეთა ზესტაფონის გამგებლის, კახა გეწაძის საქმეზე, რადგან მასთან დაკავშირებით ითქვა, რომ გეწაძის დაკავებისას მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია დაირღვა.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გეწაძეს წარუდგინა ბრალი. კანონი ამბობს, რომ პირს ბრალდება უნდა წარედგინოს მისი საგამოძიებო ორგანოში გამოძახების შემდეგ. ეს ადამიანი გამოიძახეს პროკურატურაში და ამის შემდეგ პროცედურა მოითხოვს, რომ ხელბორკილდადებული ბრალდებული პირი, რომლის დაკავებაც გადაწყვეტილია, პროკურატურის შენობიდან იქნეს გაყვანილი. ამ დროს პროკურატურის შენობის გარე პერიმეტრზე დგანან ჟურნალისტები და ბუნებრივია, ამ ყველაფერს აფიქსირებენ. როდესაც ეს მთავარ პროკურატურაში ხდება, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, დაკავებული პირი სხვა გასასვლელით გავიყვანოთ და შესაძლოა, რომ იგი ჟურნალისტებმა არ დააფიქსირონ. ქუთაისის საოლქო პროკურატურაში კი ფიზიკურად არ არის ამის საშუალება“, - აღნიშნავს მთავარი პროკურორი.

იგი ბუტა რობაქიძის საქმესაც შეეხო და განაცხადა, რომ ზურაბ მიქაძის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლევან გვაზავაც დაკითხა.

„მინდა ვთქვა, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებით სხვა პირთა გამოკვეთის შესაძლებლობა წარმოიშვა. უახლოეს დროში, როდესაც ყველა ინფორმაცია გადამოწმებული იქნება და აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ პირის ბრალეულობის გამოკვეთა შესაძლებელი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ალბათ, ეს უახლოესი დღეების საქმეა“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

მან განაცხადა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს ციხეში პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მოვლენა და გარემოება გამოკვლეული იქნა და პროკურატურა გეგმავს, უხლოესი ათი დღის განმავლობაში ციხის თემა გახნას და საზოგადოებას აუწყოს, სად დაიგეგმა ეს ყველაფერი, ვინ მონაწილეობდა ამაში და ა.შ. ასევე აქტიური გამოძიების ფაზაშია 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, ეს თემაც ძალიან მალე სრულიად სხვა კუთხით იქნება წარმოჩენილი, გამოიკვეთება თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი და წლის ბოლომდე, ანუ დეკემბრის ბოლომდე ციხის ბუნტის შესახებ საზოგადოება ბევრ ახალ დეტალს გაიგებს.

კბილაშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებასაც შეეხო, რომლის თანახმადაც, მთავარი პროკურორი არა პრეზიდენტმა, არამედ პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა უპირველეს ყოვლისა რეალობას ასახავს, რადგან სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ იყო კბილაშვილი ამ თანამდებობაზე დასახელებული.

აქვე კბილაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებას სწავლობს. ასევე მიმდინარეობს მერიის გარკვეული სამსახურების მუშაობის შესწავლა და შესაძლოა, ამგვარი მოკვლევა განათლების სამინისტროშიც დაიწყოს, რადგან ამ უწყებიდან ამის მზაობა არსებობს. შესაბამისად, მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ უახლოესი 10-15 დღის განმავლობაში საზოგადოებას მისი უწყების მიერ გამოვლენილი კორუფციული სქემების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

მთავარმა პროკურორმა ვანო მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ფაქტზე გამოძიება ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარეობს, საქმეზე არავის დაკავება დაგეგმილი არ ყოფილა. კბილაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მერაბიშვილი მხოლოდ მოწმის სახით არის დაკითხული. ასევე არის სხვა ადამიანების ჩვენებებიც, რომლებიც გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია. შესაბამისად, ყველაფერი გამოძიების ფარგლებში იქნება შესწავლილი და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ბრალდების მხარეც შესაბამისად იმოქმედებს.

არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ გამოძიება დღეს ან ხვალ დაკითხავს ყოფილ თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ოქრუაშვილს და მას დაუსვამენ კითხვებს ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მას შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს.

„თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღეს და ხვალ გამოძიებლებს შეხვდება და ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ჟვანიას, გელაშვილის და რობაქიძის საქმეებთან დაკავშირებით ამ ადამიანისგან პასუხებს მივიღებთ“, - განაცხადა მან.

სადრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კბილაშვილის თქმით, არის ახალი გარემოებები, არიან ახალი მოწმეებიც და ამიტომ გამოძიება სწრაფო ტემპით მიმდინარეობს.

მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ამნისტია კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას არ გამოიწვევს, რადგან ბევრი ადამიანი სასჯელს უკანონოდ იხდის, ამასთანავე სასჯელები იყო ხისტი და მკაცრი. ამიტომ ამნისტია ჰუმანურობის პრინციპის გატარების საფუძველია და არა კრიმინოგენური სიტუაციის დაძაბვის.

არჩილ კბილაშვილი საქართველოში მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით დასავლეთის მკვეთრ პოზიციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურა ბრალდების წარდგენისას ძალიან ფრთხილობს, მაგრამ ეს სიფრთხილე გამოწვეულია მისი სურვილით, არ დაარღვიოს კანონი და ბრალდება რაც შეიძლება დასაბუთებული იყოს. ამ კუთხით პოზიცია უცვლელია და საქმის წარმოება ამავე მეთოდით გაგრძელდება.

„რაც შეეხება ბრალდებებს, რომ შესაძლოა ჩვენს ხელწერას პოლიტიკური მოტივირებულობის დამღა დაესვას, პირადად მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ყველა შემთხვევაში, რომელიც ჩვენ საზოაგდოების წინაშე წარმოვაჩინეთ, არა მხოლოდ ჩვენი აზრი ვთქვით ამ საქმეებზე, არამედ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანეთ ის დოკუმენტებიც, რომლებიც ჩვენი აზრით დანაშაულის ნიშნების შემცველია. ეს არის გახსნილობის დამადასტურებელი. პოლიტიკური მოტივირებულობა კი დახურულობას გადანიპირობებს, როდესაც საზოგადოებას შენ რაღაცას უმალავ. ჩვენ კი გვაქვს ამბიცია, რომ საზოგადოებამ ჩვენი საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდეს. თვითონ ის გარემოება, რომ დასავლეთში ამგვარი მოსაზრებები არსებობს, გასაკვირი არ არის. ის ადგილობრივი წყაროები, საიდანაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ინფორმაციას იღებენ, ობიექტურობით არ გმოირჩევიან, გააჩნიათ პოლიტიკური მოტივაცია, გარკვეული ანგაჟირებულობა. ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია“, - აღნიშნავს კბილაშვილი.  

მისი თქმით, სიტუაციის გამოსწორების გზა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაა. ამ მიზნით იგი სისტემატურად ხვდება დიპკორპუსის წარმომადგენლებს და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ამგვარი პრეტენზიები არასოდეს გამოთქმულა.