დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, ქვეყანაში შემზღუდავი ზომები, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავირებით მიიღო, თანდათან შემსუბუქდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
15 აპრილიდან დანიაში ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სწავლა განახლდება, დანარჩენი მოსწავლეები კი სკოლაში 10 მაისიდან დაბრუნდებიან.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სფეროში ექსპერტები „გონივრულს“ უწოდებენ.
ამასთან, ქვეყანაში ბარები, რესტორნები, კლუბები, სალონები და სავაჭრო ცენტრები კვლავ დახურული იქნება. ასევე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
ბოლო მონაცებით, დანიაში ვირუსს 187 ადამიანი ემსხვერპლა, 4 681 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.