რუსეთმა და ევრაზიული კავშირის ქვეყნებმა ძირითადი სასურსათო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის ექსპორტზეც გარკვეული შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტეს. საქართველო კი, ხორბლის 80%-ზე მეტს სწორედ ამ ქვეყნებიდან ყიდულობს. რა ელის ქვეყანას თუ უახლოესი ბაზარი ჩაიკეტება და მარცვლეული შორეული ქვეყნებიდან ექნება შემოსატანი? როგორც მათვრობა, ისე იმპორტიორები ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო არსებულ ვითარებაში მოიძიებს ალტერნატიულ გზებს და თუ ხორბლის იმპორტის ტრადიციული მიმართულებებიდან შესყიდვაზე შეიქმნება სირთულე, ქვეყანა მარცვლეულს სხვა ქვეყნებიდან შეიძენს. მინისტრმა საკოორფინაციო საბჭოს სხდომაზე ადგილობრივი ხორბლის მაღალმოსავლიანობაზეც ისაუბრა, რაც გაძვირების ალბათობას გამორიცხავს.
„მიწოდების ჯაჭვი აშკარად შეცვლილია, რაც სავაჭრო შეზღუდვებით აიხსნება და არ უკავშირდება მარაგების კლებას“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ სამინისტრო ნებისმიერი შესაძლო გამოწვევის პირობებში, მარცვლეულის დივერსიფიკაციაზე მანამდეც ზრუნავდა.
გლობალურ ბაზარზე ხორბლის დეფიციტი ამჟამად ნადვილად არ იგრძნობა. მწარმოებელი სახელმწიფოებიც იმპორტს არ შეზღუდავენ, რადგან მათთვის ეს არ იქნება რაციონალური. ამიტომ იმპორტიორები განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელიან, მით უფრო, რომ ხორბლის მარაგის გათვალისწინებით თვენახევრის განმავლობაში ქვეყანაში პრობლემა გამორიცხულია.
ერთ-ერთი უმსხვილესი ხორბლის იმპორტიორი კომპანიის, „აგრიკომის“ გენერალური დირექტორი ქეთევან კუბლაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეუფერხებლად ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, დღეს 80 000 ტონამდე ხორბალია, რაც დაახლოებით ორი თვის მარაგია. გარდა ამისა შეკვეთილია გემები, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება, რის შემდეგაც მარაგს კიდევ 70 ათასი ტონა ხორბალი დაემატება, რაც დამატებით მინიმუმ თვენახევრის მარაგია.
„განცხადებები გაკეთდა, რომ შეიძლება რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეზღუდოს, თუმცა, ჯერჯერობით ამის საფუძველი არც იქ არის. მათ ძალიან დიდი ოდენობის ხორბალი აქვთ გასაყიდი. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუმცა, მეზობელმა ქვეყანამ ხორბლის ექსპორტი რომც შეზღუდოს, მიმდინარე ეტაპზე არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ქვეყანაში მინიმუმ ორი თვის მარაგია. ყოველ დღე შემოდის გემები, ამიტომ დეფიციტის შექმნის საფრთხეს ვერ ვხედავთ.
გარდა ამისა, ამერიკულ მხარეს ვესაუბრებით 30 ათასი ტონის მოწოდებაზე, იგივე პროგრამის ფარგლებში როგორიც დეკემბერში მივიღეთ, სავარაუდოდ, მათთანაც მალე დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. ამიტომ საშიშროება, პრაქტიკულად, არ არის. ხორბლის მარაგის კუთხით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“, - განუცხადა „კომერსანტს“ კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას აქვს მარაგი იქ მეტ-ნაკლებად ძველ ფასი ნარჩუნდება. სწორედ ამიტომ „აგრიკომის“ გენერალური დირექტორი დაბეჯითებით ამბობს, რომ მინიმუმ ერთი თვე ხორბლის ფასი არ გაიზრდება. თუკი ლარის კურსიც კიდევ უფრო დასტაბილურდება, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს.