მსოფლიო საზოგადოება ცდილობს, კორონავირუსს იუმორით დააღწიოს თავი. ინტერნეტში გამუდმებით ჩნდება სახალისო თემები ამ მომაკვდინებელ სენთან დაკავშირებით. ამ მხრივ ცივილიზებულ მსოფლიოს არც ქართველები ჩამორჩებიან და ქართველ პოლიტიკოსებზე ხუმრობენ, „გახარიას იმდენი უძახეს, წადი სახლშიო, ყველანი სახლებში გამოგვკეტა“...
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება დაზაფრულია კორონავირუსის შესახებ როგორც შიდა, ისე გარე ამბებით, არის განცდა, რომ ჩვენი მთავრობა ჯერჯერობით კარგად უმკლავდება სტრესულ სიტუაციას. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეპიდდაძაბულობის მიუხედავად, ბოლო ხანს ჩვენი მთავრობის სასარგებლოდ ქულებმა მოიმატა? For.ge-მ ამ შეკითხვით დაიწყო საუბარი ანალიტიკოს ვახტანგ მაისიასთან.
- სხვათა შორის, ჩემი პოზიცია გამოვხატე არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე, დავწერე ინგლისურენოვანი სტატია, სადაც ავხსენი, რაში გამოიხატებოდა საქართველოს წარმატებული მაგალითი კორონასთან ბრძოლის საქმეში. ჩვენი ქვეყანა ერთგვარი სასიამოვნო გამონაკლისი აღმოჩნდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რადგან ასეთი გამონაკლისი ქვეყნების სია ძალიან მწირია. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნებში ვირუსმა რამდენად კატასტროფული სახე მიიღო. ამერიკასაც კი შეექმნა უსერიოზულესი პრობლემები. სხვათა შორის, ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მაგისტრანტმა, ახლა უკვე დოქტორანტმა, ქალბატონმა სალომე ქარელმა ჯერ კიდევ 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია მასობრივი განადგურების იარაღისა და ბიოლოგიური ომის რისკის ფაქტორის შესახებ საქართველოში. მიაქციეთ ყურადღება, ეს ჯერ კიდევ 2017 წელია, როცა ვირუსები კი არა, ასეთი ტიპის გამოწვევები არავის მოელანდებოდა. სამწუხაროდ, სამი წლის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით უსაფრთხოების ჩიხის წინაშე და როგორ განვითარდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება პოსტპანდემიურ პერიოდში თუნდაც საქართველოს მაგალითზე, ვერავინ გეტყვით. ჩვენ აუცილებლად გვექნება ფსიქოლოგიური მეორე პანდემიური შეტევა. საზოგადოებაში მოიმატებს ფსიქოლოგიური პრობლემები და ჩვენ უნდა მოვემზადოთ სერიოზული გამოწვევებისთვის.
თუ გახსოვთ, როდის იყო საქართველო მსგავსი გამოწვევის წინაშე და როგორ გადავლახეთ კრიზისული პერიოდი?
- მე შემიძლია მოგიყვანოთ ანალოგია, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 1989-90 წელს, ერთი წლის განმავლობაში მასობრივ-პოლიტიკურმა ფსიქოზმა მოიცვა ჩვენი ქვეყანა. ახალგაზრდები ერთმანეთს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, მაშინ ყველაზე მეტად გაიზარდა დაჭრა, მკვლელობები. ამას შეიძლება პირობითად 9 აპრილის სინდრომი დავარქვათ. 9 აპრილის სინდრომის მსხვერპლი მეც აღმოვჩნდი, მეც მქონდა მძიმე ჭრილობები. იმ პერიოდში, თუ არ ვცდები, დაახლოებით 300 ახალგაზრდა დაიღუპა და 1000-მდე იყო დაჭრილ-დასახიჩრებული. 300 ადამიანის დაკარგვა თუნდაც იმ პერიოდის საქართველოსთვის მძიმე იყო. ასე რომ, კორონავირუსის შემდეგ პოსტეპოქალური ფსიქოზი და პოლიტიკური ფსიქოზი გარკვეულ დაღს დაასვამს ჩვენს ქვეყანას. როგორ განვითარდება ჩვენთან პოლიტიკური პროცესები, ესეც საკითხავია. ბუნებრივია, მსოფლიოშიც მოსალოდნელია სოციალური აფეთქება, კრიმალური აფეთქება, პოლიტიკური აფეთქება.
ცალკეული ქვეყნების მთავრობები თითქოს ზრუნავენ საკუთარ ხალხზე, მაგრამ სახლებში გამომწყვდევა მაინც ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე. როგორც ვიცი, ბელგიაშიც იზრდება ანტისახელისუფლებო განწყობა. ზოგადად, როგორი იქნება მსოფლიოში მთავრობებისდამი განწყობა, მათ შორის, საქართველოშიც?
- ბელგიაში და საერთოდ დასავლეთ ევროპაში ანტისახელისუფლებო განწყობა ცოტა სხვა თემას ეხება. ჩაკეტილობამ და პოლიტიკურმა აპათიამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაცია და დემოკრატიული ღირებულებების შებღალვა. სხვათა შორის, დასავლეთ ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, აშშ-შიც ასეთი მაღალი მსხვერპლიანობა დაკავშირებული იყოს იმასთანაც, რომ მათ დროზე არ მოახდინეს დემოკრატიული პროცესების შეზღუდვა და დემოკრატიული უფლებების შებღალვა.
ფაქტობრივად, დემოკრატიამ დაღუპა დასავლეთი?
- ამ შემთხვევაში, დემოკრატიამ ითამაშა ერთგვარი უარყოფითი როლი. აქ მთავარი კითხვა იყო - უსაფრთხოება, თუ პოლიტიკური უსაფრთხოება (ანუ დემოკრატიული ღირებულებების არსებობა ქვეყანაში)? ეს ორი დილემური საკითხი წარმოიშვა. ჩვენთან უფრო სხვა მომენტი იყო, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები ნაკლებად შეიბღალა. ვისაც არ ეზარება, დღეს ყველა გამოდის და სიტყვის სრული თავისუფლებაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცევიან ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ისინი აბსოლუტურად კორექტულად ახორციელებენ საქმიანობას. ვერავინ იტყვის, ვიღაცის უფლებები შეზღუდულია და ვიღაცას ცუდად ეპყრობიან. სახელმწიფო იძულებული გახდა, შემოეღო საგანგებო სიტუაცია, შემდეგ გაეძლიერებინა საგანგებო სიტუაცია და შემოეღო კომენდანტის საათი, წითელი ზონებიც კი გაჩნდა, თავდაცვის ძალებმა შეძლეს ფუნქციების მართვა თუნდაც იმიტომ, რომ თავდაცვის ძალებში არც ერთი დავირუსებული არ აღმოჩნდა. უბრალოდ, დავირუსდნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ უშუალოდ თავდაცვის ძალების კლასტერს.
ისევ გიორგი გახარიას დავუბრუნდეთ, რამდენად მოიმატებს ამ მთავრობის და კონკრეტულად გახარიას ქულები?
-თვითონ გახარიას პოლიტიკური მტრებიც და მოწინაღმდეგეებიც აღიარებენ მის როლსა და ფუნქციას დღევანდელ ვითარებაში. საქართველოში ქარიზმატული ლიდერები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. კიდევ კარგი, ჩვენ ახლა არ გვყავს ისეთი პრემიერ-მინისტრები, როგორებიც იყვნენ კვირიკაშვილი და ბახტაძე. ამ შემთხვევაში, როგორ წავიდოდა სიტუაცია, არავინ იცის. გახარიას ერთი კარგი თვისება აქვს, მას გააჩნია გადაწყვეტილების მიღების უნარი და შეუძლია, პასუხისმგებლობაც აიღოს თავის თავზე, რაც წინა ორ პრემიერში არ შეიმჩნეოდა. მე არ შევეხები ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, მათაც ქარიზმა მაღალი ჰქონდათ.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს, გამოჩნდა, რომ თურმე მთავრობის ამ გუნდს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი გააჩნია.
- ბიძინა ივანიშვილის პოზიცია სწორია. იგი არაფორმალური მმართველი იმიტომ იყო, რომ თვითონ პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ ტოვებდა სხვა საშუალებას. ისევ ყოფილ ორ პრემიერს რომ მივუბრუნდეთ, კვირიკაშვილისა და ბახტაძის ფონზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს მოუწევდა, ჩარეულიყო საქმეებში და მიეღო არაფორმალური ლიდერის ფუნქციები. ბიძინა ივანიშვილს არც დაუმალავს, რომ იძულებული იყო, ჩართულიყო პოლიტიკაში, იგი დაბრუნდა თავის მიერ შექმნილ პოლიტიკურ პარტიაში და გახდა მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე. ბუნებრივია, როგორც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, მას პირდაპირი ჩართულობა ექნებოდა და ექნება კიდეც გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როცა დაინახა, რომ კვირიკაშვილს არაეფექტური მმართველობისკენ მიჰყავდა საქმე, ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, მოგვიანებით კი კრიტიკის ქვეშ პენსიაზე გაუშვა კვირიკაშვილი. ბახტაძეც სატირისტული ტიპის პოლიტიკური ფიგურა იყო.
პოსტკრიზისულ ეკონომიკაზე საუბრობს გახარია და ამბობს, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკის შექმნა. მმართველი გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს ხელფასის 1/3 ჩარიცხონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ფონდში, ამ ფონზე გულუხვი დაპირებები გვესმის ოპოზიციისგან, „ნაციონალებისგან“, ლეიბორისტებისგან, თუნდაც ხაზარაძისგან 2 მილიარდი ლარით ეკონომიკის სტიმულირების შესახებ.
- დღეს უკვე ვეღარ ვიტყვით, მე ჩემთვის, შენ შენთვის. მიუხედავად იმისა, ოპოზიციონრებთან ჩემი დამოკიდებულება როგორია, ჩვენ ახლა ეროვნული და გლობალური კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ამიტომ ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და გაერთიანდეს საერთო უხილავი მტრის წინააღმდეგ. „ნაცმოძრაობას“ ვერ შევადრი „ლელოს“, მაგრამ ბუნებრივი მომენტია, რომ შეიქმნას ერთიანი კრიზისული მართვის ცენტრი და საერთო ძალისხმევით მოხდეს კრიზისის დაძლევა, ვინაიდან ბიოლოგიური პანდემიის შემდეგ ჩვენ გვექნება არა მარტო სერიოზული ფსიქოლოგიური პანდემია, არამედ ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიც. ეს გამომდინარეობს არა ჩვენი ქვეყნის პარამეტრებიდან, არამედ გლობალური ეკონომიკიდან. ხომ ხედავთ, როგორი სიტუაციაა მსოფლიოში, ამერიკასაც უჭირს და ამერიკაშიც კი ეკონომიკური რეცესიაა, გეოპოლიტიკური ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა. არავინ არ არის მზად ამისთვის და არავინ იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ ვითარებას. თუ გახსოვთ, მე შემოვიტანე ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი“. ზუსტად ასეთი ვითარებაა ახლაც და ჩიხიდან გამოსვლის ტენდენციები ერთად უნდა შევიმუშავოთ.
თქვენი სპეციალობიდან, ეროვნული უსაფრთხოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პირველ რიგში, აქცენტი რაზე უნდა გაკეთდეს?
- ჩემი მიმართულებით მე წამოვაყენე ორი ინიციატივა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ, წესით, უნდა გაითვალისწინოს. უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული ჯარების სახეობა. ვგულისხმობ მასობრივი განადგურების, ანუ ბიოლოგიური, ქიმიური და რადიაციული თავდაცვის ძალების სახეობის შექმნას ბატალიონის ბრიგადის დონეზე. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ამ სახეობის შექმნა ჰაერივით აუცილებელია, რადგან ბიოლოგიური, რადიაციული, თუ ქიმიური ასიმეტრიული საფრთხე რეალობაა. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. საბჭოთა პერიოდში ჩვენ გვქონდა კარგი საშუალება, რომელიც გავანიავეთ. ახლა კი პირველი პანდემიის გადავლის შემდეგ მოსალოდნელია მეორე პანდემია და მეორე პანდემიისას რა მოგველის, არავინ იცის. ჩვენ კიდევ მოგველის ზამთარი, როცა მეორე პანდემიური დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამიტომ აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება ჩვენს თავდაცვის სისტემაში. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ორი ინიციატივა მაქვს მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტს.